ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


ყორანი (გიორგი გაბაიძეს)

გაფრთხილდი!
ზურგიდან გაგთვალავს ყორანი,
ზნეყურჭი შენს ბეჭთან ყორეებს იშენებს,
დაყნოსავს, დაბრჭყალავს
ბროლ-ყირმიზ ყვავილებს,
თეთრ ჩოხას აგყრის და ყარას დაგიმშვენებს.
გაფრთხილდი! ყორანი არ მოშლის ქოვლობას,
აფთართა  ნადიმზე თუ მოყვრად გიყოლებს,
ღვიძლს  ამოგიხაპავს ყვიციან ნისკარტით,
გულს ამოგარიდებს,
ლეშს ამოიყორებს.
გაფრთხილდი!
ყორანი ყალყზეა შემდგარი,
მყვარ-გველებს გიმრავლებს ყაყაჩოს მდელოზე,
სახეზე ვერ იცნობ,
იცვლის და იხდენავს,
ხან მოდემონოა, ხან მოანგელოზე.
გაფრთხილდი!
ყორანი და-ძმობას  შეგფიცებს,
მომყრალო ყაშყაშით ფრთას შუბლზე  შეგახებს,
წაწალადაც წაგყვება,
თავს  მკერდში  ჩაგიდებს,
თავისავ ბუმბულის გაგიგებს  ქვეშაგებს.
გაფრთხილდი!
ყაჩაღი ყორანთა დასები
ყურანზე ნამყენნი საყდრის ჯვრებს ჯდებიან,
თავს შეგატყუებენ, სულგაყიდულები,
გარყვნილად ნაყარნი წმინდანად კვდებიან.
გაფრთხილდი !
ზურგიდან მზირალი ყორანი
ნაყროვან მყეფართა ხროვებთან ყონაღობს.....
არ ყუჩობს ძერღვები გესლიან მოსისხლის,
ყორანი ყორნის წილ ჯერ ისევ ყორანობს.....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები