ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 აპრილი, 2010


ლოლა

  მე ყოველთვის პირველი მივდივარ რკინიგზის სადგურში.
  სულ ოთხნი ველოდებით ხოლმე მატარებელს.
  ჩემ მერე მსუქანი ქალი მოდის. უკან გოგონა მოყვება, მოკლედ თმაშეჭრილი, ჭუჭყიანი ფრჩხილებით, დახეული ფეხსაცმლით..
  ქალი ჩემთან ახლოს ჯდება. ღრმა დეკოლტე აცვია, ყელზე ხის, დიდი ჯვარი უკეთია, მკერდთან "მწუხარების" კვალი ატყვია, დალურჯებული ნათითურები...
  ყველაზე ბოლოს ლოლა მოდის და გამაფრთხილებელ ზოლთან ჩერდება.
  დღეს 7 წუთით დაიგვიანა.
  დგას, განცალკევებით, გაშეშებული, ხელები მუცელზე უდევს. მე ვერ ვხედავ მის სახეს, ვიცი, არ ტირის.
  ლოლა ორსულადაა.
  ლოდინისაგან.

--------
  მსუქანი ქალი ყოველ წუთს მაისურს ისწორებს, ყოველ 5 წუთში საათს მეკითხება, ყოველ 10 წუთში საფულე უვარდება ძირს...
  მე მეზიზღება ყველა ქალი და მიყვარს ლოლა.

-------
  წვიმს.
  ლოლა სველდება.
  ბავშვი გუბეებში დატყაპუნებს და გამხმარ პურს ჭამს.
  მსუქანი ქალი გამომწვევად დადის ჩემ წინ.

------
  ლოლა ზიზღით მიყურებს. მან არ იცის, რომ შარვლის ქვეშ პროთეზს ვმალავ...
  მე ახლა უფრო მეტად მძულს საკუთარი თავი, ვიდრე ოდესმე.

------
  დღეს ბოლო მატარებელი უნდა ჩამოვიდეს.
  მე და მსუქანი ქალი რკინის ვაგონებს ველოდებით, ლოლა და ბავშვი ადამიანებს.

------
  გამოჩნდა.
  მსუქანი ქალი მიყურებს და ლოცვას იწყებს, პირჯვარს იწერს, მარცხნიდან- მარჯვნივ...
  ლოლა ათეისტია.

------
  მატარებელი ჩამოდგა.
  ფანჯრიდან ჯარისკაცები იყურებიან.
  ბავშვი მათკენ მირბის; - "მა, მამაა..."
  გოგონას ჰაერში გაწვდილი ხელი დარჩა.
  მატარებელი უკვე სადგურს გასცდა.
  მსუქანმა ქალმა ღრმად ამოისუნთქა და ერთხელ კიდევ შემომხედა ანთებული თვალებით.

------
  ომი დამთავრდა, ლოლა...
  შენ ქვრივი ხარ!

------
  ლოლა მოკლედ შეიჭრის თმას და არასოდეს ჩაიცვამს დეკოლტეს.
  ლოლა ბიჭს გააჩენს და მამის სახელს დაარქმევს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები