ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2010


იები, რომლებიც მხოლოდ რუსთაველზე იყიდებოდა (ჩემს გურის)

  მე შენ ისეთი მიყვარდი როგორიც იყავი. შენ ჩემი იყავი, შენ იყავი „მე“ და როგორ შეიძლებოდა საკუთარი სხეული არ მყვარებოდა? საკუთარი სული? შენ ჩემს ყველა უჯრედში იყავი და მე ვიყავი თითოეული შენი უჯრედი. ჩემი სუნთქვა იყავი და მე შენით ვივსებდი ფილტვებს. მე შენით ვცოცხლობდი, გსუნთქავდი, გსვამდი, ვსაზრდოობდი შენით... შენ მე გამზარდე, გამომკვებე, გამათბე, ამავსე... შენ ჩემში პატარა მზეები ჩაასახლე და მე სიყვარული ვშობე, ჩემში მზეებად შემოსული. ის პატარა იყო და ერთად ვზრდიდით მას. მე რომ მეძინა, შენ მიგქონდა მტირალთან თბილი კომპოტი. როგორც კი კოვზს ტუჩებთან მივუტანდით, გაიტრუნებოდა და თვალების ცეცებას იწყებდა სასაცილოდ...
  გახსოვს ის დღე, რუსთავლეზე რომ ვსეირნობდით? როგორ არ გახსოვს, თოვლისფერი საყურე რომ მიყიდე და იქვე გამიკეთე გაყინული თითებით ყურზე? გამყიდველი ბიჭის უცნაური თვალები არ გახსოვს? ნეტა რატომ გვიყურებდა ასე? ენანებოდა, ვითომ, თავის ხელქმნილი სამკაული? სითბოჩაღვრილი, ნაფაქზარი, ნალოლიავები... ან, იქნებ, ჩვენი  შემხედვარე ფიქრობდა, ტყუილად არ მიწვალია, საიმედო ხელშია ჩემი ქმნილებაო? ხო, ალბათ, ასე ფიქრობდა...
      ის პირობა მაინც არ გახსოვს, ბავშვივით ხელში ატატებულს რომ მომეცი ჩემი დაჟინებული თხოვნით?
    -არასოდეს დაგტოვებ მარტო!
    -დამპირდი, რომ ჩემზე ადრე არ მოკვდები!
    -ნუ სულელობ, ჩემო...
    -არა, დამპირდიიი... –(რა ბავშვურად ჯიუტი ვიყავი შენთან)
    -გპირდები, შენზე ადრე არ მოვკვდები, არ დაგტოვებ არასოდეს მარტო...
    -ჩვენ ერთად დავსრულდებით! ერთად დავილევით! - ვტიტინებდი მე და პატარა ბავშვივით ვაფართხუნებდი ფეხებს, ვითომ შენი მკლავებიდან თავიდ დასაღწევად, ხელები კი ისე მქონდა შენს კისერზე შემოხვეული, თვით ეშმაკსაც შევებრალებოდით დასაშორებლად...

<<<>>>

    ...მერე შენ ომში იყავი და მე ჩემს გმირს ველოდებოდი...
    ველოდე, მაგრამ არ მოვიდა...
    -პირობა ვერ შევუსრულეო - ესღა გითქვამს ბოლოს...
    მე კი ვამბობ, რომ ყველა პირობა შემისრულე. შენ ჩემი გული იყავი, რომელიც დღემდე ფეთქავდა... ჯერ მე მოვკვდი და მერე ჩემი გული... შენ ჩემზე ადრე არ დასრულებულხარ, ჩვენ ერთად მოვკვდით თითქმის - ჯერ მე და სუუულ ოდნავ მერე - შენ...
    შენ სულ ჩემთან იყავი და არცერთხელ არ მომნატრებიხარ, მე, უბრალოდ, ის იები მენატრებოდა ხანდახან, რუსთაველზე სიცივით მოკრუნჩხული მოხუცისგან რომ ყიდულობდი ჩემთვის ყოველ თებერვალს. ეს პირველი იები იყო, აკანკალებული თითებით ციცქნა კონებად შეკრული... იები, რომლებიც რუსთაველზე იყიდებოდა... რუსთაველზე და სხვაგან არსად...

<<<>>>

    ვინ თქვა, რომ სიკვდილის მერე ადამიანები გვირაბს ხედავენ და მის ბოლოს სინათლეს? ეს ვინ მოიგონა?
    ჩემს სიკვდილში არც გვირაბია და არც - სინათლე... აქ შენ ხარ, აჩქარებული ნაბიჯით ჩემსკენ მომავალი, თებერვლის იების სუუულ, სუუულ პაწაწინა თაიგულით ხელში...
    მე კი მეგონა, ასეთი იები მხოლოდ რუსთაველზე იყიდებოდა... - ვჩურჩულებ თითქმის უხმოდ და ყურის ბიბილოსთან შენს ღიმილს ვგრძნობ...
    ყოველთვის ასე იღიმი, როცა ბავშვურად ვტიტინებ... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები