ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2010


"მააა"-ს

  როცა უცნაურად სუნთქვა დაიწყო, ჩავიხუტე და თავი ავუწიე... მეგონა ეს უშველიდა.
  მერე ხროტინი დაიწყო... მერე... მერე მისუსტდა, მიჩუმდა და... ხროტინი შეწყდა.
  მერე სიკვდილი ვნახე პირველად, მაგრამ ვერ ვიცანი ის...
  მეზობელმა ქალმა თავისთან წამიყვანა. იქ ჩემი თანატოლი და-ძმა ცხოვრობდა.
  მახსოვს, დიდხანს ვისხედით ცეცხლთან და ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ ელისო დეიდა ფუსფუსებდა და ქვეშაგებს აგებდა იქვე კედელთან მდგარ ტახტზე.
  ყველას თვალებში სიბრალული იკითხებოდა. მე ვერ მივხვდი რატომ...
  როგორ დამაწვინეს, არ მახსოვს.
  ჩემს წინ ფანჯარა იყო და თხელი ფარდიდან ციდან მხიარული ფარფატით წამოსული თებერვლის ფიფქები ჩანდა. მათში ბევრი სიცოცხლე იყო... სიცოცხლე იყო ზამთრის შიშით ჩუმად ამოწვერილ იებში, იმ წყაროში ჩემი სახლის გვერდით რომ ჩამორბის ანცი ბავშვივით, იმ ზამთარსგადარჩენილ ფარვანაში, მბჟუტავ ნაკვერჩხლებს რომ დასთამაშებდა თავზე... ყველგან სიცოცხლე იყო და მე ისევ არ ვიცოდი რა იყო სიკვდილი. ვერ დავინახე ის და ვერ აღვიქვი...

<<<>>>

  დილით, როცა სახლში მისულს მამიკომ მისუსტებული ჩიფჩიფით აღარ მითხრა მაკოცე და კანფეტს მოგცემო, როცა დედამ მისთვის გასაკეთებლად აღარ მოამზადა მორფინის კიდევ ერთი დოზა, როცა ის ხროტინი კი ვეღარ გავიგე, ღამით რომ უჩუმრად მიწყდა, მივხვდი რომ გარშემო მხოლოდ სიცოცხლე არ იყო.
  სიკვდილი დავინახე და...

<<<>>>

  მე დღეიდან ვეღარავის დავუძახებდი “მააა”-ს...
  მე ობოლი დამერქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები