ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2010


წარმოდგენა იწყება (XVII ნაწილი)

XVII  ნაწილი


გამაგიჟა რეზიმ, მთელი ღამე ვურეკე არც სახლის ნომერი პასუხობდა, არც მობილური...
და მერე უფრო გამაგიჟა:  ცოლი მოვიყვანეო, - მეუბნება... თითქოს მაღაზიაში წავიდა პურის მოსატანად და მოვიტანეო...
კარგი გოგოა, მოგეწონებაო...
მე დედა ვარ?! შვილს ცოლი მოუყვანია  და იტალიაში ვიგებ...
ცრემლი მომდიოდა და ისე ვეუბნებოდი ( კიდე კარგი არ მიყურებდა) ... შვილო, მთავარია შენ მოგეწონოს და მას მოწონდე-მეთქი...
რა მეთქვა აბა?
თითქოს ყველაფერი ერთ წამში ჩაეტია, ხუმრობა-ხუმრობაში იტალიაში აღმოვჩნდი, თან ვის ოჯახში, პიზის კოშკის არქიტექტორი ვინც იყო, იმის შთამომავლების.
ამ გადახრილი პიზის კოშკიდან ისროდა გალილეო გალილეი მონეტებს და სხვადასხვა საგნებს - სკოლიდან მახსოვს.
ნახატი იყო სკოლის ფიზიკის წიგნში. მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ამ კოშკიდან მეც მომიწევდა გადმოხედვა, თან ჯიბეში შემორჩენილი ერთლარიანიც გადმოვაგდე - რაღა მე და რაღა გალილეი...
სულ ლანას ბრალია, ყველაფერი, მაგრამ ისიც გავაწამე წუწუნით...
მაგრამ რა მექნა? ვინმეს ხო უნდა მოვუყვე,  რომ გათენდება თუ არა, ბანკის ვალი გახსენდება და საათის ისარს უყურებ, რა მალე მიიწევს წინ, სესხი კი დასაფარია... არ დაფარავ და აღმასრულებლები და პატრული ქუჩაში გაგყრიან მეორე დღეს...
თვითონ ლანა ერთ უნივერსიტეტში არის სტაჟირებაზე... ხოდა მწერს, აქ ერთი ბებიაა და მომვლელი სჭირდებათ, თუ წამოხვალ ვიზას და გზის ფულს მე გაგიხერხებ, აქ იმუშავებ, შვიდასი ევრო თვეში კი ბევრი არ არის, მაგრამ მანდ შენ ორას ლარს კი სჯობსო...
იტალიელი ბებიისთვის კი არა, ჩემი ბებიისთვის ვერ მომივლია-მეთქი, მივწერე.
თვეში შვიდასი ევრო რომ მოეცა ბებიაშენს, ხო მოუვლიდიო...
ეჰ, მე ვინ მომცა ასეთი ბებიის ყოლის ბედი-მეთქი, დავიწუწუნე...
მერე გუნებაში ანგარიში დავიწყე, შვიდასი ევრო ლამის ათას ხუთას ლარზე ადის. ნელ-ნელა ბანკის ვალსაც დავფარავ, რეზის სწავლის ფულიც მექნება და იტალიასაც ვნახავ-მეთქი...  მერე რეზის ვესაუბრე. რა ვქნა, ლანა იტალიაში მეპატიჟება, თან ვიმუშავებ, ათას ხუთას ლარამდე ხელფასს მპირდება-მეთქი, ის არ მითქვია, ვიღაცის ბებიას უნდა მოვუარო-მეთქი. შევატყვე ეწყინა, მოექუფრა სახე... თუ შენ გინდა წადიო...
დედა, მარტო  როგორ დაგტოვო-მეთქი...
პატარა ხო არა ვარო...
პატარაა, აბა რა არის...
დედისთვის შვილი ყოველთვის პატარაა...
მერე ლანამ სამგზავრო ფული გადმომირიცხა...
24 იანვარს გავფრინდი  იტალიაში ავსტრიის რეისით...
თარიღი იმიტომ მახსოვს, რომ პირველად ვიფრინე, თნ მეშინია ფრენის.
მიწაზე რომ დადიხარ, შეიძლება უფრო საშიშია, მით უმეტეს ქალაქში სიარული, ან თავში დაგეცეს რამე, ან მანქანა დაგეჯახოს უცებ,  მაგრამ ცაში რომ აფრინდები, გრძნობ,  რომ უსუსური ხარ და მხოლოდ ღმერთის იმედად რჩები... 
თუმცა გამოთვლილია, რომ  ავიაკატასტროფები უფრო იშვიათად ხდება ვიდრე ავტოკატასტროფები, მაგრამ ხო ხდება...
ღმერთი კამათელს აგორებს, გადარჩები ან არ გადარჩები...
საერთოდ სულ ვფიქრობ,  რატო არ შეიძლება თვითმფრინავის ყველა მგზავრზე გათვალისწინებული იქნეს პარაშუტი – ყოველი შემთხვევისათვის.
თუ ვთქვათ და გემზე აქვთ საცურაო ჟილეტები, რატო არ შეიძლება თვითმფრინავში ჰქონდეთ პარაშუტები.
ან რატო არ შეიძლება თვითონ თვითმფრინავს გაუკეთონ დიდი პარაშუტი ხოდა თუ ჩამოვარდნაა და ნელა ჩამოვარდება...
რომელიმე ავიამშენებელ ქარხანას ხო არ გავუგზავნო ჩემი იდეები...
სადღაც წამიკითხავს როგორ გამოიგონეს ორმოტორიანი თვითმფრინავები. კონსტრუქტორს ცალთვალა კატა დაუნახავს გზაზე, რომელიც ცალი თვალით ეპარებოდა ჩიტებს ანუ ფუნქციონალობა დაკარგული არ ჰქონდა.
ხოდა უფიქრია, რატო არ შიძლება მეორე ძრავიც გავუკეთოთ თვითმფრინავსო. რადგან ერთმოტორიანი თვითმფრინავების ძრავები ხშირად გამოდიან მწყობრიდან და იმსხვრევიან, თუ მათ დამატებით, მეორე ძრავი ექნებოდათ, ერთის დაზიანებისას უხიფათოდ მოახერხებენ დაშვებას და ამით შემცირდება ავიაკატასტროფების რიცხვიო.
მართლაც დაუწყიათ ამის შემდეგ ორმოტორიანი თვითმფრინავების წარმოება.
სასაცილოა ამაზე  ვენის აეროპორტის მოსაცდელში ფიქრი. თან ვიღაც კაცის პირდაპირ მომიწია ჯდომა, რომელიც თვალს არ მაცილებდა...
თავიდან ვიფიქრე, ტანსაცმელზე ხომ არ მაქვს რამე-მეთქი...
ვერაფერი შევნიშნე.
ის კი მიყურებდა და მიყურებდა...
მოვაცილებ თვალს, სხვაგან ვიყურები, მაგრამ მაინც ვგრძნობ რომ მიყურებს...
ცოტათი ქართველს ჰგავდა, კინაღამ ვკითხე რას მიყურებ-მეთქი...
იქნებ და არ ყოფილიყო ქართველი, მაშინ ხო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
მერე, როცა ტრაპზე ავდიოდი, აღმოჩნდა რომ ეს კაციც ფლორენციაში მიფრინავდა. მას რამდენიმე რიგის წინ მოუწია  სავარძელზე ერთი-ორჯერ კიდევ გამომხედა, მე კი წინა სავარძელს ამოვეფარე, ისე რომ არ დავენახე...
მერე დამეძინა. ძილშიც მივფრინავდი, ოღონდ თვითმფრინავის გარეშე და სად მივფრინავდი არ მახსოვს, გაოცებული მიყურებდა მიწიდან ხალხი და მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი...
მერე გამეღვიძა, უფრო სწორად სტიუარდესამ გამაღვიძა, მალე ფლორენციაში დავფრინდებით და ღვედები შეიკარითო... მე ღვედები შევიკარი და ძილ-ბურანში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ხელები აპირებდნენ გამცლოდნენ და მიხაროდა, რომ ღვედებით ვიყავი შეკრული - მგონი ნევროზი დამეწყო...
თვითმფრინავიდან რომ ჩამოვდიოდი, ახლა უკვე მე ვეძებდი იმ კაცს, მაგრამ დამეკარგა. ფლორენციიდან პიზამდე მატარებლით ვიმგზავრე. ქართულ იტალიური სასაუბროთი ვკონტაქტობდი თუ რაიმეს გარკვევა მინდოდა. ასე აღმოვჩნდი ყოფილ რომის იმპერიის მთლად შუაგულში არა მაგრამ ფილტვში კი. პიზის `სტაციონი\" დიდ, გაუვალ ლაბირინთად მომეჩვენა, დედალოსმა რომ აუგო მეფე მინოსს კუნძულ კრეტაზე, თუმცა ეს ძველ საბერძნეთში ხდებოდა, მე კი  ახალ იტალიაში ვარ. ჩექმის ყელთან – რუკაზე რომ შეხედო იტალიას, მართლა ჩექმას ხო გავს. კიბეებმა და გასასვლელებმა ამიბნიეს თავგზა. ახლა კი შევეჩვიე და ისე მარტივია, მიკვირს მაშინ რომ დავიბენი.
საკვირველია, მაგრამ პიზაში ტაქსი იშვიათია,  სულ ავტობუსებია და კერძო მანქანები. აქ შეიძლება დღეები გავიდეს და ჯიპი ვერ დაინახო. ყველას მსუბუქი მანქანები ჰყავთ – ეკონომიური. თბილისში კი, მეზობელთან ჯიპით  დადიან.
ხო, საბუთებს რომ ვაკეთებდი იმ დღით ქვესტურაში - პოლიციის განყოფილებას ჰქვია ასე, შუქი გამოირთო და გვალოდინეს,  არ ჩაირთო კომპიუტერები, ხოდა ჩვენი ქვეყანა გამახსენდა.
შუქი ერთხელ სახლშიც გაითიშა და პარალიზებული იყო ყველაფერი. წყალიც შეწყდა, გაზიც ვერ ავანთე დენზეა ასანთები, სახლში კი `აჩენდინო\"  - ასანთი არ იყო.
ავტობუსის ბილეთები სადგურზე ან `ტაბაკერიაში\" - ანუ სიგარეტის ჯიხურებში იყიდება. აქ ისე არ არის  როგორც ჩვენთან –სიგარეტს ყველგან რომ ყიდიან.  თუმცა მე ეს ნაკლებად მაწუხებს, რადგან არ ვეწევი, ისე ძვირიაო. ერთი  კოლოფი ხუთი ევრო ღირს.  აბა გადაიყვანე ქართულ ლარებში. თერთმეტი ლარი მაინცაა ხო?! თერთმეტლარიანი შხამი – ვინ გაძალებს?! 
აქ ავტობუსის ბილეთს კილომეტრების მიხედვით სხვადასხვა ფასი აქვს. ყველაზე იაფი ერთი  ევროა.  ზღვაზე რომ მივდივართ, ის ბილეთი ორი ევრო და ათი ცენტეზია (ასე აქაურ ხურდა ფულს ჰქვია). თუ ბილეთს მძღოლთან, ავტობუსში იძენ,  უფრო მეტი ღირს. ბილეთი უნდა დააკომპენსირო, ისე ძალა არ აქვს და ჯარიმას მაინც გამოგიწერენ 45 ევროს (ჩემი მაქაური ნახევარი თვის ხელფასი). ქართველების უმრავლესობა უბილეთოდ მგზავრობს. მე ჯერ ერთი მეშინია ჯარიმის, მეორეც ჩვეულებას ვერ ვღალატობ, თბილისშიც არ მივლია უბილეთოდ – ალბათ თბილისშიც მეშინოდა ჯარიმის, ან იმის უფრო, ჩემმა რომელიმე მოწაფემ არ დამინახოს როგორ მაჯარიმებს კონტროლიორი-მეთქი. ავტობუსი გაჩერებაზე ყველგან არ აჩერებს, თუ მგზავრი ჩადის, ხელი უნდა დააჭიროს ღილაკს და მძღოლთან სიგნალი მიდის. გაჩერებას `ფერმატა~ ჰქვია.
დასვენების დღეები ჩვენნაირი მუშებისთვის ხუთშაბათის ნახევარი და მთლიანი კვირაა (ან შაბათი). ამ დღეს `კორსოზე~, პიზის მთავარ ქუჩაზე ვიკრიბებით. ეს ისეა როგორც რუსთაველი თბილისში, ოღონდ აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეები დადიან.  მერე  ან პიცას ვჭამთ, ან ყავას ვსვამთ.  ყავა არ ვიცი მაგრამ იტალიელები ხუმრობენ, პიცის დამსახურებაა, რომ დავიბადეთო... მე ზუსტად ვერ ვხვდები რატო,  რა კავშირშია პიცა და დაბადება, მაგრამ იმ ასაკში არ ვარ ყველაფერი ვიკითხო.
აქედან ამანათის - `პაკოს~ გამოგზავნა ერთი კილო სამი ევრო ღირს. მანდედან ჩამოსულშიც ჩვენ ვიხდით ფულს და ასე ვიღებთ ქართულ ჩურჩხელებს. ჩემმა დისშვილმა, თამუნიამ მომწერა, იტალიელ კაცებს ლამაზი ქალები უყვართ და მანდ ფრთხილად იყავიო. გიჟი ისა, ჯერ ეს ერთი რომ ლამაზი ქალები ყველგან უყვართ და მე რომელი ლამაზი ვარ, მეორეც კიდე თაზოს ერთი გახსენება მირჩევნია მთელ საკაცეთს. თან რაღა დროს ჩემი შეყვარებულობაა.
დაინგრა მეგონა ყველაფერი თაზო რომ წავიდა. მეგონა ერთი დღეც ვერ ვიცხოვრებდი უმისოდ...
ახლაც ვტირივარ... შენ იცი რა მტირალა ვარ და...  ის გამახსენდა, რეზი პატარა რომ იყო, ოთხი წლის და  მამამისს რომ დაემუქრა, რომ გავიზრდები, თოფს ვიყიდი და გესვრიო... როგორ უხაროდა თაზოს, მომესწრო შვილი, ახლა მივხდი რომ მართალი ყოფილა მამათა და შვილთა ბრძოლაო...
გინებას ვერ იტანდა, რეზი კი ბაღიდან რომ დაბრუნდებოდა ისეთ სიტყვებს ამბობდა, მე მცხვენოდა. ერთიც ტუჩზე ოდნავ მიარტყა ხელი, ნუ ამბობ ცუდ სიტყვებსო და ტირილი დაიწყო რეზიმ, მაშინ უთხრა რომ გავიზრდები თოფს ვიყიდი და გესვრიო. თაზომ რომ ამაზე სიცილი დაიწყო, მერე რეზიმ შენ ხარ, შენ ხარ... ცუდი სიტყვის თქმა ვერ გაბედა და კურდღელიო... რამდენი იცინა მაშინ თაზომ...  ეჰ... ის რო ცოცხალი მყავდეს, აქ რა მინდოდა?!
აქ ყველა სხვადასხვანაირად ვეგუებით, ოჯახები სხვადასხვანაირია. როგორც ადამიანები არიან განსხვავებულები, ისევეა ოჯახებიც. ერთმა ქალმა მითხრა, ტკივილისაგან 25 ლექსი დავწერეო, ვერ გაძლო შვიდი თვის მერე დაბრუნდა საქართველოში. ალბათ მე უფრო მეტი ამტანი ვარ, ან შევეჩევიე. კარგია ეს თუ ცუდი არ ვიცი, უფრო ცუდია, მაგრამ გინდა არ გინდა ფულის მონა ხდები ადამიანი. გჭირდება ეს საშინელი და ჭუჭყიანი საგანი თუ რა ჯანდაბაა, არც ვიცი რა დავარქვა...
როკფელერზე ვკითხულობდი რაღაცას ამას წინათ, მილირდელია უკვე თურმე და საკუთარ ბაღში სეირნობს მდივანთან ერთად. მიწაზე დავარდნილი ერცენტიანი დაუნახია, აუღია გაუწმენდია და ჯიბეში ჩაუდვია. მდივანს გაკვირვებით უკითხავს, მილიარდელი ბრძანდებით, ეს ერთი ცენტი რაღად გინდათო, რომ არ ამეღო ფულის პატივისცემას დავკარგავდიო. 
ყველა მილიარდელი ფულის მონაა ალბათ, იმიტომ არ ყავს საქართველოს მილიარდელები... აბა ამდენ გაჭირვებულს რომ ხედავ, როგორ უნდა იყო მილიარდელი...
აქ პატარა ეზო მაქვს. საქართველოდან წაღებული ჩემი ერთი მუჭი ქართული მიწის ნაწილი აქ მოვაბნიე, ამიტომ ასე მგონია ახლა ქართულ მიწაზე დავდივარ. ყვავილებმა და პეპლებთან ლაპარაკმა გამაძლებინა. ხვლიკებიც კი მიყვარდა ასე მეგონა, რადგან მათთან ვახერხებდი ქართულად ლაპარაკს,  მერე რა რომ ისინი არ მპასუხობდნენ და დამფრთხლები გარბოდნენ სოროებში, მე ხომ ვლაპარაკობდი ქართულად. ეხლა კუ და ზღარბი მყავს ეზოში. ისინი არ გარბიან, მაგრამ მათ უკვე იტალიურად ვესაუბრები. სალათის ფურცლებს ვაძლევ და \"მანჯი, მანჯი\" - თქო – ვეუბნები, ანუ ჭამე-მეთქი, რა ვქნა აბა ამათ ვერ ვასწავლე ქართული.
იტალიური ასე თუ ისე ვისწავლე, არ არის რთული ენა. კურსებზეც დავდიოდი. როცა თავისუფალი დრომ მაქვს ლანას ვხვდები, თუ ცხელა ზღვაზეც დავდივართ: ცურვა არც მე ვიცი არც მან და ნაპირთან ვჭყუმპალაობთ. თუ სიცივეა, მაშინ კორსოზე ვსეირნობთ, თან ვჭორაობთ. ის თავის ამბებს მიყვება, მე ჩემსას. ერთხელ მეუბნება, ჩემი უნივერსიტეტის რექტორს  ქართულის სწავლა უნდაო, შენ ხვლიკებს და ზღარბებს რომ ასწავლი არ გირჩევნია, იმას ასწავლოო.
მეგონა ხუმრობდა.  რად უნდა იტალიელს ქართული-მეთქი, ვკითხე: ესენი ხო საერთოდ სხვა ენას არ სწავლობენ.  მე რა ვიციო, მხრები აიჩეჩა.
და რატომ მაინც და მაინც მე-მეთქი, თუ ასეა შენ თვითონ ასწავლე-მეთქი. გოგო შენზე მკითხა თუ მასწავლისო, კაფეში ვუნახივართ ერთადო.  შენ ის მითხარი, თანახმა თუ ხარ, იცის რომ მასწავლებელი იყავი საქართველოში, კარგადაც გადაგიხდისო.
მერე ბებიას რა ვუყო, მაკარონს ვინ აჭმევს- მეთქი.  აღდგომას მაკარონი ჭამა ჩემმა ახალმა ბებიამ და ახალი წლის დილაც ასე მაკარონით დაიწყო.
ხო გაქვს თავისუფალი დრო და შენც მაშინ ასწავლეო.
ჯერ ვნახოთ ვინ არის-მეთქი. ცუდი ადამინია თუა, ვერ ვასწავლი, ისევ ხვლიკები და კუები მირჩევნია, მერე რა რომ ფულს არ მიხდიან-მეთქი...
ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, თანამშრომლებს და სტუდენტებს ძალიან უყვართ და აფასებენო.
ხუთშაბათს მივედი ლანას უნივერსიტეტში, პიაცა კავალერიაზეა, მოედანთან. მე თვითონ ტოსკანაზე ვარ, თითქმის იქვე და ფეხით 10 წუთში უნივერსიტეტთან ვიყავი. ის კაცო არ  დამხვდა, ვენაში რომ იჯდა ჩემს წინ და თვალს არ მაცილებდა?
თავიდან არ მესიამოვნა, მაგრამ არ ჩანს ცუდი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ლანას თქმის არ იყოს, ხვლიკებს და კუებს ხო სჯობს ან რა ვიცი, სჯობს კი, ან ადამიანს ქართულის სწავლა მინდაო, რომ გეტყვის იმას როგორ ვუთხრა უარი? 
ხოდა ვასწავლი ახლა.  მამამისი ფორე მოსულიშვილის თანამებრძოლი ყოფილა და  ფორე რომ არა, მე ცოცხალი არ ვიქნებოდიო, ადრეც სდომებია ქართულის სწავლა, ვერ ახერხებდა. ახლა კი  საქართველოში დაპატიჟეს თურმე და იმიტომ სწავლობს ქართულს...
ხო, ისე მოგიყევი ჩემი ამბები, სულ დამავიწყდა შენი  მოკითხვა, ახლა მახსენდება ძველი დრო, ინტერნეტი და მობილური რომ არ იყო, რა რუდუნებით ვწერდით წერილებს, როგორ ვიწყებდით, `უპირველს ყოვლისა ხელში ვიღებ ავტოკალამს და  გიძღვნი მონატრებულ სალამსო~, ახლა როგორი სასაცილოდ ჟღერს არა? ახლა ალბათ ასე უნდა დამეწყო, `უპირველს ყოვლისა ვრთავ კომპს~ და ა. შ. მოკითხვასთან დაკავშირებით კი ლანას  ნათქვამი  მახსენდება, რო კითხავ  როგორ ხარო, გიპასუხებს:  უი, აი რა გამახსენე, აქამდე არა მიშავდაო.
რამდენი დამიწერია, არ მეჩქარებოდა და ალბათ იმიტომ - ძინავს ბებიას. რაღაცა ვერ ვატყობ ამას პიზის კოშკის ამშენებლების მემკვიდრე ბებია რომ იყოს... ავკრიფე ტექსტი და ასე მგონია, შენთან ვსაუბრობდი ახლა. მიდი აუცილებლად რეზისთან, ხო იცი, რომ კვდებოდეს არ ეტყვის არავის არაფერს, ფული კი გადავურიცხე მაგრამ ფული ხომ არაა მარტო საქმე.
მალე მინდა ჩამოვიდე, საახალწლოდ ალბათ მანდ ვიქნები, ყველაზე უფრო რძლის გაცნობა მინდა. ნეტა როგორია, ასე მგონია ცუდი არ იქნება... ღმერთო მისმინე... !!! სამი ძახილის ნიშანს ვსვამ...
მალე მიპასუხე. მომენატრე საზიზღარო, შენთან ყავის დალევა მომენატრა... 


XVII  ნაწილი დასასრული

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები