ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2010


ზეგამდე ჯერ ხვალ არის...

საერთოდ ცხრამეტი წელია არაყს არ ვსვამ, მაგრამ სანამ ტატასთან მივიდოდი, შემცივდა... მარტი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ კალენდარზე...… ამინდს არ ეტყობა... მეთქი-შევთბე, თან ვირუსებს ანადგურებსო, თან იუბილარის სადღეგრძელო იყო... ერთი დავლიე და მერე წავიდა და წავიდა...
დედაჩემი მეუბნება, გასათხოვარ გოგოს დალევა არ შეგეფერებაო, არც ხმამაღალი სიცილი და სიმღერაო...
დღეს იმდენი დავლიე, ვიცინე და ვიმღერე, მგონი ვეღარც გავთხოვდები... მერე ვიცეკვე გიგასთან. ამ გიგას მგონი ვუყვარვარ. ნუ, თუ მის სიტყვებს დაეჯერება, როგორც კი დამინახა შევუყვარდი. სადღაც ადრეც ვუნახივარ ტატასთან ერთად და მაშინ გამარჯობაც მითხრა, მე კი აინუნშიაც (ასე თქვა) არ ჩავაგდე და იქიდან ვუყვარვარ... მაშინ ტატამ თურმე ერთმანეთი გაგვაცნო... მე არ მახსოვს...
ხო, ტატას დაბადების დღეა... ბლომად ხალხი ყავდა, ბოლოს ექვსნი დავრჩით: ტატა, მისი შეყვარებული ნიკა, ლაშა – ნიკას დეიდაშვილი, მისი შეყვარებული მარგარეტ (ლაშა ეძახის ასე), გიგა და მე... სხვებმა მერე მანქანები არ იქნებაო, შეიძლება შუქი გამოირთოს და მეტროს გვირაბში გავეჩხიროთო. ერთმა, აუ, მაგარია, მეტროს გვირაბში ჯერ არ გამიჩხერიაო, წავედი ახლა მეტროშიო და წავიდა... ზოგი მასავით ფეხით წავიდა, ზოგიც ვისაც მანქანა ყავდა და ბენზინი ქონდა, მანქანით... მეც მინდოდა წასვლა, ტატამ არ წახვიდე რა, ცოტა ხნით დარჩიო და დავრჩი... მერე გიგამ მითხრა, რო წასულიყავი შეიძლება თავი მომეკლაო, მგონი აფრენს...
გიგა ლაშას და ნიკას საერთო ძმაკაცია, თან რომელიღაც შეიარაღებული საძმოს წევრები არიან... ბინაში რომ შევედი პალტოები და ავტომატები გვერდი-გვერდ ეკიდა. მერე ტატამ თქვა, წავედით ახლა მუშტაიდში, უკვე ოცი წლის გავხდი და აქედან ცხრამეტი წელი იმაზე ვოცნებობ, დაბადების დღეზე `ეშმაკის ბორბალზე~ დალიონ ჩემი სადღეგრძელოო. მგონი ამანაც გააფრინა, მაგრამ იუბილარია და უარი ვერ ვუთხარით... ლაშამ ისე, სხვათაშორის, იკითხა, ახლა იქნებაო?! ნიკამ, კი იყო, ყოველ შემთხვევაში რომ გამოვიარე იდგა, ჯერ არ მოუპარავთ და არც გაუყიდიათო...
ტატა პლეხანოვის ბოლოში ცხოვრობს, იქვე მუშტაიდთან დაბალსართულიან და მაღალჭერიანი სახლის მეორე სართულზე. გარეთ რომ გამოვედით, ციოდა... ქუჩაში თითო-ოროლა მანქანა დადის და გვიკვირს. ბინდდება. საერთოდ ამ დროს უბრალო მოქალაქეები სახლიდან მანქანით არ გამოდიან და თუ გამოდიან, სახლში უმანქანოდ ბრუნდებიან. ათასი დაჯგუფება და საძმოა, ხან რომელს სჭირდება მანქანა და ხან რომელს...
უცებ დედამიწამ რყევა დაიწყო, თავიდან ვიფიქრე, ალბათ მიწისძვრაა-მეთქი, მაგრამ სხვები მშვიდად იდგნენ... მაშინ მივხვდი, მე თვითონ ვირყეოდი და გიგამ ხელკავი რომ გამიყარა, გამიხარდა კიდეც, არადა შეიძლება წავქცეულიყავი.... რა ახირებაა ეს `ეშმაკის ბორბალი~, თან თავი მტკივა... ახლა მახსენდება, ეს გიგა ცეკვის დროს რა მომეტმასნა, სხეულის შუა ნაწილში გასაგებია, რაც ამოებზუკა და მომედო... მე კი გავიწიე, მაგრამ ჩემს უკან ხელი აშკარად იმაზე მეტად წაიღო ქვემოთ, ვიდრე ცეკვას შეეფერება. კიდე კარგი ხელი დავუჭირე... ვიფიქრე გავუბრაზდები-მეთქი, მაგრამ დამეზარა, ზარმაცი ვარ... ისღა მოვახერხე, დავიღალე, არ მინდა ცეკვა-მეთქი... და სავარძელზე დავჯექი...
მთელი მუშტაიდი ცარიელი დაგვხვდა... `ეშმაკის ბორბალთან~ მოხუცი კაცი იყო მხოლოდ, ალბათ კონტროლიორი და იქვე ქალი ყვავილებს ყიდდა... რადგან ტატასთან დასალევი არაფერი არ დარჩა, მანამდე ბიჭებმა არაყი და ერთჯერადი ჭიქები იქვე, ბაღთან პატარა ჯიხურში აიღეს...
- მდგომარეობა შეიძლება შევაფასოთ: მოვედით... - თქვა გიგამ, - ახლა ვღებულობთ ბილეთებს და ავდივართ კალათაში და მივფრინავთ!
- ბიძიებო, ერთად არ დაჯდეთ, აქ ოთხი ადგილია, თქვენ კი ექვსნი ხართ, ორნი მეორე კალათს გაყევით? – ეს კონტროლიორია, რომელიც რატომღაც ძლივს დგას ფეხზე და ირყევა. სხვებიც რომ ასე მორყეულები დავინახე, მივხვდი, მე მაქანებს. ისევ გიგას უნდა დავეყრდნო... ხელი რომ მოვკიდე, გაუხარდა და ლოყაზე კოცნა მომინდომა... ვერ მივართვი... დროულად ავარიდე თავი...
- მოიცა რა ბაბუ, ერთად გვინდა, თან ოთხი ადგილი არც გვჭირდება, ჩვენ სამი სკამიც გვეყოფა... – ამბობს ნიკა.
- `მაღლა ცაში გავფრინდები ვაი, ვაი, გავფრინდები, გავფრინდები ვაი~... – მღერის გიგა, ეტყობა დევი გონია თავი, `ჭინჭრაქადან~ და იმედი აქვს მუხლებზე დავუჯდები, რომ მერე ხელები მიფათუროს, იოცნებოს... ისე კი თბილი ხელები აქვს... ეტყობა თბილსისხლიანია, მჩქეფარე...
- არ შეიძლება! – ეს ბაბუაა, არ გვიშვებს ერთი კალათით არ შეიძლებაო...
- ლაშა, მეშინია... – ეს ლაშას შეყვარებულია – მარგარეტ, იგივე მარგარიტა... რისი ეშინია, არ ვიცი... რა პატარა გოგოა, სიმაღლით, არადა რამხელა სახელი აქვს, სანამ ბოლომდე იტყვი – სახელს, დაიღლები. ნეტა არ შეეცოდათ ბავშვი, მარგარიტას რომ არქმევდნენ. თუმცა რა, მარგარიტა ერქვა ფიროსმანის ნაშას... ისიც ვიცი, მილიონი ვარდი რომ მიუტანა საჩუქრად, მაგრამ გაგრძელება არ ვიცი, მერე რა მოხდა... შეიძლება მერე გაკოტრდა ნიკალა, აბა მილიონ ვარდს ხო ფული უნდოდა?! ალბათ მილიონი დოლარი, ან ნახევარი მილიონი მაინც. ეჰ, ახლა მისი ერთი ნახატი ღირს მილიონი, ნეტა თუ იცის მაინც... ეს გიგა კი დებილია, აი ვარდები იყიდება, ერთი მაინც იყიდოს...
- ბაბუ, ვითო-ვითო ვერ დაინახე, შენ არხეინად იყავ, არაფერი არ მოგვივა... – ეს ნიკა აბამს თავის ჭკუით კონტროლიორს, თუმცა მგონი ახერხებს.
- ფულს ვინ იხდის?
- ჩვენ!
ლაშამ ფული მისცა - ერთი დასტა კუპონები. ხურდა არ მინდაო. ბაბუმ გადათვალა და პირიქით დამატება სჭირდებაო. ლაშამ, ესო ასვლისაა, უკან რომ დავბრუნდებით, ერთ ჯიბეს კიდე დაგიმატებთ მანამდე კურსი თუ არ შეიცვალაო. კარგიო იმ ბაბუამ და დააყოლა, მხოლოდ ერთი წრე, მერე უნდა წავიდე, ვიკეტებითო... მე სიცილი დავიწყე, რო წარმოვიდგინე როგორ კეტავენ ამხელა ბორბალს...
გიგა მგონი მთლად დებილი არ არის: ყვავილების გამყიდველ ქალთან მიდის, სამ ვარდს ყიდულობს და გოგოებს გვჩუქნის... ტელეპატია მგონი, ფიქრს მიმიხვდა...
- ჩემთან ერთად ნურაფრის გეშინია, ჩემო სიცოცხლე! – ლაშამ ორივე ხელი მოკიდა და კალათზე ასვა თავისი გულის სწორი ვარდიანად, რომელიც მართლა გულამდე წვდება. ასეა, სიყვარულმა სიმაღლე არ იცის! მარგარეტ მეტრნახევარია ნახტომში, მაგრამ ლამაზია. საერთოდ, ძნელად ვინმე გოგოზე ვთქვა ლამაზია-მეთქი, ალბათ გოგო რომ ვარ იმიტომ. ეს მართლა ლამაზია, ვხვდები მიუხედავად იმისა რომ მთვრალი ვარ... ხო, რა მოვისმინე, სანამ ბაღში მივიდოდით, ეს მარგარეტ  მე  და ტატას გვეუბნება, სადღაც წავიკითხეო, თურმე მალე ისეთი ტელეფონები გამოვა, შეგეძლება ყველგან თან ატარო... დარეკო და დაგირეკავენო... მე მგონი ჩემზე მეტად მთვრალია ეს მარგარეტ!
- წავედით... – ყველანი ყვირიან...
- წავედით... – მეც ვყვირივარ...
ყველანი კალათში ვართ. ტატა ნიკას დაუჯდა მუხლებზე, მარაგარეტ ლაშას. მე მოვიგერიე გიგა და ცალკე დავსვი., კიდე კარგი ოთხი სკამია. ბუდესავით არის ახლა ეს რკინის კალათი და ჩვენ ბარტყებივით ვზივართ... ბიჭები გოგოებით, გოგოები ვარდებით. მე, ცალკე სკამზე, ვარდით... გიგაც ცალკე, პირზე მიხატული ღიმილით, ნეტა რა უხარია? თუმცა ცალკე ზის, ისე ახლოა, მის სითბოს ვგრძნობ...
ტატა ამბობს ყველაზე უხიფათო ცაში ყოფნაა, ოღონდ ფრენა უნდა იცოდე, ძალიან მიყვარს ცაში ყოფნა, ასე მგონია წინა ცხოვრებაში ჩიტი ვიყავიო, მგონი მართლა აფრენს... მე არასდროს მიფრენია, ერთხელ დავტრიალდი ამ ბორბალზე და სულ ზემოთ რომ ავედი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გაჩერდა. შემეშინდა... როგორია, ცაში ხარ გამოკიდებული... ლექსში რომ არის: `არც მიწისა ხარ, არც ცისა~. უცებ ქარი რომ ამოვარდეს და წაგიღოს?! ახლა არაფრის არ მეშინია, ალბათ მთვრალი რომ ვარ იმიტომ... არა, გიგასი მეშინია, რომელსაც უნდა თავის სკამზე გადამიყვანოს, მერე თავის ცხელი ხელები მომხვიოს, მერე მაკოცოს. როგორ არა - მივართმევ! ჩემთან მოდიო, მანდ არ გცივაო? – თითქოს-და სადაც თვითონაა ცენტრალური გათბობა ქონდეს გაყვანილი... მე მინდა ვკითხო, ხო არ აჟრიალებს... მაგრამ მეზარება... ვეუბნები რომ აქ მირჩევნია. ისე ძალიან თუ შემცივდა შეიძლება გადმოვიპატიჟო კიდეც. ის მეუბნება, რომ მაშინ თვითონ გადმოვა ჩემთან (ხო ვამბობდი, ტელეპატია-მეთქი)... მე ვეუბნები, რომ მაშინ შეიძლება წონასწორობა დაირღვეს და კალათი გადაყირავდეს და შოშმინდება... მაშინ ლექსს ვიტყვიო... ჯერ ტატას სადღეგრძელო ვთქვათო, ამბობს ნიკა და არაყს ხსნის და ყველას ჭიქებს გვირიგებს და გვისხამს...
- აბა აინთო `ზაჟიგალკები~, – ამბობს ნიკა, და მერე `ჰეფი ბიორსდეი ტუ იუ~-ს მღერის...
ყველანი ვყვებით... ხუთი `ზაჟიგალკა~ აინთო, მე არ ვატარებ... ვეწევი, მაგრამ ალაგ-ალაგ - არ მინდა დედამ გაიგოს... ჭიქა მიჭირავს ხელში და ვუყურებ როგორ ვშორდებით თანდათან მიწას... მერე რიგ-რიგობით ამბობენ ტატას სადღეგრძელოს, გიგამ ლექსი თქვა, `ტანო ტატანო...~, ბოლომდე... ზუსტად არ ვიცი ალბათ ბოლომდე, იმიტომ რომ მე ამ ლექსის მხოლოდ დასაწყისი ვიცი... თანდათან მომწონს ეს გიგა, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მთვრალი ვარ, ან იმიტომ მომწონს, რომ მე მოვწონვარ, ანუ კარგი გემოვნება აქვს, კიდე იმიტომ მომწონს, რომ ხო სიცივეა, მაგრამ მის გვერდით ყოფნა მათბობს... რეებს ვბოდიალობ... დედაჩემი მიყურებდეს ახლა წნევა დაარტყამს და მოკვდება... რა საშინელებაა სიკვდილი... უცებ წარმოვიდგინე რომ დედა მოკვდა და მე ვტირი... მართლა ავტირდი... ღვარ-ღვარად მომდის ცრემლები... ტატა ამბობს, აი ჩემს დაქალს როგორ ვუყვარვარ, ჩემს სადღეგრძელოზე ტირისო. ნიკამ, რა ვქნა, მეც ავტირდეო... მე მინდა ვთქვა რომ დედა მოკვდა და იმიტომ ვტირივარ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ დედა არ მომკვდარა, უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ მოკვდა და ახლა მიხარია რომ დედა სახლში მელოდება და ხვალ დილით გაზი და დენი თუ არ გაითიშა, კარტოფილს შემიწვავს... სანამ რამეს ვიტყოდი, გიგა შეწუხდა, რატო ტირი, მე ხო არ გაწყენინეო... არა, თვალში რაღაც ჩამივარდა-მეთქი... ამოვიღებო და თვალებზე დამაკვირდა და უცებ ორივე თვალზე მაკოცა, ჯერ ერთზე, მერე მეორეზე... ხო ვთქვი გიჟია-მეთქი.... თან გაბრაზება ვერ მოვასწარი, არადა ხო შემეძლო შუალედში - სანამ მეორე თვალზეც მაკოცებდა, გავბრაზებულიყავი?! მართლა ზარმაცი ვარ... კოცნა რომ დაამთავრა, მერე მინდოდა მეთქვა რომ წავიდეს და მოფსას, მაგრამ აქ სად წავა... ისღა მაკლია ახლა, აქ ვუყურო როგორ ფსამს გიგა...
ყველამ დავლიეთ ტატას სადღეგრძელო და ის იყო ქვემოთ უნდა დავშვებულიყავით, კალათი და მთელი ეს ამხელა ბორბალი ერთი შექანდა და გაჩერდა... თავიდან ვიფიქრე, მომეჩვენა, აი როგორც დედის გარდაცვალება და თვალები დავხუჭე... თან კიდე იმიტომ დავხუჭე თვალები რომ ორმა წყვილმა ზასაობა დაიწყო, მე მათი ყურება მეუხერხულა, ქვემოთ გადახედვა კი მეშინოდა... თვალდახუჭულმა ვიღაცის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და ტუჩი როგორ შემეხო ტუჩზე, ანუ მკოცნის ვიღაცა... მეც ვუპასუხე, გოიმი არ ვეგონო-მეთქი... ალბათ გიგაა, განგებ არ ვახელ თვალს... ცუდი არ იყო, თუმცა გოგოები რომ ირევიან, დიდი ვერაფერი ყოფილა ეს ტუჩებში კოცნა, მითუმეტეს თუ გაჩერებული `ეშმაკის ბორბლის~ სულ ზემო წერტილში ხარ და ძირს გადახედვის გეშინია...
მერე თვალები გავახილე... ჩემი ვარაუდი ახდა... მართლა გიგა იყო და იკრიჭებოდა... მორჩი-მეთქი და თავის სკამს დავუბრუნე.... ისე ერთსაც ვაკოცებდი, მაგრამ მეშინია დედამ არ დამინახოს... მგონი მეც ვაფრენ, აქ როგორ დამინახავს...
ვცდილობ დაბლა გადავიხედო... ქალაქში შუქი აქა იქ ბჟუტავს, ალბათ სანთლები... აშკარად იყო რომ პარკში და მთელ ქალაქში შუქი გამოირთო... შორს რომელიღაც ქუჩაზე დიდი ცეცხლი შევამჩნიე. ცეცხლის ირგვლივ ჭიანჭველებივით ირევა ხალხი, ალბათ ისევ ქუჩა გადაკეტეს და შუქს ითხოვენ... უცებ გაწვიმდა... წვიმს... მე კი ჩემი პირველი კოცნა ვიღაც გიგას ვაჩუქე, რომელიც რაღაც არა მგონია ჩემი შვილების მამა გახდეს და ჩემი შვილიშვილების ბაბუა, იმიტომ რომ დებილია და ქურდი - თვალდახუჭულს დღეს კოცნა მომპარა, თუმცა რა იცი ხვალ რა ხდება!
წვიმამ გადაიღო... ვერ ვხვდები, თუ ასე მალე გადაიღებდა საერთოდ რას დაიწყო... უცებ ცაში მოფარფატე თეთრი ჩიტი დავინახე... თან მისი ნეგატივი... თავიდან მეგონა რომ ნეგატივი, თურმე ორი იყო... მტრედი და ყვავი... რაღაც რეკლამა გამახსენდა, ტიპი დადის - ხან თეთრ და ხან შავ ფერში... საღაც წავიკითხე, რომ საერთოდ ცხოვრება კობლებიანი ბურთია, თეთრი ფერი, შავი ფერი. ახლა ის მახსენდება, რომ ნოემ კიდობანში რომ იყო ორმოცი დღის შემდეგ ჯერ ყვავი გააგზაავნა ამბის გასაგებად, მერე მტრედი... იქნებ ეს კალათიც ახალი ნოეს კიდობანია... ან იქნებ ეს მტრედი და ყვავიც მეჩვენება. გიგას ვეკითხები მტრედს და ყვავს ხედავ-მეთქი... არაო, მე მხოლოდ შენ გხედავ, რა ტკბილი ხარო... გიჟია ეს გიგა, თუმცა მაინც მესიამოვნა ასე რომ მითხრა... ამასობაში მტრედიც და ყვავიც ცას შეერივნენ...
ის ორი წყვილი კოცნაობას აგრძელებს... გიგა ფინია ძაღლივით შემომციცინებს, ერთი კუდის გაქნევაღა აკლია, ალბათ კიდევ უნდა კოცნა... ვერ მივართვი...
შენ იცი რომ აღარ მივდივართ-მეთქი, ვეკითხები... და სად მივდიოდითო... მართლა დებილია, იმასაც ვერ გრძნობს, რომ გავჩერდით. ის ორი წყვილიც ბრუნდება რომელიღაც სამყაროდან...
- გავჩერდით?! შენ გააჩერე? - ნიკა ეკითხება გიგას...
- მე რა გავაჩერე, შეჩემა კიო კი არა ვარ... - ბრაზობს გიგა, მოუხდა გაბრაზება, წეღან ფინია ძაღლივით რომ მიყურებდა და კოცნას მთხოვდა არ უხდებოდა...
- მგონი შუქი წავიდა, ტო... ნახე ირგვლივ შუქი არსად არ ჩანს... – ამბობს ლაშა...
- მდგომარეობა შეიძლება შევაფასოთ მოკლედ: დაგვერხა... მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება... ვიყოთ აქ, ვითომ ბუდეა, ჩიტები სულ ბუდეში არ ცხოვრობენ?! - იცინის გიგა, ხო ვამბობ გიჟია-მეთქი, აქ თუ ვიქნები ხვალ დილით დედა ვის შეუწვავს კარტოფილს... რა კარგი იქნებოდა ახლა ის ტელეფონი გვქონდეს, მარგარეტ რომ ამბობდა, თან სატარებელი... დავურეკავდი და ვეტყოდი არ შეწვას კარტოფილი დილისთვის.
დედა მომენატრა და მიწა. უცებ მომაფიქრდა, რომ ტატას დაბადების დღე კი არ არის, არამედ დედამიწის და ვამბობ: იცით, Dდღეს დედამიწის დაბადების დღეც არის-მეთქი (ტატას რომ არ წყენოდა). მაშინ დავლიოთო, ნიკამ და ბოთლში ჩარჩენილი არაყი ექვს თანაბარ ნაწილად დაყო. ლაშამ, დედამიწას გაუმარჯოს, ქრისტესშობიდან უკვე თითქმის ოცი საუკუნეა და მანამდე კიდე ვინ იცის რამდენი საუკუნე გვაპურებს და გვაპურებს და კიდევ ვინ იცის რამდენი საუკუნე დაგვაპურებსო... მოშივდა ეტყობა... მერე მე ვთქვი, გოგოებო მოდი ეს ვარდები დედამიწას ვაჩუქოთ, იმედია გიგას არ ეწყინება-მეთქი... გიგამ, კარგიო, `იმენნა~ მაგარი რამე მოიფიქრეო... მართლაც სამ თვლაზე გოგოებმა დედამიწას ვარდები გადავუყარეთ...
ეს იყო და უცებ ქვემოთ სროლა ატყდა... თავიდან `ტეტე~, მას ჯერ `მაკაროვი~ აყვა, მერე `კალაშნიკოვი~... ასე სამ ხმაში ისმოდა სროლის ხმა... ბოლოს საიდანღაც `მუხა~ დაემატა... ისე შევეჩვიე სროლებს, უკვე ზეპირად ვხვდები რა იარაღიდან ისვრიან... ვცდილობთ ქვემოთ გადავიხედოთ, რა ხდება...
- ჩვენ გვესვრიან, ტო?! - კითხულობს ნიკა და კარგი მზვერავივით ათვალიერებს გარემოს.
- აბა საიდან ვიცით ვის ესვრიან, ჯერ დაჭრილებიც არ გვყავს, თან ტყვიების ზუზუნიც არ ისმის... შეიძლება ერთმანეთს ესვრიან, ან ქეიფობენ და `პად კაიფ~ ისვრიან `დილიხორზე~ – პასუხობს ლაშა და ისიც მიდამოს ათვალიერებს...
- `მუხებით~, შეჩემა... - ეს გიგაა, რა `დერზკია~, უხდება...
- მოიცა რა ტო, ტიპი ვიცი დაბადების დღეზე ტანკით მივიდა და დაჟე სროლასაც აპირებდა, კიდე კარგი ჩაეძინა... – ეს ლაშაა.
- იარაღი გვაქვს ჩვენ რამე?! - ბიჭებს გადახედა ნიკამ.
- მე ხელყუმბარა... – ამბობს გიგა... მე ის რაღაც გამობზეკილი მახსენდება, ალბათ ხელყუმბარა იყო, მე კი როგორ შემაშინა...
- მე ბერეტა მაქვს... – ამბობს ლაშა...
- მე `კალაშნიკოვი~ ტატასთან დავტოვე, – ამბობს ნიკა და დანას იღებს და კიდევ რაღაცას ეძებს, - სამაგიეროდ `ბაბოჩკა~ მაქვს და მაუზერი...
- თუ რამე ზედმეტი იარაღები გაქვთ, ჩვენც დაგვირიგეთ! – ვამბობ მე, თითქოს მაგარი შემსრულებელი ვიყო, ის კი არადა, დღეს საერთოდ პირველად ვაკოცე ბიჭს...
თუმცა უკვე აღარ ისვრიან... ცოტაც და ქვემოდან საუბრის ხმა ისმის... ეს ჩვენი ბაბუაა, კონტროლიორი და ვიღაც სხვა, ეტყობა ხელოსანი, თან მთვრალი იმიტომ, რომ თუმცა ბინდია, მაგრამ ვამჩნევ რომ ყანყალებს... მე აქ ნამდვილად არ ვყანყალებ, იმიტომ რომ ვზივარ და თან მგონი შევფხიზლდი... ზემოდან ვამჩნევ, რომ რაღაცის ამუშავება უნდათ, ალბათ `დვიჟოკის~... ეს მთვრალი ხელოსანი რაღაც თოკს გამოწევს, ის რაღაცა - `ტრახ-ტრახ-ტრახ~, დაიწყებს, აბოლდება და ჩერდება... და ასე, რამდენჯერმე... მერე იმ ხელოსანმა `დვიჟოკს~ გინება დაუწყო და გამწარებულმა ურტყა ფეხი... ამან გვიშველა, მაშინ ამუშავდა. არათანაბარი `ტრახ-ტრახი~, თანაბარი `თრრრუ~-თ შეიცვალა... ცოტაც და ჩვენმა ბორბალმა სვლა გააგრძელა...
მიწაზე რო დავდგით ფეხი, უცებ შუქიც მოვიდა... ახლა ამაზე ატყდა სროლები. ერთი-ორი ჩვენებმაც ისროლეს... ყველანი ბედნიერები ვიყავით. აბა რომელი ამერიკელი მიხვდება რა ბედნიერებაა ქალაქში შუქის მოსვლა...
ახლა სახლში ვარ... დედამ რას გავხარო... მე სარკეში ჩავიხედე, გამეგო რას ვგავდი... ვერაფერი შევნიშნე, ცოტა თმები მქონდა აწეწილი... `დე, რაზე მითხარი-მეთქი~, ისე ვუპასუხე, თითქოს ვიღაც გიგასთვის არც კი მეკოცნოს, ბევრი არ დამელიოს და ხმამაღლა არ მემღეროს და მეცინოს, გაჩერებული `ეშმაკის ბორბლის~ კენწეროდან დედამიწის სადღეგრძელო არ დამელიოს და რავი კიდე რა... აი თმები რას `გიგა~-ვსო. ისევ `გიგა~. ახლა გამახსენდა, რომ მკოცნიდა, თმებში ჰქონდა ხელი და მიჩეჩავდა... ეს `ეშმაკის ბორბალზე~ რომ ვიყავით, ქარი ამოვარდა-მეთქი... – თითქოს თავი დავიძვრინე. რა ფანტაზიორი ხარ, `ეშმაკის ბორბალი~ საიდან მოიფიქრეო... ხო, ვფანტაზიორობ-მეთქი, დავეთანხმე...
ხო, ახლა გამახსენდა: გიგამ ცოლად გამომყევიო,  - სახლამდე რომ მომაცილა მაშინ მითხრა, - ახლა სახლში ვინ იქნება, შენი ხელი ვის უნდა ვთხოვოო... დღეს არა და ზეგ მოდი ხელის სათხოვნელად-მეთქი. კარგიო, კონკრეტულად რომელ საათზეო, - მეკითხება. ხუთს არ გადააცილო-მეთქი... კარგიო. მართლა დებილია, დაიჯერა... ისე დებილია, შეიძლება მართლაც მოვიდეს, ზეგ... ერთხელ ვაკოცე და ასე გონია, მიყვარს. კინაღამ ვუთხარი: წადი რა, მოფსი-მეთქი... ისე ცოტა გული დამწყდა რომ დავშორდი... თბილია, თან მამაკაცურია და ოდნავ უხეში.... მართლა ხო არ გავყვე ცოლად... ტელეფონის ნომერი მთხოვა, სახლის ნომერი მივეცი... მეც კარგი ტიპი ვარ, აბა სხვა რა ნომერი უნდა მიმეცა?! ის ხო არა, მარგარეტ რომ ბაზრობდა, თან სატარებელი ტელეფონები. უცებ წარმოვიდგინე - მარგარეტ ქუჩაში თავის ხელა სატარებელი ტელეფონით, დადის და თან ვიღაცას ებაზრება... მეცინება. დედამ რა გაცინებსო. დე, დილით კარტოფილს ხო შემიწვავ-მეთქი... კარგიო... ჩახუტება მინდოდა, მაგრამ არყის, სიგარეტის ან გიგას სუნი არ მქონდეს-მეთქი და ჩემს ოთახში გავედი... ხო გიგამ თვითონაც დამიწერა ნომერი, მაგრამ მგონი გადავაგდე, აბა რად მინდოდა, მე ხო არ დავურეკავ?!
ალბათ როგორც კი მივა სახლში დარეკავს...
რავი, მართლა ხო არ გავყვე ცოლად... არ ვიცი, ვნახოთ... ჯერ დარეკოს...
ზეგამდე ჯერ ხვალ არის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები