ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუფლიორი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2010


საქართველოს მოუკვდა ლადო სეიდიშვილი

გარდაიცვალა ქართველი პოეტი ლადო სეიდიშვილი, ვუზიარებ მთელს საქართველოს ამ ტკივილს და ტრაგედიას, ხოლო მკითხველს ვთხოვ გაეცნოს მის შემოქმედებას და ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეექმნას ამ პოეტზე, ვინც არ იცნობდა იმათ საყურადღებოდ რაღა თქმა უნდა.

                                                                                        როინ აბუსელიძე


(ყველა დროის ასული ხარ)

ყველა დროის ასული ხარ,
სიყვარულით მწვავ და მფიტავ...
ალბათ ძველად რომ გეცხოვრა,
იქნებოდი სერაფიტა.
შენ ისეთი ერთგული ხარ,
ვერ დაგწამებ ურა ღალატს...
იქნებ ის ხარ ვინც, ვინც გონება
აურია კურაპალატს.
შენ ისეთი თვალები გაქვს –
ნუშისებრი, ვიწროჭრილი...
საიდანაც იმზირებია
ყველა ჩემი გასაჭირი.
ეგ ღიმილი ულმობელი,
ბაგეზე რომ ეჭდო თამარს,
როგორც დიდი გამოცანა -
ჰოს ნიშნავდა, თანაც არას.
ბესიკს ბედს რომ უმწარებდი -
ერთი ხარ თუ ორი ანა...
ო, რამდენი სიხარული
წაიღო და წარიტანა.
შადაც შენ ხარ, შენი ნებით
შიყვარული იქვე მიდის...
რუსთაველის დროს უთუოდ
თინათინი იქნებოდი -
ბეატრიჩე თუ მანანა...
ერთი ქალო, სჯობს მე დამკრა,
უბეში რომ გიდევს დანა.
ყველა ქალის კრებული ხარ,
იმავე დროს ერთადერთი...
სრულყოფილი ხარ და მაინც,
ვით მდინარე ჩემს ტბას ერთვი.
შენ ისეთი თვალები გაქვს -
შულს წყურვილით გამოფიტავ...
ყველა დროის ასულო და
ყველა დროის სერაფიტა.





        ს ო ნ ე ტ ე ბ ი


კენტავრების მარულა (სონეტების გვირგვინი)


1.

ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე,
ვერ ვუმასპინძლე დავიწყებას ძველი ტკივილით.
ამის გარეშეც არ ყოფილა ცხოვრება ტკბილი,
ერთად ხვდომია არსებობა ბედნიერ ტანდემს.

შემორჩენილა მაღალ სულზე შემთხვევით ტანი,
თუ დაღალული სული სხეულს უჭირავს კბილით -
გადაკრულია ორივეზე მზის დერმატინი
სამხიარულო სიმღერებით და ლიტანიით.

ნუთუ ყველა დღე გაილია... ვით ანათემა
შორიდან ბრწყინავს გაცვეთილი წარსულის თემად
ძველი სამყარო ვარსკვლავებში გამოსახული.

ჟრუანტელივით სიბნელიდან დარეკავს ზარა,
ნავლდება შიშით იმ განვლილი დღის საზღაურად
ოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე.



2.


ოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე,
ყველა დანარჩენ მოსაგონარს რომ ჭარბობს სრულად -
აი ნიშანი წარმავლობის, ჯერ არ მოსრული,
ფასეულობა ჩემი მცირე - რაც მამსახურებს.

ნუ ასმენინებთ ვალტორნებით გადაღლილ ყურებს
ამ სამწუხარო ჰანგებს, როცა ბედის სასრული -
შეშლილობისას ჰგავს დახატულ ვან გოგის სურათს
ან წიგნს, რომელიც სულ ახლახან უხმოდ დავხურეთ.

ეს მდინარება არსებობის არსი არ არის?
არ იძერწება აქ დრო, როგორც ქვები სილაში?! -
რასაცა დასწერ პალიმფსესტზე, იმასვე წაშლი.

მაშ, ვიღასთვის რეკს მიმწუხრისას დილის საარი,
სადღა თავსდება ან იმ დღეებს ვინღა აპურებს?
ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე!


3.


ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე,
სხვა ამისთანა უწყინარი განსაცხრომელი,
იმედის, ნდომის ამნაირი მოსახილველი...
განა აბრმავებს კულისები სცენის მსახურებს?

ო, რამდენია ტრაგიკული და სახუმარო?
ბოლოს მომიღებს ალბათ ისევ წყალობა თქვენი -
ჟამი - ქრონოსი, საკუთარი თესლის შთანმთქმელი,
(ყოველთვის ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ქოროს).

განმეორებულ ცხოვრებას ჰგავს ეს მოგონება...
რახან სალმობას საზრიანი არ ჰყავს გამგონე -
მოწყენილია უსაშველოდ ჩემი მიმები

და იმათ შორის მომხიბვლელი შმაგი ჰეტერა
კვლავ ინებივრებს ნამუსრევი ტრფობის იმედით,
ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს.


4.


ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს,
სიცოცხლის მსგავსი არ ყოფილა სხვაგვარი სევდა.
აქ აღარ ხდება ამ ნამღერის გადაფასება,
იგი სხვისთვისაც თუ რაიმეს ნიშნავს მეტადრე.

სხვა აღმაფრენის სიხარულით, ნამეტურ ადრე
ჩასახლებულა საუკუნოდ ჩემში არსება,
მაგრამ ის არა, მხოლოდ მისი დიდი მსგავსება,
რომელიც თავის სურვილების კვალზე გატარებს.

როგორ მეგონა, ყოველივე არ იყო მყარი,
არც ის შორი წვა, შორი დაგვა, რაიც მხიბლავდა,
ვით ოცნებები მწვერვალებზე გაკრული ლანდად!

მაგრამ სხვა ნობათს მიმზადებდა თუმცა სამყარო,
გულის ზრახვათა მხილველი და აზრთა მკეტავი...
რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს.



5.


რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს -
საგულდაგულოდ სხვის აზრებზე მორგებულ სურვილს.
შუადღის ცაზე უდროო დროს და უსუსური
ვინ ააგორა კარეტა - მთვარე.

განა არ კმარა, ჩვენს თავზე რაც შენ იმხატვარე?
ჯერ არ ყოფილა დაშორება ამგვარად სულის;
მოენატრება იისფერ თოვლს მსგავსად ქალწულის
ხიდიდან ფენა... მაგრამ სადღაც გაურბის მტკვარი.

გრიალებს ტაში დარბაზებში, მაესტროს თხოვენ.
აქ უსათუოდ დაუკრავენ ახლა ბეთჰოვენს (?)...
იწყება როკვა: ჰალი-გალი!.. ეს არის ჰობი -

აქ გრძელთმიანთა შეკრებილა თითქოს სინოდი:
პატრიარქია გაშმაგება, მოდის პანღურით...
რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით.



6.


რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით,
მელანქოლია - უსიტყვო როლის.
როდემდე უნდა გვაცხოვრებდეს ამ ირონიით
მშვენიერება შავი დღისთვის გადანახული.

ჰქვია ახლა ამ გახსენებას - მზის სიხარული -
დადევნებული უდაბნოში კენტავრის რონინს,
როცა შორიდან იბწკინება მორიელივით
ქარვისფერ თმებში შემალული ბიბილო ყურის.

ერთ კათხა ლუდზე ჩამომჯდარი მწველი ივლისი
თვლემდა ლოთივით... შეფაკლოდა შენობებს სახე,
რადგან იქ იდგა უფრო დიდი თეთრი სასახლე.

გაბრუებული კევის სუნით... და სიხალისე
აბლაბუდაში მისი თმების ხვევდა ღამურებს,
მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე.



7.


მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე -
დღეებიც ასე მოიქანცა... ამაოდ ვეძებ
კმაყოფილებას სიყვარულის გრილ ნაპირებზე...
ეს სანახები ო, რა გვიან მოვინახულე.

ჩუმი დღეები უშენობით რაც ვიმარხულე...
ამნაირ გრძნობას ერიდება გამოსვლა მზეზე;
არც ის არ არის უტყუარი სევდის მიზეზი,
რომ სამყაროში ბედისწერას ერთი ჰყავს ჰუნე.

ყოვლისშემძლეა უსინათლო იგი მოძღვარი,
ო, ტრაგედია არა მარტო ამ თამაშშია -
შეყუჟული ვარ მარტოობის თბილ ნიჟარაში...

და სიყვარულიც უძლურია მოშალოს ზღვარი
ჩვენ შორის, რადგან სიცრუეა ტრფობის სათავე.
პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ.




8.


პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ,
გადახდილია პარაკლისი, ანდა პირიქით,
ახლა იწყება საქორწინო მარშების რიტმი -
ხრიან ვარდები გვირგვინებზე მოკვეთილ თავებს.

არავითარი პარადოქსი და არც - ნეტავი...
არსებობს მხოლოდ სიკვდილის და სიცოცხლის რიგი.
ო, ეს გზა მაინც საით მიდის ასე ირიბად,
სად მარმარილოს კიბეებით მაღლდება ტანი.

რადგან გზა იგი რჩეულთათვის ერთია მხოლოდ,
მაინც ძნელია წინდაწინვე გამოიგლოვო.
ხელებს გვიქნევენ ბედნიერი მგზავრები პონის...

ბგერები კრთიან მზის სხივებზე მოცახცახენი
და ქვიდან ხელებმომტვრეული გვიმზერს შოპენი...
რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი.



9.


რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი -
დო-მინორ, დონი, ირხევიან ბაგენი თრთოლით.
ჰაერში ყველა მოსრიალე ხმელი ფოთოლი
არის სულ შენკენ გამოწვდილი მათხოვრის ხელი.

მხატვრისთვის ზამთრის მოდელია ტიტველი ხენი.
ცხენის ჭიხვინით ეფინება მიდამოს თოვლი,
ფაფარაშლილი ყალყზე დგება, თითქოს მოთოკილ
თავს წინ ეწევა და აფერხებს მძიმე მარხილი.

საკუთარ სხეულს აწყვეტილი ეს ხომ სულია,
ბაღში ქარივით დასრიალებს... რა შორს წასულა,
დავიწყებიათ არსებობა მისი სრულიად.

დაღამების და გათენების მოსაწყენ სურათს,
ვინ ხატავს ნეტავ, ან ვინაა ავი მძრახველი?
სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი.


10.


სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი...
იგი ნამდვილად არის აქვე - მოგონებაში;
სპეტაკი თოვლის სიმსუბუქით ციდან დაეშვა
და გაანათა მოლოდინი ზღაპრულ ქოხივით.

იგი უთუოდ მოერიდა სხეულის ხმელი
ფოთლით შენიღბვას და ქუჩაში დადგა აფიშით,
რომ წუთიერი ნეტარებით თავთან თამაში
გამოესყიდა სილამაზის ნაღდი სახელით.

თუ მოგონება სასახლეა, თანაც უკარო
და ვისაც უნდა, როგორც უნდა, გადი-შემოდის...
ვინ დაამკვიდრა შენობაში ეს უკმარობა

ამ სილამაზის, სიყვარულის და უშენობის.
ეს შენ ხარ - ირგვლივ ყოველივე გააღარიბე,
რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!



II.


რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!
გულისთქმის ზღვარზე გაშლილია გზები კარტივით.
ვერ გარკვეულა თავისთავში გრძნობა მარტივი -
მოგონებები ზურგით მიაქვთ, ვით ვაშლი ზღარბებს.

მე იმ ბედნიერ მომავალზე, გულს რომ ახარებს,
შთაბეჭდილებას შევქმნი ქარში გვიანი მარტის
და მომინდება ღვთაებრივი ის სიმარტოვე,
რომელიც თავის შესაცნობად სჭირდებათ საგნებს.

მაცოცხლებელი სურნელება წვიმის მირაჟის
ლუსმულ წარწერებს ამოტვიფრავს ღრმა ღამეებად,
სულგანაბული შემიძღვება მდუმარებაში -

იცის ბუნებამ, რასაც ნიშნავს ეს ჩაღრმავება:
დადის მევალე და ხმადაბლა კითხულობს სიას...
გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად.




12.


გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად -
მობჯენილია ღამე შუბლზე ნიავით გრილით...
მაგრამ გჯეროდეს, რომ შორს, სადღაც მღერის გრაალი
და თუ არ მღერის, მაშინ ეს ხომ დასასრულია.

აქ უნდა მოხდეს ის შეხვედრა, სულს რომ სწყურია:
გამოანათებს სიბნელიდან სხეულში გავლით
ისევ ის მზერა ნაცნობი და სატანის მგვანი
და შეუერთებს შენს იმედებს შორეულ წყვდიადს.

დაღვრილი ცრემლი ასხმულია ყურსაკიდებად,
არ ემძიმება სხვისი ტვირთი, შვენის კიდევაც;
თითქოს სცენარი შეიცვალა ახალი კადრით -

თითქოს სარკეში ეცეკვება თავისთავს კადრილს.
დნება დღე ცვილის სანთელივით და ცოტა ხანიც -
სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე.





13.


სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე...
სამარადისოდ ძველმა წელმა დახუჭა თვალი!
მალე შემოვა მოქანდაკე - ჭირისუფალი
და ხსოვნის ნიშნად მიცვალებულს აუღებს ნიღაბს.

ალბათ სატანა კიდევ ერთხელ გადიხარხარებს,
მერე უკანვე სიბნელეში გაქრება მალვით,
სად ანგელოზნი იმღერიან ექსტაზით მთვრალნი: -
დღეს ბებრები ვართ და ბავშვები ვიქნებით ხვალე!

ანთია ახლა ერთი განცდით სამყარო - სახლი.
სად არის ზღვარი - გასაყარი ძველის და ახლის?
ხანგრძლივი დროით სად ვიყავით, ან სად ვიქნებით?

დამისხით ღვინო, არა ის, რაც დალეულია -
უნდა დავლოცო, ვისაც უხმობს ოცნების ფრთები,
როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია".





14.


როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია"
სალიერიშიც აღტაცებას იწვევდა შურის...
პირზე მეფშვნება ღამის სუნთქვა, ვით აბრეშუმი
და ამ ცთუნებას გადაურჩე, არც ადვილია.

უკვდავებისთვის ყველაფერი განწირულია,
წილნაყარობის ეს თვითგვემაც ყოფილა ჩუმი
და ერთი სიტყვა რატომ რჩება ასე საშური,
თუ სიყვარულში უთქმელობაც ბანალურია.

ეს ვინ მოადგა გულის კარებს ხელი-კანდელით,
ნელა შეაღო, შეიტანა ბნელში ნათელი
და შეატოვა დავიწყებას სიტყვა ნახვამდის...

ნუ სტირი ბავშვო, პონის ეტლი დიდ წრეზე დადის!
დრო-ჟამს უჭირავს ჩვენი ხსოვნის მოკლე სადავე -
ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე.





15.


ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე
ოცნების თვალით სახილველი ცრემლის საყურე,
ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე,
ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს.

რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს,
რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით, -
მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე.
პარალელები ერთმანეთს არ გადაკევთავენ.

რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი,
სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი -
რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!

გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად...
სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე,
როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები