ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2010


ყველაზე ცარიელი სახლი (სადღაც დემოკრატობანას თამაშობენ)

    გაშეშებული კადრი, ორ სამყაროს შორის გაყინული ბოლო ამოსუნთქვა, უარაფრობისგან დანევროზებული სამყარო.
                არ ისუნთქოთ!
    ემოციები ჰარეში (ან უჰაერობაში) იფანტება. ცრემლები წვიმის წვეთებს ეხმარებიან, ატალახდა დედამიწა.
              ქოლგები გაშალეთ!
    ფერები ერთმანეთში აიზილა, ამოძრავდა ფირი. დრო ჩემს გულისცემას აჰყვა. ერთი ნაბიჯიც და და მოჩვენებად გადავიქცევი.
              თქვენ გინახავთ საშინელებათა ფილმი?
      რა ადვილად იღება კარი. მე უკვე მოჩვენება ვარ. 
              გეშინოდეთ!
      ნივთები ჭორინა ქალებივით მიყურებენ, გამაშიშვლეს... ყველაფერი თავის ადგილასაა.
      -აბა ცარიელი სახლიო?
      -თქვენ მე მაოცებთ! ნუთუ შეიძლება ყველაფერი დაიჯეროთ, რასაც გეუბნებიან?         
                შემოდით, ნუ გრცხვენიათ, ეს ჩემი ყველაზე ცარიელი სახლია!
      რა უცნაურია, ობობებიც კი წასულან... ადამიანის სურნელი სარკმლიდან გაპარულა, ყველა კუთხიდან სიცარიელე იყურება. ცრემლები გამორბიან თვალებიდან, მკერდთან იკარგებიან... აქ სადღაც ჩემი ბავშვობა უნდა იყოს დამალული. იატაკზე ვჯდები, ლოგინის ქვეშ დამალული ყუთი დღის სინათლეზე გამომაქვს. სიამაყით ვუყურებ ჩემს ნახელავს, ორი თითის სილამაზე რომ შევწირე. გაიხსნა ყუთი და მოგონებები ამოფარფატდნენ, სულში შტორმი იწყება...
        გაიცანით, ეს ჩემი თოჯინაა, ითი, ბავშვობის ყუთიდან. მე და ითის არ გვიყვარდა თაფლიანი პური და ამ ყუთში ვმალავდით საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებულ საუზმეს. მერე მამიკო გვეხმარებოდა მათ გადაყრაში, მაგრამ მამა აღარ მყავს, სამსახურში წავიდა და აღარ მოვა...  როგორ მინდა ახლა თაფლიანი პური.
                  მეტირება, დახუჭეთ თვალები!
        ოთახში ქალი შემოდის, მხრებზე ჩამოყრილი ჭაღარა თმით, შავ თავშალში მალავს დარდისგან დამჭკნარ სახეს. მიყურებს, თვალებში ორი წვეთი აუბრჭყვიალდა. დღეს მე ნუგეში მქვია... გულში ვიხუტებ ქალს, რომელიც ობობებმაც კი მიატოვეს. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის გაიღიმა, არადა ისეთი ლამაზი იყო როცა იღიმოდა, მაგრამ ერთ დღეს  ორი კუბო ერთად გაიტანა სახლიდან და სიხარულიც ნაოჭებს შორის ჩაიკარგა. ახლა, ერთადერთი ცოცხალი შვილიც წაართვეს, უყურებდა როგორ მიყავდათ ხელებდაბორკილი და თავად უკვირდა რომ ცოცხალი იყო...
                ბრალდება: ვერ მოისყიდეს!
        ახლა დედის ლოცვას იმეორებენ ქალის ბაგეები. აღარ ტირის, ხვალ სასამართლოა და ტირილისგან ამოღამებული თვალებით ვერ დაენახვება შვილს.
                ხელები აიფარეთ ყურებზე, ღვთისმშობელი გალობს!



-----------


              სასამართლოა, სადღაც სამართალი აყავთ ეშაფოტზე, სადღაც დემოკრატობანას თამაშობენ...


      თქვენ დამალობანა  ეთამაშეთ  საკუთარ თავებს!

      მე ვიხმაურებ ჩემს ყველაზე ცარიელ სახლში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები