ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2010


ვიგონებ

    (წინაპრის თვალით)

იმ პირველ ლექსებს ვიგონებ_
რითმის კიჭივით ამოჭრას,
ტოტებშეტეხილ სტრიქონებს,
ღრუბლის ეტრატად გამოჭრას,
ცას გადმომხობილს სამელნედ,
კალმად ალვისა წვეროსა,
ქარის გახედვნას სამერნედ_
ზღვას მკერდით დაეძგეროსა;
პირველ გათიბულ ბალახსა,
ხელის გაჭრასა ცელზედა,
პირველად ჩასვლას ქალაქსა,
მოხვევას ქალის წელზედა;
პირველ გასროლილ ისარსა
პაპის დაჭიმულ ლარითა,
სისხლით წართმეულ მიწასა,
მტრების გაზომვას თვალითა,
ხმალის დაფერვას წითლადა,
პირველ ჭრილობას მკერდშია,
ძმის გადმოსროლას ისრადა
და გადარევას მტერშია;
პირველ მოლოცვას ხატისას,
შეწირულ ვერძის თვალებსა,
სუნსა ღადარის მჭადისას,
ქედგადახეხილ ხარებსა;
დის თვალზე ცრემლის ბრწყინვასა,
გზებსა, შეკრულსა ზვავითა,
შორს კვამლსა, ახლოს_ყინვასა,
მგლის მოგერებას კავითა;
წყაროსთან ქალის კისკისსა,
შემოფეთებას თვალისას...
ახლაც მჭირს ჯავრი იმისი,
იმის ყელის და ტანისა!..
ვიგონებ, ყველას ვიგონებ,
კაცს რა დაულევს საფიქრალს.
ლექსად შევკრიბე, ვიფონე,
სანამ სიცოცხლე ჩამიქრა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები