ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2010


სულის ზარდახშა

თმა გავშალე გზად...
(ჰო, ის თმა, შენ რომ მითხარი გაზარდეო...),
მინდოდა, მის სურნელს მოეღწია შენამდე
და იმ ტაძრის წინ ჩავიმუხლე,
ჩუმად რომ ვაშენეთ მე და შენ...
ერთმანეთისაგან ფარულად და მაინც ხილულად.
გულში გაჩენილ ბზარს
შენზე ფიქრები სჭირდებოდა მალამოდ,
რომელსაც წვეთ წვეთად ვაგროვებდი
და ვერ გიმხელდი,
მეშინოდა შენი დაკარგვის...
ვინ იცის...
რა უფრო იყო მძიმე:
უშენობა თუ გაცხადებული ფიქრი.
სულის უძირო ზარდახშაში იყრებოდა
უშენო ღამეები
და ვგრძნობდი, როგორ მივსებდი სიცარიელეს.
ახლა კი,
ისე ახლოს ხარ ჩემთან,
მეშინია თვალის გახელის,
სასწორის პინაზე ვდებ დამარილებულ დღეებს
და ვითვლი მოლოდინადქცეულ წამებს.
შემეხე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები