ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2010


ოჯახი

                                                                                                                               
                                                                                                                                        "და სანდრემ იცის,
                                                                                                                                        რომ ვერასდროს გავხდებით სამნი"

                                                                                                                                                                    ბავშვი (ძეწ)



      უშვილო ოჯახი. გაიშვიათებული სიტყვები და გახშირებული დაძაბულობა ჰაერში, ჩასუნთქვისას გულს რომ ამძიმებს ფილტვების ნაცვლად. ფანჯრის გამოღება ამაოა, ეზოდან შემოსული ხმაური, ხშირად ბავშვების, ამრავლებს დაძაბულობას, ამიტომ არასდროს აღებენ მას. თუმცა უკანასკნელმა იმედმა მაინც მოახერხა და გაიპარა ჯერ გულებიდან, მერე ოთახიდანაც სწორედ იმ ფანჯრით, რომლიდანაც ყველაფერს ღიმილშემშრალი ადევნებენ თვალს.

      ორივეს უფიქრია წერტილის დასმა ან უფრო ოპტიმისტურად რომ ვთქვათ ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ არ იწყებენ. სიყვარული რახანია სინონიმია შეჩვევის და თვალებშიც უფრო დანდობაა ერთმანეთის.

      თითქოს აღარც უნდათ შვილი, მაგრამ ამაში ვერც საკუთარ თავს უტყდებიან და მით უფრო ვერც ერთმანეთს, მაშინ აღარ ექნებათ მიზეზი უსიტყვობის, რომელიც ძვირფასი გახდა ყველა სიტყვაზე მეტად.

      იმალებიან.



      დილით ამდგრებს ფანჯარა ჩატეხილი დახვდათ. ოთახი სუფთა ჰაერით იყო სავსე. ომგამოვლილი მეომრის თვალებით შეხედეს ერთმანეთს და ღმერთს მადლობა შესწირეს რომ ერთად არიან.

      ხანდახან უბრალო რაღაცებიც ცვლიან ჩვენს ცხოვრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები