ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: იანგული
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2010


ბათურა

ბათურას ვეძახდით. ახლაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი ძალიან ცოტამ იცოდა. ბოქსის სექციაზე გავიცანი, 17 წლისები ვიყავით ორივე. ერთი წონა გვქონდა და გაჩაღდა მეტოქეობა. გულზე ნამდვილად არ მეხატებოდა მაშინ.
  ერთ დღეს გვიანობამდე გვავარჯიშა გოგიმ (მწვრთნელი იყო, საოცრად კარგი ადამიანი) და შებინდებისას გამოგვიშვა. ერთი გზა გვქონდა გაჩერებამდე, მე და ბათურას. უხმოდ გავიარეთ 200-300 მეტრი და გაჩერებაზე შორი-შორს დავდექით. მე იქვე დიდ ქვაზე ჩამოვჯექი და თავი ჩავხარე. საუბარი მომესმა.
-''ზდაროვა'' ხურდა გვჭირდება ''ბრატ''. - თავი ავწიე და სამი ჩვენი კბილა ბიჭი დავინახე. ერთი ყველაზე დაბალი, ბათურას ესაუბრებოდა.
-რაც მაქვს, სახლამდე მისასვლელად მჭირდება თორემ მოგცემდი.
-ჩვენ უფრო გვჭირდება ბიჭო! დაყაჭე! - წითურმა ჭორფლიანმა ბიჭმა ქუდი მოხადა ბათურას.
-ქუდი მოიტა ბიჭო.
-ნუ დამეძაბე რა. - წითურმა ქუდი თავზე მოირგო.
  წამოვდექი, ბათურას გვერდით დავდექი. დაბალს მხარზე ხელი დავკარი.
-ქუდი დააბრუნეთ და წადით ბიჭებო.
  დაბალი ჯერ დაიბნა. მერე თვალი თვალში გამიყარა, ბათურაც შეათვალიერა.
-ე წუპაკ, მიეცი ქუდი! წავედით.
  წითურს ქუდი არ ემეტებოდა. უხალისოდ გაუწოდა ბათურას და უხმოდ გაიკრიფნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. ბათურას გავხედე, მზერა ამარიდა. ისე ქვაზე ჩამოვჯექი, ხმა აღარ ამოგვიღია. 10 წუთში, ბათურას მიკრო ავტობუსი მოვიდა. ბათურამ კარი გამოაღო და მობრუნდა.
-ზვერ (''ზვერ''ს მეძახდნენ ფიცხი ხასიათის გამო) მე შენ აღარ გეჩხუბები. - თქვა და საჩქაროდ მიხურა კარი.
  ის იყო და ის. მას მერე მე და ბათურას აღარ გვიჩხუბია. დავძმაკაცდით. გოგიც მალე მიხვდა და არასოდეს დაუძალებია. უთქმელი ბიჭი იყო ბათურა. მის ხმას იშვიათად გაიგონებდა კაცი. გული ჰქონდა ძალიან კეთილი. მისგან ერთი უხამსი სიტყვა არ გამიგია, არასოდეს. საშუალოზე მაღალი, თხელი აღნაგობის. ღაია მომწვანო თვალებით და წაბლისფერი თმით. კეთილი პირი-სახე ჰქონდა, ოდნავ სევდიანი. ერთი შეხედვით მიხვდებოდით მის გულობრყვილობას.
  ძალიან დავახლოვდით. ერთმანეთში საიდუმლო არ გვქონდა. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ბევრჯერ დამიღამებია მე მასთან და მას ჩემთან. ერთ დღეს, ძალიან სევდიანი მეჩვენა. ერთხელაც არ გაუღიმია. გაჩერებისკენ გზას რომ დავადექით, საუბარი წამოვიწყე.
-ბათურ, რაღაც ვერა ხარ დღეს ხო იცი.
-რა შემატყვე ერთი. - გამიღიმა ნაძალადევად.
-კაი რა ბიჭო, ''გრუშასაც'' ისე ურტყამდი, პირი ქონოდა , გაეცინებოდა. რა გჭირს?
-ეხ ზვერ. - ისე ამოიოხრა შემეშინდა.
-რა მოხდა არ იტყვი?!
-გოგო მიყვარს რა.
  სიცილი წამსკდა.
-ააი თურმე რა. რას იზამ ძმაო, სიყვარულმა შენ კი არა, ტარიელიც გადარია.
-კაი რა, არ მეხუმრება. გავაფრინო ლამის.
-დიდი ხანია გიყვარს?
-რაც თავი მახსოვს.
-და მე არ ვიცი? ვინ არის, ვიცნობ?
-კი., იცნობ. დაბადების დღეზე გაგაცანი, მზია. გახსოვს?
-აა ხო. მერე აქამდე ვერ მითხარი ბიჭო? - საყვედური გამერია ხმაში.
-რა ვიცი აბა. - თავი ჩახარა.
-მერე რა მოხდა თუ გიყვარს? უნდა გიხაროდეს ტო. უთხარი?
-ვუთხარი.
-მერე?
-რა მერე. ასე მითხრა, შე საცოდავო არც შემოგხედავო.
  ისე ამოიოხრა ლამის გული ამოაყოლა. ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ხვალ გნახავო მითხრა და მიკრო ავტობუსში ჩაჯდა.
  ლამაზი გოგო იყო მზია. ისეთი ლამაზი მე იშვიათად მინახავს. შავი თმით და თეთრი სახით. ჩამოქნილი ტანით, ნაძერწს გავდა. იცოდა მისი სილამაზის ფასი. სიარულის მანერაც, ამაყი, თავმომწონე ქონდა. ბათურა მის პარალელურ კლასში სწავლობდა. მერე გავიგე, თურმე, სულ შორიახლოს დასდევდა. მზია და მისი დაქალები კი, უმოწყალოდ დასცინოდნენ.
მეორე დღეს მოვიდა თუ არა ვარჯიშზე, გარეთ გამოვიყვანე.
-შენ ბიჭო, კარგად ხარ?!
-რა მოხდა ზვერ?
-რას დასდევ იმ გოგოს თუ ასე გაძაგებს?
-შენ ვინ გითხრა? - სიწითლემ დაჰკრა.
-შენ არ გითქვამს, ეგაა მთავარი! ბიჭო, შენ თავს შეხედე, გოგოები თვალს გაყოლებენ. რას გადაეკიდე იმას.
-შენ რა გესმის, რა გითხრა. დღეს ერთს დასდევ, ხვალ სხვას გაეკიდები. მე მიყვარს ბიჭო, მიყვარს.
-აუ ბიჭო გადამრევ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ის ვინც არაფრად გაგდებს?
-ზვერ, შენ ჩემი ძმა ხარ და გეხვეწები, ამაზე ნუღარ გვექნება საუბარი. ჩემი საქმისა მე ვიცი.
  იმ დღის მერე, კარგი ხანი გავიდა. ამ თემზე აღარ გვისაუბრია. ვატყობდი ყოველ  დღე, მეტად სევდიანი იყო. ღიმილი გაიშვიათდა მის სახეზე. ერთ შაბათ დღეს, ვარჯიშის შემდეგ, ჩემთან სახლში წავედით. დაღამებამდე გავერთეთ, ვიოხუნჯეთ. იმ დღეს პირველად ვნახე ასეთი მხიარული დიდი ხნის შემდეგ. დამიბარა ორშაბათს ვარჯიშზე გნახავო და წავიდა. მაგრამ ორშაბათს, დარბაზში ატირეული გოგი დამიხვდა.
  ბათურას კლასელებს ჩხუბი მოსვლიათ. ბათურა შუაში ჩამდგარა. ერთ-ერთის მოქნეულმა დანამ ზურგიდან გულში გაიარა. გარდაიცვალა. გულის ჯიბეში მზიას სურათი უპოვნეს, ზედ ეწერა: ჩემი სული და გული.
  მე სადარბაზოს შესასვლელში ვიდექი სხვა ბიჭებთან ერთად. ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა და ისედაც დაღონებულს, ტირილის ხმა მანადგურებდა. შორიდან შევამჩნიე მზია. მარტო მოდიოდა, სახე დასიებოდა ტირილით. სადარბაზომდე მოვიდა ძალიან ნელი ნაბიჯით და ჩაიკეცა. ხელი მივაშველე წამოვაყენე. მკვდარს ნუ მანახებო წამჩურჩულა და აქვითინდა. სახლამდე მივაცილე.
  მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბათურას დედა დარდს გადაყვა. დაობლებული და გათხოვდა და ორი ბავშვი ყავს. წავიდა ბათურა. წავიდა და ხსოვნად, მისი თბილი გამოხდევა და გულზე იარა დამიტოვა რომელიც ფურცლებს გავანდე.
  მზია, დღესაც გაუთხოვარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები