ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2010


წარმოდგენა იწყება (XIV ნაწილი)

XIV  ნაწილი


-  მიყვარხარ!
-  მეც!
-  რა მაგარია, ტო!  რატო გიყვარვარ?
-  რა ვიცი, შენ!
-  მეც არ ვიცი! არა, ვიცი!
-  თქვი!
-  ვიცი რომ მიყვარხარ და მორჩა! 
-  ასე ხო მეც ვიცი!
-  ხო-ო?
-  ხო. ხო სულ გეყვარები?
-  კი!
-  რაც არ უნდა მოხდეს?!
-  რა უნდა მოხდეს?
-  რა ვიცი?! სადღაც გამიგია, შეყვარებული ადამიანები  სიყვარულზე არ საუბრობენო...
-  სად გაიგე?! 
-  ვიღაცის ინტერვიუ წავიკითხე,  ცოლ-ქმარი იყვნენ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ოღონდ სიტყვა მიყვარხარ, ერთმანეთისთვის არასდროს გვითქვამსო!
-  ხო, ალბათ ასეც შეიძლება, შენ იცი ამ ბაღს მუშტაიდი რატო ქვია?
-  ხო, ვინც გააშენა, იმის სახელია...
-  მართალი ხარ, აბა თუ იცი მირ-ფეთე-აღაA სეიდ თავრიზელი ვინ არის?
-  ალბათ მუშტაიდის სრული სახელია, ხო? სადღაც წამიკითხავს რომ სპარსელი იყო...
-  რა მაგარი ხარ, როგორ მიხვდი?! გუჩი ეშაყირობოდა ზედამხედველებს ციხეში, აი ახლა მოვა მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელი და აქ ბაღს გაგიშენებთო... იმისგან ვიცი: მუშტაიდს ცოლად ყოლია ძალიან ლამაზი ქართველი ქალი ნინო, სტამბულის ტყვეების ბაზარზე ნაყიდი... მისი თხოვნით დასახლებულან თბილისში... ცოტა ხანში ქალი გარდაცვლილა და მის სახელზე ბაღი გაუშენებია ამ კაცს...  ხან სიტყვებით უყვართ, ხან მოქმედებით!
-  ხან რა ჭკვიანურს იტყვი!
-  მართლა?
-  ხო, ოღონდ მე ძალიან მიხარია, მიყვარხარო რომ მეუბნები, კიდე მითხარი რა!
-  მერიდება, მცხვენია და ვერ გეტყვი!
-  ნუ დამცინი, ხმას არ გაგცემ!
-  ხო, კარგი! მიყვარხააააარ!
-  ვაიმე, რას ყვირიხარ! ყველა ჩვენ გვიყურებს!
-  გვიყურონ, კიდევ ვიყვირებ ახლა!
-  არ იყვირო, თორემ ვიტყვი რომ ჩემთან არ ხარ!
-  ხო-ო? კიდევ რას იტყვი?
-  კიდევ ვიტყვი, რომ მეც ძალიან მიყვარხარ!
-  მართლა?!
-  იცი როგორ გამიხარდა მაშინ შენი მესიჯი?
-  მართლა?
-  ხო, შენახული მაქვს! სულ  შევინახავ! შვილიშვილებს უნდა ვანახო!
-  აბა მაჩვენე!
-  რატო, არ გჯერა?
-  არა, როგორ არ მჯერა!  უბრალოდ... კარგი, თუ გინდა ნუ მაჩვენებ!
-  არა, უნდა გაჩვენო, აი ნახე:  `ნინი, ბარამი ვარ, მე შენ მიყვარხარ~...
-  გაგიხარდა მესიჯი რომ მოვიდა?
-  ხო, ისე არ ველოდი! საერთოდ კი ველოდი, მაშინ არა...
-  რას აკეთებდი მესიჯი  რომ მოვიდა?
-  არ გეტყვი!
-  რატო?
-  კაი, გეტყვი: შენზე ვფიქრობდი, ახლა სად არის, რას აკეთებს-მეთქი... და უცებ  შენი მესიჯი!
-  მერე?
-  მერე მეც მოგწერე! შენ შენახული გაქვს?
-  ხო, აი ნახე! `ბარამ, ნინი ვარ, მეც მიყვარხარ~... ორი წერტილი და ფრჩხილი...
-  როგორ მოხუცებივით ვიხსენებთ, ხო?
-  ხო... ისე ღიმილი გიხდება!
-  ხო-ო? ბარამ, ჩემი ჭკვიანი ბიჭი ხარ?! ხო ხარ?
-  არა, მე მსოფლიო მოქალაქე ვარ!
-  თმებს დაგაწიწკნი!
-  რათა?!
-  მსოფლიო მოქალაქეობისათვის!
-  იფ!
-  ბარამ, მეშინია!
-  რისი?
-  ისე უცებ მოხდა ყველაფერი, საერთოდ არ მეგონა თუ შევიყვარებდი ვინმეს!
-  რატო?
-  არ მეგონა, ასე თუ ვინმე შემიყვარდებოდა!
-  მართლა?
- ხო, ხო საერთოს ვერ ვპოულობდი ვერავისთან, ახლა კი შენთან რომ ვარ სიამოვნების ჭიანჭველები მივლის!
-  სიამოვნების ჭიანჭველები მაგარია!
-  აი დეას დავცინოდი, შეყვარებული რომ იყო! ახლა მეც მის დღეში ვარ!
-  აბა მითხარი,  როგორ შეგიყვარდი?! 
-  რა ვიცი, თავისით! ბარამ, დედაჩემის მეშინია! მეშინია, რომ არ დაგიწუნოს!
-  რატო?
-  იმიტომ, რომ იცის, ციხეში რომ იყავი... ისე, ეს ამბავი არც მე გამხარებია! ოღონდ მე მანამდე მომეწონე, სანამ გავიგებდი!
-  ხო-ო?
-  ხო. ბარამ, ბიძაჩემი - დედაჩემის ძმა ანუ, ავსტრიაშია, დედას ეუბნება, აქ ჩამოდითო, ყოველდღე E გვესაუბრება თითქმის, სკაიპში გვწერს...
-  ანუ ჩემი სასიდედრო სკაიპობს?!
- ხო! ნუ იცინი! დედას არ უნდა წასვლა, შალვას ვერ მივატოვებო... საფლავზე რო ავალთ, ცოცხალივით ესაუბრება მამაჩემს... ბიძაჩემი ეუბნება, მაშინ ნინი გამოუშვი სასწავლებლად, აქ ვასწავლიო...
-  მართლა რომ წაგიყვანონ, მერე?
-  არ ვიცი!
-  ხოდა ავდგები და მოგიტაცებ...
-  გაგიჟდი! დედაჩემი ვერ გადაიტანს...  ასე მგონია უჩემოდ ორი დღეE ვერ გაძლებს, ერთხელ შენ გახსენე, მაშინ ახალი მოსული იყავი, და ისიც ვთქვი, ციხეში რომ ხარ ნამყოფი... ამიტომ გმალავ ახლა, დედა ხვდება მგონი რაღაცას... გაბრაზებულმა უცებ რომ გადაწყვიტოს და ავსტრიაში გამიშვას, ესეც არ მინდა!
-  რა უფლება აქვთ!                                           
-  ხო. მე არსად არ წავალ! ბარამ, მაშინ რატომ მკითხე დეკანატი სად არისო? მართლა დეკანატი გაინტერესებდა თუ... ?
-  დეკანატიც მაინტერესებდა, მაგრამ უფრო თუ... ანუ შენ უფრო!
-  მართლა?
-  ხო, რო დაგინახე, ვა რა მაგარი თვალები აქვს-მეთქი, გავიფიქრე და უცებ ხმის გაგონებაც მომინდა?
-  მართლა?
-  ხო.
-  მერე მოგეწონა ხმა?
-  კი, თაფლივით ხმა გაქვს, ეტყობა თაფლი გიყვარს...
-  არა, საჭმელი როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს?!
-  რატო, აი ჩემი მეზობელი ამბობს, რომ ერთადერთი ბედნიერება აქვს გემრიელად ჭამა!
-  ვაიმე, რა საშინელებაა!
-  რატო? აბა შენთვის რა არის ბედნიერება?
-  გითხრა?
-  ხო...
-  აი, ახლა შენთან ერთად რომ ვარ!
-  კარგია! ნახე, შაშვი!
-  აბა?
-  აი, შავი!
-  ეს არის შაშვი?
-  ხო, არ იცოდი?
-  არა!
-  ვაიმე, დავიღუპე ტო, ჩემმა შეყვარებულმა შაშვი არ იცის რა არის! არსად არ თქვა, კარგი?
-  კარგი, არ ვიტყვი!
-  მართლა არ იცოდი თუ ხუმრობ!
-  ვიხუმრე, `ბიჭო რა უნდ მაგის თქმასა, ქართური ხარხური ზღაპრები!~
-  ეს რომელ ფილმშია?
-  `თუში მეცხვარე...~
-  შენ რა, ყველა ქართული ფილმი ნანახი გაქვს?
-  ალბათ კი, ოღონდ ინტერნეტით ან ვიდეოთი, დედა ზამთრობით გარეთ არ მიშვებდა სათამაშოდ, გაცივდებიო, ფილმებს ჩამირთავდა,  უყურეო და მეც ვუყურებდი!
-  ჩვენ კიდე ციხეში გვაყურებინებდნენ ფილმებს, ძირითადად ქართულს!
-  აბა კარგი ყოფილა ციხე!
-  არა, ციხე როგორ შეიძლება კარგი იყოს?! ციხეში ზამბარასავით ხარ დაჭიმული, შეიძლება სულ ოდნავ რაღაცა და გაწყდეს... იცი ამერიკელები რატო მევასება, თავისუფლებას რო დაუდგეს ქანდაკება – იმიტომ... 
-  მართლაც საოცარია, ქალი ჩირაღდანით ხელში ვითომ რატომ არის თავისუფლება...
-  რავი აბა, ის კი ვიცი,  სელინჯერი აკრძალული ქონდათ რამდენიმე შტატში, ეს ჰოლდენი ერთ გოგოზე ამბობს: `იმასთან ცეკვას გერჩივნა თავისუფლების ქანდაკება დაგეჭირა ხელში და მთელს დარბაზში გეთრიაო~ - ეს არ აპატიეს...
-  ალბათ იმის თქმა უნდოდა, ქანდაკებასავით ცეკვავდაო...
-  ხომ, მაგრამ ამერიკელებისათვის თავისუფლების ქანდაკება მარტო ქანდაკება არ არის, ლამის კერპია...
-  ანუ ამერიკელები კერპთაყვანისმცემლები არიან?
-  ხო და ეს კერპი არის თავისუფლება...
-  გამოდის რომ თავისუფლების მონები არიან?!
-  თავისუფლების მონები მაგრად გამოგივიდა, `მოვიგეთ ფეოლა~... – აბა რომელშია?
-  `გაგიჭირდებოდათ!~ - `ფეოლაშია...~  `ვალიკო, რაო რა მინდაო?~ - ეს სად არის?
-  `რა უნდა უნდოდეს კაცო, ცეკვავს~ - `მიმინოში...~, მანდ ერთი ადგილი არის მაგარი... ხაჩიკიანი რომ ამბობს, `ონ პოსტუჩილ, ია ტოჟე ხაჩუო~...
-  ხო იცი მანდ რამდენიმე ადგილი ამოუღიათ,  ერთი ეპიზოდია, ლიფტში არიან ორ იაპონელთან ერთად, ხოდა ხაჩიკიანი და ვალიკო ერთანეთს ეუბნებიან თურმე, ეს წვრილთვალება ხალხი ერთმანეთს როგორ არჩევენო, ამ დრო კიდე ეს იაპონელები ბაზრობენ თურმე იაპონურად ამ ქართველსა და სომეხზე, ეს რუსები ერთმანეთს როგორ არჩევენო...
- ხო,  საბჭოთაA კავშირის დროს ყველას რუსს ეძახდნენ თურმე... 
- წარმოიდგინე ერთი დიდი ციხე,  ეს იყო საბჭოთაA კავშირი...  იმიტომ გარბოდნენ აქედან, ანუ ისე გარბოდნენ, როგორც ციხიდან გარბიან!
-  ბარამ, ახლაც ხო გარბიან საქართველოდან?
-  ახლა არ გარბიან, მიდიან!
-  რა განსხვავებაა?
-  როგორ არ არის განსხვავებაა, სირბილი სხვაა, სიარული სხვა! ადრე არ გიშვებდნენ, გაჩერებდნენ, ახლა არავინ გაჩერებს... წადი სადაც გინდაო, გეუბნებიან,  თავში ქვა გიხლია, მუცელში სამართებელიო... 
-  ნუ ამბობ ასე, ნუ მაშინებ!
-  ათასერთი ბოდიში...  არ გშია?
-  რა ვიცი! შენ გშია?!
-  ხო, წამო გინდა აქ ახლოს კაფეა, კარგ ხაჭაპურებს აცხობენ!
-  შენ თუ გინდა წავიდეთ! მე მგონია არასდროს არ მშია, დედა მეძახის არანორმალური ხარო, ძალად მაჭმევს!
-  მოიცა რა,  შიმშილის გრძნობა არ გაქვს?
-  მგონი არ მაქვს, ან შეიძლება მაქვს კიდეც, ოღონდ დაჩლუნგებულია!
-  ესეც არ თქვა სადმე, კარგი? აბა სად ვთქვა, ჩემს შეყვარებულს არასოდეს არ შია-თქო!
-  ასე შენ საერთოდ საუბარს ამიკრძალავ!
-  ხო კარგი გეხუმრე, საერთოდ კი ვფიქრობ ყველას ყველაფერი არ უნდა უთხრა! მე შეგიძლია ყველაფერი მითხრა! `შენ თუ  ვინმემ რამე გითხრა, მე მითხარი!~
-  კარგი, შენ გეტყვი...  `სიყვარული ყველას უნდა~ გინდა დღეს რამე ფილმი ვნახოთ?!
-  ხო!
- ალმადოვარი ვნახოთ, `ესაუბრე მას~, Aასე ქვია... ლინკს გადმოგიგზავნი სახლში რომ მივალ! სიყვარულზეა, ოღონდ ძალიან სევდიანად მთავრდება...  ორი გოგოა კომაში, ერთთან საუბრობს მისი შეყვარებული...
- როგორ თუ საუბრობს...
- ხო, ესაუბრება, ყველაფერს უყვება, თუმცა ესმის თუ არა ქალს ვერ ხვდება!  მეორესთან კი არავინ საუბრობს, თუმცა იმასაც ყავს შეყვარებული...
-  მერე?
-  მერე ვისთანაც საუბრობდნენ, ის ქალი გადარჩება, მეორე კი იღუპება...
-  ანუ საუბარმა გადაარჩინა ის ქალი?
-  არა, სიყვარულმა!
-  გამოდის, სიყვარული გადაგვარჩენს?!
-  ხო, რა მაგრად თქვი?!

*  *  *

ადრე სხვანაირი პონტი იყო, რა 
დრო ნინიმდე... ახლა სულ სხვაა ყველაფერი...
იმ ბიჭსაც - იმ სირბანჯოს, სიფათს მივუნგრევდი, მაგრამ რაღაც მასტოპებდა...
ჯერ ეს ერთი, რომ ის ბიჭი ამბობდა, ნათიასთვის არ შემიგინებიაო და პროსტო ტეხავს, კაცს რომელიც ბოდიშობს, იმის დაჩმორება...
კიდე ის,  რომ  ყველგან დაძვრება ეს პატრული და თუ ამიყვანდნენ, მაშინ ნინის ვერ ვნახავდი ყოველდღე...
თან სპექტაკლმაც მოგჭამა ჭირი, როგორ არის ერთ ფილმში: `ბორანმა მოგჭამა ჭირი...~
არა და რა მაგარია ნინის ნახვა:  ნახავ და უცებ დაგამშვიდებს, ყველანაირ დარდს მოგაცილებს, ლამის კატაა.
სადღაც გამიგია, კატა, რომელსაც პატრონი უყვარს, მივა და მტკივან ადგილას ეფერება და ტკივილს უამებსო...
ერთხელ კბილი მტკიოდა, ვნახე ნინი და გადამიარა... ლამის `ნოშპაა~.
მოვა და ყველაფერს გავიწყებს. კიდე კარგი ტექსტი არ მავიწყდება სცენარის, თორემ ბაცოს ოფოფებს რა გაუძლებდა და როლიდანაც მომხსნიდა.
ადრე არა, ახლა კი მართლა დამწყდება გული!
ოღონდ იმას როგორ ვეტყვის ნინის - კატა ხარ ან `ნოშპა~-მეთქი...
მამაჩემს მაგრად გაუსწორდება, რომ გაიგებს, რომ შეყვარებული ვარ!
ადრე სულ მეუბნებოდა, პატარაობაში, რას შვები ბარამ-კაცო, ცოლი არ მოგყავსო.
ვიცოდი რომ ხუმრობდა, მაგრამ მაინც მინდოდა ერთხელაც მეთქვა, კი მამა, მომყავს-მეთქი და ეს სიმართლე ყოფილიყო.
ალბათ ახლაც რო გამოვა, მკითხავს.
მერე ნინის მივიყვან სახლში და გავაცნობ  და ვეტყვი, მამა, ეს ჩემი ნინია და მალე ცოლადაც მოვიყვან-მეთქი.
ვიცი,  ნინი რომ განზე გაიხედავს, თვალს ჩამიკრავს, ანუ მანიშნებს, `ყოჩაღო!~
ანუშკი ალბათ მივა და ჩაეხუტება, არ ვიცი რას იზამს, მაგრამ მინდა რომ ასე გააკეთოს!
დედა ალბათ ეჭვის თვალით გახედავს, მაგრამ ნინის რო დაინახავს, შეუძლებელია არ მოეწონოს...
მერე ერთად რომ ვიქნებითY ნინი და მე, მე და ნინი,  არ დამჭირდება იმაზე ფიქრი, ახლა რას აკეთებს ნინი-მეთქი, იმიტომ რომ ერთად ვიქნებით...
საღამოობით ფილმს ვნახავთ ერთად, ნინი თავისებურად ამიხსნის, ისეთ რაღაცეებს დამანახებს, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი, ალბათ რეჟისორის ჩანაფიქრს ხვდება, თან უნდა ვაღიარო, ჩემზე უკეთ!
საერთოდ ნებისმიერი ფილმი ალბათ რეჟისორის ხასიათს ატარებს, ისე როგორც ჩვენი სპექტაკლი მთლიანად ბაცოს ხასიათია.
მე საგამაგიეროდ ფეხბურთზე მოვუყვები.
ალექსანდრესთან რომ ვიყავით, როგორი მოკრძალებით იყო...
საოცარი ადამიანია, თითქოს არამიწიერი, არაფრით არ გავს სხვებს, ყველაფერი თავისებური აქვს, ღიმილიც, მოწყენაც, გამოხედვაც, თავის უნებური მობრუნებაც,  სიარულიც, ჭამაც - თითქოს ჩიტივით იკიკნება... 
მართლა არ გაუშვან ტო ავსტრიაში?! ავდგები და მოვიტაცებ, არა მოტაცება რა პონტია, გავიპარებით რა, გურიაში დავახვევთ  და მერე გვეძებონ..
ცუდია მამა რომ ციხეშია... რაღაც ნიტო, ახლა რომ ცოლი მოვიყვანო...
ალექსანდრესთან რომ ვიყავით სტუმრად, მინდოდა მამაჩემზე მელაპარაკა,  მაგრამ ვხვდებოდი რომ ნინისთან ერთად არ გამოდიოდა...
ალექსანდრესაც არაფერი უთქვამს - არც იმაზე რომ ჩემი ადვოკატი იყო, არც მამა არ უხსენებია...
ვიცოდი საახალწლოდ რომ ამინისტია მზადდებოდა და ალექსანდრესთან დარეკვას ვაპირებდი, სიაში  თუ იქნება-მეთქი...
მაშინ  ვერ ვუთხარი ვერაფერი...
შემეძლო მეთქვა, გამეხმო მარტო, მაგრამ... არა უშავს დღესვე სახლიდან დავურეკავ და იმას მანც გავიგენ სიებში როგორ ხვდებიან. 
თვითონ მამაჩემი არაფრის დამწერი არ არი, მამაჩემს ჩემზე უკეთ  ვინ იცნობს.
კვირაში ერთხელ `პერედაჩი~ მიმაქვს.
დედაჩემი წინა დღით ამზადებს საჭმელებს.
ამ დროს ვცდილობ სახლში არ ვიყო, ერთხელ შევუსწარი  სამზარეულოში მტირალს.
მოთქმით და რამე კი არა, ჩუმად მოდიოდა ცრემლები...
რომ დამინახა, თვალში ჩამივარდა რაღაცო.
მე ხო ვიცოდი, რომ ტირის, და ისიც ვიცი, რატომ ტირის...
რამდენი მარტო დარჩება ასე უხმოდ ტირის, ანუკის და მე არ უნდა დაგვანახოს რომ ტირის.
ვეუბნები, კარგი რა, რა გატირებს...
არ ვტირი, ხახვმა თვალები ამწვაო, ტყუილიც არ გამოდის.
ვიცი რა ხახვიც გატირებს, ცოცხალ კაცს რას ტირი-მეთქი! 
შენ არაფერი არ იცი,  მამაშენს სხვანაირი გული აქვს, იქაურობას როგორ აიტანსო!
რა მეთქვა, იმას ხო არ ვეტყოდი, ყველა ცოლს უყვარს თავისი ქმარი-მეთქი.
ვინმე მწერალი რომ იქნებოდეს, ერთი დიდი რომანი გამოვიდოდა დედაჩემის და მამაჩემის სიყვარულზე...
ბაღშიც ერთად დადიოდნენ, სკოლაშიც ერთად სწავლობდნენ და ინსტიტუტშიც...
დედაჩემი ხუმრობდა, ჩემს დაქალებს ვურიგებდი, ის კი მეუბნებოდა, სხვას რას მირიგებ, შენ ყველას სჯობიხარ და შენი თავი  გამირიგეო...
კვირაში ერხელ `პერედაჩი~ მიმაქვს - ტანსაცმელი და საჭმელი. დილით ადრე გავდივარ სახლიდან, ექვსის ნახევარზე  ვიკავებ რიგს, იმიტომ რომ მერე უკვე ბევრი ხალხი გროვდება და ინსტიტუტში ვერ ვასწრებ წასვლას. მივალ და ჩემს ორ ჩანთასაც  მივუდგამ სხვა ჩანთებს. მერე ჩანთები თითქოს თვითონ დგანან რიგში და თანდათანობით მიიწევენ …ღობურისაკენ, სადაც მორიგეები დგანან.  მიდის  იქედან უკვე რომელიმე განთავისუფლებულ მაგიდაზე გიშვებენ, რომ ყველაფერი შეამოწმონ, ტანსაცმელიც და საჭმელიც.
აქ ერთი წესია, უცნობ პიროვნების `პერედაჩი~ არ უნდა აიღო,  შეიძლება სადმე ნარკოტიკი იყოს, ან ტანსაცმელში შეფუთული ან საჭმელში ჩამალული, ამაზე სროკია...
ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს ამას წინათ, ქმართან აგზავნიდა რაღაცეებს და ნარკოტიკის შეპარებაც უნდოდა...
ახლა ის გოგოც ჩასვეს, ალბათ გასროკავენ.
სიმპატიური გოგო იყო, რამდენჯერმე ერთად მოგვიწია რიგში დგომა. ერთხელ მეკითხება, ტატუს გაკეთება მინდა, ხო არ იცი ვინმე რომ აკეთებდესო - არა-მეთქი.
მერე ქმრის ამბავი მოყვა, ისეთი ამბავი, თავიდან არც დამეჯერა. პრინციპში არც ახლა არ მჯერა, ძმაკაცმა ძმაკაცს ეს როგორ უნდა გაუკეთოს.
ძმაკაცს ამ გოგოს ქმრისთვის დაურეკია, ბარიგასთან სამი დოზა აიღე, ფულს აქ მოგცემთო, ორნი გელოდებითო. თურმე ამ ბიჭისთვის ნარჯკოტიკი უპოვიათ და  პოლიციაში ყოლიათ. მერე უთქვამთ უთქვამთ,  თუ ერთ კაცს ნარკოტიკებით დაგვაჭერინებ, შენ გიშვებთო და ასეთი პოდლობა ჩაუდენია.
ნაკოლი ქონდათ უკვე, გაუჩერებიათ ამ ბიჭის მანქანა... წამლის გადაგდება ვერ მოუხერხებია.. აუყვანიათ ასე ფაქტზე... სამი დოზით  და ეს უკვე მოხმარება კი არა, გასაღება გამოდისო და ცხრა წელს აძლევენ თურმე!
მერე ის ძმაკაცი ახლა  მიწაზე ცოცხალი დადის-მეთქი -  ვკითხე.
კი, ცოცხალი დადისო!
პროსტო როგორ უნდა იცოცხლოს ტო ასეთი სახელით-მეთქი!
ერთხელ უცემიათ, მერე საძმაკაცოს გაურიყავს და უკვე ორჯერ თავის მოკვლა სცადაო... ბაწრიდან ჩამოუხსნიათ, ძლივს მიუსწრიათ.
ამ გოგოს ერთხელ დედამთილიც ახლდა, ბავშვებით, ორი ანგელოზი ბავშვი იყო, თვალს რომ ვერ მოწყვეტდი, ტო.
ხოდა ახლა ამ ბავშვებს დედაც და მამაც დაჭირული ყავთ... რა უბედურებაა ტო... მამაჩემი მეუბნებოდა წამალი ღუპავს ადამიანს, შვილო და თუ ერთხელ გაეკარე, ჩათვალე მე და დედაშენი მოგვკალიო, იმიტომ რომ მერე შენთვის მკვდრები ვიქნებით და საერთოდ ყველა მკვდარი იქნება შენთვის, წამალი უფრო გეყვარებაო.
მაშინ ჩავუთქვი ჩემს თავს, არასოდეს წამალს არ გავეკარები-მეთქი  და ასეც იქნება.
სასტავში ჩავარდნილვარ, ბიჭებს უთქვამს, გაიკეთე რა, ერთი რას გიზამსო, მაშინვე მამაჩემი დამიდგება თვალწინ და დედაჩემი, თითქოს ორივე კუბოში წვანან... ყოველთვის უარს ვამბობ.
ყველას მისი გზა აქვს ძმაო, ხოდა მე ასე ვივლი...
ჩემს შვილსაც, ცოტა ჭკუაში რომ ჩავარდება,  იმასვე ვეტყვი, რაც მამაჩემმა მე მითხრა!



*  *  * 

ნინი: ბარამ, აქ ხარ?
ბარამ: ხო...
ნინი: მომენატრეე..
ბარამ: მეც!
ნინი: მიყვარხარ!
ბარამ: მეც!
ნინი: აღარ მიყვარხარ!
ბარამ: რატო?
ნინი: იმიტომ რომ მარტო მეც-ს მეუბნებიიი!
ბარამ: ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
ნინი: მეც...
ბარამ: 
ნინი: ახლა კარგი ხარ!  გადმოწერე ფილმი უკვე?
ბარამ: კი.
ნინი: ცოტა ხანში დავიწყოთ ხო?
ბარამ: ხო, ნიი, მე გადავწყვიტე, თუ შენი გაგზავნა დააპირეს სადმე, მოგიტაცო ცხენით ...
ნინი:  ნუ მაცინებ...
ბარამ: არ გაცინებ, ძალიან სერიოზული ვარ... არა, მოტაცება არ ექმევა, გავიპარებით რა,  გურიაში დავახვევთ, ნამყოფი ხარ გურიაში?
ნინი: არა, იცი როგორ მაინტერესებს!
ბარამ: ხოდა მორჩა, გადაწყვეტილება მიღებულია და ბარგიც ჩალაგებული  ...
ნინი:  ბარამ, ერთი წამი დამელოდე, წყალს დავლევ და  მოვალ ხო?
ბარამ: კარგი...
ნინი: ბარამ, საღამო  მშვიდობისა,  მე ნინის დედა ვარ..
  (`უხ შენი, სასიდედრო,  ეს მინდოდა, ნახე სკაიპში არ გამეჩითა, ხო არ დავიმალო, დავიმალო რა – არ ვუპასუხებ და მორჩა, მერე ნინის ვეტყვი რომ ინტერნეტი გაითიშა, ნეტა მართლა გაითიშოს... თან ზემოთ რას ვწერდი ალბათ წაიკითხა უკვე... ვაა, ვითომ რატო უნდა დავემალო, მაგრამ მინდა ახლა მე სასიდედროს ბაიათები... ეჰ ნინი, როგორ ამბობენ, ცივი კარგია ლუდი და სიდედრიო, ეს ხო არ ვუთხრა დედაშენს~) 
ბარამ: გამარჯობა!
ნინი: შეიძლება თქვენი გაცნობა, ბარამ?
ბარამ: რა თქმა უნდა (`აბა რა მეთქვა?!~)...
ნინი: ნინი სამზარეულოშია გასული და მგონი დროა გავეცნოთ ერთმანეთს! ასე არ ფიქრობთ?
ბარამ: მე შორიდან გიცნობთ! და ძალიან ბევრი კარგი მითხრა თქვენზე ნინიმ (`ეხ ნინი, სად ხარ? რატო დატოვე სკაიპი ჩართული?~)...
ნინი: სასიამოვნოა, რომ ზოგადი წარმოდგენა მაინც გაქვთ,  მე კი თქვენს შესახებ არაფერი ვიცი,  გარდა იმისა რომ ჩემი შვილის დროს აკავებთ უსაზღვროდ...
ბარამ: ნინი ძალიან კარგი ადამინია და  პირველ რიგში ეს თქვენი დამსახურებაა (`რას ვეაფერისტები...~)
ნინი: გმადლობთ, მაინც რა გითხრათ ჩენზე ნინიმ?
ბარამ: ნინიმ მითხრა თქვენზე, რომ ძალიან უყვარხართ და ბავშვობაში ძილის წინ სულ ზღაპრებს უკითხავდით და ახლებს  უგონებდით კიდეც.
ნინი: მე მაინტერესებს თქვენ ვინ ბრძანდებით კონკრეტულად? ნინის ცხოვრებაში რა ადგილი გიკავიათ? მგონი მაქვს უფლება ვიცოდე...
ბარამ: ჩვენ ჯგუფელები ვართ, მე მიხარია მასთან საუბარი, შეხვედრა,  ურთიერთობა...
ნინი: გასაგებია, მაგრამ მეტად ვერ დააკონკრეტებდით? მე მგონია რაღაც შეიცვალა ნინი ბოლო დროს, საერთოდ ვერ ვცნობ! მაინტერესებს რატომ და ვინაა ამის მიზეზი? თუმცა  მიზეზი გასაგებია უკვე...
ბარამ: ცვლილებებში რას გულისხმობთ (`მიზეზში  რა დაასკვნა ვკითხო? რაში მაინტერესებს? არა - მგონი მაინტერსებს, თან რა ზრდილობიანი გამხადა ნინის დედამ!~)
ნინი: ახლა მინდა დავაკონკრეტო,  კარგია რომ ერთმანეთის ნახვა გიხარიათ! შემდეგ რას აპირებთ?
ბარამ: (`ახლა ვეღარ ვკითხავ~) ქალბატონო  ციცო, როცა საქმე მარტო მე მეხება,  მე შემიძლია ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი...
ნინი: აჰა..
ბარამ: მაგრამ რადგან აქ საუბარია მარტო ჩემზე არ არის...
ნინი: ანუ ჩემი შვილის  საქმე მე არ მეხება? ამის თქმა გსურთ არა?
ბარამ: ერთად სათქმელი რაც გვაქვს ერთად გეტყვით...
ნინი: რატომ?
ბარამ: მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ნინის უსაზღვროდ დიდ პატივს გცემთ და...
ნინი: და?
ბარამ: შემიძლია გითხრათ რომ ნინისკენ წამოსულ ტყვიას დავუდგები წინ...  იმიტომ რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი... 
ნინი: ნინი კარგი ადამიანი რომ არის ეს ვიცი, გმადლობთ, ნინი ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემი შვილი არის, მაგრამ მართლაც კარგი შვილი მყავს...ალბათ იცით, ნინის მამა არ  ყავს და  მე თითქმის მარტოს მომიწია მისი აღზრდა...
ბარამ: და მე ღმერთის მადლობელი ვარ რომ ეს ადამიანი შემახვედრა. 
ნინი: კი მაგრამ, ნუთუ შესაძლოა ასეთი შეყვარება ორ კვირაში, როგორც ნინია ამჟამად შეყვარებული
ბარამ: შეიძლება... (`ყველა უკან დასახევი გზა მოჭრილი მაქვს~)
ნინი: მე ქალი ვარ და ამას ვერ გამომაპარებდა, ანუ რაღაც გრძნობა აქვს თქვენს მიმართ!
ბარამ: თქვენ დედა ხართ და ნინის თქვენზე უკეთ არავინ იცნობს,
ნინი: და ამიტომ იქნებ ამიხსნათ თქვენი პოზიცია..
ბარამ: მე ის ძალინ მიყვარს... (`რადგან იცის რომ ნინის უყვარვარ, მე ხო არ დავიხევ უკან... შეტევაზე, მთელი ძალებით შეტევაზე...~)
ნინი: თუ შეიძლება და რა თქმა უნდა საიდუმლოს თუ არ წარმოადგენს თქვენი პერსონა
ბარამ: სიცოცხლეზე მეტად...
ნინი: როგორც მეგობარი თუ?
ბარამ: ჩემს სიცოცხლეზე მეტად რა თქმა უნდა... როგორც მომავალი ცოლი!
ნინი: გასაგებია და რას ფიქრობთ?  ანუ რას მოიმოქმედებთ შემდგომში?
ბარამ: ერთი რამე მინდა ვთქვა მხოლოდ, ჩემი მოქმედება ისეთი იქნება, რომ არასოდეს არ ვატკინო არც თქვენ გული  როგორც ნინის მშობელს და არც ნინის, უმალ Gღმერთმა მომკლას მე... (`ნეტა ნინი სად არის~)
ნინი: ახლა ნინი ჩემს გვერდზე იმყოფება და ტირის...
(`ვა, ფიქრს მიმიხვდა თუ რა იყო, რატო ტირის ნინი? ჩჰემი ნათქვამი ხო არ ეწყინა რამე?!~)
ნინი:: მაგრამ მე ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა,  რადგან მშობელი ვარ!
ბარამ: ნუ აატირებთ ქალბატონო ციცო ნინის... (`ხო არ ვაგინო ერთი ამ ჩემისას, მგონი ყველაფერს გავაფუჭებ!~)
ნინი: და მაინტერესებს პირველ რიგში ჩემი შვილის მომავალი...
ბარამ: ნინი არ არის ღირსი იტიროს!
ნინი: არც მე ვარ ღირსი მოტყუების, იმ უზარმაზარი შრომის შემდეგ, რაც მე ჩემს შვილს მოვახმარე, ნამდვილად არ ვარ ტყუილის ღირსი, ჩემმა შვილმა არ უნდა დამიმალოს, რას აპირებს, ვის უკავშირებს თავის ბედს!
ბარამ: ქალბატონო ციცო, მე არ ვიცი რა ვთქვა როცა ნინი ტირის...
ნინი: არც მე ვიცი რა ვთქვა როცა ნინი ვიღაც უცხოსთან ერთად რაგაც მზაკრულ გეგმას მიმზადებს! მე მაინტერესებს კი არა და ვალდებულიც ვარ მოვითხოვო პასუხი პირადად თქვენგან
ბარამ: ხო მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და არ ვაპირებთ თქვენ გული გატკინოთ!
ნინი: და ის რომ ნინის გონია რომ უყვარხართ,  ყოველ შემთქვევაში მე ასე მითხრა,  და ახლაც ამას მიმტკიცებს,  რომ მოწონს  ჯგუფელი, რომელსაც იცნობს სულ ორი კვირა, რომელიც არის თვრამეტი წლის და ამ ამ თვრამეტი წლიდან ორი წელი ციხეში გაატარა...  რა უნდა ვიფიქრო მე ამ დროს?
ბარამ: ქალბატონო ციცო (`რა ზრდილობიანი ვარ ტო...~), ნინი ხო პატარა არ არის, ისიც თვრამეტი  წლის გახდება 6 აგვისტოს!
ნინი: ჩემთვის ნინი მარად პატარა იქნება! ანუ ბავშვები ხართ...
ბარამ: მე არ ვთვლი, რომ ან ნინი და ან მე ბავშვები ვართ! 
ნინი: ნინის ამდენი არ ესმის,  გამოუცდელია და  და გულუბრყვილო.  არ ვიცი რით მოიტაცეთ ნინის გული, არასდროს აკლდა ბიჭების ყურადღება,  მაგრამ აქამდე ასე არასდროს არ დაინტერესებულა არც ერთით!
ბარამ: არ ვიცი,  თუ თქვენ ნინი გიყვართ, მის აზრსაც უნდა სცეთ პატივი!
ნინი: ანუ რა შეგიძლიათ შესთავაზოდ ნინის?
ბარამ: ნინის მე ბედნიერებას ვთავაზობ! ჩვენ ერთმაენთი გვიყვარს, საყვარელ ადამიანთან ყოფნა ხო ბედნიერებაა, დამეთანხმებით?
ნინი: მე ვერ წარმომიდგენია, რამდენიმე ხნის მერე, როცა გაგინელდებათ გრძნობა რასაც ახლა თქვენ სიყვარულს ეძახით...  თქვენ ახლა აღტკინებული ბრძანდებით, მე კი ნინი იმედიან ხელში უნდა დავტოვო როცა წავალ აქედან...
ბარამ: (`უჰ, ერთი ნინის დედა არ იყო... თავად აღტკინებული ესა~) რატო გგონიათ, რომ გრძნობა განელდება?
ნინი: ანუ ყველაფერი გქონიათ უკვე გადაწყვეტილი!
ბარამ: გადაწყვეტილი ცაშია ყველაფერი...
ნინი: სხვას არაფერს იტყვით?!
ბარამ: თქვენ შეგიძლიათ ნინის აუკრძალოთ ჩემი ნახვაც კი  მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ნუ აატირებთ, მე მეტს თქვენ არაფერს არ გთხოვთ!
ნინი: მე იმას ვაკეთებ, რაც ნინისთვისვეა კარგი და სასარგებლო,  ეს სიყვარული კი  მხოლოდ გატაცებად და ბავშვობად მიმაჩნია
ბარამ: ცდებით, ქალბატონო ციცო...
ნინი: მიუხედავად ყველაფრისა...
ბარამ: არ არის ეს გატაცება
ნინი: მართლა? როგორ დაამტკიცებთ საწინააღმდეგოს?
ბარამ: თუ თქვენ ნინის კარგად იცნობთ, არ ჩაუთვლით  მას ამ გრძნობას გატაცებად!
ბარამ: იცით, ალბათ რომ ადამიანები  ხშირად  მთელი ცხოვრება ეძებენ თავის მეორე ნახევარს და ვერ პოულობენ, მერე ქორწინდებიან და ხშირად მხოლოდ შემდეგ აღმოაჩენენ, რომ შეცდნენ და ერთად არ უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ცხოვრება გახდა ტანჯვა...
ნინი: მე მიჭირს ჩემი შვილის თვალცრემლიანის ნახვა, მაგრამ ეს უნდა გამერკვია და ჩემი პოზიცია დამემკვიდრებინა თქვენთან!
ბარამ: იმიტომ რომ ვერ იპოვეს მართლა ის ვისთანაც ბედნიერები იქნებოდნენ... მე ვთვლი და ნინიც თვლის რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ...
ნინი: უფლის ნებაა ყველაფერი და თუ მოსახდენია მოხდება...
თუ არა და გადახედეთ თქვენს სულს,  ჩვენს წრეში მიგებულია სასიძოს მოსვლა ოჯახში და გაცნობა, და არა მალულად  და ზურგსუკან გეგმების და ინტრიგების ხლართვა!
ნინი: დამეთანხმებით?
ბარამ: (`რა მაგარია ტო, სულ არ ყოფილა სასიდედრო ასე საშიში, ასიანს ბაზრობს~) მე არ ვარ წინააღმდეგი, მოვილაპარაკებ ნინისთან და გეწვევით...
ნინი: გასაგებია...
ნინი: კარგად ბრძანდებოდეთ!
ბარამ: ნინი კიდე ტირის, ქალბატონო ციცო?!
ნინი: დიახ...
ბარამ: გთხოვთ დააწყნაროთ... ნუ ატირებთ ნინის ის არ იმსახურებს ტირილს მას თქვენ ძალიან უყვარხართ..
ნინი: მე გული მტკივა, ასე რამ გამოშტერა...
ბარამ: (`უხ, შენი... შენ თვითონ ხარ გამოშტერებული...~) ნუ იტყვით, ასე  გთხოვთ!
ნინი: კარგით, კარგად იყავით, ბარამ...
ბარამ: კარგად ბრძანდებოდეთ... (`სულ~ უნდა დამემატებინა... ნინი, რომ არა, ვიცი როგორც უნდა დამემთავრებინა...)
    `ეჰ ნინი, რატო დატოვე სკაიპი ჩართული, მით უმეტეს იცოდი, რომ ეს გველეშაპი ინტერნეტში დაძვრება და სკაიპობს?!~
                   
                      (XIV ნაწილის დასასრული)
                     
                        გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები