ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2010


ზაფხული

-  იამ გიკითხა, სად არისო!
-  მერე შენ რა უთხარი?
-  არ ვიცი ალბათ ტყეშია-მეთქი.
-  მერე?
-  მერე გაიცინა...
-  რატო?
-  არ ვიცი!
-  ხვალ ტყეში წავიდეთ! მამაშენი ალიას გვათხოვებს?
-  არა, ვერ ვეტყვი... მეჩხუბა მაშინ, დაუკითხავად რატომ წაიყვანეთ ცხენი მდინარეზეო...
-  ცუდი რა ვქენით - დავბანეთ, ვაჭამეთ...
-  მაინც გაბრაზდა... იამ რატო არ მოდის ჩვენთანო!
-  რაო?
-  ერთი ბიჭი კიდევ გვჭირდება სპექტაკლშიო, უთხარი ზაზასო...
-  მერე!?
-  ა, გეუბნები...
-  მოგცლია  შენ!
-  წამოი და ერთი საათი გათხოვებ ალიას!
-  მაგიც იამ გითხრა!
-  არა!
-  ცოტაა!
-  აბა რამდენი გინდა შენ?
-  ორი  დღე!
-  ორი დღე!? მომკლავს მამაჩემი ღამით ალია სახლში თუ არ იქნა.
-  მაშინ ერთი დღე მთლიანად, უნაგირით...
-  რა გინდა მთელი დღე ცხენზე?
-  არაა მაი შენი საქმე!
-  მომკლავს მამა!
-  ბაზარში რო წავა დილით, გვიანობამდე ხო არ იქნება სახლში, ხოდა მაშინ წავიყვან!
-  კაი, იცოდე უნდა მიიღო მონაწილეობა თეატრში, თუ არა არ ითვლება!…
-  კაი, მოვალ და მეორე დღეს ალიას მომიყვან!
-  კაი.
რაც ია ჩამოვიდა სანდროს ეზო ფუტკრის სკა გეგონება, ისე ირევიან მთელი სოფლის გოგო-ბიჭები.  ერთი ის არის, არ იკბინებიან, ბზუილით კი იცოცხლე - ბზუიან. ია სანდროს ბიძაშვილია, ისიც ჩვენი ტოლაა. თბილისელია და ზაფხულობით ჩამოდის სოფელში.  დიდი უცნაური გოგოა ეს ია. რო დაგინახავს ისე შეგხვდება, თითქოს შენზე უკეთესი არავინ ყავდეს ცხოვრებაში ნანახი.  ისე გაგიღიმებს, იფიქრებ, ეს რა ბედნიერი გახადა ჩემმა დანახვამ ეს გოგოო. მერე ისე გაკოცებს - ლოყაზე, თითქოს ერთი წელი იმაზე ოცნებობდა მხოლოდ,  როდის ვნახავ ამ ადამიანს და როდის ვაკოცებო. ამ ზაფხულს აღმოვაჩინე ეს, ასე რომ შემხვდა-გამიღიმ-გადამკოცნა. ის კი არა და ვიფიქრე, ეს როგორ ვყვარებივარ იას-მეთქი, მაგრამ ზუსტად ისე რომ შეხვდა სანდროს, ლადოს, ცისნამს  და სხვა  ბავშვებს, მაშინ კი მეტიჩრობაში ჩავუთვალე, აბა როგორ შეიძლება ადამიანს ყველას დანახვა ერთნაირად უხაროდეს, ყველა ერთნაირად უყვარდეს, ყველას უღიმოდეს, ცუდსაც და კარგსაც. სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცი, მე რომელ კატეგორიას ვეკუთვნი, კარგს თუ ცუდს, მაგრამ ვინც არ უნდა ვიყო, ყველას ვერ გავუღიმებ და ფერებას არ დავუწყებ. აბა ლადოსავით მოვიქცევი, საკუთარ ყანაში რომ მეზობელი დაინახა, ახლად დაჭყინტებულ ლობიოს  პარავდა და ისევ ლადოს შერცხვა არ დამინახოსო და დაემალა - რო დავენახე, ხო შერცხვებოდაო. მე რომ ვყოფილიყავი, იმ მეზობელს სარით გავეკიდებოდი, ჯერ თავს გავუტეხავდი  და მერე გადავაგდებდი  ეზოდან.
ისევ ეს ია.  საერთოდ არ მიყვარს გოგოები, რაღაცნაირები არიან, მინაზებულები, ვერც ეჩხუბები და ვერც ვერაფერზე დაილაპარაკებ. სულ პატარა რომ ვიყავი მაშინაც მეცოდებოდნენ,  მთელი დღე შინ უნდა იყვნენ და სასაცილო კუკლებთან უნდა ითამაშონ, როცა გარეთ ათასი გასართობია. გაიზრდებიან და ისევ სახლში უნდა ისხდნენ, იმიტომ რომ  გოგო ვერც ტყეში ივლის, ვერც მდინარეზე, ვერც ლაკატკით და კისტის თოფით გაეკიდება ძაღლებს, ჩიტებს და კატებს, ვერც ციგით იცურავებს თოვლსა და ყინულზე. ღმერთს ერთხელ ეკლესიაში, ჩუმად, მადლობაც კი ვუთხარი ბიჭად რომ გამაჩინა. გოგო რომ ვყოფილიყავი, რა მეშველებოდა, მაგარი მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება-მეთქი. ეს ია კი განსხვავებულია, წინა წლებში რომ ჩამოვიდოდა, სულ ჩვენთან, ბიჭებთან ერთად დაეხეტებოდა, დრო და დრო ბაბუამისის ცხენს დააჯირითებდა,  ფეხბურთსაც ჩვენთან ერთად თამაშობდა და პენლის დარტყმასაც ჩემულობდა, დიდი ნერვების მომშლელი ვიღაცაა. წელს კი ეზოდან არ გადმოდის, რაღაც თეატრი აუტეხავს. ის კი არა ძმაკაციც გამიაბდლა.  რაც ჩამოვიდა, ლადო არც სათევზაოდ დამყვება და  არც ტყეში - სანადიროდ. რაღაც სპექტაკლს ვდგამთო. რეჟისორი იააო და იქ უნდა ვიყო. ახლა უნდა მეც მივიდე, სანდრო კი, იას ბიძაშვილი, კიდე ერთი ჩემი კლასელი, სუფთა ქალოია და ქეთინო: ჩამოჯდება გოგოებთან და ლობიოს და ბრინჯს არჩევს, ის მართლა ბრინჯი ისა... სკოლიდან რომ მოვდივართ, ბიჭები ხო ერთად მოვდივართ და ჩანთებს ვულაწუნებთ ერთმანეთს, ის კი ცისნამს აეტუზება გვერდით  და მისი ჩანთა მოაქვს, სუფთა აბდალი...
ლადო მეუბნება, ცოტა ხანში პრემიერა გვექნება, ყველა მსახიობი გვყავს, დონ-კიხოტი კი არა  და იას უნდა შენ ითამაშოო... რომელი დონ-კიხოტი მე ვარ ან რა დონ-კიხოტის დადგმა აუტყდა, აბა ეს ია ნორმალურია? ლადოსთვის უთქვამს შენ და ზაზას რომ ერთად გიყურებთ სულ დონ-კიხოტი და სანჩო პანსა მიდგას თვალწინო.  ფილმი ვნახე ორი წლის წინ ამ დონ-კიხოტზე, სულელური ზღაპარია რაღაც, როგორ ებრძვის ცხენზე ამხედრებული აყლაყუდა ტიპი ქარის წისქვილებს... ამ აყლაყუდას უკან დაყვება ვირზე ამხედრებული მსუქანა. ვითომ რატო უნდა ვითამაშო მე დონ-კიხოტი? ლადოზე მაღალი რომ ვარ და გამხდარი? არადა ლადო მართლა მსუქანაა, ბავშვობაში ლექსი ვიცოდი ლადოზე, `ლადო, ლადო, დიდი კვერცხი დადო, ვერ გაყიდა აბაზად, კი შეჭამა ლამაზად~. ზუსტად ეს არის ლადო, ჭამის ტომარა, მაგრამ ჩემი ძმაკაცია და კაი კაცია, იმიტომ რომ ლობიო არ არის, არც მაბეზღარაა  და არც მშიშარა.
ცხენის ხათრით მივალ ერთი და ვნახავ,  რას  რეპეტიციობენ, სამაგიეროდ მერე მთელი დღე მე მეყოლება. ალია ყოველთვის მცნობს, მისთვის სულ მაქვს ჯიბეში ცოტა სიმინდი. რო დამინახავს, მოსალმების ნიშნად დაიხვიხვინებს და მერე ორივე თვალით გვერდულად გამომხედავს.  ახლოს თუ მივალ ჩიჩვირით ჯიბეებს მისინჯავს, სიმინდი თუ აქვს და როდის მომცემსო. საბანაოდ რო დაგვყავს ან ტყეში რო მივდივართ ერთად მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინაა. რა მაგარია, რო გარეკავს, ჰაერში რომ გასწორდება, მიწას ლამის არც კი აკარებს ფლოქვებს და მიქრის, გეგონება მართლა ფრთიანი რაშია და ცაში მიფრინავსო. დებილია ეს ლადო, ალია სახლში ყავს და ის კი იასთან  რეპეტიციებზე დადის...
ამ ზაფხულს აუცილებლად წავალ საქორიას მთაზე. ეს მთა  ჩემი სოფლიდან კარგა დიდი მანძილზეა მოცილებული, ალბათ სამი სოფლის ხელა გზა უნდა გავიარო.  ამ მთის გადაღმა თურმე ვაკე ადგილია, შუაგულში კი დიდი ტბაა. ტბის ნაპირას თურმე უძველესი ღუზააა იმ დროიდან შემორჩენილი, როცა საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია წყლით იყო დაფარული. ამბობენ,  რომ იმ ტბაში ბანაობა არ შეიძლება, უძიროაო, ვინც იქ შესულა, არავინ არ დაბრუნებულა უკანო, ამიტომ ყველა ერიდება ამ ადგილს. ჩემს განზრახვას რა თქმა უნდა საიდუმლოდ ვინახავ, თუმცა ლადო ხვდება და მეუბნება, ალია იმიტომ გინდა, რომ ტბაზე აპირებ წასვლასო. არა ხო არ შეიშალე-მეთქი ვეუბნები. იქ რომ რამე მოგივიდეს, მოგკლავს მამაშენიო, მაფრთხილებს.. არაფერსაც არ მომკლავს, ერთ  შვილი ვყავარ-მეთქი... მაშინ მე მომკლავს მამაჩემიო, ამბობს და ყოველთვის რაღაცას იმიზეზებს, არ უნდა ცხენი მათხოვოს, ახლა კი მგონი თანახმაა, ჯანდაბას, ვითამაშებ ამ  როლს, იმედია არავინ არ მოვა სპექტაკლის სანახავად.   
სოფელში ამბობენ,  ანტონია იმ ტბაზე ნამყოფი და ძლივს გადარჩა დახრჩობასო. ანტონი  სხვას ვინმეს ერქვას არც გამიგია, მგონი მარტო გეოგრაფიის მასწავლებელს ქვია. ისეთი კაცია, ალბათ სხვა სახელი არც შეეფერება, იმიტომ რომ სხვას არავის გავს. სანამ გაკვეთილზე არ შემოვიდა მე მანამდე ნანახი არც მყავდა – სოფლის განაპირას ცხოვრობს. საერთოდ ხალხში იშვიათად ჩნდება, არც სოფლის კრებებს ესწრება არც არჩევნებზე დაიარება. ადრე მასწავლებლობდა თურმე, მაგრამ მერე თავი დაანებაო. არიან თავისთვის  ის და მისი ცოლი. ამბობენ ერთი ბიჭი ყავთ - უჩა და ახლა ინგლისშიაო, იქ მუშაობს საკუთარი ავტოსახელოსნო აქვს და იქედან ეხმარება მშობლებსო.  მისი სახლი თუმცა ჩვეულებრივი ბელეტაჟია, მაგრამ მაინც ყველა სხვა სახლებიდან განსხვავებულია, იმიტომ რომ გარე კედლები ცისფრად არის შეღებილი და თან წითელი მინის ნამტვრევებით რამდენიმე ადგილას უჩა უწერია. ეტყობა ამ მინების ქვეშ ნათურები აქვს ჩაყენებული, იმიტომ რომ ღამე ვარსკვლავებივით ანათებენ ეს წარწერები და მთელ კედელზე ვარსკვლავ-უჩებია მიმოფანტული.
საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულებს დაგვახვედრეს ანტონი სკოლაში. ძველი მასწავლებელი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, თითქოს სოფელში არ იყოს სამუშაო.  სხვა რომ ვერავინ იპოვეს დირექტორს ანტონისთვის უთქვამს, ეგებ ცოტა ხნით მაინც იმუშაო, სანამ სხვა მასწავლებელს ვნახავთო. კარგიო, ის დათანხმებია, ხოდა პირველ გაკვეთილზე დამრიგებელმა, ვერა მასწავლებელმა რომ შემოგვიყვანა, ბატონი  ანტონი გეოგრაფიის ახალი  მასწავლებელი იქნებაო,  ფხუკუნი აგვიტყდა, რაღაც სასაცილოდ ჟღერდა, ბატონი ანტონი.  საერთოდ რომ  ვიტყვი ანტონს, ტონიანი კაცი წარმოგიდგებათ ვიღაც ალბათ, ან ნახევარტონიანი მაინც. ანტონი კი  კაფანდარაა, აი ზუსტად იმ კაცს გავს, დონ-კიხოტის როლს რომ ასრულებდა. მე თუ მკითხავთ ანტონს უფრო ეკუთვნის დონ-კიხოტის როლი, მაგრამ მაშინ ალიას ანტონს ათხოვებენ, რაც დიდად არ მახარებს. მერე დამრიგებელი გავიდა და ცისნამმა, მას, ანტონი რას ნიშნავსო  და იმან ჩემი სახელი ომში ჩაბმულ წინამძღოლს ნიშნავსო.  რომელ ომშიო, არ ისვენებდა ისევ ცისნამი, სამამულოო – ანტონმა და ცისნამი დაგვიწყნარდა. შეიძლება მამულიც არ იცოდა რას ნიშნავდა, მაგრამ კითხვა  შერცხვა... 
ხოდა ანტონ მასმა, დანახული კი მეყოლებით სოფელში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიცნოთ ერთმანეთიო და ჯერ სია ამოიკითხა. მერე გვითხრა, რომ გეოგრაფიას რომ ვსწავლობთ, ამით ვსწავლობთ ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენას, თუნდაც საუბარსო,  გეოგრაფია უნდა გიყვარდეთ, რადგან უნდა გიყვარდეთ მიწა,  რომლის შვილები ვართ ყველა  და შრომა უნდა გიყვარდეთო. თუ შრომა გეყვარებათ, ცუდ რამეზე საფიქრელად დრო არ დარგჩებათ, უბრალოდ დაღლილები იქნებით და ადამიანი თუ ცუდ რამეს არ აკეთებს ან არ ფიქრობს, უკვე შეიძლება ჩათვალო  რომ კარგი კაციაო. გვეგვე ხო იცითო, - გვკითხა.  გვეგვე არავინ არ ვიცოდით, იმიტომ რომ ჩვენს სოფელში გვეგვე არავის ქვია. გეტყვით: ერთი წიგნის გმირია გვეგვე და თქვენი ტოლი  რომ იყო, დააშავა - უპატრონო ძაღლი მოკლა, რომელსაც სხვა პატრონიან ძაღლებივით უყვარდა სიცოცხლე, ხოდა მამამისმა ჯერ კარგად გაულაწუნა ამ გვეგვეს, მერე კი თერაპიად, ანუ განსაკურნებლად ყანაში მუშაობა დაუნიშნა ოროყიანი თოხით ხელშიო. ხოდა ხელები რომ გადაუტყავა თოხმა, ამის მერე გვეგვეს შეგნებულად დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა გვეგვედ დარჩა, იმიტომ რომ იმის ყურება უყვარდა, ხეებს როგორ ჭრიდნენო. ხოდა ესეც დანაშაულია, იმიტომ რომ ხის მოჭრაზე არა ნაკლები დანაშაულია, უყურო ხეს როგორ ჭრიანო. ისევ ცისნამმა ამოიღო ხმა (ეს ის ცისნამია, სანდროს რომ ააბდლებს და ჩანთას ატარებინებს),  მას, ხეები მართლა ცოცხლები არიანო. კიო, ანტონმა, ხეებს და საერთოდ მცენარეებს ისევე უხარიათ და ისევე წყინთ, ისევე ცოცხლობენ და ისევე კვდებიან, როგორც ჩვენ ადამიანები. არიან კეთილი და ბოროტი მცენარეებიც, ისევე როგორც ადამიანებიო. განსხვავება ხეს და კაცს შორის ის არის, რომ ხე სანამ ცოცხალია სულ იზრდება, ადამიანი კი რომ მოხუცდება, პირიქით პატარავდებაო. არ მახსოვს გაკვეთილზე ასეთი სიჩუმე ყოფილიყო, ისე ყვებოდა ამას ყველაფერს, გოგოებმა ლამის ტირილი, დაიწყეს და მას, აწი ბუხარში შეშას  როგორ შევუკეთებთ, არ ვიცითო. ბუხარში შეშას რომ უკეთებთ, გგონიათ იქ შეშა იწვებაო, გვკითხა. არადა ისე გვკითხა აშკარად იცოდა რომ ასე გვეგონა. არა, როგორ გეკადრებათ-მეთქი, მე ვუთხარი.  საერთოდ დაკვირვებული ვარ, თუ ვინმე გკითხავს - ასე გგონიაო,  ანუ გამოდის ასე არ უნდა გეგონოს, ანუ ასე არ არის. მერე მკითხა - აბა რა იწვება ბუხარში, შენ როგორ ფიქრობო.  სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და მზე-მეთქი, ეს იმიტომ ვთქვი,  რომ ბუხარში აბრიალებული ცეცხლი ძალიან გავს მიწაზე ჩამოსულ მზეს, ისევე აცხუნებს და ისევე ლამაზია, აბა სხვა რა უნდა მეთქვა და რაღაცა  ხო უნდა მეთქვა. გაუკვირდა - საიდან იცოდიო, შეშა მზისგან ნაგროვები ენერგიაა და პირობითად რომ ვთქვათ ბუხარში მართლა მზე იწვებაო.  გამიხარდა სწორი პასუხი  რომ მქონდა და გავიფხორე – თავზე ხელი მივიდე და ფილტვი ფილტვი-მეთქი. ბავშვებმა ხარხარი მორთეს და შევატყვე ეწყინა, ოღონდ არ გაბრაზებულა და არც საყვედური უთქვამს, ისე მითხრა დაჯექიო, თითქოს სასაცილო  არაფერი მეთქვას. პირიქით, რომ დავჯექი შემაქო, ყოჩაღ შენ, საიდან იცოდი, რომ კანიც სუნთქავსო.  გეტყვით ახლა, ძველად ერთ სპექტაკლში თქვენხელა ბიჭს ოქროს ბიჭუნას როლი უნდა ეთამაშა, მთლიანად ოქროსფერი საღებავით შეუღებავთ და კინაღამ გაგუდულა ის ბიჭი, იმიტომ რომ ადამიანი მთელი სხეულით სუნთქავს არა მარტო ცხვირით და პირით, საიდანაც ფილტვებში მიდის ჰაერიო. მერე ლადომ კითხა, მას ხეები თუ მართლა სუნთქავენ ფილტვები სად აქვთო. დღის სინათლეზე მიდის რეაქცია, რომლის დროსაც  მწვანე ფოთლები ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით კი პირიქით, ჟანგბადს იყენებენ, ოღონდ ბევრად ნაკლებსო.  მერე მოგვიყვა, რომ ფიცარი, ან შეშა  არ არის ცოცხალი, მაგრამ შეიძლება მისი გაცოცხლება, ანუ უბრალო ფიცარი ათასნაირ საგნად შეიძლება გადააქციო, ჭურჭელი იქნება ეს თუ ავეჯიო, ანუ ანტონს რომ ჰკითხო, სკამიც ცოცხალია, რომელიღაც ნახატი ფილმია, სკამები რომ დარბიან და ცეკვავენ, მგონი ის აქვს ნანახი, ან ბურატინო - ხის კაცუნა... ბურატინოსა და ყარაბას ბარაბასზე  დედა მიკითხავდა სულ პატარა რომ ვიყავი. მერე გააგრძელა, ის კი არა, ქვაშიც სიცოცხლეა,  ოღონდ კარგი მოქანდაკე უნდა იყო, მოაცილო ზედმეტი ნაწილები და შეძლო მისი გაცოცხლებაო... მიქელანჯელოს დავითი ხო გინახავთო. როგორ არ გვინახავს, სოფლის ბირჟაზე დგას ყველა დღეო, სანდრომ... ერთს მეზობელს მართლა მიქელანჯელოს ეძახიან, მის ბიჭს კიდე დავითი ქვია... კაცო მე მაგ დავითზე კი არ გეკითხებით, ქანდაკებაზე გეუბნებით.  ფლორენციის ხელოვნების აკადემიაში არ  იქნებით ნამყოფი, მაგრამ ილუსტრაცია როგორ არ გექნებათ ნანახი, რო შეხედავთ ცოცხალი გეგონებათ, სისხლძარღვებიც კი ატყვია, არადა ქვა არის, ფეხზე კი პატარა ნაიარევი აქვს თურმე ამ ქვა-დავითს: ეს მიქელანჯელოს (მოქანდაკეს) რომ დაუმთავრებია მუშაობა დავითისათვის (ქანდაკებისათვის) მიურტყამს საჭრეთელი ფეხზე – ბარემ ხმა გამეო, სიკვდილის წინ სამი დღით ადრე კი სიცხიანი მისულა და დიდხანს უყურებდა, მერე კი უთქვია, მიჭირს სიცოცხლესთან განშორება რადგან ჩემს პროფესიაში ფეხი ახლა ავიდგიო... 
ისე ლაპარაკობდა, გამოშტერებულები ვუსმენდით, ამის შემდეგ მის  გაკვეთილებს არავინ აცდენდა, თან რაღაცას რომ აგვიხსნიდა აუცილებლად შეგვეკითხებოდა – გასაგებია, შეკითხვები არ გაქვთო და მაშინ დავაყრიდით და დავაყრიდით შეკითხვებს, გეოგრაფიულებსაც და არაგეოგრაფიულს. გოგოებს უფრო ის აინტერესებდათ ყვავილები რატო შექმნა ღმერთმა ან ასე ლამაზი როგორ შექმნა, ან სტაფილო მიწაში რომ არის ფერად ყვითელი რატოა – ვინ ღებავსო, ბუნებაა ყველაზე კარგი მხატვარია, ის ღებავს და ალამაზებს  ყველაფერსო.  ბიჭები კი უფრო იარაღებზე და  ომებზე ვეკითხებოდით.  მე ერთხელ ვკითხე, ზღაპრებში რომ  არის, ისეთი იარაღი თუ არის, ისვრი და ხალხს ცოცხლად აქვავებს, მერე კი შეიძლება ისევ გაცოცხლება-მეთქი.  როგორც ვიცი, არ არისო, მაგრამ თუ მოიწადინა კაცმა, მის გამოგონებას  ვინ დაუდგება წინ, ა, მიქელანჯელომ თუ ქვა გააცოცხლა, ცოცხლის გაქვავება უფრო იოლი უნდა იყოსო...
ხოდა ამ ანტონმა, ოღონდ შემთვრალმა  მოგვიყვა საქორიას მთასა და ტბაზე, ოღონდ ეს სკოლაში არა. ერთ კვირა დღეს გაკვეთილი მის ვენახში გვქონდა, ოღონდ შრომაში ვმეცადინეობდით.  მიწა გადამაბრუნებინეთო წინა  დღეს ბიჭებს გვთხოვა, ეს არ იფიქროთ გავალებდეთ, მოკლედ თუ დამეხმარებით კარგი იქნება  და თუ არა და თქვენც კარგად იყავით და მეცო – ისე  ქათამს კლავს და ხაჭაპურებსაც აცხობს ჩემი ცოლი მზისგულიო და ატმის კომპოტიც მექნება და შავი ადესაცო.  არავის არ გვითქვამს უარი, ოღონდ ცოტა კი გამიკვირდა, რომელი არქიმედე ეს არის მიწას რომ აბრუნებს და ან ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ-მეთქი, არქიმედეზე სკოლის თეატრი ვნახე ერთი და იქ იძახდა ჩვენი სკოლელი მსახიობი-არქიმედე, მომეცით ბერკეტი და საყრდენი წერტილი  მიწას გადავაბრუნებო. მაშინ ბერკეტი დიდი აგური მეგონა, მერე კი აღმოჩნდა, თურმე დიდი  ღერო ყოფილა... მე ხო ენა არ მიჩერდება და  პირში და ვკითხე, მას, მიწა როგორ უნდა გადააბრუნოთ, არქიმედე ხომ არა ხართ-მეთქი... 
გაიცინა, მოდით და განახებთო. თურმე ანტონი მიწის გადაბრუნებას ღრმა, ორი ბარის პირზე დაბარვას ეძახდა, აქო მერე ვენახი უნდა ჩავყარო, ცოლიკაური, მერე სამ წლიწადში მოისხამს, ამასობაში თქვენც გაიზრდებით და აი მერე უნდა გაქეიფოთო... როის სამი წელი გავა და როის აი ვენახი გეიზრდებაო, ერთი კი ჩაიდუდღუნა ლადომ, მაგრამ ხაჭაპურის სურნელი უღიტინებდა ცხვირში  და გულმოდგინედ მუშაობდა. ანტონის ცოლი,  გულიმზე,  თავზე დაგვტრიალებდა, ბაღნებო ბევრი არ იმუშაოთ, არ გაოფლიანდეთ, ავად არ გახდეთ,  ამ ბერიკაცს რას უყურებთ, ორი პარასკევი აქვს დარჩენილიო, მაგრამ ჩვენ ეშხში ვიყავით შესულები და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ცუდად ნამდვილად არ გვიმუშავია, მიწაც ქვიანი არ იყო და დილით რომ დავიწყეთ შუადღემდე სამუშაო მოვრჩით კიდეც...
ყველაზე მთავარი კი მერე მოხდა, სადილობისას. გვიხაროდა,  რომ ნადში ვიყავით დიდი კაცებივით და ახლა დიდი კაცებივით ვუსხედით სუფრას... გულიმზე თავშალშემოხვეული დაგვტრიალებდა თავზე, სუფრას ხაჭაპურებს და ქათმის ხორცს ამატებდა და ბაღნებო კარგად ჭამეთო, გვეუბნებოდა, ოღონდ ღვინო არ დალიოთ, რა დროს თქვენი ღვინოაო, აგერ კამპოტი სვით რამდენიც გინდათო... ანტონმა ღვინო უნდა დალიონ აბა მანაგუაო (ეს Mმანაგუა ახლაც არ ვიცი რა არის, მაგრამ მთლად კარგი რომ არ არის მაშინვე მივხვდი) და კამპოტი კიდე რა კაცების სასმელიაო. აბა ჭიქები ღვინით  გაავსეთ ყველამო. გულიმზემ, კაცო, ცოტ-ცოტა მაინც დაუსხი, ეს ჩაის ჭიქები რომ გაგივსია, ცალკე ამ ბაღნების მშობლები მოგკლავს და ცალკე დირექტორიო.… ანტონმა, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო მეუღლევ, რა ვქნა ეს ჭიქები გვაქვს სუფრაზე მხოლოდ,  მოიტანე აბა ხერხი და გადავჭრი ყველასო... 
მოკლედ, მშვიდობის სადღეგრძელო რომ დალია თვითონ და ჩვენ ყველამ ბოლომდე დავცალეთ, აბა  ბიჭებო,  მთლად მტყუანი არ არის ჩემი გულიმზე და ახლა, ბევრი რომ არ გამოგივიდეთ,  თითო სადღეგრძელო თქვენ თქვით, ოღონდ სხვადასხვა, გავამრავალფეროვნოთ სუფრაო... ერთი ჭიქას ერთი დაემატება და მეტი არც გინდათ თქვენო, ხო ორი ფეხით მოით  და ისევლე ორი ფეხით უნდა გაგიშვათ  თუ არა ფორთხვით თუ წაით, მომიცვივდებიან თქვენი მშობლები მე მაფორთხებენ მაშინ და არ გინდათ აი საქმეო. ყველანი დავეთანხმეთ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ დიდი ხალისით. აბა რას გვეტყვი სანდროო: პირველი სანდრო იჯდა მის გვერდით. მას, ახალ წელს გაუმარჯოსო, რა შუაში იყო მარტის ბოლოს ახალი წლის სადღეგრძელოს დალევა ვერ ვხვდები... ანტონმა, გაიხარე ჩემო სანდრო, ახალი წლის სადღეგრძელო გაზაფხულზე ჯერ არ დამილევია, ეტყობა იცი შენ რომ ძველად საქართველოში ახალი წელი გაზაფხულზე იწყებოდაო და დალია კიდევ შეივსო... სანდრო გაიბღინძა, ისე ეჭვი მეპარება ეს ამბავი ცოდნოდა...  საერთოდ რომ ვუკვირდები, ანტონს  თუ კითხვაზე  უპასუხებ, ყველა პასუხში მოგიძებნის რაღაც სიმართლეს, სხვა მასწავლებლები კი ერთი სული აქვთ როგორ დაგაბნიონ, ჩაგჭრან და ორიანი როგორ გტყიპონ. მერე მე ვიჯექი და ოცდარვა მარტს გაუმარჯოს-მეთქი. ანტონმა, რატო ოცდარვასო.  დღეს ხო ოცდარვაა მას-მეთქი. თურმე თარიღი ამერია. უფ, რავა შეგეშალა შე-კაცო, ოცდაცხრაა მაგრამ არა უშავს, ოცდარვას გაუმარჯოს, აბა ოცდარვა რომ არ დამდგარიყო, ოცდაცხრას რა მოგვასწრებდაო... ამასობაში ანტონმა კიდევ დალია და გულიმზე ეცა ხელებში, გაგიჟდი კაცო, დათვრე გინდა? მერე რას იტყვიან აი ბაღნები მასწავლებელი დავათვრეთო. კაიო არ ვსვამ მეტს ერთს მხოლოდო.  ჩემს სადღეგრძელოს მერე გაზაფხულის, მზის, გეოგრაფიის, კაი ამინდის და ტორტის სადღეგრძელოები მოყვა (ლადო – ტორტი უყვარს და არც მალავს). მერე ვკითხე, მას, თქვენზე ამბობენ, რომ საქორიას მთაზე  ხართ ნამყოფი, იქ რაღაცეებიც გადაგხდენიათ, მართალია-მეთქი. კიო. წავიდეთ მას, ვნახოთ მაგი ტბა-მეთქი და გაგიჟდი შენო, ვინც იქ მივიდა ყველას რაცხა მოუვიდა და რამე რომ მოგივიდეს რა ვუთხრა მერე მამაშენსო... ხო, მამაჩემი სოფლის საკრებულოს გამგებელია, მიხარია, რომ ეს თანამდებობა აქვს, იმიტომ  რომ სულ საკრებულოში ზის და სახლში იშვიათადაა... თუ სახლშია, ყოველთვის უნდა ან წიგნი ვიკითხო, ან მასთან ერთად ვიმუშაო. მას ხო დიდი თოხი აქვს, ჩემთვის პატარა დაამზადებინა მჭედელს, მას რომ დიდი წალდი აქვს, ჩემთვის პატარა წალდი მოიტანა.  მე კი დიდად არც მუშაობა მეპიტნავება და არც კითხვა... თუმცა ხათრს ვერ ვუტეხ, იმიტომ რომ სოფელში ყველა ერიდება და პატივს ცემს, თუმცა არ მახსოვს ვინმეს გაბრაზებოდეს ან ვინმე ეცემოს... საერთოდ კი უფრო ტყე-ღრეში მიყვარს ხეტიალი, სულ ზეპირად ვიცი სად რა გამოქვაბულია, სად რა ჩანჩქერი  და სად რა სორო. იქ კი  მამა არ მომყვება – არ ცალია. სამაგიეროდ მე და ლადო დავძვრებით ყველგან – სანამ არ მოშივდება. მამაჩემს არ ვეტყვი სახლში მაინც გვიანობამდე არ ბრუნდება-მეთქი... არაო – მოიკლა თავი, მაშინ ჩვენ თვითონ წავალთ-მეთქი. მაშინ კინაღამ გაგიჟდა, არ გაბედოთ მაი საქმე არას დიდებითო...  და ცრემლი წამოუვიდა უცებ, გულიმზე აწყნარებდა, გითხარი არ დალიო კაცო დათვერი უკვეო. ხოდა მაშინ მოყვა:  თქვენხელა რომ ვიყავი, მე და ჩემი კლასელი, უჩა ვიყავით იმ ტბაზე - ცხენებით, სახლიდან გავიპარეთ. იქ ძველი ღუზაც ვნახეთ, ტბაც, ხოდა ორივემ შევცურეთ და ფეხზე რაღაცა წამოგვედო და ფსკერზე გვექაჩებოდა, მერე ერთმანეთს ვეხმარებოდით ამოსვლაში, თან ვყვიროდით, იქნებ ვინმეს გავაგონოთ, მერე გონება დავკარგე და უკვე ნაპირზე დამიბრუნდა აზრი, თურმე მონადირეებს  გაუგონიათ ჩვენი ხმა და ორივე კი გამოგვიყვანეს, მაგრამ ჩემი მეგობრის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ანუ მე რომ გონება დავკარგე, უჩა ჩემს გადარჩენას ცდილობდა და არ მტოვებდა ტბაში... მონადირეები ახალგაზრდა ბიჭები ყოფილან სამნი, მეზობელი სოფლიდან. უკან დაბრუნებისას ერთს შემთხვევით თოფი გავარდნია და ამხანაგი შემოკვდომია.  იმის მერე დაწყევლილად თვლიან იმ ადგილს და ყველა ერიდება იქ ასვლასო...  ხოდა არავინ არ გაბედოთ, მომეცით ახლავე ყველამ პირობაო... კარგით მასო, ყველა დაეთანხმა -  ჩემს გარდა. 
იქედან ჩამრჩა გულში იმ ღუზისა და  ტბის ნახვა, მაგრამ მარტო წავალ, არ მინდა სხვა გაერიოს შარში...  ლადოსთანაც კი არ ვამბობ, წავლას რომ ვაპირებ. ალიას მოვახტები და საღამომდე უკანაც დავბრუნდები-მეთქი გადაწყვეტილი მაქვს...
მეორე დღეს მართლა მივედი რეპეტიციაზე. ლადომ გამომიარა. მოდიოდა და თან თხილს ჭამდა. იშვიათია ისე დაინახო, რამეს არ ჭამდეს – ნეტა არ ეზარება? მივედით ერთად სანდროს ეზოში. ბზიკებივით ირეოდნენ ბავშვები.  სცენა ჰქონდათ უკვე მოწყობილი – უზარმაზარი ცაცხვის ძირას. სარეცხის გასაფენ თოკზე ლამაზი ფარდაც ჩამოეკიდათ. სცენაზე პატარა ქარის წისქვილიც დაედგათ. სოფლის მანტიორი, გერმანე,  ხეზე პროჟექტორს ამაგრებდა,  გამოააბდლა იამ ბაღნები და უფროსებიც, აბა მარტო ბაღნები ვერ იზამდნენ ამდენს. თან საკვირველი რა არის: იტყვის რაღაცას გავაკეთოთო და ყველა უჯერებს. გოგოებთან საქმე არ მაქვს, ბიჭები კი მიჯერებენ, მაგრამ კარგა ლაზათიანი უნდა უთავაზო და მხოლოდ მერე, ეს კი  ერთს გაუღიმებს რომელიმე ბავშვს და ან უფროს და ყველაფერს უჯერებენ.
ისევ ისე შემხვდა, როგორც მაშინ, თითქმის ერთი წელი რომ არ ვყავდი ნანახი, გაღიმებულ-გაკაშკაშებული, სად ხარ,  სად დამეკარგე, იცი როგორ მჭირდებიო.
- რატო გჭირდები? – ისე ვკითხე, თითქოს არ ვიცოდე.
- შენ დონ-კიხოტი ხარ, მოიცა, აბა ვნახოთ ერთი ფრაზა, როგორ იტყვი, არა უშავს ჯერ წაიკითხე! – მეუბნება და  ფურცელს მაწვდის.
ხო ვთქვი ააბდლებს ხალხს-თქვა. რომ გინდოდეს წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევ. მეც ასე გამოაბდლებულმა დავიწყე კითხვა:
    `- სენიორა ტრიფალდი, ისე ძალიან მსურს თქვენი და ყველა ამ მანდილოსნის სუფთა სახით ნახვა და ისე მეშურება ეს, რომ უნაგირის ბალიშსა და დეზების გაკეთებაზე აღარა ვზრუნავ, თქვენი შველა ისე ძლიერ მეჩქარება~.
ვერაფერი ვერ გავიგე, ბჟოტიალი იყო რაღაც. რო წავიკითხე,  გაუხარდა,  ზუსტად ასე უნდა, ოღონდ ზეპირად უნდა თქვაო... ერთი კი გავიფიქრე, გიჟია, სკოლის დროს გაკვეთილი არ მისწავლია, ახლა ამ არდადეგებზე ეს ტექსტები უნდა მაზეპირებინოს, ფილმია ერთი, პატარა ბავშვების გუნდზე, ტრენერი ყავთ  ფეოლა, ხოდა ფეოლას ბიჭს, ფრიდონს, საშემოდგომო გამოცდა აქვს დარჩენილი და ტექსტს იზეპირებს ხის ჩრდილში დამჯდარი: `ამ დროს ავანტურისტ ქალმა მადამ დე პამპადურმა გააბრიყვა მეფე ლუდოვიკ მეთოთხმეტეო...~ ზუსტად ისე იყო ეს ტექსტი ჩემთვის ან გრაფის მეუღლე ტრიფალდი ვინ იყო,  ან ეს მადამ დე პამპადური... 
- კარგი, ოღონდ ეს ტექსტი ცოტა შემიმოკლე, თან არ შეიძლება, რომ დონ-კიხოტი ქართველი იყოს? – ეს იმიტომ ვუთხარი ბევრი სიტყვის მნიშვნელობა ვერც მივხვდი. გაიცინა.
- კარგი იდეაა, ქართველი დონ-კიხოტი, მაგრამ მაშინ სულ სხვა სცენარი უნდა დაიწეროს, ამის დრო კი არ გვაქვს, ისევ სერვანტესის იმედად დავრჩეთ! – ამბობს და ახლა ლადოს აძლევს ფურცელს.
- ლადო ეს შენი საპასუხო სიტყვაა, აბა ახლა შენ სცადე! შეგიძლია თან თხილი ჭამო.
ლადომ ისე, რომ თხილის ჭამა არ შეუწყვეტია წაიკითხა. 
`- მე კი არც მეჩქარება და არც რაიმე ხალისით ვიზამ მაგას,  ჩემს ბატონს ნება აქვს სხვა საჭურველმტვირთველი მოძებნოს და ამ ცხენის გავაზე ის შესვას, ანუ ამ მანდილოსნებმა თავიანთ გასაპარსად სხვა საშუალება მონახონ, რადგან ჯადოქარი ხომ არა ვარ, ჰაერში მოგზაურობაში რამე სიამოვნებას ვხედავდე. ან კი რას იტყვიან ჩემი კუნძულის მცხოვრებნი, როცა გაიგებენ, მათი გუბერნატორი ჰაერში დაფრიალებდაო~.
საწყალ ლადოს მეგონა გული წაუვიდოდა ამხელა სიტყვის წაკითხვის მერე, თუმცა ყოჩაღად ჩაიკითხა. იას ისე მოეწონა, ტაშიც კი შემოკრა, ვაიმე რა კარგი ბიჭები ხართ, ძალიან მიყვარხართო. ვერ არის ეს ია, როგორ შეიძლება ბიჭს უთხრა მიყვარხარო, თან ორს ერთად. 
ეს მართლა სერვანტესია, საქართველოს ამბები საიდან იცოდა-მეთქი, ვკითხე. ბოლო სიტყვები რომ წაიკითხა ლადომ, ასე მეგონა კურიერს ვუსმენდი, პრეზიდენტის ცაში ფრენაზე რომ იყო საუბარი. იამ, არა, ეს სერვანტესია, მეთექვსმეტე საუკუნეში წერდა ამასო. 
ადრე ლადოს დავცინოდი, გამოგააბდლა იამ-მეთქი, ახლა მე გავაბდლდი, თუმცა ჩემი განზრახვა წამითაც არ მავიწყდება. როლები ვისწავლეთ, სცენა მოვაწყვეთ, სანდროს და იას საერთო ბებიამ ძველი ტანსაცმელებიდან რაღაც ზიზილ-პიპილები შეკერა, ბაბუამისმა კი ძველი გადაგდებული ტაშტებიდან აბჯარი დამიმზადა, თავზე ჩაფხუტი ჩამომაცვეს და ხელში დიდი შუბი მოცეს – ხის, ვერცხლისფრად შეღებილი.  მე ვამბობდი, დონ-კიხოტის ცხენის როლი ალიას მივცეთ-მეთქი. იამ, ცუდია არ იქნებოდა,  მაგრამ შეიძლება ხალხმა ცხენი დააფრთხოს და  ყველაფერი აგვირიოსო. Aალიას  ვერავინ ვერ დააფრთხობს-მეთქი, მაგრამ იას ვერ გადავათქმევინე - არ გვინდა ახლა ალია  და ლურჯაო. ლურჯა ბაბუამისის ცხენს ქვია, მაგრამ  ორივე  დაიწუნა როსინანტის როლში. 
პრემიერის დღეც დაინიშნა, მერე სოფელში სხვადასხვა ადგილას აფიშები გავაკარით. აფიშაზე ეწერა, რომ მხოლოდ ერთი დღე სანდროს ეზოში რვა საათზე თეატრის მოყვარული ბავშვების დასი წარმოადგენდა სპექტაკლს მწუხარე სახის რაინდზე - დონ-კიხოტ ლამანჩელზე და მის სატრფოზე, დულცინეა ტობოსელზე.
Eეს დღეც მოვიდა. რვის ნახევარი იყო, ეზოში მხოლოდ ჩვენი ტოლა ბავშვები დაყიალობდნენ. ია აქეთ-იქეთ დარბოდა, ჩაცმულობებს გვისინჯავდა, ფარდის გასახსნელს ამოწმედა არ გაიჭედოსო, შუქს ამოწმებდა, არ ჩაგვიქრესო. არადა ვეუბნებოდი, დღე ჩაგვეტარებინა სპექტაკლი და არ დაგჭირდებოდა საერთოდ შუქი-მეთქი. დღე ვის ცალია სოფელში სათეატროდო, არადა მართალი თქვა.  მთელი დღე წუხდა, შეიძლება სკამები არ გვეყოს და რა ვქნათო. სკამი არ იქნება აგერ მოლზე ჩამოჯდებიან-მეთქი – ვუთხარი. საათის ისარი უკვე თითქმის რვას მიუახლოვდა და მაშინ დაიწყო და დაიწყო, ამდენი ხალხი გასვენებაში არ მინახავს.  სკამები რო შეივსო, მეზობელი ეზოებიდან დაიწყეს სკამების თხოვება. ცოტა ხანში ასე მგონია მთელი სოფელი სანდროს ეზოში იყო თავმოყრილი. მაყურებლებში ჩემებიც დავლანდე - დედა და მამა, ესენიღა მაკლდა. საიდან გაიგეს, მე ენა არ დამიძრავს სახლში, სპექტაკლში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი, მარა სოფელში რას დამალავ...
სპეტაკლიც დაიწყო. ფარდის გასაწევი ამდენი წვალების მერე მართლა გაიჭედა, მე პირველი გავდიოდი სცენაზე და შუბით გავხსენი, ეს ისე გამოვიდა, მაყურებელი ვერაფერს მიხვდა. გავედი და ვიყვირე:
`- ჰოი, ქალბატონო დულსინეა, ჩემი დამონებული გულის მფლობელო! რა მწარე ტანჯვას მაყენებ...~… … მერე წავიდა და წავიდა. ია გვეუბნებოდა, მაყურებელს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გაიცინებს, იტირებს, იყვირებს, თქვენ თქვენი სათქმელი თქვითო, ჩვენც მივაყარეთ და მივაყარეთ, რაც ტექსტები გვქონდა და გიჟებივით დავრბოდით სცენაზე. ხალხი იცინოდა, ერთ მომენტში კი,  ლამის ჩაგვეშალა სპექტაკლი, სანჩო, იგივე ლადო გამყავდა სცენის კუთხეში და ჭკუას  ვარიგებდი, ის კი მეუბნებოდა: `ღმერთსა ვფიცავ, თქვენო მოწყალებავ, უთუოდ ჭკუიდან შეიშალეთ. ეს მაგონებს ანდაზას: `უკვე ვმშობიარობ, შენ კი მეკითხები - ქალწული თუ ხარო~.  იმდენი იცინეს, კინაღამ ჩაგვეშალა დადგმა, ან სასაცილო რა იყო...
დამთავრდა სპექტაკლი, გააყრუეს მთელი ეზო ტაშით, ისე რომ ძლივს მიძინებული ქათმებიც კი ჩამოცვივდნენ ხეებიდან. მგონი ხუთჯერ გახსნეს და დახურეს ფარდა, ასე თუ ვუყვარდით მთელ სოფელს იცოდი? ბალზე ან მსხალზე რომ დაგიჭიროს ვინმემ,  მაშინ აგიკლებენ წყევლით-მეთქი, ვუჩურჩულე სანჩოს – იგივე ლადოს, მერე ვიღაცამ  დაიძახა რეჟისორი გვანახეთ სცენაზეო, და მაშინ იაც გამოვიდა, მე და ლადოს ჩაგვკიდა ხელი და ისე.  მერე ტანსაცმელი რომ გამოვიცვალეთ და ხალხს შევერიეთ,  რამდენიმემ ავტოგრაფიც კი მთხოვა - არ მაქვს-მეთქი...
... მეორე დილით დაპირებისამებრ ლადომ დათქმულ ადგილას უნაგირშეკაზმული ალია გადმოიყვანა, მე სახლში დავიბარე,  მდინარეზე მივდივარ-მეთქი... კარგიო, დედამ, ისე კი გაუკვირდა, ადრე ისე წახვიდოდი არაფერს იბარებდიო, მართლა მდინარეზე მიდიხარო? კი-მეთქი. თან ჩანთით  ჩუმად გამზადებული საგზალი მიმქონდა, ცოტა ხორცი,  ჭადი და ყველი.  ამ ჩანთში  სკოლის პერიოდში მხოლოდ ერთი რვეული მიდევს. სამაგიეროდ ახლა გამომადგა. ხო,  ალიასათვის სიმინდიც ჩავყარე, თუმცა ტყეში ბალახის მეტი რა იქნებოდა.
ლადომ გამეიბდღვნა კისერი, გეხვეწები მითხარი, ტბაზე მიდიხარ-ხოო, მითხარი და არავის არ ვეტყვიო. არა, ისეთ საქმე მაქვს, თქმა არ შეიძლება-მეთქი. მეც წამოვალო, თან დამცინის, საჭურველმტვირთველის გარეშე სად მიდიხარ თქვენო მოწყალებავო... მეც ვუთხარი დულსინეა უნდა ვიპოვო, ჩემო სანჩო-მეთქი...
ალიას ფეხები შემოვარტყი და გავრეკეთ... მინდოდა უკან მიხედვა, რას შვება ლადო-მეთქი, მაგრამ არ მივიხედე – ცუდის ნიშანია. მალე სოფელს გავცდით, უცებ თითქოს ალიას ფლოქვების ხმა გაორდა. ვფიქრობ მეჩვენება. მერე ვხვდები, ეს სხვა ცხენს ფლოქვების  ხმაა. ალბათ ლადო-მეთქი ვიფიქრე, ცხენი სად იშოვნა? მოვიხედე, ია ზის ბაბუამისის ცხენზე და მომსდევს. გიჟი, ხო ვთქვი ვერ არის,  ან სად მოდის...   
-  აქ რა გინდა?
-  შენ რაღა გინდა?
-  შენი საქმე არ არის. რატო წამომყევი უკან?
-  შენი საქმე არ არის.
-  იცი სად მივდივარ?
-  ვიცი!
-  აბა სად?
-  ტბაზე!
-  ვინ გითხრა?
-  არ გეტყვი!
-  ნუ მეტყვი. აბა ახლავე დაბრუნდი უკან, გაიგე?
-  ვერა.
-  ქართული ხო იცი?
-  ხო, მაგრამ შენი არ მესმის...
-  დაბრუნდი უკან 
-  არა.
-  არა?
-  ხო, არა დავბრუნდები!
-  ნეტა ბიჭი იყო რა!
-  და რას იზამდი?
-  ჯერ გცემდი, მერე ფეხებს მოგამტვრევდი, რომ არ წამოსულიყავი!
-  ბიჭი რომ ვიყო... 
-  ხო, აბა რა ბიჭი რომ იყო?!
-  ბიჭი რომ ვიყო აქ არ წამოვიდოდი.
-  მართლა?
-  ხო... …
-  ვითომ რატო...
-  იმიტომ,  რომ გოგოსთან საუბარი არ იცი და საზიზღარი ხარ!
-  წადი შვილო კარგებთან,  ჩემთან რა გინდა!
-  მე შენი შვილი არ ვარ!
რა უნდა მეთქვა. ეტყობოდა რა ჩქარ-ჩქარა უცემდა გული, მე კი თუმცა ვეჩხუბებოდი, მაგრამ ცოტა მიხაროდა კიდეც, ასე შეუპოვრად რომ ცდილობდა ჩემთან ერთად წამოსვლას, მაგრამ  იმ ტბასთან რაიმე რომ უნდა დაემართოს მაშინ... მაინც საიდან გაიგო სად მივდიოდი? ვხვდები, ალბათ ლადოს სანდროსთან წამოცდა, სანდრომ კი იასთან დაფქვა... არავის ნდობა არ შეიძლება... როგორ მოვიცილო ახლა ეს ია?
-  კარგი,  შენ წადი მაშინ! მე უკან ვბრუნდები!
-  მარტო მიშვებ?
-  მე არ დამიპატიჟებიხარ არსად, აჰა, თუ გინდა წადი?
-  წავალ!
-  ხო და წადი!  – იმედი მაქვს გადაიფიქრებს წასვლას.
-  წავალ...
-  ხოდა წადი...
-  მაგარი ჯენტლმენი ხარ, გოგოს მარტო მიშვებ
-  ხო გინდა მისვლა იმ ტბასთან?
-  ხო…
-  ხოდა წადი!
-  წავალ!
-  იციან თქვენებმა სადაც მიდიხარ?
-  სანდრომ იცის?
-  სანდროს დღეს ვერ მოვასწრებ და ხვალ გავუსიებ თავს...
-  სანდრო რა შუაშია, ხო გითხარი, საზიზღარი ხარ?
-  შენი საქმე არ არის, ვინ ვარ?
-  წავიდეთ რა ერთად, მე ხელს რაში გიშლი? – მოლბა უცებ.
-  შენ რაც გინდა ქენი, მე უკან ვბრუნდები!
-  შენ კი! შენ კი!
-  რა მე?
-  შენ მშიშარა ყოფილხარ?
`ნეტა ბიჭი იყოს რა, გავიგდებდი ახლა წიხლქვეშ!~
-  შენ იცი, როცა იმ ტბასთან ადამიანები მიდიან, სულ რაღაც უბედურება ხდება!
-  და ამასთან ერთად ცრურწმენებისაც გჯერა!
-  ეს ცრურწმენა არ არის, ეს ამბები მართლა მოხდა!
-  უბედური შემთხვევები მართლა ხდება, მაგრამ ყოველთვის ხომ არა!
ალბათ სიმართლე თქვა, მე კი არ ვიცოდი რა მექნა. მართლა მარტო ხო არ გავუშვებდი, თან უკვე ამდენი დრო დავკარგე, მე კი ნახევარი გზაც არ გამივლია, თან უკანაც უნდა მოვასწროთ დაბრუნება. მართლა რამე რომ დაემართოს, რა ვქნა? თან მეუბნება, მშიშარა ხარო? ვინ არის ამის მშიშარა!
-  კარგი, წამოდი, მაგრამ იცოდე მე უნდა დამიჯერო!
-  ვითომ რატო?
-  იმიტომ, რომ ეს სპექტაკლი არ არის!
-  კარგი, ხო დაგიჯერებ! – გაიცინა.
-  დამპირდი რომ ტბასთან რო მივალთ საბანაოდ არ შეხვალ!
-  გპირდები! – მითხრა  და ისევ გაიცინა... მოუხდა, ახლა შევამჩნიე, როგორ ლამაზი გამხდარა  ეს ალქაჯი. ალბათ დონ-კიხოტს უნდოდა მისი დულსინეა იას მგვანებოდა. ცხენზე კარგად იჯდა, თუმცა მისი ლურჯა, ალიასთან ვერ მოვა, ამიტომ გასწრება არ მინდოდა, რამდენჯერმე თვითონ გადამისწრო და ყოველთვის გადავუსწარი, თან ალია ვერ იტანს სხვა ცხენი რომ ასწრებს. ამ შეჯიბრში კარგა მანძილი გავიარეთ. Mმაგრად ჩამოცხა. ერთ წყაროსთან ვეუბნები, გინდა ცოტა ხანი შევისვენოთ, მე საგზალი მაქვს არ მოგშივდა მეთქი? კარგიო, გაუხარდა...
გემრიელად ილუკმებოდა, ცხენებმაც მოითქვეს სული, წყალიც დალიეს, ბალახიც ჭამეს, სიმინდიც ვაჭამე - ორივეს. ლურჯას რომ ვაჭმევდი, ეჭვით მოყურებდა ალია. არ გრცხვენია,  ამასაც ხო უნდა ჭამა-მეთქი ვუთხარი და თითქოს მიხვდა და თავი დამიქნია...
ისევ გავაგრძელეთ გზა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით მთას, მით უფრო ციცაბო ხდებოდა ბილიკები, ზოგ ადგილას ცხენიდან ჩამოსვლაც კი მოგვიწია. ყველაზე უფრო ბოლო აღმართმა გაგვაწვალა, როგორც იქნა ავედით და ვაკე ადგილიც გამოჩნდა შუაგულში კი ზუსტად ისეთი ტბა იყო, ანტონი რომ ყვებოდა... ისეთი ლურჯი, გეგონებოდა ცა არისო მიწაზე ჩამოსულიო.  ჩვენ მაინც მოვედითო! - დაიძახა იამ, ლურჯას ჯოხი გადაუჭირა და  ტბისკენ გაქუსლა. მეც უკან მივყევი და კვლავ გადავუსწარი. თითქოს დაღლილობაც მოგვეხსნა. ტბას ერთი წრე დავარტყით და ჩამოვქვეითდით.  ტბის ნაპირას ორი ჩვენი სიმაღლის ალბათ დროისგან სულ მთლად დაჟანგებული ღუზა იყო ნახევრად მიწაში ჩაკირული. ცხენებმა წყალი დალიეს და ბალახობა დაიწყეს.
-  მე უნდა ვიბანავო, შენ? – მეკითხება.
-  ხო მითხარი დაგიჯერებო, ამ ტბაში ბანაობა არ შეიძლება!
-  ვინ გითხრა რომ არ შეიძლება!
-  მითხრეს!
-  მე კი გეუბნები, რომ შეიძლება!
არადა მეც ერთი სული მქონდა წყალში შევცურებულიყავი, ამ კამკამა წყალში რა უნდა მოგვივდეს-მეთქი, ვფიქრობდი. სულ დამავიწდა ანტონის შეგონება.
-  მე ტანსაცმლიანად უნდა ვიბანავო, მაინც ცხელა და გზაში გავშრები! – თქვა იამ და პირდაპირ გადაეშვა ტბაში. წყალი თითქმის გამჭვირვალე იყო, ვხედავდი როგორ ჩაყვინთა იამ, ცოტა გაცურა და ამოყვინთა... ჩამოდიო, მეც დამიძახა...  ჩემი ყურადღება უცებ წლის ფსკერმა მიიქცია, ვხედავდი როგორ წამოიშალნენ ფოთლებიანი ღერები და იასკენ წავიდნენ... მაშინ გამახსენდა ანტონის სიტყვები, ფეხებზე რაღაცეები გვედებოდაო... ია ფრთხილად მეთქი დავუყვირე, მაგრამ მას უკვე ღერები ფეხზე ეხვეოდა.  ია  მთელი ძალით ცდილობდა მცენარეებიდან ეხსნა თავი.  მეც წყალში გადავეშვი, იასთან მივცურდი, ხელი ჩავკიდე და ნაპირისკენ ვცდილობდი გამოცურვას. ახლა მეც მომედო ფოთლიანი ღერები ფეხებზე და ფსკერისკენ მეწეოდნენ, ვცდილობდით როგორმე თავი  წყლის ზემოთ შეგვემაგრებინა მაგრამ თანდათან გვაკლდებოდა ძალა. შევნიშნე ჩვენ წვალებას ალია როგორ ყურდაცქვეტილი უყურებდა ნაპირიდან... ალია, გვიშველე-მეთქი, დავუძახე. მართლაც უცებ შემოვარდა დგაფუნით წყალში და გვერდულად მოგვიახლოვდა, ისე,  რომ უნაგირს მივწვდენოდით, მე ჯერ იას მივეშველე, რომ  უნაგირზე ასულიყო, მერე მეც ავედი და აჩუ ალია-მეთქი - დავუძახე. ალიას არ გაჭირვებია ჩვენი ნაპირზე გამოყვანა. ცხენის ფეხებმა თითქოს მცენარეები დააფრთხოო, ისევ ფსკერზე გაწვნენ. ანტონი  რომ ბოროტ მცენარეებზე გვიყვებოდა, ალბათ ესენი თუ არიან-მეთქი - გავიფიქრე... ცხენიდან ჯერ ია ჩამოხტა, მერე მე და მოლზე დავჯექით. ასე მგონია სულ წამიერად მოხდა ეს ყველაფერი... შევნიშნე, ია ერთიანად კანკალებდა... არ ვიცი შიშის, არ ვიცი, იმის გამო რომ წყალი იყო ყინულივით ცივი... გცივა-მეთქი,  ხო ცოტაო... თუმცა მზე აცხუნებდა და მალე კანკალმა გაუარა... უცებ შევნიშნე, იას თვალებიდან ცრემლი მოდის... ტირი-მეთქი, ვკითხე, არაო, თავი გაიქნია - მატყუარა... მე ავდექი და რამე რომ გამეკეთებინა, ჩანთაში დარჩენილი სიმინდის მარცვლები მოვნახე, ცხენებს ვაჭმევ... ლურჯამ უცებ ამაცილა ხელიდან მისი წილი, ალიამ კი თავი  გააქნია, არ მინდაო. რო დავაკვირდი, მასაც ცრემლი მოდიოდა თვალებიდან... უცებ ფეოლას სიტყვები გამახსენდა ფილმიდან, ფეხბურთელების სურათებს რომ ათვალიერებს და რა ხალხში მექნება საქმეო, რომ ამბობს, მეც ეს გავიფიქრე, რა მტირალებში მაქვს საქმე-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არ ვთქვი...  ისევ იასთან რომ დავბრუნდი, აღარ ტიროდა უკვე. ისევ ძველი ია იყო, თუმცა ცრემლებიც უხდებოდა.
-  როგორ ხარ, ია?
-  ახლა კარგად... წავიდეთ, ხო?
-  ხო...
წამოვედით, თუმცა გვარიანი შიში ვჭამეთ, მაგრამ მაინც რაღაცა მიხაროდა, ალბათ ის რომ განზრახვა ავისრულე და ეს ტბა ვნახე და კიდევ ის, რომ  ცოცხლები ვბრუნდებოდით უკან.
-  ისე რა ლამაზია აქაურობა, ხო!? – მკითხა უცებ, სანამ დაბლა დავიწყებდით დაშვებას და  ტბა თვალს მიეფარებოდა.
-  ხო!
-  იცი, თავიდან რომ დავინახე ტბა და ეს ადგილი, უცებ გავიფიქრე, რა კარგია აქ სახლი გვქონდეს-მეთქი, მაგრამ ახლა არ მინდა! 
-  რატო?
-  რა ვიცი! სახლი მინდა, მაგრამ აქ არა! – გაეცინა... მე არაფერი მითქვამს.
-  ხო მართლა, მადლობა, მგონი სიკვდილს გადამარჩინე!
-  მე რა მადლობა, ალიას მადლობა, იმან გადაგვარჩინა ორივე!
-  რა კარგი ცხენია ხო, ახლა არ მიკვირს ასე რომ გიყვარს?
-  ხო...
უკან დაღამებამდე დავბრუნდით. არც არავინ გვეძებდა – ერთი ლადო და სანდრო დაგვხვდა სოფლის დასაწყისში და ანტონი. იყავით ტბაზეო – სამივემ ერთდროულად გვკითხა.  არა-თქო, ერთდროულად, შეთანხმებულივით ვუპასუხეთ ჩვენც... 
მე გული მწყდებოდა, რომ  მალე არდადეგები დამთავრდებოდა და ისევ სკოლაში უნდა დამეწყო სიარული, ია კი ისევ ქალაქში წავიდოდა და ისევ ერთი წელი უნდა მელოდა, როდის დაიწყებოდა ზაფხული... 

10.10.2010 წ.


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს