ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2010


ანა რკიანს

  ანაკლია სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა სოფელია.მის სახელთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია შემოინახა ხალხმა: “ძველად, როცა ხშირი იყო ადამიანთა გატაცების და უცხო ქვეყანაში მონად გაყიდვის ფაქტები ზღვის პირას ცხოვრობდა პატარა ოჯახი: ცოლ-ქმარი და პატარა ვაჟი. ქალს ანა ერქვა. ერთხელ, როცა ანა და მისი შვილი ტყეში იყვნენ ფიჩხის შესაგროვებლად გასული მათ სახეახვეული მხედარი დაადგა თავს და ბიჭუნა გაიტაცა. მხედარი ზღვისკენ წავიდა.ანას კივილმა ყველა შეძრა.
    მას შემდეგ გამწარებული ანა იდგა ზღვის ნაპირას და დაკარგულ შვილს მისტიროდა, ხშირად გაუგია მისი კივილი  ხალხს. სწორედ ეს გამწარებული დედა გახდა სოფლის სახელწოდების მიზეზი. “ანა რკიანს” მეგრულიდან ითარგმნება როგორც “ანა კივის”.”

************************* 

  სულ ახლო წარსულში, სოფელ ანაკლიაში ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდა. გოგონას ანა  ერქვა, ვაჟს-დათო. გოგონას მშობლებს არ მოსწონდათ სასიძო, მათ სხვა ჰყავდათ შერჩეული შვილისთვის. ანა  ორცეცხლსშუა იყო: ვერც მშობლებს ეწინააღმდეგებოდა და არც პირველი სიყვარული ემეტებოდა  გასაწირად.
  ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთურთს, ღამ-ღამობით, როცა ზღვა მიწყნარდებოდა და თოლიებიც კი იძინებდნენ.
    ზღვაში პატარა მდინარე ჩაედინებოდა, მის ნაპირას კი ნარცისები ყვაოდნენ. უყვარდა ანას ნარცისები, ამბობდა, ჩემსავით უყვართ მათაც საკუთარი თავიო. ზოგჯერ, როცა პაემანზე ადრე მოვიდოდა, დაჯდებოდა მდინარის პირას და მთვარის შუქზე ერთად ათვალიერებდნენ საკუთარ გარეგნობას ნარცისები და გოგონა. მერე ვაჟიც მოვიდოდა და ქალი ხვდებოდა, რომ იყო ადამიანი, ვინც მას საკუთარ თავზე მეტად უყვარდა.
  გოგონას შავი, გრძელი თმა ჰქონდა. ვაჟს ის რაღაც არაამქვეყნიურს, მითიურს აგონებდა. ხშირად საუბრობდნენ იმაზე, თუ რომელ პერსონაჟს ჰგავდა ის მითების სამყაროდან. ნარცისები ამბობდნენ სირინოზიაო, მაგრამ ბიჭი არ ეთანხმებოდა, მას მიაჩნდა, რომ გოგონა “ტყაშმაფას” ჰგავდა-მეგრული მითოლოგიის პერსონაჟს. მასავით შავი, გრუზა თმა და თვალ-წარბი ჰქონდა.
  ერთ-ერთი ჩუმი შეხვედრის დროს ანამ მწუხარებით  გაანდო დათოს ამბავი, რომელიც, წესით, ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო მათთვის. ის ბავშვს ელოდებოდა. დათომ შესთავაზა გავიპაროთ, სადმე შორს წაგიყვანთ შენ და ჩვენს პატარას და ბედნიერად ვიცხოვრებთო, მაგრამ ანას ეშინოდა მამის მუქარის: თუ დათოს გაყვები, დაგაქვრივებო.
  ანამ უთვალავჯერ სთხოვა მშობლებს გაეგოთ მისთვის. მიეღოთ სიძედ დათო, მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და გოგონას დაუკითხავად , მშობლებმა სასურველ სასიძოსთან ქორწილის დღე დანიშნეს.
  სწორედ ქორწილის წინა ღამეს დათოს არაადამიანურმა ღმუილმა და განწირულმა ხმამ კიდევ ერთხელ შეძრა ანაკლია მრავალი წლის შემდეგ…
  ანა უკანასკნელად გამოიპარა ღამით სახლიდან, ოღონდ ამჯერად დათოს ნაცვლად სიკვდილი ელოდა მას და მის მუცლადმყოფ პირმშოს პაემანზე.

*************************


…დრო გავიდა და ეხლაც,როცა სხვა “ტყაშმაფებისთვის” ისევ ყვავიან საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისები, ზღვისპირას ხშირად ნახავთ წვერმოშვებულ, ტანსაცმელშემოძონძილ ახალგაზრდა ბერიკაცს, რომელიც ყველა გამვლელს ეუბნება:
  -ჩემი ანა ზღვაშია “ტყაშმაფების” ზეიმზე  და მალე მოვა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები