ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2010


კედლებში მოსიარულე კაცი

დგას სახლი, ზღვის პირას, ან პირიქით, ზღვა დგას და სახლი ღელავს.
გვაქვს სამი ლოგინი, ვცხოვრობთ ორნი, მე და ლილეი. ერთი საწოლი დასავლეთით დგას, ყოველ ღამე მის ქვეშ სისხლის გუბე დგება, ვიღაც კაცი თავს იკლავს და უკანმოუხედავად კედელში გადის.
არ გვეშინია, უბრალოდ ვეხუტებით ერთმანეთს. ჩვენ არ ვცხოვრობთ უკაცო სახლში, იმიტომ რომ იენი მქვია.
ლილეი ჩემზე დიდი ბავშვია, მე მაღალი ვარ. ჩვენ სათამაშოები არ გვაქვს, გადავეჩვიეთ. ლილეი ქვიშისგან კაცს აკეთებს და მე ყოველთვის წიხლით ვანგრევ მას...

--------
გდია ველოსიპედი ხის ქვეშ.
დაპატარავდა, ან მე გავიზარდე. ალბათ, უფრო პირველი.
მზე აღარ ამოდის, ჩაგვიჭრეს.

-------
სახლში საათი არ გვაქვს. დრო გადავყლაპეთ, ცრემლებით.
კედელზე ერთი ფოტოა მიკრული, ლურსმნით.  ლილეის ხელში წითელი ბუშტი უჭირავს, სურათს ნახევარი მხარე მოგლეჯილი აქვს...
მე ჭაობში ვთევზაობ, მოგონებებზე. ლილეისთვის ერთ კადრს ვეძებ , რომელშიც ერთი ტყვია გავარდა და ორნი დაგვხვრიტა...
ლილეის არ სურს ახსოვდეს, წარსული თოლიებს ააკენკინა.
ჩემი და დიდი გოგოა, მე - ბოროტი.

--------
წვიმის წვეთები გველებივით იკლაკნებიან მინაზე.
ლილეის თავზე ორი ზომით დიდი კეპი ახურავს, თმები აქვს გაშლილი და მე ვიცი რაზე ფიქრობს. თუ ვკითხავ, რას აკეთებს, მიპასუხებს, რომ უბრალოდ წვიმას აგროვებს, თვალებში...
მინდა ქუდი მოვაგლიჯო თავიდან. მაჯაზე ცივი თითების შეხებას ვგრძნობ, ხელი ჰაერში მეყინება. ჩამესმის:"აცადე, იყოს ბავშვი..."

-------
ჩვენ უკუღმა ვცხოვრობთ.
ცაზე დავდივართ და მიწაში ვუშვებთ ქაღალდის თვითმფრინავებს.
ლილეი იმაზე დიდი გაიზარდა, ვიდრე საერთოდ იზრდებიან...
მე ისევ მინდა მას ვუთხრა, რომ  კედლებში მოსიარულე კაცი მამაჩვენია და მან თავი მოიკლა.
 
--------
ჩრდილი მეწელება, ვითომ ვიზრდები.
ვიხილები და...
ნაკუწებად ვჭრი სივრცეს.

--------
მე და ლილეი ისევ ვპარავთ ადამიანებს ლამაზ ისტორიებს, მერე ერთმანეთს ვატყუებთ... ვიჯერებთ, კედლებში მოსიარულე კაცი უბრალოდ კედლებში მოსიარულე კაცია.
ჩვენ ვიზრდებით.
დგას სახლი და ზღვა ღელავს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები