ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2010


უშენობაა

***
თავის სინორჩის, იასამნები,
მთელის დიდებით თავს დამესხმიან,
რომ სილამაზის ძალა მაწვნიონ
და დამაჩოქონ, უიარაღო.
მო, გამაცალე წლების საბნები
და სიყვარული პეშვით მახმიე!
მინდა გოგონად ისევ მაქციო
და შენი სუნთქვით მომავარაყო.


****
იმისი სუნთქვა მე არა და
სხვას უთბობს ხელებს.
მე მარტო ვუცქერ მობარბაცე
თოვლის ფანტელებს.
ცრემლი უცები,უნებლიე
ფიქრებს მისველებს,
ვხვდები, თენდება,
ხვალ ცხოვრებას
რა გააგრძელებს?!


***
მთვარე მეწვია სამძიმარზე,
ქარი თმას იშლის.
მე უშენობით ჩავირაზე
თვალები გიშრის.
იტირე, დაო სინანულო,
რადა ხარ მშვიდი?!-
უკანასკნელი სიყვარულის
მაქვს პანაშვიდი.

***
ჟამს შებინდების ხან მომინდები-
ჩემივ სურვილის შემეშინდება.
და უცებ, მისი დაკარგვის შიშის,
კვლავ ჩამიდგება თვალში ბინდები.



***
ღვრის შემოდგომა ჩემსავით, წვიმებს....
შენ ანთიხარ და  სხვისთვის ციმციმებ...
მე კი, ხელები- ვაზის მტევნები,
მივსებენ კალთას მოსართვლელები.

***
წვიმა იღვრება როგორც ნაღველი
ღმერთს რომ თვალებში ვერ დაეტია.
ისეთმა სევდამ დამრია ხელი,
გასაძლებად რომ მეტისმეტია.

***
გამოზოგილად ვიკვებები მე უშენობით.
ხან გამცრის შიში,- ნეტა ხომ არ გამომელია,
როცა თვალები გღალატობენ, საღამოობით,
და  შორი გზიდან, შენ არა და, სხვას მოელიან.


***
ვეღარ ვეტევი უშენობით  სავსე ლოგინზე
უკვე თენდება.
მეტი რა გითხრა უსასოო ქალის ლოდინზე-
მოხვალ, გნებდები.
ისევ ქარია,მიხარია ქარის გოდება.
და გელოდები...
                  გელოდები...
                                დაგელოდები!!!
                                       


***
გახსოვს, გაგვიწვიმდა
შინ რომ ვბრუნდებოდით.
არ დამისველდეო,
მხარქვეშ შემიფარე.
ჩემი რომელ გოგოს
არ შეშურდებოდა?!
იმათ ქოლგა ჰქონდათ,
მე კი- შენი მხარი.

***
მას შემდეგ რაც შენ გადაგეყარე
და უშენობის წლები დაიწყო,
რამდენი ვინმე გადავიყვარე
შენი სახე კი ვერ დავივიწყე.
ამ უნაპირო ცოდვის ლოგინში
ვეძლევი სხვას და წლები გროვდება,
რომ ვეღარ გნახავ, იმისი შიში
სიბერესავით მიახლოვდება.


1993

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები