ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
23 მაისი, 2010


ვირები ხეზე გავიდნენ

ვირებსა და ვირის შვილებს
ჩიტმა  შემოუთვალა,
-სანამ  ხეზე გაივლითო,
ბარტყს  დავჩეკავ  უთვალავს.

-თქვენ  რომ  ხეზე  გაივლითო,
მზე  გახდება  ლურჯთვალა,
ვირებსა  და  ვირის შვილებს
ციყვმა  შემოუთვალა.

კუმ  მისწერა, ბაკნის ნაცვლად
ამოგვივა ქოჩრები,
ხეზე  როცა  გაივლითო
თქვენ  და  თქვენი  ჩოჩრები.

-ჭიანჭველას  შრომა  დაღლის
და  გახდება  უქნარა,
თქვენ  რომ  ხეზე  გაივლითო,
რწყილმა  შემოუთვალა.

-ციცინათელების  მსგავსად
მეც  ვიქნები  ციმციმა,
როცა  ხეზე  გაივლითო,
გველმა  დაისისინა.

ფარშავანგებს  უთქვამთ, კუდებს
შეგვიცვლისო  ცოცხები,
თქვენ  და  თქვენი  ჩოჩრებიო,
ხეზე  რომ  აცოცდებით.

-გავხდით  ქვეყნის  სასაცილო!-
მოიწყინეს  ვირებმა.
-შევისწალოთ  ხეზე  ასვლა
ჩვენც  და  ჩვენმა  შვილებმაც.

ჩოჩრებს  გული  უფანცქალებთ,
მოცდა  არ  სურთ ცოტა  ხნით,
შორეული  ტყიდან  იხმეს
მაიმუნი  ოსტატი.

ძალ-ღონეს  არ  უჩიოდნენ,
ჯანიც  ჰქონდათ  ქებული,
არასოდეს  არ  ყოფილან
ასე  მონდომებული.

დღეს  და  ღამეს  ასწორებდნენ,
გახდნენ  ცისკრის  დარაჯნი,
ფეხიც  ბევრჯერ  მოიტეხეს,
დადიოდნენ  ყავარჯნით.

ორი  წელი  მიილია...
და  შედეგიც  ტკბილია,-
ოსტატიც  და  შეგირდებიც,
ყველა  კმაყოფილია.

ხეზე  ცოცვა  უხარიათ,
ერთმანეთს  არ  აცლიან,
ნაძვნარში  აქვთ  შვიდ  საათზე
დიდი  პრეზენტაცია.

ამ ამბავმა მოიარა
ყველა ჭალა,  ხეობა.
ვირებს  დიდად  დაუფასეს
შრომისმოყვარეობა.

..................

ხეზე  გასვლის  ნიჭი  თუკი
არ  გაქვს  დაბედებული,
ყველაფერი  გამოგივა,
თუ  ხარ  მონდომებული!

ახლა  რაღას  ლაზღანდარობს
ციყვი,  ნეტავ, მანახა!...

ყველაფერში  გაიმარჯვებ ,
თუ  ზარმაცი  არა  ხარ!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები