ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: კასრი
ჟანრი: იუმორისტული
16 ივნისი, 2010


პოლიტიკური გაცნობის კლუბი

ერთ დღეს, როცა ისე, გასართობად ,,სიტყვა და საქმეში,, გაცნობის კლუბის განცხადებებს ვკითხულობდი, რატომღაც წარმოვიდგინე რა განცხადებებს გააკეთებდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, მათ რომ პოლიტიკური პროცესების ნაცვლად ,,გაცნობის კლუბში,, მონაწილეობა გადაეწყვიტათ.
წესისამებრ, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, მათი სახელები შესაბამისი ,,კლიჩკებით,, ანუ ,,ფსევდონიმებითაც,, ჩავანაცვლე.
აბა ნახეთ რა გამოვიდა:

# # #
ვარ სიმპატიური, სქელტუჩებიანი ბიჭი, ლოყაზე ხალით. მაქვს დიპლომატიური ნიჭი.
გავიცნობ ნებისმიერი სიმაღლის, სისქის, ინტელექტისა და გონებრივი განვითარების მანდილოსანს.
იმიტომ რომ მე მას მაინც შევცვლი. მთავარია, მან უალტერნატივო და ერთადერთ კანდიდატურად მაღიაროს.
გამომეხმაურეთ, მაგრამ არ იჩქაროთ,
დაგელოდებით 2012 წლამდე

,,ერთადერთი და განუმეორებელი,,

# # #
გაგიცნობთ დღესვე! შედეგი გვექნება უზარმაზარი.
შევხედავთ ერთმანეთს და დავრწმუნდებით ყველაფერში.
გამომეხმაურეთ

,,ციხისმნგრეველი,,

# # #
დაგპატიჟებთ ნამცხვარზე 10 თეთრად, ნაყინზე 5 თეთრად, ყავაზე უფასოდ...
გამომეხმაურეთ

,,ტრუბა,,

# # #
დრო მოვიდა! მე მზად ვარ თქვენს გასაცნობად!
ნუ ხმაურობთ

,,დროება,,

# # #
ცოდვა არ არის ჩემნაირ სიმპატიურ და წარმატებულ მამაკაცს არ გამოეხმაუროთ?
რომ მოხვალთ შეხვედრაზე ხელში ,,სიტყვა და საქმე,, არ გეჭიროთ, მარტო ,,საქმით,, მოდით.
მეც გპირდებით ,,საქმეს,,
თუ არ გამომეხმაურებით სულაც არ ვიდარდებ, ნეტა ყველა ჩემნაირად იყოს

,,პივა,,


# # #
ერთი გაბედეთ და არ გამომეხმაუროთ მიგამტვრევთ თითებს და მოგანატრებთ ,,მულენ რუჟს,,!
ვინც ჩემს განცხადებას არ წაიკითხავს იმას წავაკითხებ ნეკროლოგებს ძალიან მალე!
გამიგეთ?

,,დაღლილი,,

# # #
იყო დრო, მოსკოვში 37 მანეთად გადავფრინდებოდი და იქ რუსის გოგოებში ვგულაობდი. ერთი გოგო იყო, მაშა ერქვა, დღემდე მენატრება. ხოდა სულ არ მაინტერესებს გამომეხმაურები თუ არა...
მაშა მოვდივარ!

,,გარნირი,,

# # #
ვინც მე გამომეხმაურება ის არის ნაღდი, ჯიგარი და ალალი! დანარჩენი კი, ყველა, შეშინებული და ჩაჯმული!
გამომეხმაურეთ, თორემ გამოგეხმაურებით!

,,ოპერატორი,,


# # #
დიდი მადლობა ამდენი გამოხმაურებისთვის! ვიცი რომ ჯერ არ გამომხმაურებიხართ, მაგრამ გამომეხმაურებით აბა რას იზამთ, ყველას სია მაქვს ვინც მე უნდა გამომეხმაუროს
გამომეხმაურეთ ნებისმიერ ფსევდონიმზე. ყველა მე ვარ
პურისმცხობელი
ბენზინის გამყიდველი
შუშისმწმენდავი...
მოკლედ,

,,ბევრის გამკეთებელი,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები