ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
4 ივნისი, 2010


ბატი-ბუტი "ფართი" (ანუ ამბავი ფისოების და თაგვების დაძმობილებისა)

სათაგვეთში ხმა გავარდა,-
ჭირვეულმა ფისუნამ,
ყველასათვის გასაკვირად
ბატი-ბუტი ისურვა.

ასე უთქვამს, - ვინც მომიტანს
მარილიანს, თბილსაო,
ფიცს დავდებ, რომ არასოდეს
დავაკარებ კბილსაო.

დაფაცურდნენ თაგუნები,
აწრიპინდნენ ხმამაღლა,
გაახსენდათ, ბატი-ბუტს რომ
მელაკუდა ხალავდა.

კისრის ტეხვით გაექანნენ,
გზა სირბილით გალიეს
და მელიას ბატი-ბუტი
სწრაფად მოახალვინეს.

მერე ზურგზე მოიკიდეს
გავსებული ტომრები
და ფისუნას სახლთან დადგეს
ბატი-ბუტის გორები.

კნუტის პირით შეუთვალეს,
-მოგართვით, რაც ისურვეთ,
იმდენია, უმასპინძლებთ
თქვენს მეგობარ ფისუნებს.

გაუხარდა ფისოს ძლიერ,
წამიც არ დაახანა
და მეგობარ ფისუნიებს
ეს ამბავი ახარა:

-გადავწყვიტე, რომ გავმართო
ბატი-ბუტი "ფართიო",
ფიცს თუ დადებთ, რომ თაგვისკენ
არ წაგცდებათ თათიო,
მაშინ გელით, მოვილხინოთ,
დრო ვატაროთ კარგიო!

ფისუნებმა ფიცი დადეს
მკერდზე თათის დადებით,
რომ არასდროს დაეჭირათ
კუდაგრძელი თაგვები.

რომ იცოდეთ, პატარებო,
რა ხდებოდა იმ ღამით,
მონაჭორს კი არ გიყვებით,
მეც იმ  "ფართზე" ვიყავი

და ნამდვილად ასე ვნახე,
(არ ვაჭარბებ სრულებით)
თაგვები და ფისოები-
ხ ე ლ გ ა დ ა ხ ვ ე უ ლ ე ბ ი.

თქვენ თუ გინდათ დამიჯერეთ,
თუ გსურთ ნუ დამიჯერებთ,
იმ დღის შემდეგ ფისუნები
თაგვებს აღარ იჭერენ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები