ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2010


მათხოვარი (ნამდვილი ამბავი)

  ერთხელ კურსელები ეკლესიაში წავედით. ტაძრის ეზოში საფლავები იყო და საფლავებს შორის ერთი გამხდარი,მოხუცი მათხოვარი დადიოდა.ჩამოძონძილი ტანისამოსიდანაც ჩანდა, რომ ერთ დროს ის მაღალი, სასიამოვნო ნაკვთებს მქონე, წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო.
  ეკლესიაში შევედით და რატომღაც უფალს ეს ბერიკაცი შევავედრე ერთადერთი სანთლით. როცა გამოვედით, ხის ძირში დავსხედით და ვსაუბრობდით. ამ დროს სწორედ ის მათხოვარი მოგვიახლოვდა. მეგონა, ფულს გვთხოვდა და ჯიბიდან ხურდები ამოვიღე.გზის ფული ცალკე ჩავიდე, დანარჩენი კი მოხუცისთვის მისაცემად გავამზადე. ის მოგვიახლოვდა მე და ჩემს დაქალს და მუჭში ჩაბღუჯული ხილის ორი საწუწნი კანფეტიდან, ერთ-ერთი მას მისცა, მეორე კი-მე. ეს იმდენად მოულოდნლი იყო, მისთვის გამზადებული ხურდის მიცემაც დამავიწყდა და მადლობის თქმაც.
  წამოვედით...
  დიდ ხანს ვფიქრობდი ადამიანზე, რომელიც, რთული ცხოვრების მიუხედავად,ახერხებდა სითბოთი აევსო სხვები და სიკეთის მაგალითი ენახებინა იოლადმცხოვრებთათვის (ასეთი მე ვიყავი მაშინ).
 
                                                                ****************************************

  დეკემბერმა პირველი თოვლით გაგვახარა.
  დილით ძალიან ადრე წავედი უნივერსიტეტში. დადიანების სასახლის ეზოში თოვლი ქალწულივით წმინდა იყო.  მე თან მენანებოდა ამ სითეთრეზე ნაკვალევის დატოვება, თან მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი, ვინც მას ეხებოდა.
  ხეები, ბუჩქები, სასახლის კიბეები, სკამები, თითქოს, გაეთანაბრებინა თოვლს და ნიშნად ამისა, თითოეული სადედოფლო კაბით შეემოსა. ეს იყო ბუნების ქორწილი და მე მიხაროდა, რომ ერთადერთი მაყარი ვიყავი.
  ეკლესიას მივუახლოვდი და საერთო სითეთრეში ძლივს გავარჩიე უფლის სახლის კარებთან სკამზე მჯდარი ჩემი ნაცნობი მათხოვარი. მუქი ლურჯი, გახუნებული ქურთუკი და შავი ქუდი, ალაგ-ალაგ მისი სულივით სუფთა თოვლს დაეფარა.მის ახლოს ნაკვალევი არ ჩანდა და მივხვდი, ღამე აქ გაეთია.
  ძალიან მომინდა მის გვერდით ჩამოჯდომა და საუბარი, მაგრამ რატომღაც ფეხები არ დამემორჩილა და როგორც კი ხურდები ჩავუყარე სანახევროდ თოვლით გავსებულ პლასტმასის ჭიქაში, თითქოს ვალმოხდილმა გზა სწრაფად განვაგრძე...
  -ერთი წუთით, შვილო... ხელები გაყინული მაქვს და,იქნებ,ქურთუკის ღილები შემიკრა...-მომესმა აკანკალებული ხმა.
  მივედი. ღილები შევუკარი. ერთიანად კანკალებდა. ის ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. მომინდა, ჩავხუტებოდი.
  ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები