ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ივნისი, 2010


წარწერა კარზე (აპათიას)




                                                                                                                                    "ჭეშმარიტება ოცნებაშია"
                                                                                                                                            ბექა აბუთიძე






  მკვდარ ქალაქში ადამიანებმა სიცოცხლე გადაიფიქრეს და სუნთქვა შეწყვიტეს. უჰაერობისგან გალურჯებული სახეებით უკანასკნელად ილოცეს :" მამო ჩვენო, რომელი იყავ ცათა შინა" და ერთმანეთს თვალებიდან ამოაცალეს ღმერთი. დამჭკნარი ხელებით ციდან მზე ჩამოხსნეს, სამხრეთის კედელთან დამარხეს და გვითხრეს, რომ აღარ ჰქონდა აზრი თვალების გახელას. მას შემდეგ დახუჭობანა აღარ გვითამაშია... მერე მოვიდნენ და ყველა დარაბა დაგვიხურეს. მოკლედ შეგვაჭრეს თმა, დაგვაჯერეს, რომ ასე უფრო გვიხდებოდა... ჩვენ თოჯინები გადავარჩინეთ, ქალაქის გარეთ, ნაგავსაყრელზე დავტოვეთ ისინი. მათ დაიჯერეს, რომ ჩვენ გავიზარდეთ და არ უტირიათ...
  მერიენი მაშინ ყველა ბავშვის მაგივრად ტიროდა. მე არ ვცდილობდი მის დამშვიდებას, უბრალოდ ცრემლებს ვწმენდი თვალებიდან და გაუთავებლად ვიმეორებდი: " უნდა გვჯეროდეს... უნდა გვჯეროდეს..."
------------------
  ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის...
------------------
  სახურავიდან ვუყურებ მკვდარ ქალაქს. ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო და როგორც ხვალ იქნება...
  მე მინდა რაღაც შეიცვალოს. ახლა თვალებს დავუჭავ და დროს ჩავმწყვდევ ჩემში... ჩურჩულით ვიტყვი, მაგრამ ის მაინც გაიგებს.
  -მერიენ, დაამტვრიე ერთადერთი გადარჩენილი ქვიშის საათი, ჩამოხსენი საქანელა ჩვენი ხიდან და წადი, იქ, სადაც არ დადიან მუდმივად ჯიბეში ხელჩაყოფილი, მზერით მიწას გაკრული ადამიანები, სადაც არ აქვთ მაკრატლები და ყველა გოგონას გრძელი თმა აქვს... გააღე მკვდარი ქალქის კარი და წადი, გადაგვაბიჯე... იცხოვრე ტბის პირას, პატარა სახლში, რომლის დარაბებიც არასოდეს დაიკეტება. შეაგროვე სიმშვიდე და თვალებში ჩაიტიე ღმერთი...
  -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... მერე, როცა ვერც მე ვეღარ გავუძლებ ხედს სახურავიდან, მოვალ და შენი სახლის კარს გარედან მივაწერ ფერადი ცარცით : " აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები