ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
1 ივლისი, 2010


ვირის გასაჭირი

  ვირს ტყეში შემოაღამდა,
-სახლამდე გზა მაქვს გრძელიო,
  ფიქრობს, - მოკეთე ბევრი მყავს,
  რომ გამიმართოს ხელიო.

  მელიის სოროს მიადგა,
-საქმეს იზამო მადლიანს,
  გამათევინე ღამეო,
  წავალო დილაადრიან.

  სიცილით მოკვდა მელია,
-რადა ხარ ჭკუათხელიო?
  სოროში რას შეეტევი,
  ვწუხვარ, მე ვერ გიშველიო.

  მელიის სიცილ-კისკისმა
  მწარე ნაღველით აავსო,
  ტურა შემოხვდა, შესჩივლა,
  თავშესაფარი არ მაქვსო.

  ტურამ მიუგო, - ძმობილო,
  მეც უსახლობას ვჩივიო,
  ღია ცის ქვეშ რომ ვათენებ
  ღამეს, ამიტომ ვკივიო.

  ტახთან მივიდა, შესთხოვა,
-ნუ გამხდი მგლების ლუკმადო!
  ტახმა მიუგო, - ღირსი ხარ,
  დაეხეტები უქმადო.

  ირემმაც ვერ შეიფარა,
-ნუკრი მყავს ძლიერ ავადო,
  თუ გადამდები სენი სჭირს,
  ვშიშობ, არ დაგაავადო.

  გზა გააგრძელა, დათვს შეხვდა,
-ჰოი, ვის ვხედავ ამასო,
  ამ შუაღამით სად იყავ?
-შევყევი მოცვის ჭამასო,

  შენ არასოდეს შეგყრივარ
  ვირო, ამ ტყეშო ღამეო,
  გაგჭირვებია რაღაცა
  გატყობ, მითხარი მალეო!

-აქ ვსეირნობდი, დათუჩავ,
  ღამე შემომეპარაო,
  ვინც მეგობარი მეგონა,
  არავინ შემიბრალაო.

-ჩემთან წამოდი ბუნაგში,
  ღამეს გაათევ მშვიდადო.
  ვირს გაუხარდა, მიუგო,
-მადლობელი ვარ დიდადო.

-სამადლობელი რა არის,
  ძმობილო? ასე ხდებაო, -
  გაჭირვებაში ჩავარდნილს
  მოკეთე ეხმარებაო.

-ზურგი მაქციეს , დათუჩავ,
  როცა დამჭირდა შველაო.
-მოკეთე ჭირში იცნობა,
  ლხინში კარგია ყველაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები