ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2010


მარმელადი შოკოლადში (ფანტასმაგორია)

          ... აუტანელი სიცხისგან თავი რომ დამეღწია ზღვისპირა ქალაქ  ბ....ში წავედი დასასვენებლად.
  აქ უდარდელ საზოგადოებას მოეყარა თავი , ჭრელა–ჭრულა ხალხის ყურებით დაღლილმა თვალებმა უცებ ის შეამჩნიეს.
სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ის მომხიბვლელი ასული მშვენიერების განსახიერება გახლდათ, ისე დადიოდა იფიქრებდით
მიწას ფეხს არ აკარებსო, თავდახრილი მარჯვნივ და მარცხნივ ღიმილს არიგებდა, თან ისეთი სიფრიფანა იყო, მიკვირდა როგორ სუნთქავდა.
  დიახ, ის მართლაც თითქმის არ სუნთქავდა...
  საოცარი იყო და მანაც გამომარჩია იმ საბედისწერო საღამოს.
უბედური! ნუთუ ვერ გრძნობდა რა მოხდებოდა?
  მერე ჩვენ ვერანდაზე ვიდექით და დიდხანს, დიდხანს ვსაუბრობდით, უფრო სწორად ის ლაპარაკობდა მე კი ვუსმენდი მხოლოდ ხანდახან ვახერხებდი აღტაცება გამომეხატა, ნერწყვი ხმაურით ჩამეყლაპა და მეთქვა:
–– ო დიახ!...  დიახ!...
  ის კი შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა...
  რაზე?...
    მართალი გითხრათ არ მახსოვს, მხოლოდ ვიცი რომ რაღაც ამაღლებულზე ,ლამაზზე, არაამქვეყნიურზე , თან ისე რომ ხანდახან წამოვიკმუვლებდი ხოლმე კუდზე ფეხდადგმული ძაღლივით რადგან ასეთი დახვეწილი,  ნარჩევი სიტყვები ჯერ აქამომდე არ გამეგონა, ხარბად ვნთქავდი მის ყოველ სიტყვას ,მუსიკასავით რომ ჩამესმოდა, თან ტალღების ხმაც რომ ერთვოდა ამ ყველაფერს?
    დრო..?  დრო თითქოს გაიყინა, მეჩვენებოდა რომ ის ანგელოზი იყო, მის თეთრ, ნახევრად გამჭვირვალე კაბას ზღვიდან მონაბერი ქარი არხევდა და ეს უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას...
    თითქოს  ტრანსში შევედი, ვერანდა წამიერად გაქრა, ჩვენს გარშემო ღრუბლებმა დაიწყეს ბრუნვა, ფეხქვეშ ვეღარაფერს ვგრძნობდი, მისი მშვენიერი სახე ხან მშორდებოდა ხან მიახლოვდებოდა, მე უკვე თითქმის ვიწამე  ის...
    თანდათან  ერთი აზრი იკვეთებოდა,  ის უცილობლად ანგელოზი იყო! ახლა ჩვენ ღრუბლებში მივცურავდით, ღამე მათრობდა, მაბნევდა, მთვარე თითქოს ზეფირისა იყო შოკოლადის ცაზე, ის კი თეთრი შოკოლადის ქალი რომელსაც მარმელადის საოცარი შიგთავსი მოუჩანდა გამჭვირვალე კაბიდან...
  ძალიან მომინდა შევხებოდი, ეს აზრი  აუტანელ ლტოლვად მექცა, მზად ვიყავი ხელი მეტაცა, მერე შემომეძრო ის თეთრი შოკოლადი და მსწრაფლ დავწაფებოდი ამ ღვთაებრივ მარმელადის ტანს!
  მაგრამ... ო ღმერთო!!!  საშინელი რამ მოხდა, მე ახლოს მივედი, ის გარინდულიყო, თვალები მიელულა და მე მისი არომატი შევიგრძენი,
  ღმერთო, რა იყო ეს?
  თითქოს დავთვერი, თითქოს ორი ჭიქა მაგარი სასმელი გადამეკრას უზმოზე, უცებ აბსოლუტურად დავკარგე ორიენტაცია წავბარბაცდი და უნებლიედ ოდნავ ვუბიძგე ამ მომხიბვლელ თვალდახუჭულ ჰაეროვან არსებას!
  რატომღაც მეგონა ის ზევით ზეცაში აიჭრებოდა და იქიდან კეკლუცად დამიქნევდა თავის პატარა მშვენიერ თეთრ ხელს, მერე...
  მერე მე მუხლებზე დავეცემოდი, დავიჯერებდი რომ ასეთი სანახაობის ღირსი გამხადა ღმერთმა!
  მაგრამ... ო  ვაგლახ!  ასე არ მოხდა, ვერანდა ისევე უეცრად გაჩნდა როგორც გაუჩინარდა მე ახლა იქ მარტო ვიდექი და ყურში ისევ ჩამესმოდა განწირულის კივილი...


..........................................................................................................................................................................................................

                                                                                    აღიარებითი ჩვენება დაწერილია ჩემს მიერ, სწორია და ვადასტურებ:
                                                                                      სერგეი ნეველი  06. 08. 1988



  P.S.

    ....ციხიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად განადგურებული ქალაქ  ბ....ში გადავედი საცხოვრებლად.
დროდადრო სავსე მთვარის ჟამს იმ ვერანდაზე ისევ ეშვება ზეფირის მთვარე და იგივე მისტერია მეორდება...
  ისევ ისმის ტალღების ხმა,  ასეთ წუთებში ჩემი ცხოვრებისგან დაღლილი სული, რომელიც უკვე დიდი ხანია განუდგა გონებას,  ისევ წუხს...  მას უხმობს.
  ---  ანჟელა!...    ანჟელა!...
  მაგრამ პასუხი არაა .  დაცემული ანგელოზები არ  ბრუნდებიან.


                                                                    1. 07.  (2010). სერგეი  ნეველი.  (ეძღვნება ბათუმს, ყველაზე რომანტიულ ქალაქს)
                                                                                                                                  და ანჟელას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები