ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2010


მზე ჩვენია, თაი! (ნაწილი პირველი)

  ტალღების თქარუნს ისე ბუნებრივად ერეოდა პატარა გოგო-ბიჭის ფეხების ტყაპუნი, იფიქრებდი თავდაპირველად უფალმა ისინი ისევე განუყოფლად შექმნა, როგორც, მაგალითად მზე და სხივები, მერე კი, ალბათ დედამიწის სასტიკმა კანონებმა დააშორა ისინი. ეხლა კი ისევ შერწყმიან ერთურთს და ერთ მთლიან ხმად ქცეულანო.
  -თოლიები ჩემია, თაი!
…-ჭვიმა ცემია!ცემი გიჟუნია ჭვიმა, მოვა ეხლა და გაგჭუჭავ ლო მაბლაზებ- გაბუტული პასუხობდა გოგონა, რადგან საყვარელ თამაშში ისევ ბიჭმა დაასწრო თოლიების “წაყვანა”
…-მთვარე ჩემია!
  -.ვალსკვლავები ცემია, ო!-არ თმობდა  თაია.
…-ეს ზღვა ჩემია! - თქვა თაიას გასაბრაზებლად ბიჭმა, რადგან იცოდა, რომ გოგონა ზღვას არ “დაუთმობდა”.
  -შენი ჟღვა შოლსაა, ეს კი ცემი ჟღვაა! ლამდენჯელ გითხალი?!- აჯუჯღუნდა თაია.
  -ბებიამ მითხრა, ეს ზღვა ყველასიაო.
  -ყველა ვინ ალის?
  -აი, ყვეეელა…. ბევრი ხალხი რომ არის, ხომ იცი? საქართველო ჰქვია ყველას.
…-საქალთველო ალა ქვია ყველას. ყველას აფხაჟეთი ქვია. -ისევ გაიბუტა გოგო..
  -კარგი რა, თაი, რატომ მებუტები? შენ ხომ ჩემი შეყვარებული ხარ.
  -ალა ვარ სენი შეყალებული! აღარ მიკალქალ.
  -თაი, მზე შენი იყოს, კარგი?- დაზავება არჩია ტატომ.
  -სენ მაჩუქეე? გუშინ ხო სენი იყო?
…-ხო, გაჩუქე. ხომ ხარ ისევ ჩემი შეყვარებული?
  -კიიიი… კიიიიი!- აჭყლოპინდა თაია სიხარულით და ისევ შეუერთა ზღვის ხმაურს პაწუკა ფეხების ტყაპუნი.

==========

  -თაი, სახელი ვინ შეგარქვა?
  -დედიკომ. შენ?
  -მეც. იცი? ნიკოლოზი მქვია და ტატოს მეძახიან.
  -როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილს?
  -ხო, როგორც ბარათაშვილს. სწორედ მისი შემოქმედების დიდი სიყვარულით შემარქვა მამამ ეს სახელი. შენ რატომ დაგარქვა დედამ თაია?ან რას ნიშნავს ეს სახელი?
  - არ ვიცი რას ნიშნავს, დედამ მითხრა ეს სახელი მზესთან ასოცირდებაო ჩემთვის. ამიტომ დამარქვა.
  -თაი, გახსოვს ბავშვობაში მზე რომ გაჩუქე?
  -მახსოვს.
  -სად წაიღე, თაი?
  -გულში ვინახავ. როცა 18 წელი შეგვისრულდება, მისგან სახლი ავაშენოთ და ერთად ვიცხოვროთ.
  -ხო, თაი. ერთი წელიღა დარჩა და ჩემი ცოლი გახდები, მერე კი პატარა სახლს ავაშენებთ  დიდი მზისგან და სულ ერთად ვიქნებით. ხო გამიჩენ პატარა მზეებს, თაი? მინდა კიდევ ბევრი, ბევრი მზე-თაია იყოს დედამიწაზე.
…-ტატო, წვიმა ჩემია! მოვა ეხლა და გაგწუწავს, იცოდე!- დაემუქრა, გოგო.
  -ცა ჩემია!
  -მზე ჩემია!
  -თაია ჩემია! ხო, თაი?
  -ხო, ჩემო… შენი ვარ!

========

  -მეშინია, ტატო! ხომ არ მიმატოვებ?
  -სოხუმში ვერ დავრჩები, თაი, მე ქართველი ვარ, აქ არავინ გამაჩერებს…
  -მე? მე რა ვქნა უშენოდ?
  -შენც საქართველოში წაგიყვან ჩემთან…
  -მე რომ აფხაზი ვარ?
  -შენ ჩემი ხარ, თაი! წავედით!


=======

  სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე უამრავი ხალხი ელოდა  ვერტმფრენს, რომელიც ღმერთმა უწყის როდის გამოჩნდებოდა. ყველა ერთმანეთში ირეოდა. ინტუიციით თუ სხვაგვარი გათვლებით ცდილობდა ხალხი ამოეცნო ადგილი, სადაც ის დაფრინდებოდა, რომ სხვაზე ადრე ასულიყო და თავი დაეღწია ბრძოლის კვამლში გახვეული ქალაქისთვის. სამხედროები ცდილობდნენ სიტუაცია გაეკონტროლებინათ.
  -მენანება ჩემი ქალაქი დასატოვებლად, ტატო.  აქამდე პატრიოტიზმი პოეტების მოგონილი სიტყვა მეგონა და ვფიქრობდი, იქ ვიქნებოდი კარგად სადაც საყვარელი ადამიანები მეყოლებოდა გვერდში და მექნებოდა ყოველივე, რასაც მოვისურვებდი. ეხლა კი, როცა ვგრძნობ, რომ შეიძლება ჩემი სახლი, ჩემი ზღვა, თოლიები ვერასოდეს ვნახო, აი, აქ, გულთან ახლოს, ან სულაც გულში, ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ და მტკივა… ჩემი ქალაქი მტკივა,ტატო!
  -როგორ ლაპარაკობ, თაი? სამუდამოდ კი არ მივდივართ, მიწყნარდება ყველაფერი და ჩამოვალთ ისევ. - გულში იკრავდა შეშინებულ გოგონას ვაჟი და ცდილობდა იმაში დაერწმუნებინა საყვარელი ადამიანი, რისიც თვითონაც არ სჯეროდა.
  ამ დროს ვერტმფრენის ხმაც გაისმა და ხალხის ტალღამ ერთმანეთს წუთით მოსწყვიტა ჩახუტებული წყვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები