ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2010


Muhammad, My Friend


მუჰამედი ჩემი მეგობარია.
ის ტბის პირას, ხის სახლში ცხოვრობს და ყოველდღე მუხლებზედაჩოქილი ლოცულობს.
ადრე, იგი მეთევზე იყო, მაგრამ ნავი აღარ ჰყავს და ახლა უბრალოდ -მუჰამედია. მან შვილი ალაჰს შესწირა და აჩრდილებთან საუბარი ისწავლა.
  ახლა შვილიშვილს, ალის ზრდის . მუჰამედი მასაც მოამზადებს ჯიჰადისთვის, მერე მთაზე ავა და მიიძინებს.
  ალაჰი მოწყალეა.
-----
  მუჰამედის ცოლს სახელი არ აქვს და ჩადრის მიღმა ცხოვრობს. მის პატარა შავ თვალებში ალაჰი ვერ ეტევა, ამიტომ ყოველთის თავდახრილი დადის.
  ის ყოველ ღამე შვილის დანაწევრებულ სხეულს ხედავს სიზმარში, ეს სიზმრები კი მის თვალებში რჩებიან.
  ქალის საწოლთან, თაროზე შემოდებულ ყურანს მტვრის სქელი ფენა ადევს. მუჰამედის ცოლს განკითხვის დღის არ ეშინია.
  მას უთხრეს, რომ ალაჰი მოწყალეა.
-------
  სადღაც, ტბის იქით, მზე ჩადის.
  მუჰამედი და ალი დაჩოქილები ლოცულობენ.
  ქალი მიწაზე ზის და თვალებით ჰორიზონტის ბოლო წერტილამდე მანძილს ზომავს.
  "სხვა ცხოვრებაში ფრინველი ვიქნები",- ამბობს მუჰამედის ცოლი და თვალებს ხუჭავს.
  ყოველი დღე ერთნაირია.
  ალაჰი მოწყალეა.
  --------
  მუჰამედი ფეხზე წამოდგადა მუხლები ჩამოიფერთხა. მერე ალის თავზე ხელი დაადო და ჩაილაპარაკა: "დროა". ისევ კრიალოსანის მარცვლა გააგრძელა.
  ქალი მტკიცე ნაბიჯით მივიდა მუჰამედთან, ჩადრი მოიხსნა და თვალებში შეხედა ქმარს.
- მომიყვანე შენი ღმერთი,  უნდა ველაპარაკო.
  მუჰამედმა თვალები დახუჭა და ისე უპასუხა ცოლს:
-ალაჰი მოწყალეა, გაპატიებს.
------
მზე ჩავიდა.
ალი ალაჰის ჯარისკაცი გახდა.
მთა მუჰამედთან მივიდა.
---
  მე ჯარაჰი ვარ, მუჰამედის მეგობარი.
  მე ახლა მეთევზე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები