 | ავტორი: მამლუქი ჟანრი: პროზა 28 სექტემბერი, 2010 |
ზაფხული კრიალოსანზე ბოლო დღეებს აცვამს, მხოლოდ რამდენიმე დღეღა დარჩაო - ამბობს ბაბო... აგვისტოს დილაა. სწორედ ისეთი, როგორიც აგვისტოს ბოლო დღებს შეეფერება: მსუყე, დინჯი სითბოთი გაჯერებული, გრილი სიოთი და ლურჯი უძირო ცით. სიო აფრებივით ბერავს "მარლის" ქათქათა ფარდებს. ახლად გამომცხვარი მაჭკატების სუნი ტრიალებს. აივნიდან კოვზის რიტმული ჩხაკუნი ისმის. ბაბო გოგლი-მოგლს მიკეთებს. -აღარ უნდა გაიღვიძო, შე ძილისგუდა?! დღეს კარტოფილი უნდა ამოვიღოთ. დღესვე უნდა მოვასწროთ ყველაფერი, დავაბინაოთ, თორე ხვალე მარიამობაა, საყდარში უნდა წავიდეთ, ხო იცი, მამალი მყავს შეთქმული შენ სახელზე... ადე, ადე! აგე, ივლიტა უკვე მოარხევს თეძოებსა, თავისი კალათაც წამოუღია - ბარაქიანი. იცის, ისე არ დავტოვებ, მერე კარტოფილს გავატან, რა ჰქნას საწყალმა, დიდი ოჯახი აქვს... აივანთან, კაკლის ძირში, ვედროები, ტაშტები, ჭილობის ტომრები აწყვია, პაპა ბარს პირს ულესავს... -ე რამდენი ტყლაპი გაგიკეთებია, სონა ძალო. არა ხუმრობ აი! - ეზოში, გადაბრუნებულ ტახტებზე დაწყობილ ვეებერთელა გობებზე, ხახლებზე და უბრალო, კარგად გარანდულ ფიცრებზე, ნაირ-ნაირი ჩირი ხმება: ვაშლისა, მსხლისა, დაჩურჩული ქლიავის... იქვე პანტა ხმება - ფაღარათის დროს უებარი წამალიაო; შვინდის კერკი - ზამთარში გასართობადო, თორე არაფერი ხეირი ყრია, მაგრამა გულს უხარია რომ გვაქვსო, ლალისფერი ასკილი და აბურდული კოწახური (გახმება და დავმარცვლავო)... ვარცლში ნედლი კაკალი შრება. სარეცხის თოკებზე და მავთულებზე კუწუბებიანი ტყლაპები ფენია: შავი - ღოღნოშოსი, წითელი და ყვითელი - ქლიავის. ერთი-ორი, ტყემლისაც დააკრა ბაბომ - "კაჭკაჭს დააჩხავლებს, ისეთი მჟავეა, მაგრამ ვიცი, ზამთარში ესეც მაგრა გატკბებაო" - საიდუმლოდ მითხრა ბაბომ. -წელსა, ისეთი ბარაქიანი ზაფხული იყო, იმდენი ქლიავი მოვიდა, ხო არ გავაფუჭებდი?! მართალია, ეგ მიწადასაყრელი - პაპასკენ იშვერს ხელს - სულ არყის "ბოჩკაში" მაყრევინებს, ი ყრალი ჟიპიტაური არ მოაკლდეს! დილა ისე როგორ გაუთენდება რო არ დალიოს, ის კი არა, მეც მაძალებს, ქაა, დალიე - ძუძუებში ჩაგიდგებაო, მეხი კი დავაყარე... იცინის ბაბო. -კარგი დედაკაცო, რა ლოთი მე მნახე, ჰაა? ძალას მაძლევს ეგ დალოცვილი. არა, გიორგი? მერე კიდენა, მყრალსა რათ ეძახი? აბა ის "ნალივკები" რა ჯანდაბად გინდა, რისთვინა წვალობ ამდენსა? კირით გათეთრებული კედლის გასწვრივ, ქილების ამალა მზეს ეფიცხება... ქილებში პიტნის, ტარხუნის, ალუბლის ნაყენი, მზის სითბოს იღვენთავს, მოყრილ შაქარში ურევს, შაქარი ვერ უძალიანდება და ნელა, უჩუმრად დნება. შაქარში ასვრემილ ვარდის ფურცლებსაც უცვლიათ ფერი, ბლანტ სითხეში ლივლივებენ და მურაბად გადაქცევას ელოდებიან... -აბა, შუადღე წამოვიდა, რაღას ვუცდით? მიდი გიორგი, ეს კოკა აიღე, მოერევი? ტოლჩაც არ დაგავიწყდეს - ბარი მხარზე გაიდო და შემოსწრებულ მეზობლებს წინ გაუძღვა. ბაბო, იქვე ეზოში, კაკლის ძირას დარჩა. დაპურებული, მწვანე ლობიო მოურჩევია, მაგიდაზე ხახვისა და მწვანილების ბულული დაუყენებია - ახლა ამ ლობიოს მივხედავ, შემოვადგამ და მეც ამოვალო. -კოკა კაკლის ჩრდილოში დადგი, ეგ შალიც მანდ გაშალე. რო დაიღლები, წამოგორდები, ტოლჩა კიდენა, ტოტზე დავკიდოთ... ტომრებიც აქ ეწყოს. ჩვენ ბაღში რამდენიმე ვაშლის ხეა, დაკრუნჩხულ –დაკოჟრილი, სიგანეში გასული ტოტებით, წნიკი ვაშლებითა და ბაბაჭომოდებული, დახრუკული ფოთლებით. ერთი მაღალი, უვარგისი, მახჩობელა მსხალი, ორი კომში, მორჩილი ტანის ქორფა ალუბლები და ქლიავის ტყე... აქვე პაპას სიამაყე - ძალიან, ძალიან ბებერი, სოფელში ყველაზე მაღალი, კაკალი დგას. ამ კაკლის გამო, ყოველი ჭექა-ქუხილის დროს, ბაბო გამწარებული იწერს პირჯვარს, გარეთ მუჭით მარილსა ჰყრის და უფალს ევედრება , იმ კაკალს მეხი არ დასცეო! ჰოოდა, ამ კაკლის ქვეშ ვბანაკდებით ... -მე და ევგენა კარტოფილს ამოვიღებთ, დანარჩენები აკრიფავთ, ბაღის თავში რომ ჭაა, იქედან დავიწყოთო! ბაღის თავში ძალიან ღრმა ჭაა. ამ ჭის ძალიან მეშინია. ამბობენ, შიგ რომ ჩახვიდე - დღე ვარსკვლავებს დაინახავო... აბა ვინ ჩამიშვებს? ან როგორ ჩავალ? თუ ახლოს მიმიყვანეს და ჩამახედეს, მაშინაც კი გული მისკდება. ამ ჭაში, დილაადრიან, პაპამ საზამთრო ჩაჰკიდა. სადილობამდე გაცივდება - სტუმრებს დავპატიჟებთო... ჭასთან ავედით და ვიდრე მიწას ბარს დაჰკრავდა, პაპამ წამოიძახა: "ქალებო, აბა ყველაზე მსუქანი ვინ არი აქა? მსხვილი კარტოფილი რომ ამოვიღოთ, მსუქანი ვინმე უნდა გავაგოროთო!- იცინის პაპა გემრიელად - აბა შევაჯიბროთ, სოფოა თუ ივლიტა?" ყველაზე სქელუა, რვა შვილის დედა, ძუძუებდაბუშტული და თეძოებდაბერილი, ივლიტა ძალო გამოდგა... (ჩემი რომ იყოს, მეც სულ მაკეთ მეყოლებოდა. იმიტო არი, ვანო სულ ზედ რომ აზის და არ ჩამოდისო. რა გასაკვირია, ჩვილი ხბოსავით რო ებლანდება ვანოსა ფეხები - თვალის ჩაკვრით ამბობს გრიშა ძია, ივლიტას დანახვაზე. ერთი ვერ გავიგე, ვანო საიდან არ ჩამოდიოდა. ერთხელ ვკითხე კიდეც გრიშა ძიას და არ მიპასუხა...). ვანო მომღიმარე, აწოწილი კაცი იყო, ჩუმი, უსიტყვო. ბაღში ლამაზ ყვავილებს ზრდიდა, ამ ყვავილებით მიცვალებულებისათვის გვირგვინებს ამზადებდა, ოქროს საღებავით წარწერასაც უკეთებდა შავ ლენტზე... -გავაგოროთ, გავაგოროთ!... ივლიტამ ვიწრო, ბეჭებზე გახუნებული კაბა ჩამოიქაჩა - არაფერი გამომიჩნდესო, მერე "სლოიკა ბულკებივით" ამოფუებული მუხლები მორცხვად შეატყუპა და პაპას ფეხთით გაუგორდა. ბაბალე ბაბო ჩაიცუცქა, ივლიტას თიმთიმა ფერდებზე ხელებს უბარტყუნებდა და თან - "ამ სიმსხო და ამ სიგრძეო!!!” - აყოლებდა , ივლიტა მუთაქასავით გორაობდა და კარტოფილის ღეროებს თელავდა, ხმელი ღეროები კაბაზე აეკრო და აყენებისას, კაცები ამ ღეროების ჩამობერტყვას ცდილობდნენ... ივლიტა მორიდებულად იღიმებოდა და ლაპლაპა, კუნაპეტივით თმას ისწორებდა (ბაბომ თქვა, ივლიტა თმას ნავთით იბანსო)... ბევრიც იცინეს. ახლა საქმეო!.. ჯერ ივლიტას გაქელილი კარტოფილის ამოღება დაიწყეს, აბა როგორი ამოვაო?! მიწა მშრალი და ფხვიერი გამოდგა - ამოყრილი თეთრი კარტოფილი კვერცხებივით ეყარა... აბა, ბარაქა , ბარაქა... ღმერთო, შენ გვიშველე... კურთხმელისა და მაყვლის, ძურწა და ჭინჭარმორეული ჯაგნარის ღობეს მეზობელი პავლიკა, მერძევე მანიას ქმარი მოადგა: Бог в помощь, что Сандро, уже копаешь картошку? Лопата есть, давай подмогну... - და ღობეს მსუბუქად გადმოახტა. პავლიკასი მერიდება - რამდენჯერმე მზესუმზირა მოვპარეთ, ტაფასავით თავები დავამტვრიეთ და უნამუსოდ, იქვე, მაგათივე ბაღში ვაკნატუნეთ. მანიამ, (რძე მოაქვს ჩვენთვის დილაობით), უთხრა ბაბოს, ვიცი შენი ბიჭი არ იქნებოდაო - "Он очень хороший, воспитаный мальчик." ამიტომ უფრო მრცხვენია ახლა. პავლიკა შარვლიდან ძურწებს იძრობს და დასუსხულ ხელებზე იბერავს... საქმე უფრო მხიარულად წავიდა. ქალები პავლიკას ეპრანჭებოდნენ – ვიცი, მისი ლურჯი თვალები მოსწონდათ. სიცილ-ხუმრობაში ბლომად კარტოფილი ამოიღეს... ჯერ ტაშტები ივსებოდა , მერე ვედროებით კაკალთან ჩაჰქონდათ და ტომრებში ყრიდნენ. ივსებოდა ტომრები ... ჩემი მუცელი კი ყურყუტს იწყებდა, მომშივდა... მაგრა დაცხა. -გიორგი, შენ გახარებას, ერთი ტოლჩა წყალი ამომირბენინე, აი გაეზარდე ბაბოსა, გაიხარე შენა! ისმოდა წარამარა. -წამო ქალებო, ჩრდილში ჩამოვჯდეთ, მზე გადავა და მერე გავაგრძელოთ, იქა კაკალიც მეგულება, ძირს ბევრი ყრია, ეტყობა სანდროს ჯერ არ დაუბერტყია... ბაბომ ბაღის კარი ძლივას შემოაღო - "სულ არ დაიღრიცა ჩემსავითა ეს უპატრონო, ქაა?!" - წინსაფრის კალთაში ხორკლიანი კიტრები ეწყო, რომელიც იქვე ბოსტანში, ყვითლად გადაპენტილ, ფუტკრების ბზუილით გაყრუებულ კვლებში, დიდი კბენია ფოთლების ქვეშ, საგულდაგულოდ დამალული, მოუძებნია . (ბაბოს მეტი ამ კიტრს ვერავინ პოულობს , ჯადოქარია ეს ქალი!) -არ მოგშივდათ? წამოდით პური ვჭამოთ. ნუ დამძრახავთ, რაცა მაქვს, იმაზე კეთილი გულით გეპატიჟებითო... ბაბოს ბადალი არ ჰყავდა სუფრის გაშლაში... (ბევრჯერ უთქვამს, სულ სოფელში კი არ ვცხოვრობდი. ქალაქში, მამიჩემის ოჯახში, ისეთ ნადიმებს ვმართავდით, გუბერნატორიც კი ყოფილა ჩვენთანო. ეეჰ, ბედის უკუღმართობასა და ამ ცხოვრებას რა ვუთხარი მე, თორე, საკუთარი ლოჟა კი არა მქონდა თეატრში? იმ თეატრის მუსიკანტიც მიყვარდა, მაგრამ ვინ მიმათხოვა?! რა სიკვდილად მინდოდა სოფელში "კუზნეცოვის " სერვიზები და "ვენზილებიანი" ვერცხლის დანა-ჩანგალი, მზითვებში, სხვისი თვალის დასაბრმავებლად, რომ გამომატანა ჩემი ცოდვით სავსე მამაჩემმა?! აი, ცოლს რო მოიყვან, შენ გაჩუქებო, გენაცვალე შენა...) ეზოში, მაგიდაზე, ღრმა მათლაბებით კვერცხმოსხმული, ქონდრით შენელებული მწვანე ლობიო იდგა გავარვარებულ ქვაბთან, რომელშიც გადაფუშული კარტოფილი კრეჭდა თეთრ კბილებს. მოხატული ხის სამარილეთი, სახლში დაფქვილი, ხვრიში მარილი და დიდი თიხის ჯამით ხორხოშელა თოვლივით , ერბო იდო. პური და ყველი, მოხარშული კვეცხი, დილანდელი ცივი მაჭკატები, მაწონი, მწვანილი და კიტრი. პაპამ ღვინო ჩამოასხა და დაილოცა, ბაბომ უზარმაზარი შავი ტაფით, პომიდვრიანი ერბოკვერცხი შემოაშველა სუფრას... -გადაიღეთ, გადაიღეთ! დედალი არ დავკალი, ყველა კვერცხს მიდებს. რა ვქნა, ვერ გავიმეტეო - ბოდიში მოიხადა ბაბომ. - მამალი კი ხვალ სიონში უნდა გავუშვა... სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა, მარტო ჭურჭლის წკარუნი ისმოდა... ამ დროს ეზოში ცალყურა ფოსტალიონი (აკვანში მოუჭამია ამ საწყლისათვის ღორს ყური) მარია შემოვარდა და დაიყვირა - პელაანთ სახლს ცეცხლი უკიდია, მთელი სოფელი იქ არის და ხანძარს აქრობსო... ყველა უცებ წამოიშალა და ქუჩაში გავარდა. -შენ არ წამოხვიდე , აქ დარჩი, სახლს მიხედეო ... ხილაბანდის სწორებით გაიქცა ბაბოც ... აბა სახლში რა გამაჩერებდა? ან როგორ გამოვტოვებდი ასეთ რამეს? ღობეზე ავძვერი, მოკლეზე გადავიპარე და ბაბოზე ადრე გავჩნდი იქ. ალი აღარ იყო, მაგრამ ყველაფერი ხრჩოლავდა. ბოლისა და ღორის მწვადის სუნი ტრიალებდა – პელაანთ ღორი ემსხვერპლა თურმე ამ ხანძარს... დამნაშავეც ეგა ყოფილა. პელას ბავშვი დაუძინებია, ღოლოს შეჭამანდი შემოუდგია კერასინკაზე და არხეინად დაუწყია ეზოში მატყლის პენტვა... შეპარულ ღორს ეს კერასინკა გადაუბრუნებია და ... მეტი არავინ დაშავებულა. ოთხი წლის ნოდარა, ბადალაანთ შალიკოს გადაურჩენია . ეს შალიკო ერთი ლოთი და უვარგისი კაცია, სულ საბილიარდოში გდია, ბილიარდს თამაშობს თურმე ფულზედა. კიდე ამხელა კაცი, "ველისაპეტით" კატაობს... ან სახინკლეშია ატუზული, იქნება ვინმემ დამალევინოსო... უსაქმურია და ავყია - ცოლიც ვერ მოიყვანა . ისე კი ლამაზი კაცია, ხორბლის ფერი ქოჩრითა და განიერი მხარბეჭით... აი, მაგას დაუნახია, ფანჯრიდან ალი როგორ გამოვარდა - ველოსიპედით ჩაუვლია იმ დროს. ჩაულეწია იდაყვით ფანჯრის მინა და ოთახში შევარდნილა. იქ ალმოდებულ ლოგინზე ნოდარას სძინებია, დაუვლია ბავშვისთვის ხელი და ძლივას გამოუსწრია... ახლა სახე და ქოჩორი ალანძულ - შეტრუსული აქვს, ირგვლივ ხალხი დასტრიალებს, მადლობას ეუბნება. გადარჩენილი ნოდარა კი, პურის მოზრდილ ყუას ღუღნის და უმანკო თვალებით შეჰყურებს მტირალ პელა ბაბოს. პელა მიწაზე ზის და სახეს იხოკავს... ქალაქიდან რო ჩამოვლენ, შვილებს რა ვუთხრაო?! ირგვლივ სველი ლოგინი და დამწვარი ავეჯი ყრია. სოფლელები ანუგეშებენ - ცხვარი გყავს დასაკლავი, პელა, ცოცხლები რომ გადარჩითო, დანარჩენს ნუ ნაღვლობ, აქ არა ვართ? რამ შეგაშინა, ყველა დაგეხმარებით, ხვალვე გადაგიხურავთ სახლსაო... მურთხი-ლევანა დამწვარი ღორის ნარჩენებს დასტრიალ-დაჰკირკიტებს: ამის ჯური არ იყოს, დავიჯერო არაფერი გამოდგება? იგეთი სუნი აქვს, ნაღდად იჭმევაო... საღამო ღამეში გადადის. ეზოს მოფარებულ კუთხეში, სადაც მეზობლები გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ , ივლიტას კაკლის მურაბიანი ქილა სქელ ლაჯებში ჩაუდგამს და ორივე ხელით პრიალა შავ კაკალს იტენის პირში... ივლიტას სულ შია, აბა რვა შვილს რჩენა არ უნდა?! დილით დედა ჩამოვიდა , ახალი სანდლები და ჭრელი, ზოლიანი "ნასკები" ჩამომიტანა. ვიცი "წინდები" უნდა დამეწერა, მაგრამ წინდები - მატყლისაა და იკბინება, სანდლებს კი ტყავისა და ბედნიერების სუნი აქვს ... -ხვალ მამაც ჩამოვა დიდი მანქანით. ისე, ამდენ რამეს, რასაც ბაბო გვატანს, რა წაიღებს? სახლში წაგიყვანთ - დამთავრდა შვილო ზაფხული... ახლა მე და ბაბო საყდარში მივდივართ. აუცილებლად ფეხით უნდა წავიდეთ. ის მოჩხუბარი, ბიბილოგაპობილი, წითელი მამალი მიგვყავს, იქ უნდა გავუშვათ . მამალს ბაბომ დეზებიანი ფეხები ჩვრით შეუკრა, შავ ჩანთაში ჩასვა და თავი ამოაყოფინა - უბედურმა მზეს უყუროსო... -ეკლესიიდან რომ დავბრუნდებით, ყველაზე დიდი, მზეზე უფრო დიდი მზესუმზირა უნდა მოგიტეხოო - მითხრა ბაბომ. მზე რამხელაა, იცით?!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. დაკარგულო ძამულია! რაფერ ხარ ნეტა... "სადა ხარ, სად მოგზაურობ"? :) როგორ გამეხარდი აქ, რომ იცოდე... ნაწერზე რა გითხრა? როგორ ჩავედი ბოლოში, ვერ გავიგე(არადა, ძალიან მიჭირს აქ პროზის კითხვა) მიწის სუნითაა მთელი ნაწერი გაჯერებული და მზის სითბოთი. და მზე რა თბილია, იცი?! :) საოცარი დასასრული იყო! მზის სხივი რომ ნისლს მოჭრის მთაზე, ისეთი უეცარი და ლამაზი... :) დაკარგულო ძამულია! რაფერ ხარ ნეტა... "სადა ხარ, სად მოგზაურობ"? :) როგორ გამეხარდი აქ, რომ იცოდე... ნაწერზე რა გითხრა? როგორ ჩავედი ბოლოში, ვერ გავიგე(არადა, ძალიან მიჭირს აქ პროზის კითხვა) მიწის სუნითაა მთელი ნაწერი გაჯერებული და მზის სითბოთი. და მზე რა თბილია, იცი?! :) საოცარი დასასრული იყო! მზის სხივი რომ ნისლს მოჭრის მთაზე, ისეთი უეცარი და ლამაზი... :)
13. როგორ ვერ წავედი წელს სოფლად, მომენატრა ყველაფერი.. იმ მჟავე ტყლაპების აღწერაზე ნერწყვი მომადგა საერთოდ.. შესანიშნავად წერ,ვერაფერს ვიტყვი.. +2 ჩემგან და დიდი პატივისცემა როგორ ვერ წავედი წელს სოფლად, მომენატრა ყველაფერი.. იმ მჟავე ტყლაპების აღწერაზე ნერწყვი მომადგა საერთოდ.. შესანიშნავად წერ,ვერაფერს ვიტყვი.. +2 ჩემგან და დიდი პატივისცემა
12. მზე შენხელაა, გიო... მენატრები, არ დამვიწყებიხარ არასოდეს...
მზე შენხელაა, გიო... მენატრები, არ დამვიწყებიხარ არასოდეს...
11. ბრწყინვალე... ბრწყინვალე...
10. კიდევ ერთხელ წავიკითხე და საოცარი, საოცარი სურნელი მომიტანა, როგორც პირველად წაკითხვისას: ბავშვობის, სითბოსი, სიყვარულის... გაიხარეთ და იმედია, კიდევ დადებთ რაიმე სხვას, გემრიელად რომ შევისრუტო:) წარმატებებს გისურვებთ:) კიდევ ერთხელ წავიკითხე და საოცარი, საოცარი სურნელი მომიტანა, როგორც პირველად წაკითხვისას: ბავშვობის, სითბოსი, სიყვარულის... გაიხარეთ და იმედია, კიდევ დადებთ რაიმე სხვას, გემრიელად რომ შევისრუტო:) წარმატებებს გისურვებთ:)
9. -ეკლესიიდან რომ დავბრუნდებით, ყველაზე დიდი, მზეზე უფრო დიდი მზესუმზირა უნდა მოგიტეხოო - მითხრა ბაბომ. მზე რამხელაა, იცით?!. ძალიან თბილი იყოოო++ -ეკლესიიდან რომ დავბრუნდებით, ყველაზე დიდი, მზეზე უფრო დიდი მზესუმზირა უნდა მოგიტეხოო - მითხრა ბაბომ. მზე რამხელაა, იცით?!. ძალიან თბილი იყოოო++
8. ძალიან ,ძალიან მაგრად წერთ. გარდა იმისა რომ წერის ნიჭი დაგანათლათ ღმერთმა, ასე მგონია დიდი სულის ადამიანი ხართ. ყველა კომენტარს ვეთანხები , განსაკუთრებით;
7. სადაც არ უნდა შემხვდეს ეს - ყველგან ახლიდან წავიკითხავ . წავიკითხავ სიამოვნებით. ,,ჩემია"! ძალიან ,ძალიან მაგრად წერთ. გარდა იმისა რომ წერის ნიჭი დაგანათლათ ღმერთმა, ასე მგონია დიდი სულის ადამიანი ხართ. ყველა კომენტარს ვეთანხები , განსაკუთრებით;
7. სადაც არ უნდა შემხვდეს ეს - ყველგან ახლიდან წავიკითხავ . წავიკითხავ სიამოვნებით. ,,ჩემია"!
7. სადაც არ უნდა შემხვდეს ეს - ყველგან ახლიდან წავიკითხავ . წავიკითხავ სიამოვნებით. ,,ჩემია"! სადაც არ უნდა შემხვდეს ეს - ყველგან ახლიდან წავიკითხავ . წავიკითხავ სიამოვნებით. ,,ჩემია"!
6. ეს ლიტ.გეზე წავიკითხე დიდი სიამოვნებით... მიყვარს ეს ავტორი... ეს ლიტ.გეზე წავიკითხე დიდი სიამოვნებით... მიყვარს ეს ავტორი...
5. სოფლის მადლი, სურნელი და კოლორიტი!.. მშვენიერია "არდადეგები" სოფელში... სოფლის მადლი, სურნელი და კოლორიტი!.. მშვენიერია "არდადეგები" სოფელში...
4. კარგად წერ! 555 კარგად წერ! 555
2. მზე რამხელაა, იცით?!.
ჩემი გიო მოსულაოოოო! ხომ იცი, როგორ მიყვარხარ? და ეს ნაწარმოებიც მიყვარს, მეზობელი საიტიდან! :)))))) 5
:-* ;;) მზე რამხელაა, იცით?!.
ჩემი გიო მოსულაოოოო! ხომ იცი, როგორ მიყვარხარ? და ეს ნაწარმოებიც მიყვარს, მეზობელი საიტიდან! :)))))) 5
:-* ;;)
1. აუ, ყველაფერი მომანატრე :)
მზე რამხელაა, იცით?!.
რამხელა? :) აუ, ყველაფერი მომანატრე :)
მზე რამხელაა, იცით?!.
რამხელა? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|