ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
7 დეკემბერი, 2010


ცქაფო და ცისია

ციყვი ცქაფოს ფუღუროში
დიდი სამზადისია,
ორი წელი შეუსრულდა
კუდფუმფულა ცისიას.

ფაციფუცობს ცქაფო, სუფრას
ასოცდაათ ციყვიანს
ცოტა ხელი ხომ არ უნდა?
ეხმარება ცისიაც.

მოუყრიათ უკვე თავი
საციყვეთის ბინადრებს,
ცქაფომ, შვილის დღეობამდე
რამდენიმე დღით ადრე

მოსაწვევი ბარათები
დაურიგა მეზობლებს,
მეზობლების ნაცნობებს და
ნაცნობების მეგობრებს.

საჩუქრების გროვა დადგა,
ცქმუტავს ციცქნა ცისია,
ვერ იჯერებს, ნუთუ ყველა
საჩუქარი მისია?

სუფრა არის არნახული:
ნუში, თხილი, კაკალი...
თუ რამეა საკნატუნო
ციყვებისთვის, აქ არის.

გემრიელად მიირთვეს და
დროც ატარეს ზღაპრული,
ცისია კი საჩუქრების
ნახვით იყო გართული.

შუაღამით გააცილა
ცქაფუნიამ სტუმრები,
ციყვებს კბილები სტკიოდათ
ნუშის ნაკნატუნები.

ალაგებდა ცქაფუნია
ნასუფრალს და ფიქრობდა,
დარჩენილი თხილით
ზამთარს გაიტანდა, ვითომდა?
...
ზამთარია, ისე ბარდნის
არაფერი არ მოჩანს,
უცებ, მკრთალად ორი ციყვის
ორი კუდი გამოჩნდა.

წინ - ცისია კუდფუმფულა,
ტომრის უკან - ცქაფუნა,
ტომარაში - წაბლი, თხილი,
რკო, კაკალი კნატუნა.

თქვენ იფიქრებთ, "თოვლში ციყვმა
კაკალს როგორ მიაგნო?"
ნუ ხართ ასე სულსწრაფები,
სულ ყველაფერს გიამბობთ:

ცქაფოს შუა დეკემბერში
სარჩო შემოელია,
ფუღუროში შეიყუჟა,
სევდა შემოერია.

ცისიამაც მოიწყინა,
აშინებდა ზამთარი...
საციყვეთში ყველას მოსდო
ჩიტმა, მათი ამბავი.

-დავეხმაროთ მეზობლებსო!
აჩურჩულდნენ ციყვები.
თქვენ გგონიათ მე ვიგონებ? -
ნამდვილ ამბავს გიყვებით.

ახლა მიხვდით ის ტომარა
საჭმლით სავსე რად იყო? -
ყველა ციყვმა მეზობლისთვის
მოწყალება გაიღო.

დიდ სიხარულს ვერ მალავდა
ჩიტი, ენატანტალა.
ხედავთ? ციყვებსაც სცოდნიათ
ერთმანეთის გატანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები