ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2010


სიმშვიდის ფაზა

...მე,
    ოცდამეერთე  საუკუნის  ადამიანს,
    არ  მეშინია,
    თუ  მიწისძვრა  სახით  კედელს,
    ანდა  ჭერს  ჩამახუტებს.
      ან  გახლეჩილი ატომი  და  რადიაცია
      ცხიმიან  ლაქად  თუ  გადამაქცევს
      შენი  სურათის  გვერდით, კედელზე.
    არც იმის,
    ბენზინის  ავზებს  შუა  მოქცეული,
    კომფორტულად  რომ  ვმგზავრობ  დილა–საღამოს,
    არ  მეშინია...
    მივეჩვიე  უკვე  ამასაც.

 
    არც  ის  მაღელვებს  უკვე, როცა  ისვრიან,
    და  საპასუხოდ,
    რომ  ვგრძნობ  მხარზე  კონდახის  დარტყმას,
    მეორე  ტყვია  ხომ  აღარ ისმის
    რადგან  პირველის  მერე  ყრუვდები,
    ტანი  გრძნობს  მხოლოდ...
    მერე  ნელ–ნელა  ბრუნდება  ხმები
    პირველი  ხმა  და  მეორე,  ბანი...
    ბოლოს  ქარის  ხმა,
    წვიმის,
    ქუჩის,
    ტელევიზორის...
    გრძნობ  რომ  დაბრუნდი,
    გაისვრი  ხვალაც...  არ  გეშინია...
    მერე  კი, დიდხანს  კანკალებს  ხელი
    საოცარია... ბუნებას  რომ  ვერ  მოატყუებ.


  მე, ოცდამეერთე საუკუნის  ადამიანს
  არ  მეშინია,
  თითქოს  გავგიჟდი
  ან  ურანი  გადამეყლაპოს.


  P.S.
 
  საოცარია...  ბუნებას  ხომ  ვერ  მოატყუებ!
  ვერც  საკუთარ  თავს.
  თუ  მეშინია, მხოლოდ
  ისევ  შენი  დაკარგვის...
  ნუ  მეტყვი რომ  ეს  ბანალურია
  ახლა,
  ოცდამეერთე  საუკუნეში.

                                    13.04. (2010)  სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები