ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ოქტომბერი, 2010


მექანიკური თითები

ჩვენი ოთახის ფანჯრებს მობეზრდათ ჰაერში გამოკიდებული ცხოვრება და დაიმსხვრენ. შენ ქარს დააბრალე...
ქალი ხარ და თავად იგონებ სხვა რეალობას.
გუშინ ჩვენი თევზი, სემუელი მოკვდა. შენ თქვი, რომ ის დაიხრჩო. მე დაგიჯერე...
სახლის კარები შიგნიდან ავჭედეთ.
ჩვენ აჩრდილების მეგობრები ვართ.
კედლები შეშლილ სახეებს ირეკლავენ.

-----------

დამსხვრეული ფანჯრები. ოთახში შენ და ჯაზი.
შიშველი ფეხის თითები სიცივისაგან მეკრუნჩხება. იატაკზე ვზივარ და გიყურებ.
შენ თმა აკეცილი გაქვს, მოლბერტთან დგახარ და თვითონაც არ იცი, მერამდენედ ხატავ საკუთარ თავს მექანიკური თითებით. დრო დადრო მუცელში მწვავე ტკივილს გრძნობ, თვალები ცრემლებით გევსება.
მე შევეჩვიე, რომ შენ არასოდეს იცინი.

----------

გარეთ ქარია.
შენ სულაც არ გედარდება, რომ ამაღამ სიცივეში მოგვიწევს დაძინება.
ღმერთს მობეზრდა ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრების ყურება და დაგვივიწყა.
შენ ისევ მოლბერტთან დგახარ. მექანიკურ თითებს ნერვიულად ათამაშებ, უყურებ ქაღალდზე დახატულ წარბებგადაბმულ ქალს და სახე გემანჭება. აღარ შეგიძლლია საკუთარი თავის ცქერა და ჩემთან მოდიხარ. კალთაში მიდებ თავს და ცრემლები მოგდის თვალებიდან. ავარიის შემდეგ უხმოდ ტირილი ისწავლე...

---------

მე თმაზე გეფერები. შენ ფრჩხილებს იკვნეტ და კიდევ უფრო იმახინჯებ მექანიკურ თითებს.
გიყურებ და ვხვდები, როგორც კი დარწმუნდები, რომ თვითმკვლელობა ცოდვაა, მაშინვე მოინდომებ ფრენა ისწავლო ჩვენი აივნიდან...
შენ შეშლილი ხარ და მეშინია...
----------

გარეთ კატა კნავის.
შენ შიშველი წვები ლოგინში, ხელები მუცელზე გაქვს დაწყობილი და ლოცვასავით იმეორებ: " ნეტა, ხვალ ღმერთს დაავიწყდეს ჩემი გაღვიძება"... მერე გახსენდება, რომ ათეისტი ხარ და თვალებდახუჭულს გეღიმება.

---------

ქარი სხეულებს აშიშვლებს.
მე გიყურებ და ვამბობ: "frida, შენ ჩემი ცოლი ხარ!
                                        frida, შენ გვამი ხარ!"
დახუჭული თვალებიდან ცრემლები მოგდის.

გაფუჭებული რადიო ნაწვეტ-ნაწყვეთ უკრავს ჯაზს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები