ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2010


ქალი, რომელიც...

ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
და უყვარს ახლა, მგონი, არავინ...
გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს,
და სულ უცხოსთან უყვარს სალამი.

ქალი, რომელიც იცნობს თავის თავს,
და სულ აჭარბებს ფიქრის მოლოდინს,
სიტყვით ჯიბეში ვისაც ჩაისვამს,
მას არ გაუმხელს სათქმელს ბოლომდე...

ქალი, რომელიც ასაღამოებს
დილას, გატანილს უკვე არეზე,
ფეხზე ჰკიდია ხიბლი გლამურის,
რადგან თავის თავს არსად არ ეძებს...

ქალი, რომელსაც უყვარს თამაში,
მაგრამ განწყობებს არ სვამს ზეროზე.
ისე გაგიყრის მაცდურ თვალს თვალში,
რომ დაიჯერებ, რაც არ გჯეროდა...

ქალი, რომელიც ეძებს უცაბედს,
და სულ ”დროულად” ხვდება შემთხვევას,
საათობითაც თუ დაუცადე,
შენთან არ მოვა დროზე ერთხელაც.

ქალი, რომელიც მოჰგავს დანაღმულ
მინდორს, მოჩითულს მუდამ გვირილით,
წლებს გაატანა ყველა სანაღვლო
და ტუჩზე საცხად დარჩა ღიმილი... 

ქალი, რომელმაც შეკრა განცდები
გონების ფირზე ერთ დიდ ”სტოპკადრად”,
გადატანილი განსაცდელივით
ხსოვნას ხელკავით ჩემსკენ  მოჰყავდა...

              02.07.10


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები