ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


ძველი მისამართები

მომნატრებია შენი დანახვა,
შენი თვალების მზერა ნათელი,
მსურდა, ნობათად სიტყვა რამ მეთქვა
სიყვარულით  და სევდით ნაფერი,
მაგრამ კარები გამომიხურე,
ტანზე მოვისხი ყინვის ზეწარი
და  ახლა ასე  ფიფქად ქცეული,
ვივლი ტკივილით შენგან ზეცამდის.
ვაი, ძნელია ყინულად ყოფნა,
სანამ ჯერ კიდევ გული ხმიანობს,
ნუ გამიმზადებ ყინულის კუბოს,
გემუდარები, ადამიანო!
*
მე წუხელ შენთან შემოვიპარე,
დიდხანს გიცქირე, მშვიდად გეძინა,
მარტოსულობის ცრემლით ნამული,
ობოლი სევდა ზეწრად გეფინა.
შენი სურნელით სავსე ოთახი
შენსკენ მიხმობდა,  შენთან მიწვევდა,
დავიხარე და ნაზად გემთხვიე,
იქ სადაც მკერდი ძლიერ გიცემდა.
ძილის ნისლებში გახვეულიყო
ნუკრის  თვალების წამწამთა ბაღი,
მხურვალე კოცნა იქაც მოვწყვიტე,
წავშალე სხვისი ტუჩების დაღი.
შენ გაგეგიღიმა ძილის ღიმილით,
ნეტავი იმ დროს რასა ხედავდი?
არ გაგაღვიძე, წავედი ჩუმად,
გაგღვიძებოდა ჩემო, ნეტავი!
*
არსად წახვიდე, იყავი ჩემთან,
ეს მძიმე ღამე ერთდ ვათიოთ,
მოვაშთოთ მისი ავი ზმანება
და დილით სადღაც გადავათრიოთ,
ატეხე შენი შმაგი სხეულის
დაუდგრომელი გრიგალთა ფრთონა,
თორემ თუ წახველ და მიმატოვე,
ვიცი კოშმარი უთუოდ მოვა,
შენი სხეულის იდუმალება
გადაუშალე ამ სუნთქვის ნიავს,
მინდა ალერსში თავდავიწყებულთ
თავზე დაგვადგეს ფერმკრთალი დილა.
*
ნეტავ, რად დუმხარ, რა მოხდა, ჩემო?
აგიტალახე ეზო და კარი.
შენს ფანჯარასთან ვჩერდები დიდხანს,
სულ ერთი წამით რომ მოგკრა თვალი.
შენ კი არ ჩანხარ, დუმან ფანჯრები,
სად გაგიტაცეს დროის რაშებმა?
მძიმე წუთები იქცა დღეებად
და ეს დღეები ერთურთს გაება.
იქნებ რაც იყო, იყო სიზმარი,
რაც ჯადოსნურმა გვიძღვნა წამებმა?
გამოიღვიძე ბავშვობის სახლში
და სადღაც გაქრა უცხო ზმანება.
*
შენ ისევ შენი ცივი დუმილი
გულზე საფლავის ლოდად დამადე,
მე ასე გეტრფი, შენ კი ხანჯალი,
შხამში ნაწრთობი დამეც ვადამდე.
ასე მდუმარე და გაყინული,
ნეტავ ვიცოდე, ივლი სადამდე?
*
აბა, რა გითხრა, რით განუგეშო?
მე დავიწყების ლოდმა დამფარა.
იქნება სჯობდეს, ჩუმად წავიდე,
მარტოსულობა მქონდეს საფარად.
შენ ასე უცხოდ ნაქანდაკარო,
ჩემი გრძნობებით რატომ გაწამო?
დამსხვრეულია ყველა იმედი,
გადავსებულა ტრფობის საწყაო.
გემშვიდობები სამარადჟამოდ,
აუხდენელო ჩემო ოცნებავ,
ისე მივდივარ, ვერ გისურვილე,
ვეღარ მიშველეს უფლის ლოცვებმა.
გაბზარულია დღეს ჩემი გული,
მარტოსულობამ ხელი დარია.
ჩვენი ტრფიალიც ტკივილით კვდება,
რადგან საწუთრო  წარმავალია.
*
ვხედავ, დაბერდა ჩვენი ტრფიალი
და მონატრებაც ჩუმად მინელდა.
და შავმა ღამემ, ლოდინის ნაცვლად,
დაისადგურა ფანჯრის მინებთან.
ისე დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი,
თითქოს ტკივილი არცკი გვიგრძვნია
და კითხვა, მე რომ დაგისვი ერთხელ,
მიატოვე და მიაგდე ღიად.
და ახლაც, შენთან სურვილით მოსულს,
გამომიხურე  ცხვირწინ კარები,
უცხო ქალაქში დავრჩი ეულად
და უგზო-უკვლოდ დავიარები!
*
თუკი ოდესმე ბედი წყალობად,
ჩემთვის შენს ალერსს გამოიმეტებს,
ყველა განსაცდელს და ყველა ტკივილს
ჩავთვლი ჯილდოდ და უფლის სიკეთედ.
ვერ მოვერიე შენზე გულისთქმას,
ფიქრით რამდენჯერ შენთან მოვფრინდი.
ნეტავ შემეძლოს შენამდის მოსვლა,
თვალებს რა ცეცხლით დაგიკოცნიდი!...
მაგრამ სადა ხარ, ნისლმა დაფარა
ჩემი ტრფიალის გზა-ბილიკები.
მე დავიწყების ნავში ვზივარ და
გულდასეტყვილი ტალღას მივყვები...
*
გიცქერ და ვხარობ, თვალს ვერ გაცილებ,
ძველ იბერების მესმის ყიჟინა,
შენ იმ ქართული სისხლიდან იშვი,
დღემდე რომ ასე უხვად იდინა.
სხვაგან სად ნახავთ ამ ნუკრის  მზერას
ან წამწამების ასეთ მარაოს,
ეგ სილამაზე დააჩოქებდა
ყველა მეფეს და ყველა ფარაონს.
წადი, იცისკრე თვალებფოფინავ,
დიდი თამარის გზებით იარე,
რომ ესალბუნო და ეწამალო
შენი სამშობლოს გულის იარებს!











*

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები