ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ილტოსპირელი*
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 მაისი, 2010


თემურ ფირცხალაიშვილი - ქართული ცის მქებელი პოეტი (ესკიზები პორტრეტებისათვის)

ვისაც თემურ ფირცხალაიშვილის შესახებ შორიდან მაინც სმენია, უმრავლესობისთვის ის, პირველყოვლისა, ტრაგიკული ბედის, მარტოობის, ყორანივით შავი ღამის და ბოჰემური ცხოვრების აპოლოგეტ პოეტად არის აღქმული. იმ მცირერიცხოვან სალიტერატურო შეკრებებზეც, რაც მის შემოქმედებას მიძღვნია, იგი, სამწუხაროდ, ყოველთვის და ცალსახად, ასევე წარმოუჩენიათ. არადა, თავად თემურიც და მისი პოეზიაც უფრო მრავალფეროვანი და სხვა ასპექტიდანაც არანაკლებ საინტერესო იყო.

მე შევეცდები მისი პიროვნებისა და შემოქმედების სწორედ ეს, სხვა, თუნდაც ერთი მხარე წარმოვუდგინო მკითხველას.

1988 წელია. ჩვენ დედა-უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ვართ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ბობოქრობს. მასში სტუდენტობაც მასიურად ვართ ჩართული. ტრანსკავკასიური მაგისტრალისადმი მიძღვნილი საპროტსესტო მიტინგი იპოდრომზე შედედბულა. სხვა დროს მსგავსი მანიფესტაციებისადმი თითქოს გულგრილი თემური, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენთან ერთადაა. შემოდგომის ცივი, ცრიატი და მოღუშული დღეა. ქრის ქარი, მგონი ცრის კიდეც. ლამის მოსაღამოვდა, მაგრამ მიტინგი მაინც არ იშლება. არადა, მონაწილეებს აშკარად გვცივა. თემურსაც სახე მიტკალივით გაფითრებია და თხელი ქურთუკის საყელო ამაოდ აუწევია ყურებამდე. ბოლოს ვეღარ ითმენს და მისთვის უჩვეულო სერიოზულად გაბრაზებული ტონით ამბობს:
- რა ვუთხარი მე იმ ბეც პოლიტიკოს ერეკლე მეორეს, მიშა, იმას რომ არ მოეწერა ხელი ტრაქტატზე რუსებისთვის, განა  ასეთ დღეში იქნებოდა საქართველო ან განა ასე გავიყინებოდით დღეს ჩვენ აქ?..
გამეღიმა. შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ დიდხანს აღარც მიტინგი გაგრძელებულა და ჩვენც გაჩქარებულნი გავემართეთ ბაგებისაკენ, სადაც მთელი ოთხი წლის მანძილზე გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით სტუდქალაქის მაღლივ კორპუსში და, როგორც იტყვიან, ჭირიც და ლხინიც ერთი გვქონდა.

იყო კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მან, ისევ და ისევ ჩემდა გასაოცრად, კიდევ ერთხელ აშკარად და წრფელად ამოთქვა თავის გულისნადები.

საქრთველოში სამოქალაქო ომი საბოლოოდ ჯერაც არ დასრულებულა. მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, "ძმათამკვლელ ომში დაღვრილ სისხლს ჯერაც ორთქლი ასდის". თემური კარგა ხანია, რაც ლანჩხუთშია, მაგრამ როგორღაც თბილისში ვხვდებით ერთმანეთს და დადიანის ქუჩაზე სასადილოში ვსხედვართ ხინკალსა და ლუდზე. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გადადის:
- მოგვჭრა თავი ამ კაცმა გურულებს. მაგან დაღუპა საქართველო. მაგის კისერზეა ეს სისხლის ტბები, ტახტის სანაცვლოდ გაყიდული სამაჩაბლო და აფხაზეთი. ისევ რუსეთისაკენ მიათრევს ქვეყანას. კირჩხიბია, კირჩხიბი და ძაღლის კუდი! - თქვა მან და ჩემთვის ნათელი შეიქმნა მთელი ამდენი ხნის მანძილზე მისი დუმილის ქვეტექსტი.

მიუხედავად პირად ცხოვრებაში განცდილი დიდი მარცხისა (ერთადერთი ძმისა და მშობლების გარდაცვალება, უკურნებელი სენით ავადმყოფობა, სიყვარულში არგამართლება), თემურ ფირცხალაიშვილი, ერთი შეხედვით, მაინც საოცრად ხალისიანი, უდარდელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი განუმეორებელი იუმორი, ბოჰემისაკენ დაუოკებელი ლტოლვა, მარადიული ღიმილითა და აღმაფრენით გაჯერებული მასლაათი მხილველს უთუოდ აფიქრებინებდა, რომ ამაზე ბედნიერი ადამიანი ირგვლივ არ უნდა მოიძებნებოდესო. მაგრამ საკმარისი იყო, გცოდნოდა რომ ის პოეტია, წაგეკითხა მისი უნაპიროდ და უფსკეროდ სევდიანი პოეზია, მარტოობისა და უიმედობის ტვიფარით ამოდაღული ლექსები, გცნობოდა იმდენად ახლოს, რომ მონაწილე ყოფილიყავი მისი გულღია მონოლოგების, რომ მაშინვე თანაგრძნობით განიმსჭვალებოდი და და აუცილებლად ჯავრიანად შემოაგინებდი ბედისწერის სიმუხთლესა და სისასტიკეს.

ზოგჯერ მისი სულისწუხილის ნამდვილი მიზეზების ამოცნობა ჩვენ, მის უახლოეს მეგობრებსაც კი გვიჭირდა. მე, პირადად, მაგალითად, სულ მეჩვენებოდა რომ თემური აპოლიტიკური,  ეროვნული საკითხებისადმი ინდიფერენტულად განწყობილი პიროვნება იყო და ეს, ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა. მისაყვედურებია კიდეც, როგორ არ გაინტერესებს ეს ბობოქარი ეპოქა, რომელშიც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ცხოვრება გვიწევს მეთქი! ის დრო ხომ ათწლეულობით დახშული ქართული იდეალების აღზევების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აპოთეოზი იყო! თემური კი, თითქოს აქ არაფერიაო, სულ არ ჩანდა ავანსცენაზე, თითქოს ერიდებოდა კიდეც და შორიდან უვლიდა იმ ქარიშხლიან ვნებათაღელვას. თითქოს არც ლექსით ეხმაურებოდა მიმდინარე მოვლენებს, ყოველთვის უაღრესად ინტიმური და პირადული  თემატიკის ლექსებით გამოდიოდა ოფიციალურ პოეზიის საღამოებზეც და ვიწრო წრეში, სუფრული სიტყვიერი კალმასობებისასაც.

აი, ახლა მე წინ მიდევს თემურ ფირცხალაიშვილის ლექსების უკანასკნელი, შევსებული გამოცემა "მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით" (2004 წელი). ვფურცლავ, ვინ იცის უკვე მერამდენედ, ამ უაღრესად დახვეწილი ლირიკოსის კრებულს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მის ავტორს დროისა და ეპოქის, სამშობლოს, ეროვნული იდეალების იქით ერთი წამითაც არ უცოცხლია. საკმაოდ მძაფრად და ტრაგიკულად განუცდია ყველაფერი, რასაც კი ადგილი ჰქონია მანამდელსა თუ მისდროინდელ საქართველოს ისტორიასა და ცხოვრებაში.

კრებული დედისადმი მიძღვნილი ლექსით "ისე ლურჯი ცაც ვერ არი..." იწყება და ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი. და არც ეს ლექსია ის ლექსი, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მშობელს შეიძლება შეეხებოდეს. ესაა დაფარული ქვეტექსტებით, ალეგორიებითა და სიმბოლოებით სავსე ლექსი, რომელიც თავადვე ითხოვს განზოგადებას და აუცილებლად დედა-სამშობლოსადმი მიძღვნილ არაპათეტიკურ, შიშველი პატრიოტული ფრაზეოლოგიისაგან დაცლილ ლექსად იკითხება:

                                              ისე ლურჯი ცაც ვერ არი...
                                              აღარ ვამბობ მეტს!
                                              შენი ტანვჯის მაცქერალი,
                                              ტანჯული ვარ მეც!..
                                              რამე შეცვლის განა ხვალ-ზეგ:
                                              პირქუშ, ჯვარცმულ დროს?
                                              შენი ცრემლის დანახვაზე,
                                              გულში დარდი თოვს!..
                                              მძიმე ხვედრის ვერ მოთმენა
                                              დამაწყევარს, მტერს!
                                              გადაწურო შენ რომ რწმენა,
                                              მეც ჩავიქნევ ხელს!..
                                              ვალში არვის აღარ ვრჩებით,
                                              რწმენით ვკურნავთ შხამს!
                                              ჩვენ რომ მართლა გადავრჩებით,
                                              წრფელი გულით მწამს!!!

დაკვირვებული მკითხველი ალბათ უთუოდ დამეთანხმება, რომ ამ ლექსის სათქმელი ჩვეულებრივი, ბიოლოგიური დედისადმი სათქმელზე მეტს მოიცავს, გულისხმობს და მასში უფრო ფართო აზრია ჩადებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს.

                                      ცრემლი, ზღვა ტკივილი დროს ენება 

წერს თემური ერთგან, ხოლო მეორეგან იტყვის:

                                      მეტირება: ღმერთი, ხატი, რჯული,
                                      გვავიწყებენ: - ღმერთსაც, ხატსაც, რჯულს...

და ეს რელიეფური საქვეყნო საწუხარი, ეს ნიშანდობლივი საფრთხე - საზოგადოების განყენება სარწმუნოებისაგან - რომელიც კომუნისტურ-ათეისტურ ეპოქაში საქართველოს ტრაგიკულ რეალობას წარმოადგენდა, აი, ამგვარად ტკივილიანად, ასეთი ლაკონური, დახვეწილი ფრაზებით ხმიანდება მის პოეზიაში.

                                        ცოდვა-მადლი აღარაა თქვენში

ეს გაბრაზებული, წყენისა და საყვედურიანი ფრაზაც უღმერთო დროისა და ეპოქის უსახურ შვილებს ეკუთვნით.

საერთოდ, დროის ფენომენი თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ყოველდღიური რეალობა, რომელშიც მას უწევს ცხოვრება "ულმობელი დროის" ტვიფარითაა დაღდასმული. ესაა მისი ქვეყნის თავს მოხვეული ყოვლისწამლეკავი "წითლადნაფერი მზე", რომელიც ლოგიკურ აპათიასა და უარყოფით მუხტს ბადებს პოეტში, რადგან სწორედ ეს "წითლადნაფერი მზეა" ის, რაც  ქართველთა ძირითადი სულიერი ღირებულებების ნიველირებას ახდენს და ყოველივე ეროვნულს წალეკვით, გაქრობით ემუქრება:

                                          გაიხედავ: წითლადაა მზე ნაფერი,
                                          უცებ ბოღმა მოგაწვება ყელში...
                                          ულმობელმა დრომ წაიღო ყველაფერი,
                                          არაფერი აღარ შეგრჩა ხელში...

რომ შეიძლება მოგეჩვენოს კაცს, თითქოს თემურ ფირცხალაიშვილი ოდენ სევდის პოეტიაო, სინამდვილეში თურმე ასე როდია. მისი ლექსებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი მტკივნეული სიმძაფრით განუცდია პოეტს ის პერიოდი, როდესაც მტრისაგან წაქეზებულმა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა საქართველოში ურთიერთშორის მტრობის, სიძულვილისა და უნდობლობის სინდრომის გაღვივება დაიწყო, როდესაც მათმა უსაქციელო საქციელმა ქვეყანა სამხედრო გადატრიალების, სამოქალაქო ომისა და სისხლის წვიმების პლაცდარმად გადააქცია:

                                              გლოვა ისევ განახლდა
                                              ბოლოს მკვეთრი პაუზის,
                                              საუკუნეს თან ახლდა
                                              სისხლით სავსე აუზი!

იტყვის პოეტი და ამ ოთხ სტრიქონში, მართლაც, მთელი საუკუნე თუ არა, ის უკანასკნელი ათწლეული კი მაინცაა ჩატეული მთელი თავისი სიმძაფრითა და ტრაგიზმით.

ეს "განახლებული გლოვა" და "სისხლით სავსე აუზი", ეს მოურჩენელი ჭრილობა, დიახაც რომ სწორედ ის უჟამური ჟამია, რომელზეც ზემოთ ვწერდი, ძმათაშორის გაჩაღებული ომის მწარე რეალობაა, რომელშიც არცერთ მხარეს არ სურს თავი დამნაშავედ ცნოს და რომლის შესახებაც ასე ღია, შიშველი კონტექსტით საუბრობს პოეტი:

                                                ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
                                                დაუნდობელია, ცრუ არი...
                                                ყველა ჩვენთაგანი მართალია,
                                                ჩვენში არვინაა მტყუანი.
                                                თუმცა ილეწება ცხრაკლიტული,
                                                ქრება სისხლიანი წარსული...
                                                რწმენა უღვთოდაა გაყიდული,
                                                დროშაც დახრილია ქართული...
                                                სხვისი გამტყუნება ადვილია,
                                                თავი გაიმტყუნო ძნელია.
                                                სისხლი დასაღვრელი დაღვრილია,
                                                თვალში სინანულის ცრემლია...
                                                ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
                                                დაუნდობელია, ცრუ არი...
                                                ყველა ჩვენთაგანი მართალია,
                                                ჩვენში არვინაა მტყუანი.

და ეს ენით აღუწერელი მწუხარება, ეს "დალეწილი ცხრაკლიტული", ეს "დახრილი ქართული დროშები", სწორედ იმ ადამიანებისა და დროის უკუღმართი საქმიანობის დამღას ატარებს, რომელშიც, თემურის აზრით, გმირისა და ლაჩრის გარჩევა, სამწუხაროდ, შეუძლებელი გამხდარა:

                                                  ბევრის გულში ხანძარია,
                                                  ბევრიც - წარსულს მისტირის,
                                                  აღარც რწმენის ტაძარია,
                                                  აღარც ციხე ქვიტკირის...
                                                  ხვედრი ეკლის გვირგვინია,
                                                  თუკი სიტყვა დაძარი,
                                                  ვერ გაიგებ, ვინ გმირია,
                                                  ვინ ნამდვილი ლაჩარი...

დროისა და რეალობის ტრაგიზმის შეგრძნებას პოეტში კიდევ უფრო ამძაფრებს და აუტანელს ხდის პიროვნული უსუსურობა, რომ არც მას და არც ვინმე სხვას არანაირად არ შეუძლია რაიმე შეცვალოს, როგორმე ხელი შეაშველოს უფსკრულის პირას მიმდგარ მამულს:

                                                მოელვარე მზე ჩაქრება,
                                                ვრჩები ჯვარზე გაკრული,
                                                მამული რომ მეჩაგრება,
                                                ვარ თავადაც ჩაგრული!

და ეს სწორედ მაშინ, როდესაც:

                                    დრო სისხლით წერს ჯოჯოხეთურ დრამას,
                                    თანაც როგორ წუთი წუთზე ღამდება,
                                    მანამ შენი წყლულის ვეძებ წამალს,
                                    წყლული ჩემი კიდევ უფრო ღრმავდება.

ავი ბედისწერისა და ულმობელი დროისაგან მამულისა და საკუთარი თავის ჩაგვრა თემურ ფირცხალაიშვილმა მის პოეზიაში ერთმანეთთან გააიგივა და ეს სულაც არ ყოფილა ულოგიკობა. მისი ტრაგიკული ბიოგრაფია რაღაცით მართლაც წააგავდა მისივე სამშობლოს, მასავით დაავადებული, უნუგეშო და ყველა ძვირფასი ადამიანის დამკარგავი მამულის ხვედრს. ეს იყო კაცისა და ქვეყნის ჯვარცმის ისტორია, რომელსაც საკუთარი თვალით ვუცქერდით და, სამწუხაროდ,  არც ჩვენ შეგვეძლო არცერთისთვის შველა და რომელსაც ეს სევდიანი პოეტი ასე აღწერდა:

                                      სვე მუხთალი წუთისოფლის მხლებელია,
                                      სულს მიხუთავს ბედისწერა მზაკვრული...
                                      ჩემი ჯვარცმა რაღა სახსენებელია,
                                      ჯვარზე როცა სამშობლოა გაკრული!
                                      საქართველოს, ოდითგანვე ცრემლით ნამულს,
                                      ვეფერები - ქართული ცის მქებელი...
                                      ჯოჯოხეთშიც წავიდოდი, ოღონდ მამულს
                                      დადგომოდა საშველ-სახიდებელი!!!

დიახ, ასეთი მძაფრი და გულწრფელი ტკივილით იყო გაჯერებული პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის პოეზიის პატრიოტული ნოტი, მისი შემოქმედების ერთი საინტერესო მხარე, რომელსაც თავად ის აფიშირებას არასოდეს უკეთებდა და რომელშიც ასეთი სიმართლითა და სისავსით აისახა მისი თანამედროვე ჩვენი ქვეყნის- საქართველოს ქარტეხილიანი ცხოვრების ისტორია, ჯვარცმული ისტორია პოეტისა, რომელსაც დროის მდინარება პარნასზე შეაბიჯებინებს და ქვეყნისა, რომლის სიყვარულსაც, ჩემი ღრმა რწმენით,  ადამიანი, ჯოჯოხეთში კი არა, აუცილებლად სამოთხისაკენ მიჰყავს!..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები