ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2010


მზე ჩვენია,თაი! (ნაწილი მეორე)

მათმა თვალებმა მალევე მოძებნეს ერთმანეთი და ტატომ მძლავრად ჩასჭიდა ხელი სანუკვარ არსებას.
  ვერტმფრენს ორი დანიშნულება ჰქონდა: თბილისიდან ტყვია-წამალი ჩამოჰქონდათ და უკან სოხუმში ჩარჩენილი ხალხი გადაჰყავდათ. ეხლა სწორედ ტყვია-წამლით დატვირთული ყუთები ჩამოჰქონდათ ჯარისკაცებს.
  -აქეთ დაალაგეთ და ვეცდები ყველას გადაგინაწილოთ, ძალიან ცოტა ტყვია-წამალი გამოგვიგზავნეს, გეგონება სანადიროდ მივდიოდეთ! - ამბობდა ნერვიულად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ორმოციოდე წლის მამაკაცი და თან ცდილობდა გაეკონტროლებინა ხალხის ნაკადი, რომელიც ვერტმფრენთან მიახლოებას ცდილობდა და ჯარისკაცებს ყუთების ჩამოტვირთვაში უშლიდა ხელს.
  ყუთები მალევე ჩამოტვირთეს და ისევ იმ ფორმიანმა მამაკაცმა დაიძახა:
  -ხალხი ძალიან ბევრია, ყველა ვერ ჩაეტევა ვერტმფრენში, ამიტომ მხოლოდ ქალები და ბავშვები წავლენ ამ ჯერზე!
  ხალხი უფრო ახმაურდა. მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ფორმიანი მართალი იყო და უმეტესობას დარჩენა და სხვა ვერტმფრენის ლოდინი მოუწევდა, რომელიც ვინ იცის, მოვიდოდა კი საერთოდ?
  -ტატო, მე არ წავალ უშენოდ!
…- თაი, უნდა წახვიდე, მეც მალე ჩამოვალ გპირდები. თბილისში ჩემები მოძებნე ამ მისამართზე - და რაღაც ფურცელი ჩაუდო ქალს ჯიბეში.- ხვალ ან ზეგ მეც თბილისში ვიქნები და ყველაფერი კარგად იქნება, გესმის?
  -ერთად წავიდეთ ხვალ ან ზეგ, გთხოვ!
  -თაი, ხომ გიყვარვარ?
  -სიცოცხლეზე უფრო!
  -მაშინ გააკეთე ეს ჩემთვის- თაიას ცრემლიანი სახე ხელებში მოიქცია თვალებში ჩახედა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი მისი ტუჩებიდან.  მერე კი ერთი ძლიერი მოძრაობით გზა გაიკვალა და თაია ვერტმფრენში ჩატენა ძალით. თაია ცდილობდა ჩამოსვლას, მაგრამ ხალხის ტალღა აკავებდა, რომელიც უკვე გავსებულ ვერტმფრენს აწვებოდა. ტატომ ნაცნობი სახე დალანდა ვერტმფრენში.
  -სვეტა დეიდა, თაიას მიმიხედეთ, გთხოვთ!- ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ცრემლით აევსო ორივე თვალი.
  -ასეთ სიმძიმეს ვერ გაუძლებს ყვიროდა პილოტი. მართლაც დაიგუგუნა მფრინავმა მანქანამ, ოდნავ მოსწყდა მიწას და ისევ უღონოდ დაეცა.
    -რამოდენიმე ადამიანი უნდა ჩავიდეს, თორემ ვერ ავფრინდებით - განაჩენივით გაისმა პილოტის ხმა და ხალხმა ერთმანეთს გადახედა. ეს იყო , ალბათ, მომენტი, რომელსაც ბრძოლა გადარჩენისთვის ჰქვია. ყველას ემძიმებოდა ვერტმფრენიდან ჩასვლა და ცეცხლის ალში გახვეულ ქალაქში დარჩენა, სადაც სიკვდილის ლანდები დათარეშობდნენ ყოველ ნაბიჯზე.
  -მე ჩავალ!- იყვირა თაიამ და სწორედ ამ დროს სვეტამ პირზე ხელი ააფარა.
  -ჩავიდეს, თუ ჩასვლა უნდა. სხვის ძალით ჩაგდებას, ისევ თავისი სურვილით ჩავიდეს, ჯობია, ვინმე - წამოიყვირა ხალხში ვიღაცამ.
  -რას ამბობთ? ის ვერ ჩავა… ის… ის ორსულად არის - უცებ მოიფიქრა თაიას ვერტმფრენში დასატოვებელი არგუმენტი სვეტამ და თაიას ხელი ააფარა პირზე.
  -მე ჩავალ, წარმოთქვა შუა ხნის ქალმა და კარებისკენ გაიწია.
  -არა,დედა, არ დამტოვო!- განწირული ხმით შეჰყვირა, ოციოდ წლის გოგონამ, რომელსაც გულზე ჩვილი ჰყავდა მიკრული.
  -შემდეგ ვერტმფრენს, გამოვყვები, კარინა. ბავშვს გაუფრთხილდი.
  -დედა,გთხოოოოვ- უკვე კიოდა კარინა.
  ცრემლშეყნული ქალი ვერტმფრენიდან ჩავიდა.
  -გადააგდე,ქალო, ეს ჩანთა! ხალხი რჩება აქ ვერტმფრენმა რომ აფრენა შესძლოს და შენ რაღაც ჭინჭებს მიათრევ?! არა გრცხვენია?
  -ეს თუ არ წავიღე, რითი ვიარსებო თბილისში?
  -არ გაწირავს ღმერთი თავის გაჩენილს, გადააგდე! -და ვერტმფრენის ღია კარებიდან მოზრდილი ჩანთა გადავარდა.
  ვერტმფრენმა ისევ დაიგრუხუნა და მძიმედ მოსწყდა მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები