ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2010


****

****

  სამი წლის ვარ. მალე ჩანთა მექნება და სკოლაში ვივლი. აღარ მინდა ბაღი. ბავშვებთან თამაში კი მიყვარს , მაგრამ ძალით რომ მაძინებენ, ეგ არ მომწონს და ხშირად ვატყუებ მასწავლებელს. თვალებს ვხუჭავ და სანამ სხვა ბავშვები არ გაიღვიძებენ, გატრუნული ვწევარ.
  ბევრ რამეზე ვფიქრობ ამ დროს. უფრო ხშირად ვაკოზე. ის ჩემთან სწავლობს ბაღში, ჯინსის სასაცილოდ ფართხუნა შარვალი აცვია რომელსაც უამრავი ჯიბე აქვს და რომელიმე ჯიბეში ყოველთვის უდევს “ირისი”. ვაკომ იცის, რომ “ირისი” ჩემი საყვარელი კანფეტია. ორ ცალს ხსნის, ერთს მე მაძლევს და მეორეს თვითონ ჭამს. კანფეტი კბილებზე გვეკრობა, ვიმანჭებით და ბევრს ვხალისობთ ერთმანეთის დამანჭულ სახეებზე.
  დღეს ვაკომ მითხრა, მასწავლებელი მოვატყუოთ და არ დავიძინოთო.
  ყველა დაწვა. ჩვენ თვალები დავხუჭეთ და სუნთქვაც კი შევიკარით. მასწავლებელი შემოვიდა.
  -ეხლა თუ ვინმე იტყუება და არ სძინავს, თქვას თორემ, ხომ იცით, ტყუილის მთქმელს დედა მოუკვდება.-მე მახსენდება ჩემი ლამაზი დედიკო, ამ დილით კარაქი და პური რომ გამიმზადა, მაგრამ ტყუილში გამოჭერის მეშინია და ხმას არ ვიღებ. მასწავლებელი გადის.
  ყველამ გაიღვიძა. მეც ჩავიცვი და ბავშვებთან ვთამაშობ. ვაკო სასაცილო ფართხუნით მოდის ჩემთან და მეუბნება:
  -გაიგე რა თქვა მასწავლებელმა? დედა მოგიკვდებაო.
  მინდა ვიტირო…
 



  უკვე სახლში ვარ. დედიკომ მაბანავა და მეფერება. მრცხვენია მის თვალებში ჩახედვის.
  ვტიროდი სანამ ჩამეძინა, დილით კი თვალები დასიებული მქონდა. დედიკომ ჩაიში დაასველა ბამბა და თვალებზე მზრუნველად დამადო.…



  35 წლის ვარ. ვაკო ექიმია. მას აღარ აცვია სასაცილოდ ფართხუნა შარვალი, მაგრამ ყოველთვის აქვს ერთი ჯიბე, რომელშიც “ირისი” დევს ჩემთვის. ისევ ისე გვეწებება კბილებზე კანფეტი და სასაცილოდ ვიმანჭებით.
  მე ვაკოს ორი შვილი ვაჩუქე. ეხლა ოთხი სახე იჭყანება სასაცილოდ “ირისის” ღეჭვისას.
 



  ვზივარ საავადმყოფოს შიშისფერ კედლებში და ველოდები განაჩენს , რომელიც დედიკოს უნდა გამოუტანონ.
  გამოდის ვაკო. უიმედობა შეხორცებია სახეზე.
  -ეს სენი არ იკურნება, უნდა შევეგუოთ…



  კიდევ ერთი ღამე გავათენე ტირილში…
  გარშემო სიკვდილია. მხოლოდ აქა-იქ ყვავის ატმის ყვავილი სიცოცხლისფრად.
  მეშინია…



  მალე გათენდება, მე კი უკვე აღარავინ დამადებს დასიებულ თვალებზე ჩაიში დასველებულ ბამბას.
  სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები