ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


ორი მიძღვნა

(მეორა მიძღვნა ილტოსპირელს)

ლაღის არწივის მგვანაო,
ყელს შაგხდომია შანაო,
წაწლისად ყოილ გიხდების,
მტრისთვის ნალესი დანაო.
გრძნობა მომდგარი ბაგეზე,
ვმალე და ვეღარ ვმალაო,
ილტოსპირს როცა იქნები,
შამეხმიანე ხანაო,
ვადიდოთ ჩვენი წყალ-ჭალა,
ჩვენი ბალღობის ლალაო,
იმ რჯულ-კანონით იცხოვრე,
რაც მამამ დაგიბარაო!
სადა ხარ ფშავლის გაზრდილო,
ფშაურ მადლს ვენაცვალები,
მენაც თავს მადგა ნიადაგ,
დედის ფოფინა თვალები.
დრო-ჟამით ფერგადასული,
ცრემლებით ნაელვარები.
ნაავდრალ ივრის ტოტივით
მეც მთიდან მოვექანები,
მეც  ილტოს წყალთან გავშალე
ჩემი ცხვარ-ძროხის  ფარები,
იქ სადაც  ფართედ გახსნილა
დიდი პანკისის კარები.
გულს დამრჩა სევდა-ანდერძად
მთის ხატის დანაბარები:
”არ დაივიწყო სამსხვერპლო,
მამა-პაპათა ძვალები,
თორემ მოვლენ და წაგლეკვენ,
წავალ-მოვალა ქარები.”
ახმეტის მიწის სიწმინდე,
გულზე მალამოდ მეფონა,
აქ მკვდარიც კი გაცოცხლდება,
თავი სიზმარში მეგონა,
ახლაც ტანს მივლის ჟრუანტლად,
ამ კუთხის დიდი წარსული,
მის ყოველ გოჯზე დაინთხა
სისხლი რამდენი ქართული,
რომ ყოფილიყო მთა-ბარი,
უტეხი, წელგამართული.
მოველ და ვერ შეველეი,
დედის სურნელი ვიცანი,
მოვკვდი და გულზე მაყარეს
მისი ნაკურთხი მიწანი,
კვლავ დაბადება მომინდა,
გავტეხე კუბოს ფიცარი,
დღეს მთასთან ერთად ახმეტა
გულში მყავს დასაფიცარი.
მოდი, სადა ხარ, გეძახი,
არავინ არ გამაგონა,
სადმე ცივ ფშასთან ჩამოვსხდეთ,
გალაღდი, რამ დაგაღონა,
ერთად დავმღეროთ, დავუკრათ
ჩონგურია თუ გარმონა,
იმ დიდ სიყვარულს ვუმღეროთ,
რამაც სამშობლოს გვამონა.
თორემ ხომ იცი, საწუთრო,
რა ტკბილ-მწარეთა მქნელია,
სადაც სიცოცხლით გვალაღებს
იქვე სამარის მთხრელია.
ეს სიბრძნე მამა-პაპური
არ ახალია , ძველია.


თქვენ რაინდებო, არაგვისანო....

(ნოდარ თეთრაშვილს, კახა ნამგალაურსა და ბესო თანდაშვილს)

ასეთ ბიჭებს შობს  მიწა ქართული,
მერე ამ მიწას თავს ეველებიან,
გულზე გვაყრიან სიცოცხლის სხივად
ვაჟკაცურ ღიმილს, წრფელს და ვნებიანს.
რა მადლი მოსავს ღვთისმშობლის მიწას,
ამ სილამაზით გვახარებს როცა?
ჩვენი წარსული და მომავალი
ამ ავაზების მხრებიდან მოჩანს.
თქვენ რაინდებო, არაგვისანო,
ჩაგსახლებიათ თვალებში ზეცა,
იმ სისხლიდან  ხართ დაბადებულნი,
მტერმა კრწანისთან კალოდ რომ ლეწა.
მიესალბუნეთ ერის ჭრილობებს,
მაგ ლამაზ მხრებით ექმენით სვეტად,
ნუ დაამადლით მაგ სუნთქვა -სურნელს,
უფალმა თქვენთვის რაც გაიმეტა!
წმინდა გიორგის ძუძუმტეებო,
წამებულ ძმათა ხატ -სახეებო,
აყვავებულო ტრფობის  რტოებო,
ერის სიცოცხლის ძელქვა-ხეებო!
თქვენს აზვირთებას ელის ქვეყანა,
აბჯარი ბნელში დაჟანგებულა,
მხარ-მკლავი გშვენით ამირანისა,
თვალს მოუხდება გზნება  მგლებურად!
მოდით დიდგორთან, გელით დიდება,
შემოკრბით დიდი მეფის კარავთან,
თქვენს შემართებას და თავდადებას
დედაუფლისა დაიფარავდა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები