ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პროზა
14 დეკემბერი, 2010


___________ბიბლია____________

    - ას ორმოცდაათი სასწრაფოდ!....... ყრუდ ჩაესმა შორიდან მომავალი ხმა. გაშლილ მინდორზე იდგა ფეხშიშველი, ბალახის ქვეშ სველ მიწას ეხებოდა, გრილი ნიავი სახეზე ეფერებოდა, თავს ძალიან მსუბუქად გრძნობდა. პირველად მიეცა საშუალება მარტო დარჩენილიყო საკუთარ თავთან. ეფიქრა იმაზე თუ რა გაუკეთებია ცხოვრებაში. გაეღიმა. გაახსენდა, როგორ უყვარდა ოდესღაც. მართალია ეს სიყვარული მრავალი წლის წინათ დასრულდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ გრძნობის რაღაც ნაწილი ისევ ცოცხლობდა მასში.
- კარგია, რომ მიყვარდა – გაღიმებულმა ჩაილაპარაკა.  სულ ვმუშაობდი, არაფერი მაკლდა, ბავშვობის ყველა ოცნება ავისრულე. მყავს მოსიყვარულე მეუღლე და შვილები, საცაა შვილიშვილიც მეყოლება. ყველაფერი გამაჩნია რაც კი კაცმა შეიძლება ინატროს. რაც მთავარია ხალხს ვუყვარვარ, ყველა ელოდება ჩემგან დახმარებას და მეც ვცდილობ იმედი არ გავუცრუო.
    - ორასი, ორასი იჩქარეთ!............. ხელში მრავალძარღვას ღეროს სრესდა, მინდორზე დამჯდარიყო და ზურგით ხეს მიყუდებოდა.ღრმად სუნთქავდა, რათა ნამიანი მიწის სურნელი შეეგრძნო. გარემომ საშუალება მისცა გაეხსენებინა თავისი ბავშვობა. სოფელში იზრდებოდა, სადაც გაჭირვება არ არსებობდა, ან იქნებ არსებობდა, მაგრამ მის სოფელში ყველა ერთნაირად ცხოვრობდა და ალბათ ამიტომ არ იცოდა რა იყო გაჭირვება, შიმშილი, ტკივილი, სიცივე. განსაკუთრებით დედას უყვარდა ის.  მასაც დედა უყვარდა ყველაზე მეტად. დედა და ის წიგნი რომელსაც ყოველ საღამოს ძილის წინ უკითხავდნენ. სცადა გაეხსენებინა, თუ რა წიგნი იყო, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ მოხდა ისე რომ დიდ და უხეშ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. თავიდან ახალ გარემოს ვერ ეგუებოდა, არ მოსწონდა არაფერი, მტვრით გაჯერებული ჰაერის სუნთქვაც უჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც შეეჩვია. სწავლაც დაიწყო და შემდეგ მუშაობაც, პირველი ხელფასი დიდად არ გახარებია. დედას მიუტანა, ერთი თეთრიც არ დაუტოვებია თავისთვის. მისი ცხოვრება ადამიანური თვალთახედვით წინ და წინ მიდიოდა. უყვარდა პირველად და უკანასკნელადაც, მაგრამ ამ სიყვარულმა ფესვები ვერ გაიდგა რჩეულის გულში. მერე დაოჯახდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რატომ. ცოტა ხნის მერე გაიცნო ცელიანი კაცი, როცა ის დედას ესტუმრა და სამუდამო მოგზაურობაში წაიყვანა. წარმატებული და ცნობადი ადამიანი გახდა, საუკეთესო სტუმრად ითვლებოდა ყველა ოჯახში და წვეულებაზე. ჰყავდა ორი შვილი. ორი საამაყო ვაჯკაცი. არასოდეს არაფერი დაუკლია მათთვის, საუკეთესო სასწავლებელში მიაღებინა განათლება ორივეს და საუკეთესო სამსახურებშიც მოაწყო.
    მისი ორმოცდათხუთმეტი წლის იუბილე იყო. სტუმრად ქვეყნის ყველა ცნობადი სახე იყო მოწვეული. უზარმაზარ დარბაზში ხალხი ირეოდა, ოფიციანტები შამპანურიანი ლანგრებით სტუმრებს შორის დაიარებოდნენ და ახალი სადღეგრძელოსთვის სტუმრებს სავეს ჭიქებს აწვდიდნენ. მისი უფროსი ვაჟი ამაღლებულ ადგილას დადგა და სტუმრებს უიბილარის სადღეგრძელო შესთავაზა. ყველა მოჯადოებული იყო უფროსი ვაჟის ორატორული ნიჭით, მაღალფარდოვანი სიტყვებით ამკობდა მამამისს. ყველა სულგანაბული უსმენდა. ის კი ჩაფიქრებული იდგა. თავისი შვილის არცერთი სიტყვა არ ესმოდა, წარსულში იყო ჩაძირული, რატომღაც ძლიერ მოუნდა თავის სოფელში დაბრუნება, მოუნდა რომ ისევ პატარა ყოფილიყო და დედასთვის მოესმინა საღამოობით.
      ისე გავიდა განათებული დარბაზიდან, რომ არავის შეუმჩნევია. კიბეებზე მაღლა მიიწევდა და ეგონა სოფლის გამწვანებულ სერებზე ადიოდა. დაღონებული ნამდვილად არ იყო, პირიქით რაღაც ძალიან უხაროდა. სახურავის კარი გააღო და სახეში ცივი ქარი ეცა, კოსტუმი გაიხადა და მხოლოდ ახლა იგრძნო, თუ როგორ ამძიმებდა მდიდრული ტანსაცმელი. სახურავის ზღურბლზე დადგა, კვლავ სოფელზე ფიქრობდა, უცებ სახეზე ღიმილმა გადაურბინა, გაიხსენა რომ წიგნს რომელსაც დედა უკითხავდა ბიბლია ერქვა.
- ყოველივე საუკეთესო გამაჩნია, რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს, უზარმაზარი ქონება დავაგროვე, ღმერთი კი არასოდეს გამხსენებია, არასოდეს დამიყენებია თავი გაჭირვებულის  ადგილას, ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ოჯახის საკეთილდღეოდ, სხვისი კეთილდღეობა კი ფეხებზე მეკიდა, მუდამ სიკეთეს ვიღებდი, სანაცვლოდ კი არასოდეს არაფერს ვაბრუნებდი, ღმერთს არასოდეს შევთხოვდი ჩადენილი ცოდვები ეპატიებინა და არც ეხლა შევთხოვ, მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება მასთან ეს უკანასკნელი ცოდვა მაპატიოს.
    - ორას სამოცი დროზე ორას სამოცი!
    - ვერ გაუძლებს
    - ორას სამოცითქო!


      მდუმარება გამეფდა. ნელა ჩაიძირა სოფლის სიმწვანეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები