ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2010


არ ვიცი...

არ ვიცი, საით წავიდე,
საით გავწალდო გუმანი,
დავდივარ, დამაქვს საუნჯედ
გულს სევდა განუკურნავი.
სადაც კი დავაკაკუნე,
ყველგან მომკერძეს უარი,
არვინ ისურვა,  ვყოლოდი
ეგზომ ღარიბი სტუმარი.
თანდათან ცეცხლად მესობა
ჭანგი სულისა მწურავი,
საკბენლად შემომსისინებს
ყელს მოხვეული მცურავი.
არც რა  ყოფილა ტკივილი,
არც დრო ყოფილა მკურნალი,
სულ ერთი ოხვრა  ყოფილა
მადლობა და სამდურავი!
მივდივარ, მივდევ ხბოსავით
თეთრი ნისლების ბორიალს,
თურმე ტკივილს და სიხარულს
ერთი სათავე ჰქონია!
ხანდახან მინდა ღიმილი
პირზე მზის სხივად ვიფინო,
ყველა ტკივილი დავმარხო,
ტირილის ნაცვლად ვიცინო!
არ ვიცი, საით წავიდე,
საით გავწალდო გუმანი,
დავდივარ, დამაქვს საუნჯედ
გულს სევდა განუკურნავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები