ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

კარდიოგრამაზე დანახული ლექსი (არაა ორიგინალი)

ზმუის დიაგრამა, მოაქვს ტაეპები,
სისხლსაც მისინჯავენ, მგონი გავრბივარ და
გული ბაგაბუგობს, თანაც გამეტებით,
ვატყობ პულსაციაც ორზე გამიმრავლდა.

აგერ დიაგრამამ კოცნაც ამობეჭდა,
და თან მოაყოლა ვნება უდიდესი,
ქალიც გადმოხატა, თავთან მე რომ მეჯდა,
ჩემი სიტყვებიც თქვა ''ხარო უწმინდესი''.


მოდის დიაგრამა, მე კი გამაცია,
ვატყობ მეყინება უკვე ხელები და
მგონი დავემსგავსე ბებერ აკაციას,
სულს რომ ამოიტანს ბოლო ხველებიდან. 

მოდის დიაგრამა, მოაქვს სტრიქონები,
სიცხე გადასცილდა ოცდამეცხრამეტეს,
ვგდივარ გათანგული, ოფლით ვიპოხები,
ფილტვებმა სასუნთქავად აღარ გამიმეტეს.

თითქოს ამ სხეულმა სულიც მიაბარა:
- ღმერთო მე მოვდივარ შენსკენ იცოდეო -
ბოლო სიტყვა ვთქვი და მოდის დიაგრამა,
სიტყვით ორიოდე: "დიდხანს იცოცხლეო"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები