ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2010


სამძიმარად გელა დაიაურს

რითი დავიწყო, რა გითხრა,
არ ვიცი, ვფიქრობ ვეღარა...
დამწვარა გული წუხილით,
გონება ჩამომეღალა...
გამაგრდი, ძმაო, გამაგრდი,
ესე ყოფილა ქვეყანა,
გაძლება უნდა საგლოვარს,
კაცს თუ მხრებს ჩამოეყარა!
ტკივილი გშანთავს, პოეტო,
მაგრამ ვით უთქვამთ ყველგანა:
სული არ კვდება, ის ცოცხლობს,
ცის კიდეს გადაექანა! -
დიდი მადლობა უწმინდესს,
ეს აზრ რომ დაამჭექარა!
ისმინე, მისი ისმინე,
არაფერს გავნებს ეგ, არა!
ღმერთმა ნათელში გიმყოფოს,
ვისთ სიკვდილმ გიდვა ბეგარა,
იმათ სულთ ცხონებისათვის,
ერთად ვილოცოთ ბევრგანა.
უტ იყო ხევსური კაცი,
შენც უტი იყავ, მდეგარა.
მიიღე ჩემ სამძიმარიც,
გულზე ხანჯლად რომ მეგალა.
შენთან ვარ ამ მძიმე ჟამსა
და არც სად წავალ შენგანა.
შენთან დგას შენი სამშობლოც,
ქართველთა ე კიდე-განა.
ცხოვრება უნდა გაგრძელდეს,
შენც უნდა მიჰყვე შენგვარა.
დრო მოვა, ღმერთ იქაც შეგვყრის,
თუკი აქ ერთხელ შეგვყარა!..



--------------

ილტოს ხეობაზე, ჩემს მშობლიურ სოფელ ჭართალაში, მომისწრო იმ შემზარავმა ამბავმა, რაც ხევსურეთში დატრიალდა ამასწინათ ავი ბედისწერისა გამო.
ელდამ დამკრა. თავ-ზარი დამესხა.
მთელი ის დღეები გაუნელებელი ტკივილი მედგა გულ-გონებაში.
ახლაც უზომოდ და უშეღავათოდ მტკივა.
ვიზიარებ დაიაურების, ქუმსიაშვილებისა და არაბულების მწუხარებას, რომელიც მთელი ხევსურეთის, მთის, საქართველოს საერთო სატირალ-საგლოვარია.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა უმანკო სულები, ულხინოს სამოთხის ბჭეებში და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა შინა მართალთა შორის!
ღმერთმა ძალი და შეძლება მისცეს ცოცხლად გადარჩენილებს, არ დაუკარგოს ცხოვრების ხალისი და სიცოცხლის სიყვარული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები