ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


პოეზიის ფარაონი

როცა მღვრიე სიცხადის, ქაოსიან ბინდებში,
უკვდავება გადაშლის ფანტასტიურ მარაოს,
თვალი ამეხილება მტვრიან პირამიდებში,
უწინ გახშირძილებულ პოეზიის ფარაონს.
ვისაც გზათა ხავერდი სისხლით გადამეპოხა,
და ნიჭისთვის სამივე ჯვარზე ვიყავ ვნებული,
გარდამოხსნის წუთიდან მე შევქმენი ეპოქა,
პოეზიის ეპოქა, ყოვლად განსხვავებული.
ჰელიკონის მწვერვალზე, კასტალიის წყაროდან,
ვიურვებდი ძარღვებში ვნებაშეშლილ ფაშატებს,
დროთა მოარულობა––ბედის წყევლა-წყალობა,
შუბლზე ავტოგრაფებად ტოვდა ირიბ ნაშანთებს...
და როდესაც სიკვდილით მევსებოდა ფილტვები,
გენის დადამბლავებით ელდაშემონაფეთებს,
ხშირად ვიმთაწმინდებდი რომ შემეხო თითები,
დაფნით მოიავებულ გენიოსთა საფეთქლებს.
სადაც არსი ურჩდება მორჩილების აღვირებს
და მარადის სინათლით ბნელეთს თვალი ევსება,
ოჰ, დაჩუმდით, ნუ მეტყვით, თითქოს ზღვებად არ ღირდეს,
პოეზიის სტიქიით მგოსნის ამოკვნესება.
და რომ იგი არ მოგავს სულის გილიოტინას,
თუ უდაბნოს მირაჟში ეფემერულ ოაზისს,
სისხლს, შემქმნელის საშოდან შობისათვის მოდინარს,
ცათა შორი-ახლობას ღრმა ბეჭებზე რომ აზის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები