ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


სასძლო ხაზართა

ივრის ვიწროში  ვერ გაეტია,
რისხვად შეტბორდა  წარღვნა ხაზართა,
ცეცხლით და შანთით  გადაიარეს,
ჯვარ-გუმბათები  ლეწეს ტაძართა,
წინ ფიანდაზად  ფინეს გვამები,
დუღდა საკირედ  რკინა და რვალი,
მათ ხახა-მუცელს  რაც გადაურჩა,
აღმა ადინეს  ივრისა წყალი.
მოსრეს უჯარმა,  დარბაზ-პალატნი,
ცეცხლით აღგავეს  ეზო-შუკანი,
გველეშაპივით შემოგვანჩქრიეს
სუნთქვა სტომაქის  ლეშ- სისხლუკმარი.
ვაზი მოთხარეს, ბაღი გადახნეს,
გადაატარეს ცეცხლის გუთანი,
ჩამოგვიშალეს  ციხის ზღუდენი,
ლარით აივსეს ხურჯინ-გუდანი.
ჩამოგვიწყვიტეს ოქროს ბორჯღალი,
ჩამოგვილეწეს  ცის  ბროლ-შუშანი,
სხივ - ნამცვრევივით, ბოჭორმის ციხით,
გამოიყვანეს  ქალ-მზე შუშანი.
გალაღებული, ნაალაფარი,
ხაზართ სარდალი  მიჰქრის ბლუჩანი,
ძოწეულით და ფარჩა-ატლასით
მოსილი ეტლით  მიჰყავთ შუშანი.
გადაიარეს  კახეთი ,  ქართლი,
მტრის ნაოხარი და ნაფუშარი,
არ ჩანს მდევარი, სახეს იხოკავს,
წყლული წყლულს ერთვის მოუშუშავი.
ჰა, გადაიხსნა დარიალანი,
თერგი ბორგავს და რისხვით მძვინვარებს,
დაემშვიდობა  ქალმზე შუშანი
სამშობლოს ცას და სპეტაკ მყინვარებს.
მტრის დედოფლობას მიჯობს სიკვდილი,
არა, ჩემს მიწას  ვერ შეველევი,
ბოჭორმას  შეწყდა სიცოცხლე ჩემი
ვეღარ მომწვდება  მდევარ-მშველელი,
ბეჭედს ახადა თვალი ზურმუხტი,
გესლი ასპიტის შავ-მწვანედ ჩანდა,
ბაგე შეახო, შესვა სიკვდილი
და სიზმარეთში გაუჩინარდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები