 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 10 ივლისი, 2008 |
ესეც ძველი წერილია...შარშანდელი... "...ის იწვა, იატაკზე მიმოფანტულ, ვერცხლის ძაფებითთ მოქარგულ - მოსირმულ ცისფერი ატლასის ბალიშებზე. მარჯვენა ხელის ნაზი რკალი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული. მარცხენა ხელით, ტუჩებთან ფაქიზად მიჰქონდა მარჯნის მძიმე მუნდშტუკი, რომელიც მოქნილი, ლამაზად მოკაზმული, მილით კალიანს (ყალიონს) ურთდებოდა. ამ მილით, თამბაქოს არომატული კვამლი, მის მოდუნებულ სხეულში, ნაზი სუნთქვით შედიოდა, თვალები იდუმალი, მიბნედილი მზერით უსასრულობაში იყურებოდნენ..." ალექსანდრ დიუმა. "გრაფ მონტე-კრისტო"... აი, ზუსტად ამ ადგილზე ვიყავი, ვალერიკამ შეშინებული სახით ფანჯარაში რომ შემოიხედა და “ქურთი–თენგიზა კვდებაო, - შემომძახა - “დედას გეფიცები, მართლა კვდება, КЛЯНУСЬ МАМОЙ – ПРАВДА!“ წიგნი ეგრევე იატაკზე მოვისროლე და კიბის მოაჯირით ეზოში ჩავსრიალდი. -ШЕЮ СЛОМАЕШЬ, ДУРАЛЕЙ ! – მომაძახა ნატაშამ ზემოდან, თან დააყოლა, სადილზე არ დაიგვიანო თორემ მამაშენს ვეტყვი, სულ რომ წახვედი ხელიდანო. გიჟებივით მივრბოდით, ვალერიკა ქლოშინით რაღაცას მიყვებოდა. კარგად არ მესმოდა... ბევრი გაუგებარი სიტყვა ერია. „კალიკები, ლომკა, პრიხოდი... ერთი სიტყვა „კვდება“, კი ნამდვილად კარგად გავიგე და ძალიანაც მეშინოდა... ქურთი ჯემალა, თენგიზას მამა, საოცრად Hგავდა თახვს. მისი გრძელი ულვაში, ორ წინ გამოშვერილ კბილთან ერთად, ბებერი ნაღვლიანი თახვის სახეს მოგაგონებდა. ის თავიანთ სარდაფის ჩასასვლელთან ბოლთას სცემდა. „სკორი პომოშჩი“ გამოვიძახე! ГДЕ ПРОПАДАЕТ? ვახ, კაცოოო, ვინ დამწყევლა? ეს რა არის ჩემი თავზე, ტო?...“ ჩვენ რომ დაგვინახა, გამწარებულმა, ჯავრი ჩვენზე იყარა: “ აქ რა გინდათ, რას დაყუდებულხართ? წადით, შვილო, ეხლავე მოუსვით, თქვენღა მაკლდითო! ვახ, შვილოოო!“ სარდაფიდან თენგიზას დედის ტირილი ისმოდა, იქ მეზობელი ქალები, ტაშტებით და სველი ტილოებით, შედი - გამოდიოდნენ პირქუში სახეებით, ეტყობოდა რომ საქმე მართლაც რომ ცუდად იყო! იქვე, სახლის კუთხეში, უბნის ბიჭებს მოეყარად თავი... ჩაცუცქულები. კბილებშუა „იპურჭყებოდნენ“ და ჩუმად მსჯელობდნენ ამ ამბავზე. ჩვენც მათთან მივჩოჩდით. “აბა, გააჯვით აქედან!“– დაგვიფრინეს, მაგრამ სანამ გამოგვყრიდნენ, მათ ლაპარაკს ყური მოვკარი: „ჭონქაძეზე ავიდეთ. "თოიძეში" რამე ეცოდინებათ, თენგიზა ბოლოს იქ ყოფილაო. („თოიძეში“ - სამხატვრო სასწავლებელს გულისხმობდნენ. ერთხელ მოგწერე კიდეც, ჩორგოლა სწავლობდა იმ სასწავლებელში.) თურმე იმ დროს, სასწავლებელში ბევრი თბილისური საქმე ირჩეოდა... მიგრეხილ-მოგრეხილ ვიწრო ჩიხებით, კიბე–კიბე, ღობე–ღობე, "მაგარ", ანუ ძველ ბიჭებს გადავუსწარით და ვიდრე ისინი ჭონქაძეზე ამოვიდოდნენ, ჩვენ, უკვე იქ დავხვდით, შესასვლელის მძიმე მოჩუქურთმებულ კართან, თეთრი მარმარილოს ბორდიურზე ჩამოსკუპებულები. კარის გაღება და შიგნით შესვლა, რა თქმა უნდა, ვერ გავბედეთ, მოკრძალების, რაღაც შინაგანი გრძნობა არ გვაძლებდა ამის უფლებას... ცოტა ხანში უბნელებიც გამოჩნდნენ. წინ რეზო სულაძე მოუძღოდათ. კუბოკრული პერანგი თითქმის ჭიპამდე ჰქონდა ჩახსნილი, ოდნავ დაგრეხილ ფეხებს ისე ადგამდა, თითქოს ეს-ესაა ცხენიდან ჩამოვიდა და გასწორება უჭირსო. ცალი ხელი ქამარში ჰქონდა ჩაყოფილი, ვითომ და იქ ბარაბნიანი იარაღი ეგულებოდა, მეორეს მოწყვეტილივით მოიქნევდა... დანარჩენები ოდნავ უკან მოსდევდნენ და ყველაფერში ბაძავდნენ მას. მოკლეთ, მაგრები ვართო, რა! აქ რომ დავხვდით, რეზოს არ გაჰკვირვებია და არც ის უთქვამს წადითო, პირიქით, მანიშნა, დარჩით, ოღონდ ჩუმათ იყავითო. მძიმე კარი შეაღო (იცი, სულ მიკვირდა, რა ლამაზი იყო ეს შენობა შიგნიდან.) და მარტო შევიდა. გვითხრა:” არ შემოხვიდეთ, დამიცადეთ, საქმეს გარეთ გავარჩევთ მერე. შიგნით არ შეშვენის, მაინც სტუმრები გვქვია და აქაურობას პატივი უნდა ვცეთ!” დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა. გარჩევა საღამოსთვის გადავდეთ, ჩორგოლას დაუბარებია, საღამოს მეც მოვალ და ყველაფერს გავარკვიოთო. ისე რაღაცეები გავიგე, სულ იმ ნაბიჭვარი სოსოია ოჩიგავას ბრალი ყოფილა. – რომელი, ბიჭო, აი ბევრს რომ ჭამს და მასზე რომ კაიფობენ : „სოსოია ოჩიგავა, რასაც შეჩამს პ****** ში გავა?! “ – აუ , მეც გამახსენდა. იცი მაგან ბესო სარჯველაძეს რა უქნა ? ბესო თბილისში რომ ჩამოსულა, ბინას ეძებდა. სოსოიასთვის უკითხავს, ხომ არ იცი ვინმე ბინას რომ აქირავებდესო? სოსოიას უთქვამს ვიციო, მისამართიც მიუცია. - "ტყორინის" ქუჩაზეა, დოლიძის ქუჩის მიდამოებშიო... დადიოდა ბესო ეძებდა ამ ტყორინის ქუჩას. ვისაც ეკითხებოდა, ეს ქუჩა ან არ იცოდა, ან სიცილით კვდებოდა... ერთ დრესაც ვიღაცა მოხუცი შეხვედრია, რომელსაც უკითხავც: “ეს მისამართი მეგრელმა მოგცა, ბაბუ?“ –როგორ მიხვდით ბატონო? –„ტყორინი“, ბაბუ, უკაცრავი პასუხია და მეგრულად - კუილია! წარმოგიდგენია, სამი დღე კუილის ქუჩა აძებნინა მაგ ახვარმა. ბესო სარჯველაძე, გურიის რომელიღაცა სოფლიდან ჩამოსული, მაღალი, ღონიერი, მიამიტი სოფლელი ბიჭი იყო. ყველა ჩხუბში მიჰყავდათ, შესაშინებლად... იდგა ბესო წინ კლდესავით ... ურტყამდნენ, ის კი , ვითომც არაფერიო, არც კი ინძრეოდა. ამისათვის მაგრა აფასებდნენ... ახალი ჩამოსული რომ ყოფილა ბესო, სასწავლებელში ყველასათვის განავლის მოტანა დაუვალებიათ ანალიზზე. მეორე დღეს ბესო ტორტის ყუთით მიდგომია მედპუნქტს... იქ ამ დროს ექიმი - ნელი სერგეევვა და მედდა რუსიკო ჩაის მიირთმევდნენ...ყოფილი “ნაფრონტალი” – боевые подруги, ( ომის დროს ფრონტზე მართლაც ერთად ყოფილან...) - დიდი მადლობა, გენაცვალე, რატომ წუხდებოდიო? - უთქვამთ ბესოსათვის. ბესოს დაუმორცხვებია... ცოტა ხანში ატეხილა ერთი ამბავ - ალიაქოთი ... სარჯველაძემ მაგ უნამუსომ, უზრდელმა შეურაცხყოფა მოგვაყენაო ... ბესო დირექტორთან წაუყვანიათ, უნდა გაერიცხათ. -რა ვქენი ასეთი, გამაგებინეთ რა დავაშავე? - წუხდა გაუგებრობაში მოხვედრილი ბესო. -ჩვენ გვეგონა ტორტი მოგვართვა, მაგას კი რა უქნიაო ... გაგონილა? - წიწინებდა ნელი სერგეევვნა... ახლა ღა მიმხვდარა ბესო, რატომ იყვნენ ეს ქალები ასე განრისხებულები: ” რა მექნა, ბატონო? არ ჩაეტია ეს ოხერი, ასნთის კოლოფში. რაშიც ჩაეტია, იმით წამოვიღე!” – მოთქვამდა შეშინებული ბესო... შეეცოდათ, აღარ გარიცხეს, მერე, ბესოს რომ ვხვდებპდი ქუჩაში, სულ ეს ამბავი მაგონდებოდა ,(ჩემ სახლთან ახლოს იქირავა ბინა)... თვითონ, ცხვირმოგრეხილ სოსოიას, ბინა თავის მეგობართან, ზაურ ვაზგანავასთან ერთად ჰქონდა ნაქირავები. ერთი ქალაქიდან იყვნენ, ერთადაც სწავლობდნენ... ზაურას ერთი თეთრი, იტალიური პლაშჩი ჰქონდა, რომელიც მაშინ მაგრა იყო მოდაში. მაგრამ, ეს პლაშჩი სულ სოსოიას ეცვა. ერთხელაც ზაურა გაბრაზდა და სოსოიას პლაშჩი აღარ ათხოვა: არ გიხდება, მაგ მოგრეხილ ცხვირზე , აღარ ჩაიცვა, აღარ გათხოვებო! ზაურა იუველირობდა, კარგი ხელი ჰქონდა. ღვთისო გოგოჭურთან ერთად, მელხიორისა და ვერცხლის ბეჭდებს აკეთებდა, სამხატვრო სალონში აბარებდა და ამით ცხოვრობდა. მეგობრებს, საქმე ასე ჰქონდათ აწყობილი: ჯერ ბეჭდებს გააკეთებდნენ, მერე დაჟანგვისა და გაპრიალების პროცესი იწყებოდა. ბეჭდებს იმიტომ ჟანგავდნენ, სიძველის იერი რომ მიეღო. დაჟანგვა ასე ხდებოდა: ბეჭდები, ჯერ მჟავაში იყრებოდა ცოტა ხნით, მერე ცეცხლის ალში ახურებდნენ, ბოლოს ქეჩაზე აპრიალებდნენ ... მაგრად უსაღდებოდათ. შეკვეთებიც ბევრი ჰქონდათ. სოსოიამ გულში ჩაიდო ზაურას ნათქვამი მოგრეხილი ცხვირის თაობაზე, ვერ აპატია . ამ ამბის შემდეგ, ზაურას და ღვთისოს ბევრი შეკვეთა დაუგროვდათ. ორი კვირა თავაუღებლად მუშაობდნენ. სმალტით გაწყობილი ბეჭდების დაჟანგვის დრო რომ დადგა, სოსოიას მიამიტად უთქვამს: „იცით, კადირასი და მოჰამედას ბეჭდები რატომ სჯობია თქვენსასო? (კადირა იზაბაკაროვი და მოჰამედა ჟაჩემუკოვა დაღესტნიდან იყვნენ. თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდნენ. მართლაც ძალიან კარგი ხელოსნები - დაღესტნური ტრადიციული ტექნოლოგიით – მოსევადებას რომ ეძახიან და ამ საიდუმლოს არავის უმხელდნენ, საუკეთესო სამკაულს აკეთებდნენ.) - საიდუმლო გავიგე მაგათი, - გულუბრყვილოდ აგრძელებდა სოსოია, ბეჭდებს მთელი ღამე მჟავაში ტოვებენ და ამიტომ გამოსდით ასეთი კარგი... მყიდველიც თქვენზე მეტი ჰყავთ მაგ ტილიანებს და ფულიც ოხრადო”. ამ ბრიყვებსაც დაუჯერებიათ და თავისი ბეჭდები, მთელი ღამით მჟავაში დაუტოვებიათ – დილით მარტო სმალტის ნატეხები დახვედრიათ მჟავიან ქილაში... ჯავრი კი იყარა სოსოიამ, მაგრამ ის, ერთხელ უკვე დაგრეხილი ცხვირი, ღვთისომ მეორე მხარეს გადაუგრიხა... ჰოდა, ამ ოინბაზ სოსოიას, ქურთი თენგიზასათვის, ჯერ რაღაცა “ტრუხა “ ბალახი მოუწევინებია - პლანია, ბიჭო! მერე “პურგენი”– ი, კუჭის ასაშლელი აბები მიუცია: „კალიკებია - მაგრა დაგაპრიხოდებს.“ ჰოოდა, ჩვენი თენგიზა აი ეგრე მოწამლულა. რეზო მაშინვე თენგიზასთან სახლში გაიქცა... მოკლედ თენგიზას კუჭი ამოურეცხეს, გადაარჩინეს, რა... თენგიზა მერე ჰყვებოდა: ” ბიჭო, ვერა და ვერ დავბოლდი, მერე ოთხი კალიკი გადავყლაპე, ვერც ამან დამაკაიფა, მერე ავდექი, ათივე გადავუშვი ხახაში!” - აბა, რა მოუვიდოდა? ან როგორ გადარჩა, რო? ბიჭები საღამოს ჩორგოლას უნდა შეხვედროდნენ. ნიაღვრის ქუჩის დასაწყისში, ერთი ყრუ ეზოა, იქ დათქვეს შეხვედრა... მეც ვცმუკავდი, იმის იმედი მქონდა, რეზოს ავეკიდებოდი ის კი როგორც ახლა, არ გამიბრაზდებოდა და ჩორგოლას ვნახავდი. ჩორგოლაზე უკვე მოგიყევი რაღაცეები, მაგრამ რადგან “თოიძე” ვახსენე, ბარემ იმ დროინდელ რაღაცეებსაც გავიხსენებ... თამაზა ჩორგოლაშვილის, მთელი თბილისი იცნობდა. ზოგი როგორც მხატვარს, ზოგი როგორც ოპერის მომღერალს, ზოგი როგორც ცნობილ "ხულიგანს", თავზეხელაღებულ ადამიანს -"ძველ" ბიჭს... მასზე ლეგენდები დადიოდა. ზოგი მართალი - რომელიც ფანტასტიკას უფრო გავდა, ვიდრე სინამდვილეს, ზოგიც გამოგონილი... ერთხელ, მგონი მაქვს მოყოლილი, თათრების მიტოვებულ სასაფლაოზე წამიყვანეს უბნელმა ბიჭებმა, მხატვრებს აუცილებლად ადამიანის თავის ქალა უნდა ჰქონდეთ დასახატადო. და იმ მიტოვებულ სასაფლაოზე , ჩორგოლამ ერთი ტომარა თავის ქალები ამოთხარა . ერთი მეც მაჩუქა... გახსოვს ალბათ ეს ისტორია? ნატაშამ სახლიდან რო გამომაგდო... მაშინ ჩორგოლა “თოიძეში” სწავლობდა... მის მასწავლებელს სჭირდებოდა თურმე ეს ქალა... ჩორგოლას ცხვირი ჰქონდა გატეხილი. კრივს აბრალებდნენ. ტყუილია, ცხვირი შეყვარებულის გამო გაიტეხა. მისი შეყვარებული, მასთან ერთად მაგ სასწავლებელში სწავლობდა. თამაზა ცდილობდა თავისი გამოხტომებით მისთვის თავი მოეწონებინა. ერთხელ ეს გოგო კიბეზე მდგარა. თამაზას უთქვამს: ერთი ნახტომით ამოვალ შენთან და მაკოცნინეო. თორმეტ საფეხურზე ამხტარა, მაგრამ ფეხი დაცდენია და ცხვირიც ასე გაუტეხია. იმასაც ამბობდნენ, ამ გოგოს სახელი ენაზე აქვს ამოსვირინგებული და კიდევ ძალიან ინტიმურ ადგილზეო. ეს სვირინგი მაშინ გაუკეთებია, გოგომ სიყვარულზე უარი რომ უთხრა. რას არ ჩაადენინებს სიყვარული კაცს... იმ დროს ჯარში წასვლა აუცილებელი იყო, ამას ვერც ჩორგოლა ასცდა... წაუყვანიათ თამაზა ჯარში! თამაზა და ჯარი? როგორ გაძლებდა? აბა იქ დაუტრიალებია ჩორგოლას ამბები, აი! დაიწყო იქედან, რომ თავი მოიგიჟიანა. ამას დიდი ოსტატობით აკეთებდა... ჯერ იყო და სამხედრო ფორმას ღილები ააჭრა და პერდაპირ სხეულზე მიიკერა... ექიმები ჭკუიდან გადაჰყავდა... ყოველ დღე სულ ახალ - ახალ ოინებს იგონებდა. ერთხელ სკამისათვის ფეხი მოუტეხია, შევარდნილა ტუალეტში, სადაც თავის საქმეზე ჩაცუცქულ ჯარისკაცებს დარევია. სათითაოდ, ყველასათვის თავში ეს ფეხი ჩაუბრახუნებია და ჯარისკაცების ერთი როტა , ტუალეტში ჩაუყრია... ხმას ვერ სცემდნენ, ყველას ეშინოდა... დანის სროლით ხომ ყველა გადარია, ჩორგოლას დანახვაზე ყველა გარბოდა... კომისია არ ათავისუფლებდა, არ ხარ გიჟიო ... სახლში უნდოდა თამაზას ძალიან , შეყვარებულიც ენატრებოდა ... ბოლოს მოიფიქრა - მოდი თავს ჩამოვიხრჩობო! ვისაც ერთხელ მაინც უნახავს თამაზ ჩორგოლაშვილი, მისი კისერი არ დაავიწყდება არასდროს! უძლიერესი, მცხვილი კისერი ჰქონდა! კისრით რამდენიმე წუთი შეეძლი ჩამოკიდული ყოფილიყო,ანუ როგორც ჩამომხვრჩვალი... კისერს დაძაბაბდა,ძარღვები და მყესები ებერებოდა და ასე იკავებდა თავს...მაგარი ნავარჯიშები იყო. ჰოდა ერთ, მშვენიერ დღეს, თამაზამ გადაწყვიტა თავი ჩამოეხრჩო თავისი მეთოდით ჯარის ტუალეტში... მანამდე კი ერთი სანდო ჯარისკაცი გააფრთხილა, თუ დროზე არ შემომისწრეს და ჩამომხსნეს,შენ ჩამომხსენი, მართლა არ დავიხრჩოვო... როგორც ჩაიფიქრა ისე მოიქცა, ჩამოიკიდა თავი და დროზე რომ არ შემოსულიყო ერთი კუჭაშლილი სალაგა, მართლა დაიხრჩობოდა...ტუალეტში კარგა ხანს არავინ შედიოდა, აფართხალა, აფართხალა თამაზამ ფეხები,უკვე ძალა ეცლებოდა, ის უბედური რომ შემოსულა... ისე, დანაც ედო ჩორგოლას ჯიბეში,მარგამ ვერ იღბდა ჯიბიდან, თურმე ძალიან ძნელი ყოფილა ხელების აწევა, კისრით რომ ჰკიდიხარ! შეუძლებელია! მაშინ კი ნამდვილად დაიჯერეს რომ გიჟია ჩორგოლა და გაათავისუფლეს ჯარიდან... ისე, იქნებ და მართლა გიჟი იყო? ჰა? აბა ჭკვიანს მოაფიქრდება ასეთი რამე? ჩორგოლამ დანის სროლა იცოდა ისეთი, ყველა კინოში ნანახი რომ მიმიქარავს. მხატვრები, ვინც ჩორგოლას იცნობდა, ამბობდნენ: აკადემიაში ყველა ფანჯრის ჩარჩო, ჩორგოლას დანის წვერით არის დაჩორკნილიო (ახლაცაა დარჩენილი). ბევრი სულელი მოიძებნებოდა აკადემიაში, ჩორგოლას სამიზნედ რომ უდგებოდა. ჩორგოლა კედელთან მიაყენებდა და ამ უშიშარს თუ სულელს, გასროლილ დანას ყურის ძირთან, კედელში ურჭობდა. ჩორგოლას ენდობოდნენ, უყვარდათ, თაყვანს სცემდნენ, ეშინოდათ. ერთხელ ასე მიუყენებია კედელთან, ერთი, ისიც ტრაგიკული ბედის ადამიანი (ხომ ვთქვი, ტრაგიკული ბედის ადამიანები იბადებიანო). - თემო, მეტსახელად "კარმელინო". ამ კარმელინოს ყელზე ბრმა ტყვიის გულა ეკიდა, რომელიც საფეთქელთან მოხვდა და მაშინ ამ ტყვიას ცოცხალი გადაურჩა. ეს მაშინ... ესროლა თამაზამ ამ სამიზნეს. კარმელინოს ნერვებმა უმტყუნა, თავი ოდნავ გვერძე გასწია და დანამ ყურის ბიბილოთი "მიასტეპლერა" კედელს ჩვენი თემო... იარაღსაც კარგად ხმარობდა. ფანტასტიურად ისროდა, ტყვიას ტყვიაში აჯენდა... "იატაკის" ლურსმნით იჭედებდა ენას მაგიდაზე, ჭიქებს ღეჭავდა, ნემსებს იყრიდა ლოყებში. ყველაფერს რასაც აკეთებდა, აკეთებდა უდიდესი არტისტიზმოთ, ნიჭიერად... სიმძიმეების აწევაში ბადალი არ ჰყავდა... წარმოუდგენელ წონას ერეოდა... ჩორგოლა ნიძლავზე, თვალახვეული, ჩელიუსკინელები ხიდის მიაჯირზე დადიოდა ფეხითაც და დიდ ნიძლავზე, ხელებით, ყირააჭიმული. თაყვანისმცემლების ამალა მუდამ თან ახლდა. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩორგოლა პატარა ბიჭი იყო, ღვთისგან ბოძებული უამრავი ნიჭით... საოცარი ხმა ჰქონდა. აკადემია რომ დაამთავრა, კონსერვატორიაში ჩააბარა. საკუთარ პანაშვიდზე... მღეროდა ჩორგოლა... პანაშვიდზე ჩვენც წავედით. მეშვიდე-მერვეკლასელი ლაწირაკები. რამდენიმე საათი ვიდექით რიგში. მთელი თბილისი ემშვიდობებოდა ჩორგოლას. ჩორგოლა კი თავისი ლამაზი, იტალიური სიმღერებით ემშვიდობებოდა თბილისს... ეს მერე იყო... არაფერი რომ არ მოხდა, ცოტა არ იყოს, ნირგატეხილი ვიყავი...სახლში წავედი. იქ გაბრაზებული ნატაშა ( სადილზე დავაგვიანე), ცისფერ ბალიშებზე წამოწოლილი “დაბოლილი” ქალი, გრაფ მონტე-კრისტო და მათთან ერთად, ათასი თავგადასავალი მელოდდა. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა.რასაც წიგნის გმირები განიცდიდნენ, მეც ამ განცდებით ვცხოვრობდი მაშინ... ლერმონტოვის ქუჩის დაღმართის ქვაფენილს მივუყვებოდი და ჩემს მიტოვებულ ქალზე ვფიქრობდი, კიდევ კალიანზე ვფიქრობდი, მაგრა მაინტერესებდა რა ჯანდაბა იყო... ამ ფიქრში, ერთ რამეს მივხვდი, რომ გრაფ მონტე-კრისტოს ტყვე, შახის ასული და ქურთ-თენგიზას ერთი მიდრეკილება ჰქონდათ, ანუ რაღაცას ეწეოდნენ და მერე ან გიჟებივით იცინოდნენ, აი როგორც აბანოებთან რომ ზის, სონია-გიჟი იცინის, ან არწყევენ (როგორც ახლა, ქურთი - თენგიზა),ან როგორც ვალერიკა ამბობდა, “კაიფში, პრიხოდში, დაბოლილები” არიან... ტფუუ... ეს სიტყვები რას ნიშნავდა არ ვიცოდი და არც არავის ვეკითხებოდი, ვიცოდი დამცინებდნენ... რას წარმოვიდგენდი მაშინ, ფეხათრევით რომ ვუახლოვდებოდი სახლს, ნატაშას ჩხუბის მოლოდინში, რომ კალიანი, აღმოსავლეთის, ეს საიდუმლოთი მოცული, ექზოტიკური ატრიბუტი, ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდებოდა. კალიანი, ჩილიმი, შიშა, ნარგილე, ჰოოკაჰი (მოდი მე ნარგილეს დავუძახებ!) - ამ ნივთის წარმოშობის საიდუმლო აქამდე არ არის ამოხსნილი. საიდან მოდის? ზოგი ამტკიცებს რომ მისი სამშობლო ამერიკაა, ძველი ინდიელები თამბაქოს ასეთ ხერხით წევდნენო... ზოგიც თვლის რომ ნარგილე, ბაბილონის მკვდრეთის სამეფოსი და ძილის ღმერთის ნარგილის სახელს ატარებს და მისი სამშობლო ბაბილონია. რა ვიცი აბა? ამერიკა , აზია, აფრიკა... ეცილებიან ერთმანეთს. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ნარგილეს მოწევა აღმოსავლეთში რიტუალებთან არის დაკავშირებული ... ნარგილეს მოწევის დაუწერელი კანონებიც კი არსებობს. აი მაგალითად, ნარგილე აუცილებლად იატაკზე ან მიწაზე უნდა იდგას... თუ ვინმეს დაპატიჟება გინდა არ უნდა გაუწოდო... აუცილებლად თვითონ უნდა აიღოს, ინდოეთში, მაგალითად, ნარგილეს მოწევაზე დაპატიჟება – ძალიან დიდი ნდობის გამოხატულებაა... მოწევაზე უარის თქმა კი , ღრმა შეურაცხყოფად ითვლება... რომელიც თაობებში გადადის... ნარგილე – გნუსხავს, გხიბლავცს, ქალივით გიზიდავს! წყალში გატარებული, გაციებული არომატული კვამლი, საოცარ გემოს გიტოვებს, მისი სურნელი კი გაბრუებს. ამ სიამოვნების გარეშე მუსლიმანის არსებობას აზრი არ ექნებოდა... ევროპაში კალიანი ფუფუნების საგნად ითვლებოდა. მე XIII-ე საუკუნეს ევროპაში ითარგმნება “1001-ღამე” და სხვა აღმოსავლური ნაწარმოებები... აღმოსავლეთი ყველას აინტერესებს! მაგრამ ჭეშმარიტი, კონტაქტი მასთან ნაპოლეონის ეგვიპტური ვოიაჟის შემდეგ ხდება... ბონაპარტის თანხლებმა პირებმა ბევრი ეგზოტიკური ნივთი, ფარაონის დროინდელი სასახლეების, ნანგრევების, პირამიდების, ეგვიპტური ტანსაცმლის უამრავი ჩანახატი ჩამოიტანეს ევროპაში... ევროპელების გაგებით, ნარგილე, როგორც არისტოკრატიული ფუფუნების საგანი ისე აღიქმებოდა და ამიტომაც ყველა სასახლის მორთულობის აუცილებელი ატრიბუტი ხდება... ის კი არა, იმ დროინდელი მხატვრების შთაგონების წყაროც ნარგილეა... ლამაზი ქალი და ნარგილე... ინტიმურ ინტერიერის ნარგილეს გარეშე მხატვრები აღარ ხატავდნენ... თვითონაც ეწეოდნენ... მარიხუანას, ანაშას, ოპიუმით გაჟღენთილ თამბაქოს... ნარგილი – ბაბილონის, მკვდრეთის სამეფოსი და ძილის ღმერთი დაეუფლა ევროპას... ეგვიპტეს ისლამიზაციამ კი სრულიად არმოფხვრა ფარაონების კანონები და წეს – ჩვეულებანი... მუსლიმანურმა რწმენამ კი, ცხოვრების რიტმი განსაზღვრა... ნარგილეს ეწევიან დილით, დღე, შუადღეს, საღამოს, ღამე... მუდამ... ყველა, ყველგან! აუფ, რა გავუბერე! არ გაგეცინოს ძმაო, მაგრამ მეც ახლა დიუმას ქალივით, ბალიშებზე ვარ წამოწოლილი, და რაღა დაგიმალო, მასავით ნარგილეს ვეწევი... თან გწერ. ფეხი მაგრა მაწუხებს, გაბზარული მქონია! ამის დედა ვატირე. ბროლის იყო, რომ იბზარებიდა? ჰა? ეს ფეხი მაშინაც მაგრა ვიტკინე, ალბათ ამიტომაც გამახსენდა ეს ყველაფერი და გწერ... საღამოს ნატაშას ისევ გავეპარე, და როგორც ვფიქრობდი ისე მოვიქეცი, უბნელებს ჩუმად ავეკიდე, შორი-ახლოს მივდევდი, სანამ რეზომ არ დამიძახა: ” შენა, ბიჭო, თავში წამორტყმა ხომ არ გინდა , რა გზააბნეული ლეკვივით მოგვდევ, რა გინდა, რატომ მოგვყვები ? ვინ დაგპატიჟა? გინდა შენ გადარეულმა ნატაშამ ისევ გამლანძღოს, ბავშვს რატომ მიფუჭებო? დავაი, ახლა აქედან დაახვიე! არ დაგინახო... მერე შევეცოდე, რა ვიცი... ” კარგი, დარჩი, მაგრამ იცოდე, თუ ბალამუტი აიწია, პლეტი ხო იცი? არავინ გაგასწროს!”... გული მომეცა, შარვალი ავიწიე, ხელები ჯიბეებში ღრმათ ჩავიყავი... და “კბილებშუა” ლაზათიანად გადავაპურჭყე! თავი მოვაწონე, რა... (იცი, მანამდე რამდენი ვივარჯიშე?)... რეზომ კეფაში წამომარტყა: ” არ იცი ბიჭო, რომ ეგ უზრდელობაა? არ შეგშვენის!” და დიდი ოსტატობით გვერდზე გადაფურთხა...
გიორგი, ძალიან დავიღალე... დანარჩენს მერე მოგიყვები, აბა კარგად!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მოგიკითხე, მამლუქო! მოგიკითხე, მამლუქო!
14. რა ხანია აქ აღარ ვყოფილვარ...
მომნატრებიხარ... რა ხანია აქ აღარ ვყოფილვარ...
მომნატრებიხარ...
13. შენს ნაწერებში, ჩემო მამლუქო, თუ ჩემო ხვიჩა... სხვა თემები მეც მხიბლავს. უბრალოდ ეს ძველბიჭური თემა ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. შემოდი ჩემთან და წაიკითხე სნეული- შენ გეძღვნება... შენს ნაწერებში, ჩემო მამლუქო, თუ ჩემო ხვიჩა... სხვა თემები მეც მხიბლავს. უბრალოდ ეს ძველბიჭური თემა ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. შემოდი ჩემთან და წაიკითხე სნეული- შენ გეძღვნება...
12. ჩემო ჭა, მე თუ რამე მხიბლავს ჩემს ნაწერებში - თემაა! წერაზე კი პრეტენზია სულაც არ მაქვს! ... :) ჩემო ჭა, მე თუ რამე მხიბლავს ჩემს ნაწერებში - თემაა! წერაზე კი პრეტენზია სულაც არ მაქვს! ... :)
11. კარგად წერ, ლამაზად, მაგრამ თემა მაინცდამაინც ვერ მხიბლავს, კიდევ გეტყვი: კარგად წერ. 5 კარგად წერ, ლამაზად, მაგრამ თემა მაინცდამაინც ვერ მხიბლავს, კიდევ გეტყვი: კარგად წერ. 5
10. დღევანდელი დღე შენი ჩანახატებით დავასრულე. ღიმილები გამყვება ახლა და უნახავი ძმის მონატრება...ამ ნაწერების გარეშე შენი გულის კაცი მართლა ვერ გაძლებდა უსამშობლოოდ_ახლა ვხვდები... :) დღევანდელი დღე შენი ჩანახატებით დავასრულე. ღიმილები გამყვება ახლა და უნახავი ძმის მონატრება...ამ ნაწერების გარეშე შენი გულის კაცი მართლა ვერ გაძლებდა უსამშობლოოდ_ახლა ვხვდები... :)
9. :) :) წაიკითხავ და იტყვი.. გაიხარეო.. გამორჩეული კაცი ხარ! ჰოდა, გაიხარე! :) :) წაიკითხავ და იტყვი.. გაიხარეო.. გამორჩეული კაცი ხარ! ჰოდა, გაიხარე!
8. მოგიკითხე და 10 ქულა დაგიტოვე ;) მოგიკითხე და 10 ქულა დაგიტოვე ;)
7. ეს ყველაფერი განა მომწონს? მიყვარს! მაგრამა... გიორგა, ბიჭოუ, ახალი არაფერი გაქვს მოსაყოლი? ;) >:D< ეს ყველაფერი განა მომწონს? მიყვარს! მაგრამა... გიორგა, ბიჭოუ, ახალი არაფერი გაქვს მოსაყოლი? ;) >:D<
6. შენი ნაწერების კითXვისას,ისეთი გრძნობა მეუფლება,თითქოს ჩემი თვალით მენახოს ეს ყველაფერი...:) შენი ნაწერების კითXვისას,ისეთი გრძნობა მეუფლება,თითქოს ჩემი თვალით მენახოს ეს ყველაფერი...:)
5. მაინტერესებს ეს ჩანახატები ასე მთავრდება თუ აქ ნაწყვეტებს დებ,თითქმის ყველა თითქოს სადღაც შუაში წყდება,თან საინტერესო ადგილზე,ფინალი?! მერე რა მოხდა?! მაინტერესებს ეს ჩანახატები ასე მთავრდება თუ აქ ნაწყვეტებს დებ,თითქმის ყველა თითქოს სადღაც შუაში წყდება,თან საინტერესო ადგილზე,ფინალი?! მერე რა მოხდა?!
4. გიო, ლელას კიდევ ეს უნდა? ნარგილე... ბალიშები... ძალიან მიყვარს შენი მოთხრობები... და შენც, მათთან ერთად! უფ, როდის ჩამოხვალ ერთი, რააა! 10
ხო, მართლა, მაკუნა 26-ში თბილისში იქნება! არ ვიცი, იცოდი თუ არა!
გიო, ლელას კიდევ ეს უნდა? ნარგილე... ბალიშები... ძალიან მიყვარს შენი მოთხრობები... და შენც, მათთან ერთად! უფ, როდის ჩამოხვალ ერთი, რააა! 10
ხო, მართლა, მაკუნა 26-ში თბილისში იქნება! არ ვიცი, იცოდი თუ არა!
3. ძალიან ვისიამოვნე გიორგი! უბანი მაინც უბანია, კარგად ყვები უბნელო! ეს ნარგილე ნამეტანი მადის აღმძვრელად რომ აღწერე რას გვერჩი ერთი?:))5 ძალიან ვისიამოვნე გიორგი! უბანი მაინც უბანია, კარგად ყვები უბნელო! ეს ნარგილე ნამეტანი მადის აღმძვრელად რომ აღწერე რას გვერჩი ერთი?:))5
2. მხიბლავს შენი ჩანახატები :) მოგიკითხავ თბილი ღიმილით :) მხიბლავს შენი ჩანახატები :) მოგიკითხავ თბილი ღიმილით :)
1. სევდიანი იუმორი დაგყვება სულ ამ ეგვიპტურ ცხოვრებაში...კარგითბილი ქართველი ხარ შენ
5 სევდიანი იუმორი დაგყვება სულ ამ ეგვიპტურ ცხოვრებაში...კარგითბილი ქართველი ხარ შენ
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|