ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ნოემბერი... ბალადა ჩვენებურებზე (მოხუცი) 2010



დაჰკიდებია მხრებზე სუსტი სხეული მისი
სიმძიმით მთელი...
ცხოვრობს - მოგონებების გაღმა...
ამბობენ მოხუცები - ბავშვდებიანო ისევ,
იცის რომ დაბრუნდება - ქვეყნად ალლაჰი თუა...
სხვა ღმერთი ჰყავს და მისი თურქული სიმოხუცე -
ქართულ ბავშვობას მაინც ვერაფრით შეაგუა...

ახსოვს პირველი გოგოს პირველი სიმშვენიე -
რე-მაში გავარდნილი პირველი ცხენის გაწვრთნა,
უნდა რომ წამოდგეს და შვილიშვილს იშველიებს,
უნდა რომ იმღეროს და ცრემლი ეფსკივნება ყელთან,
აცნობიერებს მერე რომ აღარავინ არ ჰყავს
თავს კი შინდაბრუნების იმედით იცოცხლებდა -

აქამდე, ჰოდა ფიქრობს რომ ყველაფერი მორჩა,
წამიწამ ცოტავდება მწარე სიცოცხლის სირჩაც,
საკუთარ თავში ადრე გადურჩენია გოჩა
და იმ გოჩათი გლოვობს ვერ გადარჩენილ ხვიჩას!...

.......................................................................

გამოუჩინა ხალხმა მიწას მორიგი უბე,
შვილებმა მიცვალებულს თავქვეშ დაუდეს წიგნი
და იგრძნეს სხვის მიწაზე - თუ რა მძიმეა კუბო,
როდესაც ქართველია ჩასვენებული შიგნით.............





მეტყველების ნაწილები (გიძღვნით თქვენ ყველას)

კითხვა - “ვინ?” და “რა?” (სულიერი - ამ შემთხვევაში)
ვარ და ვაპირებ ჩემი ის გზა, მთელი გზა ჩემი
დავწერო, ანუ მოვყვე, ანუ თუ როგორც ხდება,
გავხსნა ყოველი კვანძი, აზრი, ზღუდე, ჯებირი
ვინაიდან და ვინაიდან რაც გამივლია,
დაყოფილია მეტყველების ნაწილებივით.

ჩემი ბავშვობა ძირითადად სასაცილოა
დღევანდელი და ხვალინდელი გადასახედით...
ბევრი დავკარგე, ზოგი მალე ზოგი გვიან და
არსებობასთან გამიჯნულნი ბოლოს კვდებიან,
ანუ რაც მქონდა და ვინც მყავდა და ვინც შემომრჩა,
ამ ლექსის გარდა, -  ა რ ს ე ბ ი თ ი    ს ა ხ ე ლ ე ბ ი ა.

მერე მიყვარდა პირველად და ისე ლამაზად,
რომ უფრო მეტად შემიყვარდა კითხვა “როგორი?”
და იმ ეტაპზე სიყვარულის, როცა “როგორ ხარ?”-ს
მკითხავდნენ, ცამდე მიხაროდა, მერე წერტილი
დაისვა, ხოლო ჩემი გრძნობა  ზ ე დ ს ა რ თ ა ვ    ს ა ხ ე ლ ს
ლაქად დააჩნდა გაწყვეტილი  ეპითეტივით.

რამდენი წლის ვარ? ოცდაორის და პირიქითაც, -
ოცდაორის ვარ, ბანალური  პალინდრომივით,
აქ მეგობრობის ავ-კარგზე და დაკარგვებზე და
მსგავს ამბებზე და ფაქტებზე და ყველა წვრილმანზე
მსურს ვისაუბრო... მეგობრებს რომ ვეღარ ვითვლიდი -
ახლა სად გაქრნენ, ხშირად ჩემს თავს კითხვით ვაწუხებ
და თვითონ მქვია ამ ეტაპზე, ვხვდები, - კ ი თ ხ ვ ი თ ი.

მე ვერასოდეს ვიგუებდი უმოქმედობას,
უმოძრაობას და მისთანებს, რადგან ყოველთვის
ვიყავი ჩემი საკუთარი თავის პოეტი, -
მხოლოდ ბედის და სტრიქონების მთელი ნაზავით...
ანუ ვხატავდი როგორც მსურდა, ხოლო ამჟამად,
ჩემი დღეები ირწევიან დაღლილ  ზ მ ნ ა ს ა ვ ი თ.

ო, ალბათ ასე წარიმართა ცხოვრება მერე,
უჰ, რა დრო იყო, - მე რომ ეს ვთქვა, სასაცილოა,
რადგან რაც ვნახე, წავიკითხე, ვხატე და ვწერე,
მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებში თუ კი ეგულვით
სხვა ჩვეულებრივ მოკვდავებს და პოეტიც ალბათ
არის ხალხსა და უფალს შორის  შ ო რ ი ს დ ე ბ უ ლ ი.


ჩვენ უნდა დავრჩეთ ან წიგნებში, ანდაც გრძნობებში,
მოგონებებში, ასე გვინდა, რაღა თქმა უნდა,
მოყოლისას კი, რაც ვნახეთ და რაც გავიარეთ,
კარგს ვყვებით მარტო და ამიტომ, ნაცვლად სახელის
მოხვეჭას კი არ, ცოდვებს ვიხვეჭთ მხოლოდ და მხოლოდ
და გვქვია ერთი უმნიშვნელო  ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი.

ზ მ ნ ი ზ ე დ ა,  ალბათ, არის ხიდი სხვა სამყაროსთან,
სხვა ნაწილებთან მეტყველების როგორც ასეთი,
წინდებული  კი მოაჯირი არის ხიდისა,
ის მოაჯირი, ვეჭიდებით რასაც წლებია
უკვე და ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება,
მილიონობით გზებია და  კ ა ვ შ ი რ ე ბ ი ა.


მერე ჩვენ ვირჩევთ ამ გზებიდან ერთ-ერთ გზას მუდამ,
ოჯახებს ვქმნით და ისტორიებს ვამატებთ ფურცლებს,
ჩვენი გვარის და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უფლის და
სანამ ეპოქა მატიანეს ისევ გაჰკივის,
გარდავიცვლებით და ზეციდან საფლავი ჩვენი,
სავარაუდოდ გამოჩნდება  ნ ა წ ი ლ ა კ ი ვ ი თ.




                        უ ბ რ ა ლ ო დ

უბრალოდ დილა, უბრალოდ შენ, უბრალოდ მე და
უბრალოდ ქარი, უბრალოდ ცა, უბრალოდ  უბრად
ვართ ამ ბოლო დროს და მუსიკა დეკემბერს ხვეტავს,
უბრალოდ როცა საკუთარი თავისთვის უკრავ,
უბრალო ნოტებს, უბრალო ბედს, უბრალო რიტმით,
უბრალოდ გიცქერ, უბრალოდ მკლავ, უბრალოდ მინდა,
ისევ და ისევ ჩემი გერქვას და თუგინდ თითქმის,
უბრალოდ როცა გაზაფხულის ამინდებს ბინდავ
უბრალო დღით და უბრალო წამს, უბრალო ბრალით,
უბრალო სუნთქვით, უბრალო გზით, უბრალოდ მხოლოდ
და ვზივართ ერთად პოეზიის კაცი და ქალი,
უბრალოდ გვხიბლავს სტრიქონების სხვადასხვა სოლო,
უბრალო ლექსის, უბრალო დღის, უბრალო ღამის,
უბრალოდ უკვე ყველაფერი უბრალო გახდა
და სადაც არის, სადაც არის გავგიჟდე ლამის,
უბრალოდ მდგარი სიყვარულის უბრალო სახლთან,
უბრალო ქუჩის, უბრალო გზის გადაღმა სადაც,
უბრალოდ ცივა, უბრალოზე მეტადაც ხშირად
და ზამთრის სუსხი ბებერ ძვლებში იმდენად ატანს,
უბრალო წამი გეგონება უბრალოდ კვირა.
უბრალო შვილი, უბრალო ძმა, უბრალო და - და
უბრალოდ ახლა, უბრალოდ ხვალ, უბრალოდ ასე,
ჩვენი დღეების შავ-თეთრ კადრებს თავიდან ვხატავ,
უბრალოდ უფრო უმეტესად ეთმობა ხაზებს,
უბრალო ვადა, უბრალო დრო, უბრალოდ წუთი,
უბრალოდ წელი, უბრალოდ თვე, უბრალოდ ხანა,
ჩვენი წლები კი ჩვენი ეზოს გადაღმა თუთის
უბრალო ხეზე სულ სხვადასხვა ტოტებთან წვანან.
უბრალო ფიქრებს მიაცილებს უბრალო ჩქამი,
უბრალო კრთომაც უბრალოეს ზმანებებს ერთვის
და ვზივარ ასე მარტოსული ამ წყეულ ღამით,
ღამით რომელსაც ვერ ვუპოვე უბრალოდ ღმერთი.





          ორფრთიანი ლექსი

ზოგი კვალით და უკვალოდ გაქრა,
ჩვენც მხოლოდ მიწას ვირჩევთ და ვიყოფთ,
ის გახდა მამა იმ ღამით მაგრამ,
მამაზე უფრო პოეტი იყო.

ვიტოვებთ გრძნობის მცირედს და ნაგრამს
და ხშირად გვიწევს ერთურთი ვრიყოთ,
ის წერდა ლექსებს იმ ღამით მაგრამ,
ლექსებზე უფრო პოეტი იყო.

ტვინს გვიხრას ხშირი ცოდვების მახრა,
ამ მხრებმაც აწი როგორღა იმხროს,
ის მიჰყვა ეშმაკს იმ ღამით მაგრამ,
ცოდვილზე უფრო პოეტი იყო.

საკუთარ სახეს ნიღბებზე ვაკრავთ
საკუთარ ტახტს კი ჩვენ თვითონ ვიმხობთ,
ის გახდა მეფე იმ ღამით მაგრამ,
მეფეზე უფრო პოეტი იყო.

ცა იდგა იმ დღეს პოეტის სახლთან,
როგორც ჩარჩოდან გასული დელგმა,
ხოლო ის უკვე იმდენჯერ გახდა,
რომ მხოლოდ სუსტი პოეტი ერქვა.



  # # # # # # #

აი ასეთი გარემოცვა, ზიხარ შენ გარეთ, მერე უბრალოდ ღრუბლები
გადაივლიან დედამიწას, იქნებ იწვიმებს, ანდა უბრალოდ აღარც კი
მოვა ლამაზად, მოვა ძალიან, მოვა და მოვა რაღაცნაირი უფლებით
წერის სურვილი, როგორც ნერვებში, როგორც თუნუქზე ინიციალის დაკაწვრა.


შენ გეყვარება უფრო შიგნიდან უფრო გარედან სართულიანი სპაზმებიც,
იმოქმედებენ როგორც სჩვევიათ ესურვებათ და სულის სიმშვიდის ფორმულით,
ცას შეეხსნება როცა იწვიმებს, როცა ითოვებს უამინდობის თასმები,
კედლის რუქაზე დაღამებისას მოგეჩვენება მთელი პლანეტა ორ ლულად...

მერე დაწვები ცოლთან რომელიც საუბედუროდ კარგა ხანია აღარ გყავს,
სულივით ღია სარკმლიდან მოჩანს ევკალიპტები რომლებიც ქარში ტოკდება,
შენი ლექსებიც იქნება მხოლოდ მორიგი წვიმის, წვიმის და წვიმის დანაყვა,
მერე იცინებ ნერვიულად და მერე და მერე, მორიგ მერემდე  მოკვდები.

თუ გაათენებს ეს დედამიწა ბრმა ალიონებს შენი დამპალი ფანჯრიდან,
გათენებამდე მთვარე იქნება ოკეანეთა ფსკერში გაჩრილი ოპალი,
ხოლო თუ ასეთ ამინდებისას, მხოლოდ და მხოლოდ შენი თავისთვის დაგჭირდა
ბედნიერება, მაშინ უბრალოდ პოეზიაში ეს ამინდები  მოკალი.



უცნაური გზაჯვარედინები

ელვამ გახეთქა ღამის
ლონეტა,
წვიმამ კარტივით აჩეხა
ბინდი...
თითქოსდა სადღაც ბოლო პოეტი
ახლა წვერივით იპარსავს სინდისს -
ისეთი დროა,
ისეთი ჟანრის
და ვგრძნობ ფილტვიდან იწყება შიში,
სველი ფოთლები დაიწყებს შიშინს,
როცა მზეები მოკრეფენ ქარებს.
მოგძებნი მერე რაც უნდა ზოგო,
ნერვების ყველა წერტილი
ლექსად
და დედამიწის დედოფალ გოგოს,
უდაბნოს ბოლო  წვეთივით შეგსვამ,
მაგრამ ჯერ დროა,
ისეთი დროა,
იმდენად დროა,
დრო და დრო
ვკვდები,
დრო არის თეთრი,
დრო საავდროა,
დრო არის ახლა
მოსილი კდემით.

სხვის ზეცას მზე აქვს აკრული ლოგოდ,
ჩემი ცა მტირალ ამინდებს მღერის
და გეძებ მთელი ცხოვრება, როგორც
ეძებდა ოქროს ტომ სოიერი....................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები