ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2010


მირაჟი (პოეზია)

დღეს დაგინახე...
ჩემმა თვალებმა და ფანტაზიამ ირგვლივ მრავალჯერ შემოგიარეს.
შემდეგ აუყვნენ შენს ნატიფ ფეხებს, გრძელი კაბა რომ ჰფარავდა ვითომ და შეხსნილიდან ვით მზის ღიმილი,ანდა ვით თეთრი ღრუბლის ნაგლეჯი რომ აშუქებდა.
_მე გიყურებდი,რომ მიდიოდი შენ ქარში მარტო და თან გაწვიმდა გაშლილ თმებზე და ცაში ქუხდა,
_ხოლო შენს ირგვლივ არ იყო არვინ და ამიტომაც შენს დასველებას არავინ სწუხდა...
მე კი მოგდევდი როგორც აჩრდილი და ვუყურებდი ქარი და წვიმა შენს სხეულს როგორ ეფერებოდა.
წვიმის წვეთები წამწამებიდან ღაწვების გავლით ნაკადულებად ეშვებოდა და შენი მთრთოლვარე მკერდისკენ რბოდა
და არ გააჩნდა შენს ძუძუებს სხვა სამოსი მაგ კაბის გარდა
და სველ კაბაში გამოწყობილი მარად დათოვლილ ორ ულამაზეს მწვერვალსა ჰგავდა.
  ქარმა ღრუბლები მისწი-მოსწია...
                                                      მაგ თვალებივით მუქლურჯმა ზეცამ მაღლიდან თვალი მოგავლო მშვიდად.
აგერ დაისიც მოახლოვდა ნაწვიმარ ცაზე და ჩამავალმა მზემ ცისარტყელა მოზიდა მშვილდად.
კიდევ ერთი დღეც მიიწურა და კალენდარსაც ჩამოეხია ფურცელი ერთი,
მე კი კვლავ გიმზერ და შენს წინ ვდგავარ როგორც წარმართი,ხოლო შენა ხარ საოცარი,უცნობი ღმერთი.
უკვე დაღამდა... შენ კი სველ გზაზე ფეხშიშველი მიდიხარ ჩუმად და არ გაშფოთებს ბნელი ღამის უძირო სევდა.
მთვარე მთებიდან ამოიზლაზნა,დინჯად მოავლო დიდრონი თვალი ვით ციკლოპმა ამ არემარეს და მისი სხივი,ვით მოახლე შენს აჩრდილს სდევდა.
მოგიახლოვდი...დავეკონე სისხლისფერ ბაგეს და მე ვიგრძენი მთელი სხეულით მაგ გულის ძგერა.
და გეხვეოდი,როგორც პითონი თავის საყვარელ ხეს რომ ეხვევა,თანაც ვხედავდი ვნებიან მზერას.
მე ჩავაცქერდი შენს თვალებს წამით,ვხედავ თუ როგორ ჩადგა მასში წმინდა ცრემლები,როგორც კურთხეულ სასმისში დგება ანკარა ღვინო,
და დავეწაფე მე ამ სასმისს,როგორც მწყურვალმა უდაბნოში წყარო ანკარა იხილოს სადმე და დაეწაფოს დაშრობამდე,ვერ მოითმინოს.
ვხედავ თვალების უფსკრულებში როგორ აინთო მარადი მზეების უქრობი ცეცხლი,
მხრებზე გეფინა ზღვის ტალღები,ზედ გეფრქვეოდა ვარსკვლავთა ოქრო და მთვარის ვერცხლი.
მესმის თუ როგორ დაიარება ძარღვებში სისხლი უცხო ხმაურით და საუბრობენ მზეები სადღაც შენი თვალების სამყაროებში და სპირალურად დახვეული გალაქტიკები ერწყმიან ერთურთს,ვარსკვლავები კი ეჯახება ერთმანეთს მძლავრად და მაგ თვალების უსასრულო ოკეანეში მოჩანს სრულქმნილი სამყაროს სევდა...
ვარსკვლავთა ვარდნა უსასრულობის უფსკრულებს ხევდა...
გავდექი განზე და ვუყურებ როგორ კრთება სველი კაბიდან შენი სხეული,
დაგნათის მთვარე თითქმის შიშველს,თუ უფრო შიშველს და სიმშვიდეა მთლად უჩვეულო.
სუნთქვა შეეკრათ ხეთა ფოთლებს,მიწას და ბალახს,ისინი აღარ ითვლიან წამებს,
მე რამდენიმე საუკუნით დავიჩოქები შენს წინაშე და ეს დაჩოქვა არ გამაწამებს.
და დრო შეჩერდა...დედამიწაც შეჩერდა იმ დროს და პლანეტებიც სწყვეტენ ტრიალს ჯადოსნურ ცაზე,
ჩვენ ჩამოვედით დედამიწიდან ამ ლამაზ ღამით და გადავსახლდით სიყვარულის სხვა პლანეტაზე.

მთვარე გაფითრდა,მისმა შუქმა შენს სილამაზეს რაღაც უცნობი,იდუმალი გადმოსდო ფითრი,
ღამე ხრავს ლაგამს,ვერ ვაკავებ ჩემი აღვირით და როგორც ფაფარაშლილი რაში სადღაც შორს მიჰქრის.
წამოუქროლა სიომ ფოთლებს და დაგაყარა ალმასებად ზედ შერჩენილი წვიმის წვეთები,
მე კვლავ მოვედი,განშორებისას მოგხვიე ხელი,ჩემი თითებით შენს სხეულზე უგზოუკვლოდ დავეხეტები,
ხოლო ტუჩები ერწყმიან ტუჩებს... ღამემ კი ცაზე დაგვიტოვა მოდარაჯედ ერთი ვარსკვლავი,დანარჩენი კი მოკრიფა სრულად,
ვგრძნობ რომ ოდესღაც ვიყავით ერთნი,ხოლო ვიღაცამ გაგვყო ორ სულად.
და ვით დღე-ღამე მარადჟამს რომ ელტვიან ერთურთს,ხვდებიან წამით ერთმანეთს და კვლავ გაურბიან,ჩვენც ასე ვხვდებით ერთმანეთს მუდამ,
ხოლო ღამეს კი ჩვენი ტრფობის უტყვ მოწმე ღამეს ვთხოვ არ წავიდეს,მაგრამ დროსთან შებმა არ უნდა.
და მიდის,გვტოვებს მწუხარეებს დილის ამარა და თანაც მიაქვს იდუმალი ღამის სამოსი შენ რომ გემოსა,მოსართავად კი მთვარემ ვერცხლი არ დაიშურა..
ღმერთს ვევედრები რომ ერთმანეს არ დაგვაშოროს,თუნდაც გვაქციოს ერთი წყაროს ორ შენაკადად,ანდა ღრუბლებად,რომლებიც მუდამ ერთმანეთისკენ მიისწრაფიან,რათა წარმოქმნან შეერთებით კაშკაშა ელვა,
ანდა მაქციოს მე ნაპირად,შენ კი ზღვის ტალღად,რომ მიხაროდეს ძლიერი ქარი და შენი ღელვა...
                                                                                                                                    დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები