აი, ჩემი მოგონებების ზღურბლზე მომდგარა ულამაზესი ჭაბუკი, რომლის სახელიც ზეცით მონაბერ ჩურჩულად ხმიანობს ჩემს არსებაში: ”ნოდარ!... ნოდარ!... ნოდარ!...” თითქოს იდუმალი ზარები რეკენ ამ სახელს, რომლის ექოც თანდათან ფერმკრთალდება და სადღაც უსასრულობაში ინთქმება! რა ულმობლობა და უღვთობა იყო მისი სიკვდილი! ოცდაერთი წლის არამიწიერად ლამაზი ბიჭის უბიწო და უზადო სხეული! ღვთაებრივი სიმშვიდითა და სიკეთით აღსავსე შუბლი და თვალები. რამდენი აღტაცებული მზერა დაიტია მისმა ნატიფმა ბეჭებმა, მისმა მხარ-მკლავმა, მისმა ენითუთქმელი სილამაზით ნაქანდაკარმა სხეულმა. რომანტიკულად მეოცნებე და თავმდაბალი, ვაჟკაცური და საოცრად რაფინირებული, თავისი შეუდარებელი გარეგნობით, მთელი თავისი არსებით, სულით, გონებით, მისწრაფებებით, აზროვნებით, ურთიერთობებით! საუბედუროდ დაბადებული! ყველსგან და ყოველთვის გამორჩეული, მაგრამ ძალიან უბრალო, ზედმეტად უბრალო და უშუალო. ” რა ტკბილია, დედებო, შვილის ბეჭები, როცა მიმავალს უცქერ!” გოდებდა დედამისი, ნატაშა მასწავლებელი. სწორედ მისგან დაჰყვა ესოდენი სიფაქიზე და მომხიბვლელობა. მასავით ტანკენარი იყო, უცნაურად ნათელი და სევდიანი თვალები ჰქონდა. ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა, ყელის სიღრმიდან ამომდინარე, ძალდაუტანებელი, მიმზიდველად მჟღერი და თბილი, სმენას რომ ტკბილად ესალბუნებოდა. ყოველ შეხვედრაზე ხელს გადამხვევდა და მეტყოდა: ”ძველო, როგორა ხარ?” მისი მკლავიდან საოცარი ენერგია გადმოდიოდა ჩემს სხეულში, თბილი და მიმზიდველი, თითქოს რაღაცას კურნავდა ჩემს არსებაში, სიხალისით და სიხარულით ვივსებოდი, მისი სურნელებით მევსებოდა ფილტვები და რაღაც დღესასწაულის განცდა მქონდა შემდგარი. ზეაღმტაცი სიმსუბუქითა და სილაღით ვივსებოდი და როცა ერთმანეთს ვცილდებოდით, თითქოს ჩემი სულის ნაწილი მიჰქონდა, გამოუცნობი სევდა მაწვებოდა გულზე. იმ წელიწადს, სკოლის დამთავრების მერე, გამოცდებს ვაბარებდი უნივერსიტეტში. თვითონ მესამე კურსის სტუდენტი იყო უკვე, პოლიტექნიკურში სწავლობდა. ზაფხული იყო და შრომით სემესტრს გადიოდა გორში, როგორც მომავალი ინჟინერი. სწორედ იქ მოხდა ეს შემზარავი ტრაგედია. ვიღაცის ბოროტმა ხელმა ტბაში დაახრჩო ეს ულამაზესი ბიჭი. მთელ სოფელს დამბლა დასცა მისმა სიკვდილმა. დაკრძალვის წინადღეს ჩამოვედი თბილისიდან. გაოგნებული და თავზარდაცემული დავდიოდი. მე ჯერ ამდენი ხალხი არ მინახავს ჩვენს სოფელში ვინმეს დაკრძალვაზე. დიდი თუ პატარა, უცხო თუ შინაური, ყველა ერთნაირად ტიროდა მის სიკვდილს. პროცესიას მისი გადიდებული სურათებით მიუძღვოდნენ სოფლის გოგო-ბიჭები, ყველა სურათიდან საოცარი სილამაზე შემოგვყურებდა რაღაც სევდიანი და საყვედურებით სავსე, უცნაური შუქით გასხივოსნებული თვალებით. ვაი, რა სილამაზე უნდა შთაენთქა მიწას! ყვავილების ზღვას წაელეკა მისი კუბო და სამგლოვიარო პროცესია. სოფელი ეთხოვებოდა თავის ულამაზეს და უკეთილშობილეს შვილს. დაკრძალვის მერე, დედამისმა თითქმის მის საფლავზე დაიდო ბინა. წალკოტად აქცია იქაურობა. ვერანაირი გვალვა და ყინვა ვერ აჭკნობდა ამ ლამაზ ბაღნარს, ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა. დღესაც დგას მის საფლავზე თეთრ მარმარილოში გამოქანდაკებული მისი ბიუსტი და რაც დრო გადის უფრო და უფრო ემსგავსება გარდაცვლილის ხატებას ეს უკვე დრო-ჟამის მიერ ხელყოფილი მშვენიერება . მიხვალთ და მისთვის ჩვეული სევდიანი და იდუმალი მზერით შემოგეგებებათ მისი ქვადქცეული სიჭაბუკე. მიკვირდა დედამისი, ასეთი შვილის დამკარგავი, როგორღა იდგა ფეხზე, როგორღა ცოცხლობდა. მაგრამ, ეტყობა ტკივილსაც აქვს თავისი მეორე იდუმალი, მიმზიდველი მხარე, თუ მთლიანად დაგეუფლა, ალბათ რაღაცა თვითკმაყოფილების გრძნობასაც განიჭებს და შენი არსებობის სულიერ საზრდოდ გადაიქცევა. დადიოდა ყოველდღიურად ნატაშა მასწავლებელი შვილის საფლავზე და ყოველ ფოთოლს, ყოველ ყვავილს შვილის სახელთან აიგივებდა და ეფერებოდა. მერე დრომ თავისი გაიტანა. ჩვენი თაობის ახალგაზრდებში დარჩა ნოდარი ლამაზ და სდევდიან მოგონებად თუ ლეგენდად, როგორც მიწიერი სილამაზისა და კეთილშობილების სიმბოლო. ამ რამდენიმე დღის წინ მოვინახულე მისი საფლავი. ვიდექი მისი გაუდაბურებული ბაღის ზღურბლზე და სევდიანი მოგონებებით მეთუთქებოდა გული. თითქოს ასაკი მომატებოდა მოშავო ჟანგით დაფარულ მის მარმარილოს სახეს, თითქოს რაღაცის თქმა სურდათ მის ნატიფ ბაგეებს, მდუმარედ მომჩერებოდნენ მისი მარადისობის დუმილს შენივთული თვალები. გაველურებულ ბზას დაეფარა მიტოვებული და მოუვლელი, ოდესღაც პატარა წალკოტის მსგავსი საფლავი, აქა-იქ შემორჩენილი ვარდის კოკრები სევდიანად მოჩანდნენ გაუთიბავ ბალახში. ვიღაცას ღიად დაეგდო კარები, პაწია, ქვით მოკირწყლული ბილიკი და უწყლო აუზი ყვითელ ფოთლებს დაეფარა.
ხშირად ვესტუმრებით ხოლმე ზაქარა პაპას. მეგონა, ამ კაცს სახლი არა ჰქონდა, რადგან დღე და ღამ წისქვილში იყო.ხანდახან ჩვენსაც იცოდა შემოვლა, მამაჩემთან, როცა არაყი შემოაკლდებოდა. ყველგან თავისი ხელადით დადიოდა, თავისი სასმელი დაჰქონდა, სადმე რომ მიიპატიჟებდნენ სუფრაზე, თვითონ მიჰქონდა თავისი დასალევი, ამ ხელადას დავცლი და მეყოფა კიდეცო, იტყოდა ხოლმე. თუ ისე მოხდებოდა, რომ დაითვრებოდა და წასვლას ვერ შეძლებდა, ღამე ჩვენთან დარჩებოდა. ლოგინზე უარს განაცხადებდა და დედაჩემს ეტყოდა, ძმისწულო, მე ბალალა არ მინდაო, მერე პირდაპირ იატაკზე წაწვებოდა, ფეჩის გვერდით, ზემოდან თავის განუყრელ შინელს წაიფარებდა და ორ წუთის მერე უკვე მშვიდად ფშვინავდა. მამაჩემი იტყოდა ხოლმე, თავის ახალგაზრდობაში მაგარი ბიჭი იყოვო, ადრე სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ისპანტობა რო იყო, მაშინ დაეხოცნენო. მაშინ ეკლესიაში ხან ათი-თორმეტი მიცვალებული ესვენა ხოლმეო. მერე სხვა ცოლ-შვილს მოეკიდა. მაგის შემშინებელი კაცი არ დადიოდა. ჯარში ვაჟა-ფშაველას ბიჭთან ერთად ყოფილა და დიდი ძმობაც ჰქონიათ თურმე. ქაქუცას კბილისა იყო და ბალღობაში ერთიმეორის ძუძუცა ჰქონიათ ნაჭამი. იგეთი შესახედავი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდით, მაღალი, მხარბეჭიანი, სინდის-ნამუსიანი, ნათესავისა და ბიძაშვილობის მოყვარე. პირველი ცოლ-შვილი რო დაეხოცა, ძაან გულჩათხრობილი გახდა, სმასაც მაშინ მიეჩვია, თავის წისქვილში ჩაიკეტა და სახლშიც იშვიათად მიდიოდა, ცოლ-შვილი იქ აკითხავდა, საჭმელ-სასმელი იქ მიჰქონდათ. ფხიზელი სიტყვაძუნწი იყო ზაქარა პაპა, მაგრამ ნასვამი თუ იყო, ტაშს დაუკრავდა და გარშემოშემოხვეულ ბალღებს სიმღერით გვეტყოდა:”ტარნანანა, ლეკუნი, ტარნანანა, ლეკუნი” მიდი, ერთი ზაქარა პაპა გაახარეთ, ითამაშეთო”. ჩვენ ძალიან გვიყვარდა წისქვილში ყოფნა, ერთი მოცქნაფული ოთახი ჰქონდა. შიგ ერთი პატარა ტახტი ედგა, და მიკვირდა, ზედ როგორ ეტეოდა ეს ბრგე მოხუცი. ამ ტახტის ფერხთით ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი ხრჩოლავდა, ტანსაცმლიანად მიწვებოდა ზაქარა პაპა ტახტზე, ფეხებს ცეცხლს მიუშვერდა და ტკბილად იძინებდა. მთელი კედლები შავად იყო გაჭვარტლული, გარეთ კი, სადაც წისქვილის ქვა ბრუნავდა, მთელი ჭერი და კუთხეები ფქვილით სავსე აბლაბუდეებით იყო გავსებული. უცნაური სამყარო იყო ეს წისქვილი, თითქოს აბრეშუმის ქსოვილები გაუბიათო მთელ ჭერზე, ზამთრის დილასავით თეთრად შეფიფქული გამოიყურებოდა მთელი კედლები. ზოგჯერ შუა ღამემდე ვყოფილვართ წისქვილში, თან საფქვავი იფქვება, თან ზაქარა პაპა რაღაც ძველ ამბებს გვიყვება ან საფქვავზე მოსული სოფლელები მასთან ერთად არაყს შეექცევიან და ამ მთისას და იმ მთისას ჰყვებიან. დღე და ღამ რაკირუკი გაჰქონდა სარეკელას. სუნიც სხვანაირი იდგა წისქვილში. დასრესილი, დაფქვილი მარცვლის რაღაც განუმეორებელი, ყნოსვის დამატკბობელი, მადის აღმძვრელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქუმლედ მოხალული ხორბალი ან სიმინდი იფქვებოდა. ერთხელ ფეხშეხვეული მოგვადგა ზაქარა პაპა, ცეცხლზე დავიწვიო. ზედ იმდენი ნაჭერი დაეხვია, რომ ხის მონაჭერივით მოათრევდა დამწვარ ფეხს. მე და ჩემმა ძმამ ძონძის ფეხა შევარქვით. კაცო, ეს რა ეშმაკური სიზმარი ვიციო, გულწრფელად უკვირდა, მეძინა და სიზმარში ვხედავ რო ფეხზე ცეცხლი მიკიდიაო, გამეღვიძა და მართლა ცეცხლი არ მიკიდია! დედაჩემმა კი უთხრა, შენ რო დაითვრები, ახლა თავი მიუშვირე ცეცხლს და ვნახოთ მერე, რა სიზმარსაც ნახავო.
- კატუშა ნათლი, ქაქუცას მოესწარი? - როგორ არ მოვესწარი, ქა, ეგ ხო გუშინ იყო!... უკვირს კატუშა ნათლიას. - მერე, აბა , როგორ იყო.... როგორი კაცი იყო, მართლა ყაჩაღი იყო? - ვინც იმაზე თქოჲ, ყაჩაღი იყოვო, იმის სახისები დაეხოცოს და სუ ამაიდაგნენ!... ცხარობს კატუშა ნათლია. - ეგ რაღა რაზმონიკობა და მამაძაღლობაა, ქა, იმ უდანაშაულო კაცზე მაგის თქმა. ჩვენც კი ძაან აგავწიოკეს იმის თაობაზე, მაგრამ ვენაცვალე იმას სულში, ის რა შუაში იყო, იმაჲ მთელი საქართველოსთვინ კარგი უნდოდა, განა თავისთვინ იბრძოდა მარტო. პაპაჩემი მღვდელი ოყო, შვილო. ჩვენა, აი გალავნი წინა ვცხოვრობდით, ჩვენ ქვემოდან, გზის მეორე მხარეს, ქაქუცაანი ცხოვრობდნენ. სუფრასთან იგრე არ დასხდებოდნენ, რო პაპასთვინ არ დაეძახათ და არ ეკურთხებინათ. მაშინ მე ბალღი ვიყავი და კარგა მახსოვს, კაი მეზობლობა გვქონდა. ქაქუცა რო გააქციეს ამ ამოსაწყვეტებმა, რუსები შემოიყვანეს სოფელში და ოჯახებში ჩაგვისახლეს. დილით ადგებოდა ის ერთი რუსი, მოადგებოდა ჩვენი ოთახის კარს, მოჰყვებოდა კაკუნს და თან გაუდიოდა, კუკურუზ, კუკურუზო, სიმინდი მინდა, სიმინდი, ცხენებისთვისო. ცხონებული მამაჩემი რო მიაშავებდა იმ სიმინდს, ახლა ვოდკა, ვოდკა გაუდიოდა იმ სატკივარდასაცემს. წიგნები გვქონდა შვილო, წიგნები პაპიჩემის ნაქონი, სუ ოქროჲ ყდაში ჩასმული, ერთი ოთახი სავსე გვქონდა იმ წიგნებით. სუ სამღვდლო, ჯვრიანი წიგნები იყო, ძვირფასი წიგნები. ზოგი რუსულად, ზოგი ფრანგულად და ქართულად, პაპაჩემი ძაან ნასწავლი და ნაკითხი კაცი იყო. სუ იმ წიგნებთანა ბუდარაობდა. მერე ქაქუცა რო გააქციეს, ვიღაცას ეთქო მამიჩემისთვინა, ეგ წიგნები დააშორეთ სახლიდან, მაგათ გულისთვინ არაფერი აუტეხონ შენ ბალღებსო და იმ განათლებულმაც გამოიტანა ეზოში, წაუკიდა ცეცხლი და სუ დაწო. როგორც იმ წიგნებს ეკიდა ცეცხლი, მე და ჩემ ძმასაც სუ ეგრე ღვარად გაგვდიოდა ცრემლი, სამი დღე ეკიდა ცეცხლი იმ წიგნებს და ხრჩოლავდა. ის სამი დღე და ღამე მე და ჩემ ძმას არა გვძინებია, იმ წიგნების ცოდვით ვტიროდით. მერე მართლა მოვიდნენ, სამჯერ აგვაწიოკეს ვიღაც თოფიანმა კაცებმა, მაგრამ ვერაფერი რო ვერ იპოვეს, შეგვეშვნენ და გაგავანებეს თავი. მარტო იმაზე დამწყდა გული რო ერთი კარგი სამოვარი გვქონდა, ქაქუცას ნაჩუქარი, ერთიც პაპაჩემისთვინ ეჩუქებინა კიკო ნაჩალნიკსა, ქაქუცას ბიძა იყო, ძაან დიდი კაცი, იმ სამოვარს ხელმწიფის ბეჭედი ჰქონდა დახატული, კიდე შანდლები გვქონდა ვერცხლისა და კაი ჩაის ჭურჭელი, ქალბატონის ნაჩუქარი, აი, ამეებს დაავლეს ხელი და წაიღეს. ხალხი იგრე დააშინეს შვილო, ქაქუცას ხსენებას ვერავინ ვეღარა ბედავდა. განა ეხლა რო ყელყელაობენ ზოგიერთები სოფელში, მაშინ დამდიდრდნენ ყაჩაღობითა და უდანაშაულო ხალხის აწიოკებით, ის კაციც საზღვარგარეთ გააქციეს და ცოლშვილი დაუპატიმრეს და ვინც იმაზე კარგს იტყოდა, შავ დღეში ატარებდნენ. ამათ კისერზე იყოს იმ კაცისა და იმის ცოლ-შვილის ცოდო და ღმერთმა მოჲკითხოს და ეგრეც იქნება! - კიკო ნაჩალნიკი ვიღა იყო, კატუშა ნათლი? - ვინ იყო და ქაქუცას ბიძა იყო, ისიც ჩოლოყაანთი იყო. გალავნის იქიდანა ცხოვრობდნენ, ერთი დიდი ბაღი ჰქონდათ და რა გინდა სულო და გულო, რა ხეხილი და ყვავილი აღარ ხარობდა შიგ. ფარშავანგები და ფშვლები დადიოდნენ იმ ბაღში. ერთი დიდი სასახლე ედგათ, ორსართულიანი. რო მივიდოდით ხოლმე მე და დედაჩემი, დიდი ალაყაფის კარები ჰქონდათ, იმაზე დავაბრახუნებდით ხოლმე, გაგვიღებდნენ და შევდიოდით შიგ, იგრე ვინ შეგიშვებდა შიგნით. ქალბატონი ძაან კარგი ქალი იყო, ღმერთმა გაანათლოს, ტასიკო ერქვა, ჩემი ნათლია იყო, მარტო ჩემი კი არა, მთელი უბნის ბალღები იმისი დანათლულები ვიყავით. დაგვსხამდა ამ ბალღებს თავის ოთახში და მურაბას გვაჭმევდა, ჩაის დაგვალეინებდა ხოლმე. ერთხელ ეს ბათირაანთ დათა და მიტუაც იქ იყვნენ, აბა, ეგენი სუ იქ იყვნენ დედაბუდრიანათ, ეთერა, ბათირაჲ ცოლი სუ იქ იყო. მერე ის ბათირაც ხო ქაქუცას გაჲყვა საფრანგეთში, ხუთი ენა იცოდა, ჰოდა, იქა ვართ და დათა მაშინ პატარა იყო, გაუვარდა ამ ბალღს ხელიდან ეს ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი და არ მიამთელა, თან ეს ცხელი ჩაიც სუ ზედ გადაისხა! შეეშინდა, ქალბატონი გამიჯავრდებაო და დააღო პირი და ტირის, მე არ გამიტეხია, ნათლი, თითონ გატყდაო. ქალბატონმა დაუყვავა, მოეფერა და ძლივს გააჩუმა, არა უშავს, გენაცვალე, ხომ არაფერი დაიწვიო.. ძაან ლამაზი ქალი იყო და ძაან კულტურული, უსაქმოდ ვერ დაინახავდი, ქსოვა და ქარგვა იმან მასწავლა. წიგნები უყვარდა ძალიან, სუ ფრანგული და რუსული წიგნები ეჭირა ხელში და კითხულობდა, ჩვენთვინაც რამდენჯერ წაუკითხია და მოუყოლია კარგი ამბები. ეს ბოლშეიკები რო შემომიწდნენ დღე და ღამე ეკლესიაში იყო და ლოცულობდა, მერე დედაჩემისთვინ ეთქო, უნდა წავიდეთო და თუ რამე ებადათ, ტანსაცმელი და ჭურჭელი, სუ მეზობლებს დაურიგა. მახსოვს, ფაიტონში რო უნდა ჩამჯდარიყო, მთელი უბნისა და სოფლის ქალები გალავნის წინ მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და გლოვა-ზარი იდგა, სუ სათითაოდ გადაგვკოცნა და გამოგვემშვიდობა ის საცოდავი, ისიცა ტიროდა და ჩვენცა ვტიროდით. მერე ტირილით ჩაჯდა ფაიტონში და ფაიტონი რო დაიძრა და წავიდა ისევა ტიროდა და ჩვენცა ვტიროდით. წავიდა ის სულგანათლებული და იმის მერე იმისი არაფერი აღარ გაგვიგია, სად წავიდა, რა ბედი ეწია? დედაჩემი ძაან მონანური ქალი იყო, ქალბატონის წასვლა ძლივს გადაიტანა, ერთი კვირა იმის თვალზე ცრემლი არ გამშრალა და მერეც, რამდენჯერაც გაიხსენებდა, სუ ტიროდა ხოლმე. ისინი რო წავიდნენ, დარჩა იმათი სასახლე ეგრე უპატრონოდ, სოფლის ბალღები შიგ დამალაობასა ვთამაშობდით ხოლმე, ის ბაღიც სუ გავერანდა და გაჩანაგდა. ესენი რო ჭკვიანები ყოფილიყვნენ, იმ სახლსა და ბაღს სოფლის სიკეთისთვინ გამოიყენებდნენ, ესენი კიდე მისდგნენ, გენაცვალე, და სუ დაანგრიეს, თავადების ნაქონია და რად გვინდაო, როგორ შეიძლებოდა შვილო, იმ სასახლის დანგრევა, სუ ცოტა, ოცი ოთახი მაინც იქნებოდა! იმხელა სკოლა მოთავსდებოდა შიგ, რო მარტო მატნის ბალღებს კი არა, მთელი ახლო-მახლო სოფლების ბალღებსაც ეყოფოდათ. მაგრამ ამათ რა უნდა მოჰკითხო? ვინა ჰყავდათ ცოტა ჭკვიანი მაინც? ხატ-ღმერთისა ამათ არა სწამდათ და წერა-კითხვა ამათ არ იცოდნენ, ხალხნო, წერა-კითხვა, გაგიგიათ ეგეთი ბრმა-ყრუობა? აქაოდა თავადები გავრეკეთ და ქვეყნის ბატონ-პატრონები ჩვენა ვართო, ხან ვის მიუცვივდებოდნენ სახლში, ხან ვის, ქაქუცასთან რა კავშირი გაქვთ, იმ ყაჩაღთანო. დადიოდნენ თოფაკიდებულები და ერთი ღრიანცელი გაუდიოდათ, დღე და ღამე დალოთაობდნენ და სოფელს თოფის სროლით აშინებდნენ. ეგ რა არი, შვილო, უფრო უარესი არ გააკეთეს!. ერთი დიდი ზარი იყო ჩამოკიდული გალავნის წინ მუხის ბოძებზე. ხმა ჰქონდა იმისთანა, რომ თიანეთის ტყეებში გაიგონებდი, თელავამდის აღწევდა თურმე. როგორც კი ეს კომუნისტები მოვიდნენ, ეს ზარი ჩამოაგდეს, დაამტვრიეს, ხუთ დიდ საძნე ურემზე ძლივს დაუდეს იმისი ნამტვრევები და სადღაც გააქრეს. იგეთი უღმერთოები იყვნენ, თავადების საფლავებს დაუწყეს თხრა, ოქრო ექნებათ ჩატანებულიო. ღვთისმშობლის ეკლესიაში ან ნიკოლაოზის ეზოში თუ რამე საფლავები იყო, იმათი მადლი და ძალა გაუწყრეთ, სუ მაღლა ამოყარეს. ის კი არა და, ეს საფლავის ქვებიც სადღაც გააქრეს. საბჭოს შენობა სუ იმათი საფლავების ლოდებით არის აშენებული, გარედან რო კირით არის გალესილი, აბა, ის ნალესი გადაფხიკე, სუ წარწერებიანი ქვებია შიგნიდან. დაერივნენ შვილო, ხალხსა და ვისაც კი ცხოვრებ-ქონება თავისი ოფლითა და შრომითა ჰქონდა ნაშოვნი, ყველაფერი წაართვეს, სხვისი ნაოფლითა და ცოდვით დამდიდრდნენ.
-ზაქარა პაპავ, მოგვიყე რამე ვაჟა ფშაველაზე! - ვეხვეწებით ზაქარა პაპას. -აბა, რაღა მოგიყვეთ, ჩემო ლეკუნებო? - თითქოს ძილყუჩილობიდან ფხიზლდება ტახტზე წამომჯდარი ახოვანი ბერიკაცი. - აი, შენ რო ნაშერზე ცხვარს აძოვებდი და იმ დროს ჩამოიარა!... არ ვეშვებით ზაქარა პაპას. - ჰო, შვილო, აი თქვენსავით მოჯოხებული ვიქნებოდი უკვე, ცხვარი მყავდა ნაშერეზე, ილტოს აქედან, ჩამოიარა ვაჟამ, პანკისიდან თუ მოდიოდა ის სულგანათლებული, ერთ შავ ცხენზე იჯდა და ღიღინით მოდიოდა, ცოტა ნასვამი იყო. პირდაპირ ფარაში შემოაგდო ცხენი. გადმოეწოდა და ერთ ბატკანს დაავლო ხელი. ძმისწულო, ეს ბატკანი მე უნდა წავიყვანოვო, მე ტირილი დავიწყე და ვუთხარი, არა, ძიავ, მამაჩემი გამიჯავრდება მეთქი, ვისი ხარო მკითხა, ვუთხარი ვისიც ვიყავი, აი, შე მამის ძაღლო, ჩემი ძმისწული ყოფილხარო, გაგეხუმრე, განა მართლა წავიყვანო. დასვა იმ ცხონებულმა ისევ ის ბატკანი და აბა, ძმისწულო, კარგად იყავიო გადმომძახა ცხენიდან და ღიღინ-ღიღინით თავისი გზით წავიდა. საღამოთი მამაჩემს რო ვუთხარი ეგრე-ეგრე იყო მეთქი, კინაღამა მცემა, რატო არ გაატანე, შე გამჩენძაღლო, იმ კაც თვალებში როგორღა შევხედო, რას იტყოდაო. მამაჩემი კარგად იცნობდა ვაჟას, ჩვენსაც იყო ერთი ორჯერ ნამყოფი, მამაჩემთან, ღვინოსა სვამდნენ ხოლმე. დღესაც სანანებლადა მაქ შვილო, ჩემი საქციელი, რა იქნებოდა ერთი ბატკანი იმ სულგანათლბული კაცისთვის, მაგრამ ბალღი ვიყავი და ამდენი არ მესმოდა. ამ ჭკვაზე რო ვყოფილიყავი, სახლშიც კი დავპატიჟებდი და ბატკანს კი არა, ცხვარს დავუკლავდი და ერთი კარგადაც ვაქეიფებდი. ისე ქეიფობა მაინცა და მაინც ძაან არ უყვარდა იმ ცხონებულს, სუფრიდან მალე იცოდა ადგომა, მეჩქარებაო. იმის მერე მამაჩემთანაც იყო და რო დამინახა, გამიცინა და მითხრა, მტირალ, როგორა ხარო?
-აბა, რას ამბობს მერცხალი, როცა ჭიკჭიკებს? მეკითხება ვასია და სახემომღიმარი გამომცდელი მზერით მომჩერებია. - მე რა ვიცი, რას ამბობს... რა უნდა თქვას?... ჭიკჭიკებს!... - არა, მერცხალი ამბობს: ”ბებერს ცხონება, ბებერს ცხონება, ბებერს ცხონება, ბებერს ცხონება, ბებერს ცხონება, ყმაწვილები ჟლიიიიტ! - რატომ ამბობს მაგას? დამაინტერესა ვასიას სიტყვებმა. - ბარტყებს რო ვუხოცავთ ხოლმე იმიტომ! - ვინ გითხრა, რომ მაგას იძახის? - მარია ბაბომ... აბა, ყური დაუგდე თუ მართლა ეგრე იძახის!... - რაღა ბებერებს ლოცავს და ბავშვებს გვწყევლის? - იმიტომ, რომ ბებრები არა ხოცავენ, ჩვენ კი ვხოცავთ ხოლმე. პატარებს აკრძალული გვქონდა მერცხლებზე ნადირობა, სახლის ფრინველია, არ შეიძლებაო. რომელ სახლშიც ეგ ბინადრობს, ის ოჯახი ბედნიერიაო, თუ მოკალი, სახეზე ჭორფლებს დაგაყრის, ხოლო თუ ბარტყი მოუკალი, დაგწყევლისო. ჩვენც ვერიდებოდით მერცხლის მოკვლასა თუ გაბრაზებას, მაგრამ ზოგჯერ ვიღაც მაინც მოკლავდა ხოლმე და მერე ერთმანეთს შეშფოთებულები ვეუბნებოდით:” ბალღო!... რად მოკალი?... დაგწყევლისო..” ვასიას ქვისა და ნალეწის სროლაში ბადალი არა ჰყავს, თანაც სუ იცის რომელ ჯაგზე რომელ ჩიტსა აქვს ბუდე გაკეთებული, სად რომელი შაშვი კრუხავს, რომელ ბუდეში რამდენი და რომელი ჩიტის ბარტყები იზრდებიან ან როდის უნდა დაფრინდნენ. ყოველდღე, როგორც კი სკოლიდან მოვა, მიაგდებს ჩანთას, მოიტეხავს პურს და კრუხად დამჯდარი ჩიტების მოსანახულებლად ველ-მინდვრებისკენ გარბის. გვერდით არავის გაგვიყოლებს, რომ არ დავიხსმოთ, სად რომელი ჩიტია და რამდენი ბარტყია. ბებიამისი უკან მისძახის, სად მიხვალ, ბიჭო, მოდი გაკვეთილები ისწავლეო, მაგრამ ის ყურადღებასაც არ აქცევს. როცა უბნის ბალღები საცემრად გამოვეკიდებით, დედას ან მამას კი არ დაუძახებს, მიშველეთო, განწირული ხმით ბებიას უხმობს: ”ბაბოოო!”. ეს სიგნალი ბებიამისისთვის გასაგებია უკვე, ვასიას უჭირს და დახმარება სჭირდება, გამოვარდება გზაზე და დაიძახებს: ”რა ყოფა გაქვთ, ბიჭოოო!... ხელი არ ახლოთ თორე, მოვა ბიჭი და სუყველასა გცემთ!...” ბიჭში თავის შვილს, ვასიას მამას, შაქრია ძიას გულისხმობს. როცა ძალიან შეაბეზრებს თავს თავისი დაუცველობით, გულმოსული შორიდან ეძახის:”დაგემტვრას ეგ ხელები, ეგენი როგორ გერევიან, შე უბედურო, შენა, აიღე ქვა და დეეცი თავში”. ვასია, რა თქმა უნდა, იქ როგორ გაგვიბედავს თავში ქვის დაცემას, მაგრამ როგორც კი გასაქცევ მანძილზე დაგვცილდება, აიღებს ქვას, გამოაქანებს და თავში თუ არა, წელსა და მუცელში მაინც არ აგვაცდენს. თუ კაკალის მოსაგროვებლად წავედით, ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, მასავით ბევრ კაკალს ვერ მოვაგროვებთ. კენწეროშიც კი რომ ებას ერთი ცალი და ჩვენ თავები დავიხოცოთ, იმის ჩამოსაგდებად, ის ერთხელ ესვრის ნალეწს და კაკალიც დაბლა გდია. შარვლის ტოტებზე კანაფს შემოიჭერს და სულ სავსე მიაქვს სახლში. როცა სახლში მისვლას აგვიანებს, საძებრად წამოვა მარია ბაბო და ეძახის:”ბიჭო, ვასიააავ!” თუ მაშინვე გააგონა, ხომ კარგი, თუ არადა, თუ დიდი ხანი აძახებინა და ბოლოს მაინც გააგონა, ბებიამისი დაუძახებს:”მოდი, სიკვდილი!’’. ჩვენ სიცილით ვიხოცებით მარია ბაბოს პასუხზე და ვასიას ვუმეორებთ, ”მოდი სიკვდილი!”. ვასია ცრემლად იღვრება და ჩვენზე და, უფრო მეტად, ბებიაზე გულმოსული ტირილნარევი ხმით ეძახის: ”რა გინდა, კაცო, რა გინდა, რააა?” ბებია კი ისევ პასუხობს:” მოდი სიკვდილიიი!” და ჩვენ უარესად ვიცინით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ჯარში ვაჟა-ფშაველას ბიჭთან ერთად ყოფილა და დიდი ძმობაც ჰქონიათ თურმე. ქაქუცას კბილისა იყო და ბალღობაში ერთიმეორის ძუძუცა ჰქონიათ ნაჭამი. (ეს ადგილი ცუდად ხვდება ყურს, მგონი დედის ძუძუც ქონდათ ნაჭამი უნდა იყოს)
ძალიან მაგარი ნაწერია,თვალს ვერ მოწყვეტ ისე იკითხება+777 ჯარში ვაჟა-ფშაველას ბიჭთან ერთად ყოფილა და დიდი ძმობაც ჰქონიათ თურმე. ქაქუცას კბილისა იყო და ბალღობაში ერთიმეორის ძუძუცა ჰქონიათ ნაჭამი. (ეს ადგილი ცუდად ხვდება ყურს, მგონი დედის ძუძუც ქონდათ ნაჭამი უნდა იყოს)
ძალიან მაგარი ნაწერია,თვალს ვერ მოწყვეტ ისე იკითხება+777
10. ... სევდა,სიხარული,ტკივილი,იუმორი... ყველაფერი ზომიერად არის თქვენს ნაწერებში..ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.კიდევ ერთხელ გამოვატავ ჩემს პატივისცემას...
ბევრი დამიგროვდა წასაკითხი,მოვბურნები ამ გვერდზე და ..არაერთხელ....
კეთილი სურვილებით.... ... სევდა,სიხარული,ტკივილი,იუმორი... ყველაფერი ზომიერად არის თქვენს ნაწერებში..ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.კიდევ ერთხელ გამოვატავ ჩემს პატივისცემას...
ბევრი დამიგროვდა წასაკითხი,მოვბურნები ამ გვერდზე და ..არაერთხელ....
კეთილი სურვილებით....
9. ნეტა არასოდეს დამთავრდეს ეს ზღაპარი/////555555 ნეტა არასოდეს დამთავრდეს ეს ზღაპარი/////555555
8. ჩემი თანხმობა ჰარალეს!!! ძალიან კარგი ავტორი!!! გაიხარე შენა!!! ჩემი თანხმობა ჰარალეს!!! ძალიან კარგი ავტორი!!! გაიხარე შენა!!!
7. მშვენივრად წერთ ბატონო და ჩინებული გახსენებებიც გახლავთ. მშვენივრად წერთ ბატონო და ჩინებული გახსენებებიც გახლავთ.
6. ნაწილი წავიკითხე, დიდი ინტერესით!
იხარეთ!
ნაწილი წავიკითხე, დიდი ინტერესით!
იხარეთ!
5. რა ლამაზი ეპიზოდებია თქვენი ცხოვრებიდან ... ზოგი ტკივილიანი... ზოგიც ღიმილს გვრის ადამიანს... სასიამოვნო საკითხავი :) აი ისეთი, სოფელს რომ მოგანატრებს... :) რა ლამაზი ეპიზოდებია თქვენი ცხოვრებიდან ... ზოგი ტკივილიანი... ზოგიც ღიმილს გვრის ადამიანს... სასიამოვნო საკითხავი :) აი ისეთი, სოფელს რომ მოგანატრებს... :)
4. უცნაური სამყარო იყო ეს წისქვილი, თითქოს აბრეშუმის ქსოვილები გაუბიათო მთელ ჭერზე, ზამთრის დილასავით თეთრად შეფიფქული გამოიყურებოდა მთელი კედლები. ზოგჯერ შუა ღამემდე ვყოფილვართ წისქვილში, თან საფქვავი იფქვება, თან ზაქარა პაპა რაღაც ძველ ამბებს გვიყვება ან საფქვავზე მოსული სოფლელები მასთან ერთად არაყს შეექცევიან და ამ მთისას და იმ მთისას ჰყვებიან. დღე და ღამ რაკირუკი გაჰქონდა სარეკელას. სუნიც სხვანაირი იდგა წისქვილში. დასრესილი, დაფქვილი მარცვლის რაღაც განუმეორებელი, ყნოსვის დამატკბობელი, მადის აღმძვრელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქუმლედ მოხალული ხორბალი ან სიმინდი იფქვებოდა.
რა კარგ განწყობაზე ვდგები ხოლმე...როგორ მიხარია, როცა ახალს დებ რამეს....555555555555 მიყვარს შენი სოფელი მატანიც და იქაურებიც... ზაქარა პაპა...თავისი წისქვილით...:-* უცნაური სამყარო იყო ეს წისქვილი, თითქოს აბრეშუმის ქსოვილები გაუბიათო მთელ ჭერზე, ზამთრის დილასავით თეთრად შეფიფქული გამოიყურებოდა მთელი კედლები. ზოგჯერ შუა ღამემდე ვყოფილვართ წისქვილში, თან საფქვავი იფქვება, თან ზაქარა პაპა რაღაც ძველ ამბებს გვიყვება ან საფქვავზე მოსული სოფლელები მასთან ერთად არაყს შეექცევიან და ამ მთისას და იმ მთისას ჰყვებიან. დღე და ღამ რაკირუკი გაჰქონდა სარეკელას. სუნიც სხვანაირი იდგა წისქვილში. დასრესილი, დაფქვილი მარცვლის რაღაც განუმეორებელი, ყნოსვის დამატკბობელი, მადის აღმძვრელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქუმლედ მოხალული ხორბალი ან სიმინდი იფქვებოდა.
რა კარგ განწყობაზე ვდგები ხოლმე...როგორ მიხარია, როცა ახალს დებ რამეს....555555555555 მიყვარს შენი სოფელი მატანიც და იქაურებიც... ზაქარა პაპა...თავისი წისქვილით...:-*
3. დაკრძალვის მერე, დედამისმა თითქმის მის საფლავზე დაიდო ბინა. წალკოტად აქცია იქაურობა. ვერანაირი გვალვა და ყინვა ვერ აჭკნობდა ამ ლამაზ ბაღნარს, ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა. --------- ამ რამდენიმე დღის წინ მოვინახულე მისი საფლავი. ვიდექი მისი გაუდაბურებული ბაღის ზღურბლზე და სევდიანი მოგონებებით მეთუთქებოდა გული. თითქოს ასაკი მომატებოდა მოშავო ჟანგით დაფარულ მის მარმარილოს სახეს, თითქოს რაღაცის თქმა სურდათ მის ნატიფ ბაგეებს, მდუმარედ მომჩერებოდნენ მისი მარადისობის დუმილს შენივთული თვალები. გაველურებულ ბზას დაეფარა მიტოვებული და მოუვლელი, ოდესღაც პატარა წალკოტის მსგავსი საფლავი, აქა-იქ შემორჩენილი ვარდის კოკრები სევდიანად მოჩანდნენ გაუთიბავ ბალახში. ვიღაცას ღიად დაეგდო კარები, პაწია, ქვით მოკირწყლული ბილიკი და უწყლო აუზი ყვითელ ფოთლებს დაეფარა.
ის კი არა და, ეს საფლავის ქვებიც სადღაც გააქრეს. საბჭოს შენობა სუ იმათი საფლავების ლოდებით არის აშენებული, გარედან რო კირით არის გალესილი, აბა, ის ნალესი გადაფხიკე, სუ წარწერებიანი ქვებია შიგნიდან.
ეეეჰ.... მართალია... ერთიც და მეორეც... :( :( : ( 5 დაკრძალვის მერე, დედამისმა თითქმის მის საფლავზე დაიდო ბინა. წალკოტად აქცია იქაურობა. ვერანაირი გვალვა და ყინვა ვერ აჭკნობდა ამ ლამაზ ბაღნარს, ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა. --------- ამ რამდენიმე დღის წინ მოვინახულე მისი საფლავი. ვიდექი მისი გაუდაბურებული ბაღის ზღურბლზე და სევდიანი მოგონებებით მეთუთქებოდა გული. თითქოს ასაკი მომატებოდა მოშავო ჟანგით დაფარულ მის მარმარილოს სახეს, თითქოს რაღაცის თქმა სურდათ მის ნატიფ ბაგეებს, მდუმარედ მომჩერებოდნენ მისი მარადისობის დუმილს შენივთული თვალები. გაველურებულ ბზას დაეფარა მიტოვებული და მოუვლელი, ოდესღაც პატარა წალკოტის მსგავსი საფლავი, აქა-იქ შემორჩენილი ვარდის კოკრები სევდიანად მოჩანდნენ გაუთიბავ ბალახში. ვიღაცას ღიად დაეგდო კარები, პაწია, ქვით მოკირწყლული ბილიკი და უწყლო აუზი ყვითელ ფოთლებს დაეფარა.
ის კი არა და, ეს საფლავის ქვებიც სადღაც გააქრეს. საბჭოს შენობა სუ იმათი საფლავების ლოდებით არის აშენებული, გარედან რო კირით არის გალესილი, აბა, ის ნალესი გადაფხიკე, სუ წარწერებიანი ქვებია შიგნიდან.
ეეეჰ.... მართალია... ერთიც და მეორეც... :( :( : ( 5
2. სიმართლე და უბრალოება.
სიმართლე და უბრალოება.
1. მშვენიერი , ნაწერი:) მშვენიერი , ნაწერი:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|