ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


პოეტის ცოლი

არ მოელოდი, ვიცი, ცხოვრების
ასე უხეშად შემობრუნებას.
რადგან, ძვირფასო, მაშინ ჯერ კიდევ
შენ არ იცნობდი მგოსნის ბუნებას!

შენ არ იცოდი, რომ პურს და სარჩოს
ერთ ლამაზ ფრაზას ვანაცვალებდი,
ჩემი ძაღლური იღბალის ზიარს,
აღუწერელად გაგაწვალებდი!

რა მოგეწონა შენ ჩემში მაინც,
ნეტავ მაშინვე გცოდნოდა მისხლით,
გცოდნოდა კარგად, რომ პოეზია
იქმნება მხოლოდ პოეტის სისხლით!

და რომ ლექსისთვის იგი ჯიუტად
გაიღებს, რაც კი რამ აბადია,
რაც შეიძლება ჰქონდეს, ან ჰქონდა
ამ უცნაურ და ბრიყვ ადამიანს!

ზედმეტი არის იგი ქვეყნისთვის,
სადაც მარტოდენ ხორცნი ზეობენ,
ნუ ეომები ამ სივრცის მონას,
დადექ და ისევ შენს თავს ეომე!

შემინდო იქნებ და მაპატიო,
მილოცო ცოდვილს, სულო, იქნება,
რომ მარტოდმარტო, სულ მარტოდმარტო
ვცხოვრობ ჩემს ძველ და წყეულ ფიქრებთან!

რომ ვერც ოჯახმა ვერ გამაშორა,
ვერც შვილმა - ყოვლის აზრმა და არსმა,
სტრიქონის ლინგზე მიმავალ ბილიკს
და პოეზიის ცეცხლოვან ჯვარცმას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები