ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივლისი, 2010


პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულებს

ამ და სხვა საიტებზეც არაერთი ლექსი იდება , მაგრამ  ათასში ერთი ძლივს გამოდგება ისეთი, რომელზეც სამართლიანად  ვერ იფიქრებდი: რაზე მომცდარა დამწერიო.ზოგჯერ  ვკითხულობ და ვნანობ, – რაზე დავკარგე დრო და  გავიუგემურე  განწყობა. , , იქნება ათასში ერთ კარგ  რამეს შევხვდე და თუ ეს იშვიათი, ძლიერ იშვიათი ბედი მეწვევა, სიხარულით წავავლებ ხოლმე ხელს აუარებელ ლექსში ნაპოვნს.
    ზოგჯერ  “ღვთაებურის ცეცხლით” გამთბარ ერთ სტრიქონსაც ვერ ნახავთ,  საკვირველი ეს არის,  ავტორი რატომ  ცდება, კარგავს დროს, მაშინ როდესაც არავისაგან დავალებული არ არის? უსაქმურ  ადამიანს , რა თქმა უნდა,  ეს არ დაეძრახება. ნათქვამია, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო,  და მისი არც არც დრო დაგენანება, არც ჯაფა, იმიტომ რომ არც ერთია მისთვის გამოსაყენებელი და არც მეორე,  მაგრამ ამაზე ცდებიან ისინიც, რომელთაც  ჯერ სწავლის მძიმე მოვალეობა აკისრიათ  ,მაშასადამე, დროსა და ჯაფას მათთვის  საფასური აქვს.
  ,,ქართულად ლექსად მოწყობა სიტყვისა მეტად ადვილია. არა გვგონია, სხვა რომელიმე ენა წარმოადგენდეს ამისთანა სიადვილეს. ხოლო ლექსი იმით არა ლექსობს, რომ სიტყვის ბოლოები ერთმანეთისათვის შეუწყვიათ. ლექსი პოეზიის შვილია. რა არის პოეზია, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიც. პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზემოქმედება ვიცით. ვიცით, რომ იგი გვატკბობს და გვსიამოვნებს ჭირსა და ლხინშიაც. ვიცით, რომ იგი ხატებაა ჩვენი გრძნობების, გულის-თქმის, ფიქრების ნაღველისა და ლხინისა,  ხილულთა და არა ხილულთა''.... ვიცით, რომ მისგან მოხიბლულ კაცს “ავიწყდება საწუთროება”, მის მიერ გატაცებული “გულის-თქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს, ზენა არსთ სამყოფთ”, როგორც ამბობს  ნ. ბარათაშვილი. ყოველივე ეს კი  ვიცით, მაგრამ  პოეზია რა არის –  არავინ იცის, პოეზია უცნაური მადლია და პოეტი  - ამ მადლით მოსილი  ადამიანი.
მადლს კი  მოვლა უნდა, უნდა პატრონობა, ხელის შეწყობა, გაზრდა . იგი  მალე ჭკნება,  სურნელებას კარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგას და სიბრძნის ხელი დღე-მუდამ არ უვლის.
    თუ ღმერთს პოეტობის ნიჭი მოუმადლებია თქვენთვის,  ნუ ჩქარობთ  გამოჩენასა. ნუ გეშინიათ,არ მიგემალებათ არსად. თავის დროზე  გამოხეთქავს, ჯერ ისწავლეთ, ჯერ თქვენ შეიძინეთ, რომ მერე სხვასაც შესძინოთ რამე. პოეზია ღვთაებრივი ძალაა, გულის სიღრმიდამ გრძნობათა  ამომტანელი,  ცხოველმყოფელი მხატვარია და  უსხეულო აზრისათვის ფიქრისა და  გრძნობის ხორცშემსხმელი,  ერთის სიტყვით,  ადამიანის და მსოფლიო სულის მოძრაობის გამომსახველია.
ეს მსოფლიო სული –  უძირო ზღვაა, თვალ და  ფიქრ-მიუწდომელი და  მისთვის  ადამიანი  გემია, ნიჭი – აფრა და მეცნიერება – საჭე, გემის მმართველი ადამიანი ამ ზღვაზე სიარულს წარმატებით  მხოლოდ მაშინ შესძლებს , როცა სწავლითა და ცოდნით  განუვითარდება  “თვალნი ზე ზეცისა და ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად”, ხელები  -  ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა -  ყოველივე ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.
    ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ეს  ყველაფერი  უცნაურ ენაზე დაწერილი წიგნია .მეცნიერება მას ""თარგმნის''    არასახეობრივი  სიტყვით, პოეზია კი  სახეებით.  მეცნიერების ნათარგმნი ჯერ  გულში უნდა  მოგროვდეს, რომ მერე პოეტის მხატვრულმა  სიტყვამ აღბეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცი შეასხას ადამიანის  აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ  მოიხმობს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ თარგმნის ამ წიგნს. სადაც არ არის მეცნიერება, იქ  ამ წიგნისა მკითხველიც არ არის.
    “უკეთუ მთარგმნელი არ იყოს, მკითხველნი დუმენო”,  ამბობს ერთი ბრძენი..  ვიდრე საკმაო განათლებას არ შეიძენთ, ზოგჯერ  უმჯობესია, თავი შეიკავოთ ლექსის წერისგან.
  ამას გირჩევთ ყველას, ვისაც ხალისი ლექსის წერისა ადრეულად გაგღვიძებიათ. ვცდები ამაში თუ არ ვცდები, ჩემი რჩევა  გულწრფელია  მერწმუნეთ, ამ რჩევას იძლევა თქვენი გულითადი მეგობარი, თქვენი კეთილის მოსურნე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს