ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2010


პაპას ურმული

ძღვნად გიომაკაველს

პაპი, სულეთში  წასულო,
მზის შუქში გადამდნაროვო,
ღვთისმშობლის მიწად ქცეულო,
ჩემო სისხლო და ძვალოვო,
ჩემი სიცოცხლის სათავევ,
სიბრძნე- კაცობის წყაროვო.
რამდენი ლეწა შენს თავზე
საწუთრომ,  სავალალომო,
სიკვდილისა და გოდების,
სისხლის და ცრემლის კალოვო?.
გულს ჩამრჩა შენი ურმული,
ციხესთან რომ დაგეწია,
ვინ იცის, ძველი ტკივილი
აქ მერამდენედ გეწვია,
და შენი  ნისლა ღიღინი
ქარს მინდვრად გაუწეწია:
აბა, რას გვეტყვი, ციხეო,
ნახმლევო და ნატყვიარო,
გულს დარჩენილი დარდები
იქნება გაგვიზიარო,
გაფანტო  შავი ღრუბელი
სულები გაგვიმზიანო,
ჟანგმოდებული მახვილი
აგვილეს-აგვიფხიანო!...
ამ ცოდვით სავსე სოფელში
ცოდვას ვერ დავემალეო
ხან აღმა ავყე ამავალს,
ხან დაღმა დავექანეო
სულ თან დამდევენ დარდები,
წყალს გაღმა ვერ გავლალეო!....
დედის და შვილის გამყრელო,
მზეო, ნუ დაიბინდები,
ანათე დიდხანს ანათე,
სანამდე არ მოგვწყინდები,
დღეს თუ გლოვისას გვინათებ
ხვალ ლხინად ამობრწყინდები!...
თუ ძმათ სისხლისად  წასულ დას
გზას არ უნათებ მთვარეო,
უფსკრულმა გშთანთქოს, დაბნელდი,
ჯანღ-ღრუბლით დაიფარეო!...
დაო, ციხის კარს ხმალდახმალ
სისხლის ამღებო ძმებისა,
თათრის ხმლით ნასხეპ-ნაკუწო,
მტირალო ქვეყნის ბედისა,
დედის კალთაზე დაკლულო,
სუნთქვავ  მამის და დედისა,
ნატრობდი, ეგეც აგიხდა,
არ ხარ მდურავი ბედისა,
ივრის ხეობის პირიმზევ
გულს ბაჩლის მიწა გეღირსა.
ერისთვის სანთლად დამწვარო,
ქალო ხელფარტენიანო,
მაგ დამიწებულ  ქალობას,
იები დასტირიანო,
ვის ლხინს მოაკლდი მქალთა მზევ,
კისკასო, პირშუქიანო?
აყვავდით, მის სულს უკმიეთ,
ლელას საფლავის იანო,
თქვენსავით ქალკუპრი იყო,
თქვენსავით სახემზიანი,
თუ სიტურფეში მას ჰგავხართ,
სახელშიც შევეზიაროთ!
..................................................
ამ ცოდვით სავსე სოფელში
ცოდვას ვერ დავემალეო
ხან აღმა ავყე ამავალს,
ხან დაღმა დავექანეო
სულ თან დამდევენ დარდები,
წყალს გაღმა ვერ გავლალეო!....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები