ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 მარტი, 2010


ძველი წერილი

    დეკემბრის სუსხიანი ღამე იყო. შენს სითბოს მიჩვეულს უშენობისგან მაკანკალებდა.
    ორი საბანი დავიფარე. მაინც ვერ გავთბი. უშენობას ძვლებში დაედო ბუდე და სული მეყინებოდა.
  უცებ შეხება ვიგრძენი  გულზე… უიმედობა შემომძვრალიყო ლოგინში, მეხუტებოდა და ჩამჩურჩულებდა მე გაგათბობო, თუმცა მას  როგორღა უნდა გავეთბე, თვითონაც ყინულივით ცივი იყო.
  მაინც ჩავეხუტე. ვთხოვე, ყურებზე ხელი მაგრად ამაფარე მეთქი და არ შემისრულა. ვიღაც  უხმოდ ჩამძახოდა ყურში მიტოვებული ქალი ხარო და ხარხარებდა.
  ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგე. რომელი ხარ მეთქი. იმედი ვარო. ავდექი და სულ ოდნავ გამოვაღე.
  ისევ დავწექი და ჩამთვლიმა.
  გამთენიისას ნაცნობმა სურნელმა გამომაღვიძა და ჯერაც თვალგაუხელელს ყურთან  ჩურჩული მომესმა: “პირველ თოვლს გილოცავ, ჩემო!”
  ფანჯრისკენ გავიხედე. გარეთ სითეთრე იყო, ბევრი სითეთრე. ლამაზად ბარდნიდა.
  გულზე თავი დაგადე. ისევ ისე ფეთქავდა, როგორც მაშინ. ისევ იმეორებდა “ჩემი ხარ”-ო
  p.s.  ამას რომ წაიკითხავ, ჩაგეცინება უთუოდ და იტყვი “ოცნებას კაცი არ მოუკლავს”-ო.  სწორედ ამიტომ, ამ წერილს ყველა წაიკითხავს შენს გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები